მძიმე ნარკოტიკი, კოდური სახელით „აბაზანის მარილი“. ჩვენში მას სიკვდილის მომტან მარილსაც უწოდებენ და სულ რაღაც ორიოდე წელია, რაც გამოჩნდა. სახელწოდება „აბაზანის მარილი“ ფიქტიურია. სინამდვილეში, ინტერნეტიდან გამოწერილ ამ თეთრ ფხვნილს მარილის არაფერი ეტყობა. ეს სინთეტიკური ნარკოტიკი უაღრესად საშიშია და შესაძლოა, უმოკლეს დროში ნარკომომხმარებლის დაღუპვა გამოიწვიოს.
როგორც მედიკოსები ამბობენ, „აბაზანის მარილი“ იმდენად მძიმე ბიონარკოტიკია, რომ ადამიანი 3-4 თვე ჩაკეტილ სივრცეში უნდა იმყოფებოდეს, რათა განმეორებით მისი მოწევის, ყნოსვის ან ინტრავენურად მოხმარების სურვილი არ გაუჩნდეს.
პროფესორი, ნარკოლოგი გელა ლეჟავა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ასეთი დასახელების ნარკოტიკი დღეს არ გამოჩენილა და ორი წელიწადი მაინცაა, რაც არსებობს. როგორც ჩანს, ჩვენამდე ახლაღა მოაღწია. მსგავსი ტიპის არალეგალურად დამზადებული ნარკოტიკები ერთი სახელის ქვეშ იყიდება, მაგრამ რეალურად სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკს მოიცავს. ცხადია, ეს არ არის ქარხნული წესით დამზადებული პროდუქცია და, რაც აქვთ ხელთ, იმისგან ამზადებენ. ამიტომ ზოგჯერ შეიძლება ისე მოხდეს, რომ ერთმა მილიგრამმა, გრამის მეათასედმა ბიონარკოტიკმა მცირედი უარყოფითი შედეგი გამოიღოს, სხვა შემთხვევაში კი, საერთოდ მოკლას ადამიანი. ეს იმითაა გამოწვეული, რომ ამ ტიპის ნარკოტიკს სტაბილური შემადგენლობა არ გააჩნია.
„დღეს რომ ერთი ატომის ფორმულა ჩაანაცვლეს რომელიღაც მოლეკულაში, ხვალ-ზეგ შეიძლება მეორე ატომით ჩაანაცვლონ. ეს ყველაფერი იმალება ერთი და იმავე სახელწოდების ქვეშ. პერიოდულად შესაძლოა, უფრო სუფთად დაამზადონ, სხვა დროს კი შეიძლება მინარევები ჰქონდეს. იმისთვის, რომ მეტი ეფექტი მიიღონ, ზოგჯერ ისეთ მინარევებსაც ურევენ, რომ ადამიანი გააბრუონ. იყო შემთხვევები, როცა ჰეროინში ე.წ თაგვის წამალსაც ურევდნენ. ამიტომ ძალზე რთული სათქმელია, როგორ შედეგს გამოიღებს, დღეს შეიძლება არაფერი ავნოს, ხვალ კი მოკლას“,-აცხადებს გელა ლეჟავა.
მისივე რეკომენდაციაა, ჩვენმა პარლამენტმა და მთავრობამ ინტერნეტსივრცის თაობაზე შესაბამისი კანონი მიიღოს. მით უმეტეს, რომ ასეთი მოწოდება გაეროს დაახლოებით ათი წლის წინ უკვე ჰქონდა.
„რამდენჯერმე ვისაუბრე ამის შესახებ. თავის დროზე არაოფიციალურ სიტუაციაში ბატონ შალვა შავგულიძესაც გადავეცი გაეროს მოწოდება, რომ აუცილებელია დაიწყოს მსჯელობა, თუ როგორ უნდა მოხდეს ინტერნეტგამოწერის აკრძალვა კონკრეტულად ნარკოტიკების გამოწერის თვალსაზრისით. საზოგადოებამ, ალბათ, არ იცის და მეც შემთხვევით გავიგე, რომ ამ რამდენიმე ხნის წინ გარდაიცვალა გოგონა, რომელსაც მისმა მეგობარმა მამაკაცმა, ვისთან ერთადაც იგი იმყოფებოდა, ბიო მოაწევინა და ეს ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. ეს ნარკოტიკი სწორედ ინტერნეტიდან იყო გამოწერილი. ახლა მისი ახლობლები ადვოკატს ითხოვენ, რომ ინტერნეტით გამოწერილის გამო დაისაჯონ ამ ნარკოტიკის გამავრცელებლები. ამიტომ ჩვენმა მთავრობამ სასწრაფოდ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ინტერნეტის კონტროლის თაობაზე“.
გელა ლეჟავა ეჭვობს, რომ ე.წ. სიკვდილის მომტანი მარილი ყველაზე უარეს შედეგს იწვევდეს, რადგან მისი მსგავსი კიდევ რამდენიმე ათეული ბიონარკოტიკია. მისივე თქმით, არავინ იცის, რატომ ჰქვია ამ „მარილს“ აბაზანის მარილი და, სინამდვილეში, აბაზანის მარილის სახელწოდების ქვეშ რა იყიდება. ასე, შეიძლება, რაღაცას დაარქვან „სუპი“ და ამ სახელწოდების ქვეშ ათასნაირი საშინელება ჩაიდინონ.
რაც შეეხება სიმპტომებს, სიკვდილის მომტანი მარილის მარაგის ამოწურვის შემთხვევაში, ნარკომომხმარებელი ზოგჯერ ითიშება და შეუძლია, ორი-სამი დღის განმავლობაში გადაბმულად ეძონოს, ზედოზირებისას კი კრუნჩხვები დაეწყოს და დაიღუპოს კიდეც. ამის თაობაზე გელა ლეჟავა აცხადებს, რომ ასეთი სიმპტომები სრულიად დამახასიათებელია ნარკოტიკის ზოგიერთი სახეობისთვის და ამ მხრივ არც ეს ნარკოტიკია გამონაკლისი.