სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - შს სამინისტრომ „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო. ძლიერი ხანძრი გვიან ღამით გაჩნდა. გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას 31 სახანძრო უშედეგოდ ცდილობდა. ხანძრის შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 04:10 საათზე შევიდა. მოვაჭრეები ამტკიცებენ, რომ სახანძრო დაგვიანებით მოვიდა, ხოლო ადგილზე მისულ სახანძროს წყალი არ ჰქონდა.
ბრალდებას უარყოფს სააგენტოს წარმომადგენელი დავით გელაშვილი, რომლის განცხადებით, პირველი დანაყოფი ადგილზე შეტყობინებიდან 3 წუთში მივიდა. მისივე თქმით, ამ დროს უკვე ცეცხლი თითქმის მთლიან შენობას ეკიდა, იწვოდა „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე ღია სავაჭრო ფართი, 3 000 კვ. მეტრზე მეტი.
„ადგილზე მუშაობდა 31 სახანძრო დანაყოფი, თუმცა 5 წუთში, ხანძრის ქრობიდან ცეცხლი გავრცელდა „ბავშვთა სამყაროს“ მთლიან შენობაზე, რომლის ფართი 10 000 კვ. მეტრია, ხოლო ცეცხლის ქრობიდან 10-12 წუთში, 18 000 კვ.მეტრი ღია ცეცხლის ფართობი იწვოდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი არ შემიძლია, რადგან ადგილზე მისვლის შემდეგ ცეცხლი მთელ ტერიტორიაზე იყო გავრცელებული“, - აცხადებს დავით გელაშვილი.
შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, რეაგირება არ ყოფილა დაგვიანებული, როგორც ჩანს, დაგვიანებული იყო შეტყობინება. როგორც მერაბ მალანია აცხადებს, შეტყობინება ხანძრის შესახებ 112-ზე შევიდა 04.10 საათზე, რის შემდეგაც 5-6 წუთში მოხდა ადგილზე მეხანძრე-მაშველების მისვლა.
„გამომწვევ მიზეზებზე ჯერ ადრეა საუბარი. შეტყობინება 04.10 საათზე შემოვიდა. 5-6 წუთში ადგილზე იყო 31 მანქანა და 200 კაცამდე მეხანძრე-მაშველი. რაც შეეხება რეაგირების დაგვიანებას, რეაგირება არ ყოფილა დაგვიანებული. დაგვიანებული იყო შეტყობინება. როგორც ჩანს, გვიან შეამჩნიეს ხანძარი. კერა, როგორც ჩანს, არ არის შენობაში. ეს არის ბაზრის ტერიტორიაზე“, - განაცხადა მერაბ მალანიამ.
ხანძრის ლოკალიზებისას ორი მეხანძრე დაშავდა. დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, დაშავებული მეხანძრეების ჰოსპიტალიზება არ მომხდარა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის გამო ათეულობით მოვაჭრე დაზარალდა, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ. შეწყვეტილია სავაჭრო ცენტრის გარე პერიმეტრზე ვაჭრობაც. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავები.
ხანძრის გაჩენაში ელექტროენერგიით გამოწვეულ ფაქტორს კატეგორიულად გამორიცხავს „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში მოქმედი ობიექტის - „პროგრესი 2011“-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელი დავით ჩუბინიძე, რომლის განმარტებით, შენობაში ელექტროენერგია გამორთული იყო, ასევე ჩაკეტილი იყო ობიექტი.
„გამოძიებას უნდა დაველოდოთ. ელექტროობა გამორთული იყო. ვეღარ გავიგე თავი და ბოლო. დენი ირთვება, იკეტება და დაცვას ბარდება. ეს არის მომხდარი შუა ღამეს, 04:30 საათზე. დენის ფაქტორი გამორიცხულია. ობიექტი ჩაკეტილი იყო. რა შეიძლება იყოს, ჩემამდე არ დადის“, - აცხადებს დავით ჩუბინიძე.
„ბავშვთა სამყაროს“ შენობა, რომელიც ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა, კომპანია „ალდაგში“ 6 მილიონ ლარად არის დაზღვეული, რაც ნიშნავს, რომ ზარალი აუნაზღაურდებათ მეპატრონეებს, მაგრამ ეს არ შეეხებათ მოვაჭრეებს.
„ამ ეტაპზე შენობის შიგნით შესვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მიზეზების და ასევე ზიანის ოდენობის დასადგენად. ჩვენი მხრიდან უმოკლეს დროში მოხდება მოცემული სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზარალის ანაზღაურება. „ალდაგში“ 6 მილიონ ლარად დაზღვეულია მხოლოდ და მხოლოდ „ბავშვთა სამყაროს“ შენობა-ნაგებობა და არა მოვაჭრეების კუთვნილი ქონება“, - აღნიშნა „ალდაგის“ ქონებრივი ზარალების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა ვახტანგ ეპიტაშვილმა.
ობიექტის კომერციულმა დირექტორი ელგუჯა ცინცაძე განმარტავს, რომ „ბავშვთა სამყაროს“ ჰყავდა მეიჯარეები, რომლებიც კომერციულ საქმიანობას ეწეოდნენ. შესაბამისად, მისთვის უცნობია რამდენად ჰქონდათ მოიჯარეებს საქონელი დაზღვეული. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ობიექტით ჰიპერმარკეტების ქსელი „კარფური“ იყო დაინტერესებული, ცინცაძე განმარტავს, რომ ობიექტის მიმართ კომერციულ ინტერესი „კარფურს“ არ ჰქონდა, ამ ტერიტორიით დაინტერესება ჰქონდა ტექნიკის მაღაზიათა ქსელს „ელიტ ელექტრონიქსს“.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, „ბავშვთა სამყაროსა“ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრისგან დაზარალებული მოვაჭრეების წინაშე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ბაზრის ადმინისტრაციამ უნდა აიღოს.
„ზარალი არის ძალიან დიდი. ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდა და მათი მხრიდან ისმის კითხვები, როგორ მოხდება ზარალის ანაზღაურება. დაზარალებულებისა და ჩვენი მხრიდან მთავარი აქცენტები კეთდება ბაზრობის ადმინისტრაციაზე. ბაზრობის ადმინისტრაციამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ ადამიანების წინაშე.
ადმინისტრაცია, პირველ რიგში, პასუხისმგებელია გამოჩნდეს ამ ადამიანებთან, უთხრან მათ, რით შეუძლიათ დაეხმარონ. გამოძიებით უნდა დადგინდეს ხანძრის გამომწვევი მიზეზები. ძალიან ბევრ კითხვას, რომელიც ამ ადამიანების მხრიდან არსებობს, უნდა გაეცეს პასუხი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მერისგან განსხვავებით, პასუხისმგებლობაზე საუბარი ნაადრევად მიაჩნია საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილის, რომლის განცხადებით, აუცილებელია დროული გამოძიება.
„შენობა არის შიგნიდან მთლიანად დეფორმირებული. სამწუხაროდ, შესვლა ვერ ხერხდება რადგან ბეტონის ფილა დაზიანებულია და შეიძლება ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს. როგორც ჩანს, შენობა დასანგრევია. რაც შეეხება დაზარალებულ თანამოქალაქეებს, სამწუხაროა და მათ ჩვენ თანავუგრძნობთ. შესაძლოა, მოქალაქეებისთვის მოხდეს კრედიტებზე შეღავათების გაკეთება და სწორედ ამ კუთხით მოხდეს მათი დახმარება. ისინი მუნიციპალიტეტის და მთავრობის მხრიდან მიიღებენ ყველანაირ დახმარებას. ვინ არის პასუხისმგებელი, ამაზე საუბარი ნაადრევია. ყველაფერი დადგინდება. ადმინისტრაციის დადანაშაულებას არ ვიჩქარებთ და დასკვნებს ვერ გამოვიტანთ წინასწარ. დამნაშავეს დაადგენს გამოძიება“, - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
ხანძრის მიზანმიმართულად გაჩენაზე საუბრობენ სააქციო საზოგადოება სავაჭრო სახლი „ბავშვთა სამყაროს“ აქციონერებიც, რომელთა განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ხანძარი შეგნებულად გააჩინეს, რადგან ამ ტერიტორიით დაინტერესებული იყვნენ, თუმცა კონკრეტულად ვინ, ამაზე ისინი არ საუბრობენ. ამავე პოზიციას იზიარებს მოვაჭრეების ნაწილი. მათივე განმარტებით, ცეცხლი რომ სპეციალურად არ გაეჩინათ, ის ყველგან ერთდროულად არ მოეკიდებოდა. მოვაჭრეები კონკრეტულ მოტივზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრ „კარფურის“ აშენება უნდოდათ.
„მიზეზებზე არავინ საუბრობს. ვინ იტყვის რამეს? გათბობა ჩვენ არ გვქონდა და არაფერი, ვიყინებოდით იქ. დენი მაშინვე ითიშებოდა, როგორც კი ვამთავრებდით მუშაობას. ჯერ შუქები ქრებოდა და მერე გავდიოდით შენობიდან. იყო საუბარი, რომ აქ „კარფური“ უნდა აშენებულიყო. კი ბატონო, აშენებულიყო, მაგრამ ჩვენ რას გვერჩოდნენ?
თითოეულ დაზარალებულს ათასობით ლარი აქვს ვალი. ჩვენს უკან 10 და 15 კაცი დგას. ულუკმაპუროდ დავრჩით, ათი ათასობით ლარი გვაქვს ვალი. ეს ყველაფერი მოწყობილია! ჩამრთველით ითიშებოდა სინათლე 19.00 საათზე და როგორ გაჩნდა ხანძარი ღამის 2 საათზე? იმასაც ამბობენ, რომ აუქციონზე იყო ტერიტორია გატანილი და უკვე გაიყიდა. ეთქვათ და დავტოვებდით ტერიტორიას, საქონელს მაინც გადავარჩენდით“, - აცხადებენ მოვაჭრეები.
დაზარალებული მოვაჭრეები ხელისუფლებისაგან დახმარებას ითხოვენ და კიდევ ერთ საეჭვო გარემოზე საუბრობენ, კერძოდ - მეხანძრეები გამოძახების შემდეგ ადგილზე ნახევარი საათის შემდეგ მივიდნენ და მათ წყალი არ ჰქონდათ. დაზარალებულები ასევე ამბობენ, რომ „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა რომ ყოფილიყო, ცეცხლი ასე არ გავრცელდებოდა.
„ბანკიდან დიდი სესხი მქონდა გამოტანილი, სამი სექცია მქონდა. სახელმწიფოს მეტი ვინ გვყავს პატრონი, ვითხოვთ დახმარებას. სახანძროს წყალი არ ჰქონდა როცა მოვიდა, მაშინ მხოლოდ ერთ ადგილას იყო ცეცხლი, სანამ წყალი აავსეს, ცეცხლი სხვა ტერიტორიაზეც გავრცელდა. აქ ასე აცხადებენ, რომ 04.00 საათზე მოსულან მეხანძრეები“, - აცხადებს ლია რეხვიაშვილი.
„ბავშვთა სამყაროს“ ე.წ. ოქროს ბირჟის მოვაჭრეები ადმინისტრაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ სეიფები, სადაც ოქრო ინახებოდა გადარჩენილია, ხოლო დახლზე დატოვებული პროდუქცია - არა. დაზარალებულები ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. დიდუბის რაიონის გამგებელი ვარაუდობს, რომ გამოწვეული ზარალი „ფართო მასშტაბის“ იქნება, შესაბამისად, როგორც ირმა ზავრადაშვილი აცხადებს, ზარალის ანაზღაურება მხოლოდ გამგეობის ბიუჯეტიდან რთული იქნება.