საქართველო ბრიუსელში დაგეგმილ ნატო-ს სამიტს არ დაესწრება

საქართველო ბრიუსელში დაგეგმილ ნატო-ს სამიტს არ დაესწრება

საქართველო ნატოს ვარშავის სამიტს არ დაესწრება. სამიტი ვიწრო ფორმატში გაიმართება და მას მხოლოდ, ნატო-ს წევრი ქვეყნები დაესწრებიან. როგორც ცნობილია, ეს არ იქნება გაფართოების სამიტი. ეს იქნება ტრამპი-ნატოს გაცნობითი ხასიათის სამიტი, რომელსაც პრეზიდენტის სტატუსით პირველად დაესწრება დონალდ ტრამპი.

ის, რომ საქართველო ბრიუსელში დაგეგმილ ნატო-ს სამიტს არ დაესწრება, ეს განცხადება დაახლებით ერთი თვის წინ თავდაცვის მინისტრმა გააკეთა. მაშინ ლევან იზორიამ საქართველოს არდასწრების მიზეზებიც განმარტა, კერძოდ, იზორიას განმარტებით, მომავალი სამიტი სიმბოლური ხასიათის იქნება და ვიწრო ფარგლებში ჩატარდება, რაც მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბებას უკავშირდება.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ძალიან სიანტერესო შეხვედრა გვქონდა დეკემბერში, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ალიანსის გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2017 წლის სამიტსაც. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს იქნება უფრო ვიწრო, სიმბოლური დატვირთვის სამიტი, კერძოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბების გამო.

ეს პრეცედენტი უკვე იყო ალიანსის რეალობაში ჯორჯ ბუშის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, როდესაც მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნები შეიკრიბნენ იმისთვის, რომ მათი თანამშრომლობისა და ურთიერთობის გეგმები დაესახათ ერთ-ერთ ძლიერ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ერთად. ასე რომ, ჩვენ არ ვიქნებით ამ სამიტის მონაწილე. რაც შეეხება შემდგომ სამიტს, რომელიც უკვე გაფართოებული ფორმით ჩატარდება, ბუნებრივია მივიღებთ მონაწილეობას“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

პარლამენტის უსაფრთხოებისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარის პირველი მოადგილე განმარტავს, რომ 2017 წლის სამიტზე ნატო პარტნიორ ქვეყნებთან შეხვედრებს არ გეგმავს. მისივე თქმით, 2017 წელი იქნება უფრო დინამიური საქართველო-ნატოს ურთიერთობის მხრივ, იანვარში უკვე გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა და 2017 წლის გაზაფხულზე დაგეგმილია საქართველოში გაიმართოს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია.

„ყველგან, სადაც ნატო ატარებს სამიტებს, სადაც წარმოდგენილი არიან პარტნიორი და ასპირანტი ქვეყნები, ბუნებრივია, იქ საქართველოც ყოფილა წარმოდგენილი და ასევე იქნება მომავალშიც, თუმცა ამ სამიტზე, რომელიც გაიმართება 2017 წელს, არსებული ინფორმაციით, არ იგეგმება, პარტნიორებთან რაიმე შეხვედრა. ჩვენი ამოცანა არის გავაგრძელოთ მჭიდრო თანამშრომლობა ნატოსთან“, - აცხადებს ირაკლი ბერაია.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნატო-ს ვარშავის სამიტში მონაწილეობას მხოლოდ ნატო-ს წევრი ქვეყნები მიიღებენ და ბუნებრივია, მასზე საქართველო წარმოდგენილი ვერ იქნება. შესაბამისად, მდინარაძის შეფასებით, ამ თემასთან დაკავშირებით, ოპონენტების კრიტიკა მხოლოდ სპეკულაციაა.

„ჩვენი ოპონენტების კრიტიკა, ამასთან დაკავშირებით არის მხოლოდ სპეკულაცია, რადგან თუ ამ სამიტში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნები, მაშინ ბუნებრივია, რომ ჩვენ ვერ მივიღებთ მონაწილეობას და ესაა მარტივი პასუხი“, - აღნიშნა მამამუკა მდინარაძემ.

იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო ნატო-ს ვარშავის სამიტს არ დაესწრება, „ევროპული საქართველოს“ წევრების შეფასებით, ეს აღქმული იქნება, როგორც ქვეყნის კურსის ცვლილება. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა რუსეთის ზეწოლას ექვემდებარება და ეროვნულ ინტერესებს ყიდის. ეროვნულ ინტერესებში კი, ნატო-ში გაწევრიანებაც შედის.

„კიდევ ერთხელ ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი მიდგომა ზოგადად ნატო-ს მიმართ და ნატო-ში ინტეგრაციის მიმართ, არის შეცვლილი და რასაც ხელისუფლება მუდმივად აცხადებდა, რომ საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგში არ უნდა იჯდეს, კიდევ ერთხელ ადასტურებს ხელისუფლების მიმართულებას, როდესაც ისინი აცხადებენ, რომ სამიტზე არ წავლენ“, - აცხადებს გიორგი ტუღუში.

თავის მხრივ, „თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივანი თამარ კეკენაძე პრეზიდენტს მიმართავს, მოიწვიოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა საქართველოს ნატო-ს 2017 წლის სამიტში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით. მისი თქმით, მნიშვნელოვანია პრეზიდენტის ჩართულობა ამ საკითხში, რადგან სწორედ მას შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური როლი შეასრულოს მიმდინარე პროცესებში.

„ამიტომ მოვუწოდებ პრეზიდენტ მარგველაშვილს დაინტერესდეს რა გეგმები და ხედვა აქვს საქართველოს ხელისუფლებას ერთი მხრივ, ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით, მეორე მხრივ, გასარკვევია, რა გააკეთა ქართულმა მხარემ იმისათვის, რომ საერთოდ ვყოფილიყავით წარმოდგენილი ნატო-ს სამიტზე. საქართველო არ არის ნატო-ს რიგითი პარტნიორი, რომელიც ელოდება მიიწვევენ თუ არა სამიტზე.

ნატო-ს სამიტზე მონაწილეობა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა პროაქტიულად და სწორად იმუშავებს, როგორც ნატო-სთან, ასევე ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან. ამ საკითხზე მუშაობა უნდა დაწყებულიყო დიდი ხნის წინ. სამწუხაროა, რომ სწორედ ხელისუფლების ამგვარი პასიურობა და არაკომპეტენტურობა აზიანებს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს. ნატო-ს 2017 წლის სამიტში არ მონაწილეობა არის ძალიან მომგებიანი გზავნილი ჩვენი მოწინააღმდეგეებისათვი“,- აცხადებს თამარ კეკენაძე.

დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ უახლოეს პერიოდში გაიმართება უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც ნატო-ს მომავალ სამიტზე საქართველოს დღის წესრიგში ძალიან აქტიური და ეფექტიანი ჩართულობის თემა განიხილება. უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის ვანო მაჭავარიანის განმარტებით, უშიშროების საბჭოს ყველა სხდომა, რომელიც ჩატარებულა, პრეზიდენტის ინიციატივით აუცილებლად განიხილავდა ნატო-ს სამიტის მიმდინარეობას, მათ შორის მომზადებას, თუ გასული სამიტების შედეგების შესაბამისად მოქმედებას.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამიტზე, რომელიც ბრიუსელში 2017 წელს ჩატარდება, მიუხედავად იმისა, რომ ის იქნება წევრი ქვეყნებისთვის განსაზღვრული, საქართველო დღის წესრიგში უნდა იყოს წარმოდგენილი, გამომდინარე იქიდან, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი, ევროპული და ნატოს უსაფრთხოების ერთ-ერთი განხილვის თემა“, - აღნიშნა ვანო მაჭავარიანმა.

მისივე განმარტებით, ნატო-ს ფორმატი 2017 წელს განისაზღვრა წევრი ქვეყნებისთვის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღის წესრიგში საქართველო იყოს წარმოდგენილი და ზუსტად ამ მიმართულებით მიდის მუშაობა.

„უახლოეს პერიოდში გაიმართება უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც პრეზიდენტის ინიციატივით განიხილება სწორედ ის საკითხი, თუ როგორ იქნება საქართველო ეფექტიანად წარმოდგენილი ნატოს მომავალ დღის წესრიგში. პრეზიდენტი არის ამ დელეგაციის ხელმძღვანელი და ამ თვალსაზრისით, მთავრობა, უშიშროების საბჭო, პრეზიდენტთან ერთად იმსჯელებს სწორედ ამ მიმართულებით“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში გიორგი რუხაძე თვლის, რომ ნატო-ს სამიტში მონაწილეობას არმიღება, დამღუმპველია ქვეყნის ინტერესებისათვის. მისი თქმით, სამწუხაროა, როდესაც ქართული პოლიტიკა დავიდა იქამდე, დაპატიჟებს თუ არა ვინმე საქართველოს წარმომადგენლობას ნატო-ს სამიტებზე და თავად არაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ აღმოვჩნდეთ იმ ადგილას, რომელიც მისი თქმით, სჭირდება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს.

„სწორედ ამას ჰქვია პასიური პოლიტიკა და ის დამღუპველია ქვეყნის ინტერესებისათვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შენი მოწინააღმდეგე და მტრულად განწყობილი სახელმწიფო არის შენზე დიდი და ძლიერი. თუ ვინმეს ჰგონია, რომ სირაქლემას პოზიციაში ყოფნა საქართველოს წაადგება, ძალიან ცდება. სასაცილოა, თუ მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს საკითხი, მაშინ მონაწილეობას რატომ არ იღებ? თუმცა საქართველოს საკითხი არც ერთ სამიტზე მნიშვნელოვანი არ ყოფილა“, - აცხადებს გიორგი რუხაძე.