ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები თავისუფლები არიან, თუმცა არა გამართლებულები

ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები თავისუფლები არიან, თუმცა არა გამართლებულები

ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ მაღალჩინოსანი საპატიმროს დაახლოებით 2 თვეში დატოვებს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მუხლი, რომლითაც მსჯავრდებულები გასამართლდნენ, გადაკვალიფიცირდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რის საფუძველზეც მსჯავრდებულებს სასჯელის ვადა შეუმცირდათ.

თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ მაღალჩინოსანს - გიზო ღლონტს, გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძეს, ნუგზარ კაიშაურს და დავით წიფურიას სააპელაციო სასამართლომ სასჯელის სახით ერთი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ხუთივე მაღალჩინოსანი ე.წ. კაბელების საქმეზე 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალად ოთხ მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვა ედებათ.

როგორც ცნობილია, ბრალდებულებს თავდაპირველად წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ, თუმცა დაკავებიდან 8 თვის შემდეგ პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართა და პატიმრობის ნაცვლად 10 000-ლარიანი გირაო მოითხოვა. თუმცა, მოსამართლე დავით ჯუღელმა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა. 2016 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ წარდგენილ ბრალში ხუთივე მაღალჩინოსანი დამნაშავედ სცნო და 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულების ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას საკასაციო წესით გაასაჩივრებენ. როგორც საქმის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი აცხადებს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა ის, რისთვისაც დაცვის მხარე ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იბრძოდა, რომ არ არსებობს არავითარი გაფლანგვა.

„გამოჩნდა, რომ ბრალდებულებს არც ერთი თეთრი არ გაუფლანგავთ, თუმცა არ ვეთანხმებით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც დაკავებულებს ბრალი არა თუ გაუუქმდა, გადაუკვალიფიცირდა. ჩვენ არ ვიზიარებთ იმ პოზიციას, რომ ამ ადამიანებმა უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს. საერთოდ, გაუგებრად მიგვაჩნია, როგორ შეიძლება გამოიყენო თანამდებობრივი უფლებამოსილება ბოროტად ჯგუფურად.

ბუნებრივია, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას საკასაციო წესით გავასაჩივრებთ, მაგრამ იმით, რომ ამხელა სასჯელი, რომელიც ტყუილად ჰქონდათ შეფარდებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, მოიხსნა და გაფლანგვა გაუქმდა, ბუნებრივია, კმაყოფილები ვართ“, - აცხადებს სოსო ბარათაშვილი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს პროკურატურა. საქმის პროკურორი ნინო აღლემაშვილი განმარტავს, რომ ბრალდების მხარე არ ეთანხმება მოსამართლეს მუხლის გადაკვალიფიცირების კუთხით. მისივე თქმით, პროკურატურა მიიჩნევს, რომ მათ მიერ წარდგენილი კვალიფიკაცია იყო სწორი და შესაბამისი.

„სასამართლოს გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა ნამდვილად ჩაიდინეს დანაშაული და, რომ მათ მიმართ გამოყენებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით იყო ადეკვატური.

რაც შეეხება კვალიფიკაციის შეცვლის გადაწყვეტილებას, ამ ნაწილში ვერ დავეთანხმებით, რადგან ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა კანონის მტკიცებულებებით და არა საქმის შედეგით დაინტერესებული პირების სუბიექტური განწყობით. თუმცა, ჩვენ კოლეგა ადვოკატებს არ დავემსგავსებით და ჩვენ ვერ გავაკეთებთ ისტერიულ განცხადებებს, ჩვენ ვრჩებით სამართლებრივი რეგულაციების ფარგლებში და საქმის განხილვას უზენაეს სასამართლოში გავაგრძელებთ“, - ამბობს ნინო აღლემაშვილი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილი არ არიან ბრალდებულების ოჯახის წევრები, თუმცა, აცხადებენ, რომ მთავარი მიზანი, რაც ბრალდებულების გათავისუფლებას ეხება, მიღწეულია. ერთ-ერთი ბრალდებულის გიზო ღლონტის შვილი ნიკა ღლონტი განმარტავს, რომ მთავრობები შეიცვლება, გამოძიებაც დაიწყება და ყველა აგებს პასუხს, ვინც მონაწილეობდა და დაგეგმა ეს ოპერაცია.

„იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რაც ახლდა ამ პროცესებს ეს იყო, ალბათ, ერთ-ერთი გონივრული გამოსავალი ხელისუფლების მხრიდან. არ გაამართლეს ეს ადამიანები იმიტომ, რომ დაიწყებოდა ხელახალი მღელვარება, თუ რისთვის დაიჭირეს ეს ადამიანები. მთელი თავდაცვის სამინისტრო ციხეში ჩაყარეს იმისთვის, რომ პოლიტიკური დივიდენდები დაეწერათ.

დღევანდელმა გადაწყვეტილებამ, რა თქმა უნდა, არ დამაკმაყოფილა, მაგრამ მთავარია თავისუფლება, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ და ვიდგებით ყველა, მათ შორის ეს ბიჭებიც უსამართლობის წინააღმდეგ ფარად. მთავარი ამ ეტაპზე იყო ფიზიკური თავისუფლება, რომელიც მოვიპოვეთ. მთავრობები შეიცვლება, გამოძიებაც დაიწყება და ყველა აგებს პასუხს ვინც მონაწილეობდა და დაგეგმა ეს ოპერაცია“, - განაცხადა ნიკა ღლონტმა.

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის შალვა შავგულიძის შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ისეთივე პოლიტიკურია, როგორიც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იყო. როგორც შავგულიძემ განმარტა, საქმე საბოლოოდ, თუ საჭირო გახდება, წავა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში და იქ დადგება აღნიშნული პირების მიმართ გამამართლებელი განაჩენი.

„აბსოლუტურად ისეთივე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, როგორც აქამდე იყო ამ პირთა მსჯავრდება, უბრალოდ შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი შემცირდა, ვინაიდან თავად სასამართლოსთვისაც ნათელია, რომ აქ გამამტყუნებელი განაჩენი საბოლოოდ თავს ვერ დაიჭერს. თუ საჭირო გახდება, ევროპის სასამართლოში წავა ეს საქმე და საბოლოდ, იქ გამართლებით დასრულდება.

რაღაც შერბილებისკენ წავიდნენ, რომ იქნებ ასე დამთავრდეს ყველაფერი, მაგრამ მე ვიცი მსჯავრდებულების განწყობა. ისინი არ აპირებენ ამასთან შეგუებას, თავი მიაჩნიათ უდანაშაულოდ და სრულიად მართებულად. ასევე, ვიცი ადვოკატების მზაობა და ჩვენი პოლიტიკური გუნდიც ბოლომდე გვერდში ვედგებით, ვიდრე სამართალი არ დადგება ამ საკითხზე და ეს საქმე კვლავ გამამართლებელი განაჩენით არ დამთავრდება“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.