„ამერიკამ მთელი მსოფლიო გაამდიდრა და თვითონ გაღარიბდა!“ „ამერიკა უპირველეს ყოვლისა!“ „დიახ, ჩვენ კვლავ დიადად ვაქცევთ ამერიკას!“-ასეთი ფრაზები ისმოდა ვაშინგტონში ლინკოლნის მემორიალთან შეკრებილი ათასობით ადამიანის წინაშე. ინაუგურაციაზე გამოსული ტრამპი არ ჰგავდა არც ჯორჯ ვაშინგტონს, რომლის მიმართვაც ისტორიაში ყველაზე მოკლედ ითვლებოდა, არც უილიამ ჰენრი ჰარისონს, რომელმაც ყველაზე ვრცელი, 8500-სიტყვიანი საინაუგურაციო მიმართვა წარმოთქვა, არც ფრანკლინ პირსის, რომელმაც ბიბლიაზე კოცნის ტრადიცია დაარღვია და მასზე თავისი მარცხენა ხელი მოათავსა, არც ჯონ კენედის, რომლის მიერ წარმოთქმულმა სიტყვამაც ამერიკელთა სამოქალაქო თვითშეგნება აამაღლა. ტრამპი ამოვარდნილი იყო ამერიკის პრეზიდენტთა საერთო კონტექსტიდან...
რა შთაბეჭდილება დატოვა დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის შემდეგ? ამის შესახებ For.ge-ს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა.
რამდენად ჰგავდა და რით განსხვავდებოდა მისი წინამორბედების ცერემონიალისგან ტრამპის ინაუგურაცია?
- დავიწყოთ თვითონ ტრამპის სიტყვებით. მას რომ ვუსმენდი, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს საქართველოზე ლაპარაკობდა - დავარდნილი ეკონომიკა, უმუშევრობა, შიმშილი, ჩინოვნიკების გამდიდრება, ხელფასების, დანამატების მიღება. საუბარი რომ დაიწყო, ხელისუფლება ხალხს დაუბრუნდესო, თვალები დავხუჭე და მეგონა, 1917 წელს ლენინი გამოდიოდა თავისი ცნობილი ლოზუნგით -„ვსია ვლასტ სავეტამ“ - მთელი ხელისუფლება საბჭოებს, ე.ი. ხალხსო.
ტრამპის გამოსვლა დამაჯერებელი არ ყოფილა?
- არ იყო დამაჯერებელი. როგორ შეიძლება, დამაჯერებელი იყოს ნათქვამი, ამ წუთიდან ხელისუფლება ხალხისაა, ვაშინგტონის ისტებლიშმენტი აღარ არის, თქვენ ხართ ყველაფერიო. საამისო მექანიზმი ტრამპს მოფიქრებული აქვს? კი, უკვე ხელი მოაწერა დერეგულირებას და პირველად დაიწყო „ობამაქეარის“ (Obamacare-ობამას სამედიცინო დაზღვევის პროგრამა) გაუქმებით, თუმცა მთლიანად არ აპირებს გაუქმებას. რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის განსხვავების მთავარი მომენტი ის არის, რომ უკვე ას წელზე მეტია, დემოკრატები სოციალური ხარჯებისა და გადასახადების ზრდის პარტიაა, ხოლო რესპუბლიკელები - სოციალური ხარჯებისა და გადასახადების შემცირების პარტია.
რესპუბლიკელთა პოზიცია ასეთია, რომ სოცდახმარებები, უფასო არაფერი არ უნდა იყოს. ობამას დაზღვევის კანონით კი ბიუჯეტის ხარჯზე 20 მილიონი ადამიანით მეტი ღებულობდა დაზღვევას, ვიდრე ობამამდე არსებულ პერიოდში. საუბარია 91 %-ზე, ნაცვლად 80 %-ისა. ბიუჯეტს რომ არ დასწოლოდა ეს ხარჯი, ამიტომ ობამამ ამერიკელ მოქალაქეებს, განსაკუთრებით, მდიდრებს დაავალა, ჰყოლოდათ თავიანთი ოჯახის ექიმი და, ვინც არ იყოლიებდა და არ გადაიხდიდა გადასახადს, წელიწადში 1000 $-მდე ჯარიმით დაისჯებოდა. მოხდა ისე, რომ არავინ ქირაობდა ოჯახის ექიმს და იხდიდნენ ჯარიმას, რადგან წელიწადში 1000 $ მათთვის დიდი თანხას არ წარმოადგენდა. კანონი არ მუშაობდა, როგორც საჭირო იყო, რაც ეწინააღმდეგებოდა „რესპუბლიკელთა“ ხედვას. სამჯერ შეეცადა რესპუბლიკური პარტია „ობამაქეარის“ გაუქმებას, მაგრამ ვერ გადალახეს მაშინდელი პრეზიდენტის ობამას ვეტო. ახლა ეს პროცესი წამოიწყო ტრამპმა, თუმცა ობამასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მთლიანად არ გავაუქმებო, ნაწილს დავტოვებო. ჯერ თვითონაც არ ჩამოყალიბებულა ტრამპი.
მისი ძირითადი მესიჯი ასეთი იყო, ამერიკამ მთელი მსოფლიო გაამდიდრა და თვითონ გაღარიბდა, დავიცვათ ჩვენი საზღვრები სხვა ქვეყნების შემოტევისგან, ვაფინანსებდით სხვა ქვეყნების არმიებს ჩვენი არმიის ხარისხის შემცირების ხარჯზე... შესაძლოა, ამერიკაში პოპულარულია ტრამპის ასეთი მესიჯები, მაგრამ შესრულებადია?
- ცხადია, ტრამპს წინააღმდეგობა შეხვდება. საქართველოში ყურადღება არავინ მიაქცია ამ ორიოდე დღის წინ დავოსში ჩინეთის ლიდერის - სი ძინპინის გამოსვლას. პრაქტიკულად, მან უკვე ომი გამოუცხადა ტრამპს, რადგან ისაუბრა გლობალიზაციის აუცილებლობაზე. ტრამპი როცა ამბობს, ჩვენ სხვებს ვამდიდრებთ და ჩვენ ვღარიბდებითო, ამ სხვებში ძირითადად ჩინეთს გულისხმობს. სი ძინპინის გამოსვლა კი ის იყო, რომ ჩინეთი თავისი კომუნისტური ჩაკეტილობით, პოლიტიკური სისტემით უცებ გამოდის თავისუფალი ვაჭრობის, თავისუფლების, თავისუფალი მიმოსვლის მთავარ ქომაგად.
ფაქტობრივად, სი ძინპინმა განაცხადა, რომ საკუთარ თავზე იღებს მსოფლიო გლობალიზაციის დამცველის მისიას. ჩინეთს ეს ყოველმხრივ აწყობს, ჩინეთიდან მატარელები უკვე ჩადის ბრიტანეთში დიდი აბრეშუმის გზით. ამის ერთ-ერთი პირველი პროპაგანდისტი შევარდნაძე იყო. უკვე სამი-ოთხი წელია, ეს მატარებლები დიდი აბრეშუმის გზით კი დადიან, მაგრამ საქართველოს ადგილი ჯერჯერობით არ ჩანს. აბრეშუმის გზის შესახებ კონფერენცია ბათუმში ჩატარდა, მაგრამ კონფერენციები რად გვინდა, ჩვენ გვინდა მატარებელი, რომელიც გაივლის საქართველოზე. ჯერჯერობით ყაზახეთი, რუსეთი, - სწორედ ასეთია სავსე მატარებლების რეისი, რომლებიც ჩადიან ინგლისში, ევროპაში და იქიდანაც მოდიან სავსე საქონლოთ და რუსული ხე-ტყით დატვირთულნი.
მივუბრუნდეთ დონალდ ტრამპს. მიუხედავად იმისა, რომ მან ორ ბიბლიაზე დაიფიცა (აბრაამ ლინკოლნის პირად ბიბლიაზე, რომელიც ამ ცერემონიალის განუყოფელ ნაწილად იქცა და დედის მიერ ნაჩუქარ პირად ბიბლიაზე) და ამ ნიუანსითაც გამოხატა თავისი ექსტრავაგანტულობა, მის გამოსვლას ამერიკის ვერც ერთ პრეზიდენტთან ანალოგს ვერ მოვუძებნით. იგი ამოვარდნილია ამერიკის ყველა პრეზიდენტის კონტექსტიდან?
- აბსოლუტურად ამოვარდნილია. ინაუგურაციაც უფრო შოუა. ისტორიას შემორჩა ის ფაქტი, რომ მეორედ არჩევის დროს ვაშინგტონმა ყველაზე მოკლე სიტყვა წარმოთქვა, 20 თუ 30 წამი ილაპარაკა. შემორჩენილია ის ფაქტიც, ერთ-ერთი პრეზიდენტი - უილიამ ჰენრი ჰარისონი როგორ დაიღუპა ინაუგურაციის მიზეზით. საერთოდ, ვაშინგტონში ძალზე ცუდი კლიმატია, ზაფხულში აუტანელი სიცხეა, ზამთარში წვიმს და ცივა. წინათ 4 მარტს ტარდებოდა ინაუგურაცია, მაგრამ 4 მარტის წვიმების ასაცილებლად ინაუგურაცია იანვარში გადაიტანეს, თითქოს იანვარში უფრო კარგი ამინდი იქნებოდა. თუმცა ჰარისონი სწორედ ინაუგურაციის მიზეზით დაიღუპა. ის ყოფილი გენერალი იყო, 428 სიტყვა იყო მის ფიცში, მიმართვის სათქმელად ორი საათი სჭირდებოდა. ყოფილმა გენერალმა კი თავი მოიკლა და ქოლგა არავის დააჭერინა. საშინელი წვიმა იყო, სეტყვასავით მოდიოდა და ორი საათის განმავლობაში მთლიანად დასველდა, შემდეგ მეჯლისსაც დაესწრო, გაცივდა და 20 დღეში გარდაიცვალა. ყველაზე კარგ გამოსვლად ითვლება აბრაამ ლინკოლნის გამოსვლა, მაგრამ ყველაზე მოხდენილ ფრაზად ისტორიას შემორჩა 1961 წლის 20 იანვარს ჯონ კენედის მიერ ნათქვამი ფრაზა- „იმაზე კი არ იფიქროთ, თქვენს ქვეყანას რა შეუძლია თქვენთვის გააკეთოს, არამედ თავად რა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი ქვეყნისთვის“.
ასეთი ფრთიანი ფრაზა არ ჰქონია ტრამპს?
- არა, ტრამპს ჰქონდა აფერისტული დაპირებები - ხალხს მთელი ხელისუფლება, ისტებლიშმენტი მდიდრდება, თქვენ კი ღარიბდებით; მილიარდები იხარჯება განათლებაზე, მაგრამ არავითარ ცოდნას არ ღებულობენ თქვენი შვილები. თუკი ასეთ საშინელ დღეშია ამერიკა, მაშინ რა არის სილიკონის ველი - ამერიკის მაღალტექნოლოგიური ინოვაციების მთავარი ჰაბი? მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის ეკონომიკა დღითი დღე იზრდება, როგორ ხდება, რომ დღეს ჩინეთი თავისი ინოვაციებით, ახალი ტექნოლოგიებით, მეცნიერული მიღწევებით ახლოსაც ვერ მოდის ამერიკასთან? როგორ ხდება, რომ ნობელის პრემიის ლაურეატების 85 % ამერიკელები არიან? საიდან არის ამერიკის ეკონომიკა დღეს პირველი ეკონომიკა მსოფლიოში? საიდან არის ამერიკის შეიარაღება ასეთი მძლავრი?
რასაკვირველია, ამერიკის მოსახლეობის უკმაყოფილება არსებობს, მაგრამ დონალდ ტრამპის ასეთი პოპულისტურ-დემაგოგიურ-სოციალისტური გამოსვლა რას ნიშნავს? თითქოს მილიარდერი კი არ ლაპარაკობდა, არამედ ხალხის წიაღიდან გამოსული რობინ ჰუდი, რომელიც ამაყობდა, რომ მას არანაირი სიმდიდრე არ ჰქონდა. რეალურად კი, ტრამპი ამაყობდა იმით, რომ კანონს არ არღვევდა, მაგრამ ისე მალავდა გადასახადებს. დღესაც თავს იკლავს, არ ასაჯაროებს გადასახადებს. ამერიკის ცნობილ მუსიკოსს- მობის სთხოვეს ტრამპის ცერემონიალისადმი მიძღვნილ კონცერტზე გამოსვლა, მაგრამ მან თქვა, მე გამოვალ, თუ ტრამპი გაასაჯაროებს თავის გადასახადებსო. თუმცა ის უარზეა.
ტრამპი სარგებლობს იმით, რომ ამერიკული კანონებით, ამერიკის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი ვალდებულნი არ არიან, ეს ინფორმაცია გაასაჯაროონ. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ამას არ ავალდებულებს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკის ყველა პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი კეთილ ჟესტს იჩენდა და ამ ინფორმაციას ასაჯაროებდა. ტრამპს უკვე ერთი წელია ამას სთხოვენ. ის კი ამბობს, იურისტები მარწმუნებენ, ჯერ უნდა დამთავრდეს ჩემი ქონების შესწავლა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვაქვეყნებო. ამერიკული კანონებით, ეს პროცესი შეიძლება ოთხი წელი გაიჭიმოს.
ტრამპმა პირველივე დღეებიდან დაპირისპირება წარმოშვა თავის ხალხში. ამის მიუხედავად ირწმუნება, რომ გააერთიანებს გახლეჩილ ამერიკას.
- რით გააერთიანებს? ეს ხომ მხოლოდ სიტყვებია. ჩვენთანაც ამბობდნენ, გაერთიანება, სამართლიანობის აღდგენა, ამ დროს ქვეყანა რამდენიმე სეგმენტად არის გახლეჩილი.
ამერიკა ისედაც კონგლომერატია და გახლეჩვის პრობლემა მუდმივად არსებობდა. თუნდაც შავკანიანებსა და თეთრკანიანებს შორის რასობრივი განსხვავება ავიღოთ.
- ეს პრობლემა სულ არის. დღესაც არ გამქრალა. არსებობს დაპირისპირება ამერიკის სამხრეთსა და ჩრდილოეთს, სოფლის მეურნეობის შტატებსა და ინდუსტრიალურ შტატებს, აფროამერიკელებსა და თეთრკანიანებს შორის. ეს პრობლემა, ალბათ, სულ ექნება ამერიკას, რადგან ეს მიზეზ-შედეგობრივი საკითხია. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამერიკის პრეზიდენტები და მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები ხშირად პოლიტკორექტულობას იცავენ და და ამას არ ამბობენ. თუმცა საკმარისია, ერთი თვე იცხოვროთ სამხრეთ შტატში და ნახავთ, აფროამერიკელები, შავკანიანები როგორ პროვოკაციულად, თავხედურად, გამომწვევად იქცევიან. ამის შედეგი არის ის, რომ ამერიკელ პოლიციელს ხანდახან ნერვები უმტყუვნებს და ახალგაზრდა აფროამერიკელი შემოაკვდება, რასაც გამოსვლები მოჰყვება ხოლმე ამერიკაში.
ქართველებისთვის მთავარი არ არის, მექსიკის საზღვართან კედელს ააშენებს თუ არა ტრამპი, ჩვენთვის მთავარია, როგორ პოზიციას დაიკავებს ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტი, რომელიც არ მალავს, რომ პუტინს თუ მოსწონს, ეს ნაკლად კი არა, მონაპოვრად მიაჩნია. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე-დავით ზალკანიანი ირწმუნება, რომ ტრამპის ადმინისტრაციისგან საქართველომ დამაიმედებელი სიგნალები მიიღო და ვაშინგტონ-მოსკოვს შორის ურთიერთობის დალაგება პარტნიორი ქვეყნების ინტერესთა ხარჯზე არ მოხდება.
- ზალკალიანის დიპლომატიაზე არასდროს მქონია მაღალი წარმოდგენა. ჩვენს პრემიერსაც ვუსმენდი დავოსში, რომელმაც თქვა, რომ „გაზპორომთან“ შეთანხმება არც სატრაბახოა, არც საამაყოა, მაგრამ მთავარია, რომ მთავრობამ დაიცვა ეროვნული ინტერესებიო. თუკი ეროვნული ინტერესები დაიცვა მთავრობამ, მეტი მას არაფერი ევალება, მაშინ ეს საამაყოც ყოფილა და სატრაბახოც. ხოლო, თუ ამბობს, რომ სატრაბახო არ არის, იმიტომ არ არის სატრაბახო, რომ ვერ დაიცვა ეროვნული ინტერესები. ამიტომ ზალკალიანმაც გვითხრას, რა სიგნალებს ღებულობს, ესეც ხომ არ არის კორპორატიული საიდუმლოება?
ტრამპის გამოჩენის დღიდან მისი და მისი მომხრეების არც ერთი საჯარო განცხადება არ გამომრჩენია და არსად არათუ საქართველოზე, კავკასიის შესახებაც მნიშვნელოვანი არაფერი შემხვედრია, რაც დამაიმედებლ სიგნალად იქნებოდა მიღებული. თუ საუბარია იმაზე, რომ მოხდება გარიგება რუსეთთან, ფაქტია, პუტინი რასაც სთხოვს ტრამპს. პირველი, ოფიციალურად სთხოვს სანქციების მოხსნას, შემდეგ კი არაოფიციალურად, არაფორმალურად სთხოვს, ამერიკამ აღიაროს იალტის კონსტრუქცია, როგორც მინიმუმ, რუსეთის გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეზე. მადა ჭამაში მოდის და ახლა ამას ემატება სირიაც, ლიბიაც. ლიბიის მმართველი ორი დღის წინ მოსკოვში იმყოფებოდა და რუსეთი იარაღის მიცემას შეჰპირდა. უკრაინაზე აღარაფერს ვამბობ. მაგრამ ტრამპი რას მიცემს რუსეთს? ტრამპს რა უნდა პუტინისგან?
ჯერჯერობით ტრამპმა თქვა, რაც სურს რუსეთისგან, რასაც საქართველოსთან არანაირი შეხება არ აქვს. ეს არის ბირთვული იარაღის შემცირება. ეს უნდა, მეტი არაფერი. ტრამპის ნათქვამი - პუტინს თუ მოვწონვარ, ეს ნაკლად კი არა, მონაპოვრად მიმაჩნია, პოლიტიკოსის პასუხი არ არის, ეს ბიზნესმენის პასუხია. ტრამპი ჯერ კიდევ ბიზნესმენია, პოლიტიკოსი ჯერ არ გამხდარა. გახდება კი პოლიტიკოსი? ივანიშვილი ბიზნესმენი იყო, მაგრამ არ გახდა პოლიტიკოსი, არ მოინდომა პოლიტიკოსად გახდომა და ისევ ბიზნესმენად წავიდა, მაგრამ ტრამპი არსად წასვლას არ აპირებს. რვა წლის მერეო, თქვა, თითქოს უკვე ოთხი წლის შემდეგ გარანტირებული აქვს არჩევა.
ბიზნესმენი ბიზნესმენთან რომ გარიგდეს, თუკი ერთმანეთი მოსწონთ, ეს ხელმშემწყობი ფაქტორია, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი, იმიტომ, რომ მას თუ მოვწონვარ, ეს არ ნიშნავს, რაღაც დავუთმო. ასეთი რამ ბიზნესში არ ხდება. ამერიკელებს ერთი რამის შიში აქვთ, ეს არის ბირთვული იარაღი. მათ ფეხეზე ჰკიდიათ უკრაინა, საქართველო, ბალტიისპირეთი. ტრამპის საინაუგურაციო სიტყვა, ეს იყო იზოლაციონიზმი, გასული საუკუნის 30-იანი წლების ამერიკა, რომელიც ძლივს გადატეხა ხერხემალში რუზველტმა. ოთხი კანონი დახვდა იზოლაციონიმზე რუზველტს, ამ კანონების გაუქმებას შეალია ნახევარი სიცოცხლე. ტრამპი კი ისევ იზოლაციონიზმზე მიდის - ამერიკა უპირველეს ყოვლისა.
ტრამპს უნდა, რომ წაშალოს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ამერიკა, იმავე ნიქსონის დოქტრინა, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, მსოფლიოში თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა ერს უნდა ჰქონდეს ჩვენი დახმარების იმედი. იგივე ეიზენჰაუერი, რომელიც ამბობდა, ჩვენ ყველგან ყველას დავეხმარებით, იგივე კენედი, ჯონსონი, რომლებიც ამბობდნენ, თუ სხვა პატარა ერის დახმარებისთვის საჭიროა ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე, საჭიროა ჩვენი მილიონები, ჩვენ ამას გავიღებთ და დავეხმარებით. ეს იყო ამერიკის მისიონიზმი, რომ მთელ მსოფლიოში თავისუფლებისთვის მებრძოლ ნებისმიერ ხალხს უნდა ჰქონოდა მათი იმედი. ტრამპმა კი თქვა, ნურავის აქვს ჩვენი იმედი, გინდათ, იყოთ დაცულები? - გადაიხადეთ ფული ამისთვის და ჩვენგან იყიდეთ თქვენი დაცვა. ამასვე ეუბნება ნატოს 28 წევრს, გინდათ, ამერიკამ დაგიცვათ? ამისთვის ფული გადაიხადეთ.
თუკი ტრამპის მოსვლის შემდეგ ამერიკამ მისიონისტური იდეა დაკარგა, ვინ შეაჩერებს მას?
- რასაკვირველია, დაკარგა, მაგრამ ტრამპი არ არის ყველაფერი. ტრამპს ვერც წარმოუდგენია, როგორ დანაღმულ ველზე მოუწევს გავლა კონგრესის სახით. კონგრესის აბსოლუტური უმრავლესობა, „რესპუბლიკელებიც“ კი, რბილად რომ ვთქვათ, არ იზიარებენ ტრამპის ენთუზიაზმს რუსეთთან დაკავშირებით. ბირთვული განიარაღება არც რუსეთს აწყობს. ბოლო ორი-სამი დღეა, რუსული პრესა იმედგაცრუებული, აღშფოთებულია, აგრესიის პირველ ყლორტებს ავლენს და არ მალავს, რომ „ტრამპი, რომლისგანაც ჩვენ სიკეთეს ველოდით, ისეთ წინანადებას გვიყენებს, რომელიც ჩვენთვის მიუღებელია“.
პუტინი არასდროს დასთანხმდება ბირთვულ განიარაღებაზე მოლაპარაკების დაწყებას. ეს ისეთი წინადადებაა, რომელსაც ჩიხში შეჰყავს ყველა იმედი. ამერიკის პრეზიდენტს ბევრი რამ შეუძლია, მაგრამ, ამავე დროს, ამერიკის მამები - გრანტები, ჯეფერსონები მართლაც ციდან მოვლენილი ნახევრად ღმერთები იყვნენ, როგორც თავად ჯეფერსონი ამბობდა. მათ ისეთი კონსტიტუცია დატოვეს, რომ თვით ყველაზე ძლიერ პიროვნებასაც კი ბარიერი აქვს გადასალახი კონგრესის სახით. კონგრესმა იყო, რომ ბოლო მოუღო ნიქსონს. უოტერგეიტის სკანდალი არ გადაიყოლებდა ნიქსონს, თუ არა კონგრესში ვიეტნამის ომით გამოწვეული აგრესია, როდესაც კონგრესმა უფულოდ დატოვა ნიქსონი.
რეიგანი რომ შევიდა თეთრ სახლში, ტუალეტის დასაყენებელი ფული არ მისცა კონგრესმა. არადა, ეს ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი ტუალეტისთვის შორს ვერ წავიდოდა. მას უთხრეს, თუ უნდოდა, საკუთარი ფულით მოეწყო ტუალეტი. წარმომადგენელთა პალატის ხელშია ფული. თითქოს სენატია უფრო მაღლა მდგომი, ვიდრე წარმომადგენელთა პალატა, მაგრამ წარმომადგენელთა პალატა ფიქციად რომ არ იქცეს და ქართულ პარლამენტს არ დაემსგავსოს, ამერიკის მამებმა კონსტიტუციაში ჩაწერეს, რომ მთელი ფული წარმომადგენელთა პალატის ჯიბეში უნდა იყოს. ეს არის თანაფარდობის დაცვა.
თუნდაც იმავე შტატების, მინისტრების, მრჩევლების დამტკიცება, საგარეო პოლიტიკური კურსი სენატის ხელშია, მაგრამ წარმომადგენელთა პალატას ფული აქვს, რაც ყველაფერს გადაწონის. ტრამპიც რომ იძახის, ამას გავაკეთებ, თანხებს გავუზრდი სამხედრო ბიუჯეტსო, ის თავის ფულს არ გაიღებს. ძუნწია, მეორე გობსეკია, კაპიკს არაფერზე დახარჯავს. ჩვენთანაც რომ ჩამოვიდა, ალბათ, გახსოვთ, რა ეიფორია იყო ბათუმში, მილიარდერი გვეწვიაო, მაგრამ ტრამპმა თქვა, თქვენ ააშენეთ და, უბრალოდ, ჩემი სახელი ჰქონდეს თქვენს აშენებულსო.
მაშინაც ითქვა, რომ ტრამპი ზუსტად იმისთვის ჩამოიყვანეს, რომ სააკაშვილს პიარისთვის გამოეყენებინა ტრამპის, როგორც სამშენებლო სფეროში მაგნატის სახელი.
- სახელი კი არა, „ნაცმოძრაობას“ სახრავი უნდოდა. ფული სჭირდებოდა, რომ ტრამპს აეშენებინა, მაგრამ მან თავად შემოგვთავაზა აშენება. ტრამპი საკუთარ ფულს არ გაიღებს. არც ის მგონია, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა სიამტკბილობაში გადაიზარდოს, რადგან როგორიც არ უნდა იყოს ტრამპი, ის მაინც ამერიკის პატრიოტია, ის ამერიკელია. კონგრესიც ამერიკის პატრიოტებისგანაა დაკომპლექტებული და არც ერთ კონგრესმენს აზრად არ მოუვა ისეთი ნაბიჯი გადადგას, რომელიც ამერიკის ინტერესებს ავნებს. მით უმეტეს, ამერიკაში არაფერი იმალება.