„საქართველომ გადალახა პერიოდი, როდესაც რუსეთის მძევალი იყო“

„საქართველომ გადალახა პერიოდი, როდესაც რუსეთის მძევალი იყო“

აშშ–ის 45–ე პრეზიდენტი მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ აშშ-სა და მსოფლიოს განვითარების კურსს გრძელვადიანი პერსპექტივით განსაზღვრავს და ძალაუფლებას ვაშინგტონისგან ხალხს გადაცემს. ტრამპი პირობას დებს, რომ აშშ სხვა ქვეყნებთან მეგობრობის გზებს მოძებნის, მაგრამ აშშ დაიტოვებს უფლებას, საკუთარი ინტერესები პირველ ადგილზე დააყენოს.

ტრამპი აქვე აცხადებს, რომ აშშ სხვა ქვეყნებს თავზე არ მოახვევს საკუთარი ცხოვრების წესს, მაგრამ შეეცდება სამაგალითო იყოს მათთვის. სიტყვით გამოსვლისას შეეხო რადიკალური ისლამური ტერორიზმის საკითხს და პირობა დადო, რომ ამერიკა სრულად აღმოფხვრავს რადიკალურ ისლამურ ტერორიზმს. ამერიკის 45–ე პრეზიდენტს არ უხსენებია საქართველო და ის პატარა ქვეყნები, რომლებიც აშშ–თან პარტნიორულ ურთიერთობაში არიან.

შესაბამისად, ამერიკის მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსანი, პოლ გობლი შიშობს, რომ ტრამპი საქართველოს მსგავს ქვეყნებს ყურადღებას არ მიაქცევს და ამ გარემოებამ საქართველო, შესაძლოა, მოსკოვის პოლიტიკის მძევლად აქციოს.

„ვშიშობ, ტრამპი ყურადღებას არ მიაქცევს საქართველოს მსგავს ქვეყნებს. ამ გარემოებამ საქართველო, შესაძლოა, მოსკოვის პოლიტიკის მძევლად აქციოს. მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ ბევრი პროექტი, რომელსაც ვაშინგტონი საქართველოში ახორციელებს, გაგრძელდეს, რადგან თეთრმა სახლმა ამ პროექტების შესაჩერებლად თავი არ შეიწუხოს“, – განაცხადა პოლ გობლმა.

თავის მხრივ, აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი დარწმუნებულია, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-საქართველოს ურთიერთობები მტკიცე დარჩება. მისი თქმით, როცა უკვე ამერიკას ახალი სახელმწიფო მდივანი ეყოლება, უნდა შევხედოთ, რა პოლიტიკა იქნება საქართველოსთან მიმართებაში. ელჩი ამბობს, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები დარჩება მტკიცე და ვფიქრობს, კიდევ უფრო გაძლიერდება.

„რაც შეეხება ეკონომიკურ ურთიერთობებს, აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთახმების მიმართულებით რაიმე სიახლე არ არის, თუმცა ზოგადად ტრამპის ადმინისტრაციამ გამოთქვა მზადყოფნა სავაჭრო ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით ქვეყნებთან ორმხრივი მოლაპარაკებები გამართოს.მე ძლიერ ადვოკატირებას გავუწევ აშშ-სა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობებს“, – აღნიშნა იან კელიმ.

ანალიტიკოსების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი ოფიციალურად შეუდგა მოვალეობის შესრულებას, ძნელად პროგნოზირებადია, რას დააპირებს და როგორ. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ირაკლი მენაღარიშვილის განცხადებით, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის უახლესი ნაბიჯების თაობაზე ნათელი წარმოდგენა ჯერ არ არსებობს, რადგან, ტრამპის მიერ წინასაარჩვენოდ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, ბევრი რამ იცვლება და უამრავი სხვა ფაქტორი უკვე მუშაობს, რომელზეც ბევრი ანალიტიკოსი საუბრობდა. მიუხედავად ამისა, მაღარიშვილი რაიმე შეშფოთების საფუძველს ჯერ–ჯერობით ვერ ვხედავს.

„პოლ გობლი ძალიან გამოცდილი, საქართველოს მეგობარი და ღრმა ანალიტიკოსია, ის თვლის, რომ ასეთი რამ გამორიცხული არ არის. კერძოდ ის, რომ აშშ–ის საგარეო პოლიტიკაში იზოლაციონარისტურმა ტენდენციამ შეიძლება მეტისმეტად აქტიური ხასიათი მიიღოს. გადავხედოთ რა ხდება დღეს, პირველი – დამოკიდებულება მსგავის საკითხებისადმი კონგრესში, კერძოდ, სენატში პრაქტიკულად ერთმნიშვნელოვანია და, რომ სენატში ამგვარ პოლიტიკას სერიოზული ოპოზიცია ეყოლება.

მეორე – გადავხედოთ, თუ ვინ იქნა დასახელებული წამყვან პოსტებზე, ვინც აშშ–ის სახელმწიფო პოლიტიკა უნდა განსაზღვროს საერთაშორისო არენაზე და რაც მთავარია, იმ პრობლემას, რომელიც ჩვენ გვაწუხებს, ძირითადად სწორედ მას უნდა უპასუხოს.

დამეთანხმებით, რომ მოსმენები, რომელიც სენატში ტარდებოდა და ის პასუხები, რომლებიც სენატორების შეკითხვებზე გასცა, როგორც აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა, ასევე თავდაცვის მდივანმა, ნიშნავს, რომ კაბინეტში ასეთი განწყობა არის. რისაც ბატონ გობლის ეშინია, რბილად, რომ ვთქვთ საფუძველს მოკლებულია“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილი.

თუმცა, მისივე თქმით, ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ უკვე ყველაფერი ნათელია. რადგან, საით და როგორ წავა ამერიკის საგარეო პოლიტიკუტრი მანქანის მოქმედება, აბსოლუტურად გარკვეული არ არის.

„მაგრამ, რაც მე მოგახსენეთ, საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ მინიმუმ ცოტა ხანი დავიცადოთ და დავაკვირდეთ კონკრეტულ ნაბიჯებს. არა მგონია, რომ იმგვარი აპოკალიპტური სცენარებს, რომელიც მოძრაობს როგორც მედია, ასევე, პოლიტიკურ და ანალიტიკურ სივრცეში, სერიოზული საფუძველი ჰქონდეს“, – აღნიშნა ირაკლი მენაღარიშვილმა.

ამერიკის მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსანის, პოლ გობლის პოზიციას, რომ საქართველო, შესაძლოა, მოსკოვის პოლიტიკის მძევლად აქციოს, უსაფუძვლოს უწოდებს ანალიტიკური საბჭოს მკვლევარი ზურაბ აგლაძე, რომლის განცხადებით, საქართველომ გადალახა პერიოდი, როდესაც რუსეთის მძევალი და ენერგოდამოკიდებული იყო.

მისი თქმით, ქვეყანამ გადალახა პერიოდი, როდესაც მაღალი დოზით იყო კორუფცია და კრიმინალი, როდესაც საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოზიციები ძალიან სუსტი იყო. შესაბამისად, როგორც ქართველი მკვლევარი აცხადებს, საქართველო არის შემდგარი სახელმწიფო და თუ თავად არ მოვინდომეთ რუსეთის ორბიტაზე გადასვლა, შეუძლებელია საქართველო რუსეთის მძევალი აღმოჩნდეს.

„საკამათო თემაა. ჩვენ თვითონ თუ არ დაუშვებთ შეცდომას, წარმოუდგენელია რუსეთის მძევალი გავხდეთ. ერთ–ერთი ასეთი არის ენერგოდამოუკიდებულება, რომელიც ჩვენ რეალურად გაგვაჩნია. ძნელად გასაკვევია და არავინ იცის, ტრამპი რას და როგორ დააპირებს, მაგრამ ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ტრამპი ისეთ პოლიტიკას განახორციელებს, რომელიც საქართველოს რუსეთის ტყვედ გახდის.

ძალიან მარტივია, საქართველო ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა, ევრაზიის გასაყარზეა ენერგოდერეფანი და ამიტომ, ცოტა არ იყოს მიკვირს ბატონი პოლ გობლის ეს განცხადება. ღრმად ვარ დარწმუნებული, ტრამპი ნამდვილად არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომ შელახული იქნას ამერიკის ინტერესები ჩვენს რეგიონში“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ზურაბ აგლაძე.

მისი თქმით, ტრამპი თავის წინასაარჩევნო განცხადებებში ბევრ თემას შეეხო, მათ შორის - ჩინეთთან ურთიერთობას, რამაც გაართულა ურთიერთობა ჩინეთთან. როგორ აგლაძე აცხადებს, ჩინეთთან გართულებული ურთიერთობის ფონზე ძნელად წარმოსადგენია, ტრამპი რუსეთთან დათმობაზე წავიდეს.

„სიმართლე გითხრათ, ამერიკის ახალი ადმინისტრაციისგან არც დიდ გარღვევას და წინსვლას არ უნდა ველოდოთ, მაგრამ არც კატასტროფულ უკან დახევას. მეტ–ნაკლებად შეიძლება ცოტათი მოიმატოს მხარდაჭერამ, შეიძლება ცოტათი დაიკლოს, მაგრამ იმ ჩარჩოებიდან არ გამოვა, რასაც ამ რეგიონში ამერიკის ინტერესი ჰქვია და რასაც საქართველოს ინტერესი ჰქვია თუნდაც უსაფრთხოების კუთხით“, – აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აგლაძემ.

ექსპერტი საგარეო საგარეო საკითხებში სოსო ცინცაძე, რომელიც ამერიკის ახალი პრეზიდენტის განცხადებებს სწავლობს, აცხადებს, რომ ტრამპის განცხადებებში მინიშნებაც არ ყოფილა საქართველოს და სხვა პატარა ქვეყნების მიმართ, მით უმეტს დახმარებას გეგმავდეს ამ ქვეყნებთან  მიმართებაში.

„ტრამპმა თავისი პრიორიტეტები ნათლად და მყარად ჩამოაყალიბა. პრობლემა მხოლოდ ის არის, რამდენად შეძლებს წინასაარჩევნო განცხადებების მატერიალიზაციას, რომელიც ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო და სკანდალური იყო. ამიტომ, მნიშვნელოვანია არა ის, საქართველო რას უნდა ელოდოს, არამედ ის, ტრამპი რუსეთის ამ პოლიტიკაზე და რუსეთის შეკავებაზე რას ამბობს. რას ამბობს ნატოს გაფართოებაზე, რა ხედვები აქვს ევროპასთან მიმართებაში და ა.შ.

ჯერ–ჯერობით დიდი სასიკეთო არაფერი არ არის, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ტრამპმა გადაწყვიტა შემოირიგოს ამერიკის დაზვერვის სამსახურები. ინაგურაციის შემდეგ განაცხადა, რომ თქვენთან ვარ, არც ერთი ამერიკელი პრეზიდენტი მხარს ისე არ გიჭერდათ, როგორც მეო.

რამდენად დასაჯერებელია არავინ იცის. რაც შეეხება რუსეთს, აქ  კი შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ტრამპი ვერ შეძლებს რუსეთთან საერთო ენის გამონახვას, თუნდაც იმიტომ, რომ ის პირობა, რომელიც უკვე წამოაყენა ტრამპმა – სანქციების მოსახსნელად ბირთვული განიარაღება, ეს აბსოლუტურად მიუღებელია მოსკოვისთვის“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას სოსო ცინცაძემ.