„ნაციონალების“ ფართოდ გაღებულ კარებში მიპატიჟებული „ახალი ადამიანები“ (სინამდვილეში კი, ძველი სახეები); სააკაშვილის მეუღლის, დედისა და ბებიის შინაურული გარემოცვა; მიშას შეუცვლელობის მითის კიდევ ერთხელ შეხსენება და ერთგულებად და „გაქოცებულებად“ თანაპარტიელების დაყოფა,-ასეთი იყო „ნაციონალების“ რიგით მეშვიდე ყრილობა. რა მოუტანა ამ ყრილობამ „ნაციონალებს“, ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ესაუბრა.
უკვე მერამდენედ სააკშვილმა თანაპარტიელებს შეახსენა, რომ მისი პარტია არ არის მხოლოდ გარკვეული პირების ელიტური კლუბი, ეს არ შეიძლება მცირე ჯგუფი იყოს, არამედ „ნაცმოძრაობა“, პირველ რიგში, არის ემოცია. რა ემოცია მოუტანა „ნაციონალებს“ ამ ყრილობამ, განსხვავებით, სანდრა რულოვსისგან, რომელსაც სპორტის სასახლეში გამართულმა ყრილობამ ტრამპის ინაუგურაციასთან გაიგივების ემოცია განაცდევინა.
- სანდრა რულოვსისგან განსხვავებით, ამ ყრილობას ამხელა მნიშვნელობას არ მივანიჭებ. ეს ერთ-ერთი პარტიის, თუნდაც საპარლამენტო პარტიის, თუნდაც ყოფილი მმართველი ძალის ჩვეულებრივი ყრილობა იყო და არა მგონია, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონოდა. თავად პარტიისთვის, ალბათ, გარკვეული ფუნქცია ჰქონდა, რათა ეჩვენებინა ორი ძირითადი ასპექტი. ერთი ასპექტი ეს არის, რომ ე.წ. ბოკერიას ფლანგის წასვლის შემდეგ თავად ამ ფლანგისთვის, ან ყველა სხვა დანარჩენისთვის, ვინც ფიქრობდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე დაინგრა, ეჩვენებინათ, რომ პარტია ჩვეულებრივ ფუნქციონირებდა; მეორე მხრივ, ეჩვენებინათ, რომ მათ მნიშვნელოვანი ელექტორატი ჰყავდათ, რომელმაც სპორტის სასახლე შეავსო. თუმცა ეს არანაირი განსაკუთრებული სიახლე არ ყოფილა, რადგან პარტიას 500 ათასი ამომრჩეველი ჰყავს. აქ კი 7 ათასზე იყო საუბარი.
აპელირება, თითქოს „ნაცმოძრაობა“ გაუბედურდა, აღარ არსებობს, მნიშვნელოვანი პოლიტიკური სუბიექტი აღარ არის და არანაირ ძალას არ წარმოადგენს, იმთავითვე არასწორი იყო, როცა თავის დროზე ღარიბაშვილი ამაზე აკეთებდა განაცხადს. ახლაც მიმაჩნია, რომ ეს პარტია არა მარტო არსებობს და ჰყავს დამფინანსებლები, არამედ არის ფუნქციონირებადი, ინსტიტუციურად განვითარებადი. ცხადია, ის, რაც შექმნილი იყო წლების განმავლობაში, ასე მარტივად არ დაიშლებოდა და ამის ილუზია არავის უნდა ჰქონოდა. ეს ადამიანები დღესაც აქტიურები არიან და არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პარტიულ სახელს მიიღებენ. მათი მიზანია, ხელისუფლებაში დაბრუნება და რა ფორმით მუშაობენ ამ მიზნის მისაღწევად- შეირაღებული გადატრიალების გზით თუ დემოკრატიული არჩევნებით, ამით შინაარსი არ იცვლება. იცვლება მხოლოდ ფორმა, რა ძალისხმევასაც ისინი მიმართავენ.
ახლა, როცა „ნაციონალები“ კიდევ ერთხელ ცდილობენ სააკაშვილის რეაბილიტაციას, ფაქტია, რომ მიშას მოუწევს ოპონირება არა მხოლოდ დღევანდელ მთავრობასთან, არამედ ყოფილ თანაგუნდელებთან და ბევრად უფრო გაურთულდება პოზიციონირება. რამდენად დამძიმდა მისი მომავალი? ამ ყრილობით სააკაშვილმა ბოკერიას ფრთას დაანახა თავისი ძალა?
- ეს არის დროებითი, ფრაგმენტული, ეპიზოდური პერიოდი, როდესაც „ნაციონალები“ ერთმანეთს ლანძღავენ და ეპაექრებიან. გავა ცოტა ხანი და მიხვდებიან, რომ საერთო მიზნები და შეხედულებები აქვთ. ერთადერთი, რაშიც განსხვავდებიან, ეს არის ხელისუფლებაში მოსვლის ფორმა. ვიღაცას მიაჩნია, რომ რევოლუციით უნდა განახორციელოს ეს მიზანი, ვიღაცას -არჩევნებით. პირველი განმასხვავებელი ნიშანი არის ელექტორატზე გასვლა; ანუ პრაქტიკულად, „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში სხვა პოლიტიკური სუბიექტებისთვის სივრცეს აღარ ტოვებენ. მეორე მთავარი ნიშანია გავლენების გადანაწილება.
სააკაშვილს მიაჩნია, რომ თვითონ უნდა იყოს ძირითადი მოთამაშე ისე, რომ მისი პარტიიდან გაშვება, სიმბოლურ ფიგურად დატოვება და სხვების მიერ პარტიის მართვა არ დაუშვას. აღმოჩნდა, რომ „ნაცმოძრაობა“ სიცოცხლისუნარიანია, გაშლილია და ნელ-ნელა იღებს მთელი ოპოზიციური სპექტრის სამიზნე ჯგუფებს. კარგად რომ დავაკვირდეთ, სწორედ „ნაცმოძრაობის“ სეგმენტებია მთლიან ოპოზიციურ ველზე შედარებით აქტიური. ეს არის ე.წ. ბოკერიას ფრთა, სააკაშვილის ფრთა, ვაშაძის ფრთა, „გირჩები“. ვიმეორებ, აბსოლუტურად ყველა მათგანი „ნაცმოძრაობის“ სეგმენტია და, საერთო ჯამში, ასეთი განშლადობა უფრო ეფექტური შეიძლება იყოს მათთვის. თითოეული მათგანი მუშაობს.
ამავდროულად, თუკი აქამდე, ოთხი წლის განმავლობაში ერთი პარტიის ღონისძიებად ითვლებოდა მათ მიერ მოწყობილი ნებისმიერი საპროტესტო ღონისძიება, ახლა უკვე სრულიად საპირისპირო რეალობა იქნება. ფორმალურად ისინი დაშლილები იქნებიან, ფორმალურად რამდენიმე სუბიექტი ეყოლებათ და თუნდაც იმავე საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირების კუთხით რამდენიმე პარტიის სახით წარმოჩინდებიან. ამიტომ, თუკი ადრე საუბარი იყო მხოლოდ ერთი პარტიის ლოკალურ მაჩვენებელზე, ახლა ეს აღარ იქნება ლოკალური და ეს პარტია უფრო მნიშვნელოვან სივრცეზე იქნება გადაშლილი. ამიტომ ილუზიაა მთლიანობაში იმის წარმოდგენა, ისინი ერთმანეთში ჩხუბობენ თუ არა, ერთმანეთთან იყოფენ თუ არა რაღაცას. საერთო ჯამში, ეს ერთი მთლიანია.
გამოდის, გრიგოლ ვაშაძის ნათქვამში „ქელეხს გვიმზადებდნენ და დაბადების დღე გამოუვიდათ“, სიმართლის მარცვალი დევს? თავად გრიგოლ ვაშაძე თითქოს განერიდა „ნაცმოძრაობას“, საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიის“ დამფუძნებლად ითვლებოდა, რომელიც, სინამდვილეში, „ნაცმოძრაობის“ ფილიალად აღიქმებოდა; შემდეგ იქიდანაც გაუწია გულმა და ახლა ისევ „ნაცმოძრაობას“ მიაკითხა. ეს იაფფასიანი თამაშებია?
- ეს არის პოლიტიკური ტექნოლოგია, რომელსაც ყოველთვის იყენებდნენ. მაგალითად, ახლა „ნაციონალების“ პოლიტსაბჭოში თითქოსდა ახალი წევრები მიიღეს. ამით აჩვენებენ, თითქოს პარტიაში შედიან განახლებული სახეები, მაგრამ არც ერთი წევრი არ ყოფილა ახალი იმ მხრივ, რომ თითოეული მათგანი იყო აფილირებული „ნაცმოძრაობასთან“. იგივე ნინო ლაპიაშვილი, (არასამთავრობო ორგანიზაცია „სუფთა პოლიტიკის“ წარმომადგენელი) და სხვები. ამიტომ, საერთო ჯამში, „ნაცმოძრაობას“ ჰყავდა უამრავი სატელიტი მხარე არასამთავრობო სექტორში, ახლა ეს სატელიტები ეყოლება პარტიულ სექტორში.
ამ ხელისუფლებასთან ნებისმიერი ლოიალური დამოკიდებულება „ნაცმოძრაობის“ თვალში ღალატად განიხილება. ამ კონტექსტშია უგულავას განცხადებები, როგორც წერილი ციხიდან, ისე ციხიდან გამოსვლის შემდეგ გამოთქმული მესიჯები; სავარაუდოდ, ალბათ, ღალატად განიხილება ვანო მერაბიშვილის პოზიცია, რომელიც უარს აცხადებს პარტიის გენმდივნად არჩევასა და პოლიტიკურ ბატალიებში ჩართვაზე. მერაბიშვილის მოულოდნელი პოზიცია დარტყმა იყო „ნაცმოძრაობისთვის“, თუ ესეც თამაშია და შემდგომში ისევ „ნაცმოძრაობის“ ერთგულ გვარდიელებად დარჩებიან მერაბიშვილ-უგულავა და სხვები?
- მე მაინც ვფიქრობ, რომ ისინი ცალ-ცალკე, თუ ყველანი ერთად, შეხმატკბილებულად თუ ერთმანეთთან ოპონირების რეჟიმში ერთსა და იმავე მიზნებზე არიან ორიენტირებულნი. ამიტომ იმეგობრებენ, იჩხუბენენ თუ მტრულ რეჟიმში იქნებიან, მნიშვნელობა არ აქვს. ამავდროულად, ხვალ და ზეგ აუცილებლად გაჩნდება მათი უფრო მეტად ინტეგრირების საჭიროება. ამიტომაც შემდგომში დაბალანსდებიან, შიდა ომებს დაალაგებენ. სავარაუდოდ, გადანაწილების პროცესი რომ დასრულდება, ისევ დაიწყება მათი ინტეგრირების პროცესი.
ხომ არ გაუჭირდებათ ინტეგრირების პროცესი იმ ადამიანებთან, რომელთაც ღიად თუ ფარულად მოღალატეებად და ივანიშვილის „ჯიბეში ჩადებულებად“, ან ივანიშვილის მიერ გამოკეტილებად (საუბარია მერაბიშვილზე) და ამიტომაც ძალადაკარგულებად მიიჩნევენ?
- რაც შეეხება მერაბიშვილს, ეს კაცი პრემიერ-მინისტრი და შს მინისტრი იყო. ამდენად, პარტიული თანამდებობა, „ნაცმოძრაობის“ გენმდივნობა რამდენად უნდა ყოფილიყო საინტერესო მისთვის? ეს მხოლოდ პოლიტიკური სტატუსის მიმცემი იქნებოდა მერაბიშვილისთვის. მერაბიშვილმა პარტიის გენმდივნობაზე უარი რომ თქვა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არ არის განსაკუთრებული შინაარსისა და ფასის მოვლენა, ეს ძალზე მარტივი პროცესია.
ხომ არ ფიქრობთ, რომ „ნაცმოძრაობის“ 16-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაყოფის ინტერესი თავად სააკაშვილისგან მოდიოდა? თორემ, სურვილის შემთხვევაში, სააკაშვილი როგორმე მოახერხებდა ერთობლიობას და ვითარების განმუხტვას.
- ფაქტია, რომ ერთიანი ფორმით, ანუ იმ ფორმით, რა ფორმითაც არსებობდნენ, „ნაციონალები“ ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში არჩევნებით ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდნენ. ამიტომაც სჭირდებოდათ სიახლე. ეს სიახლე შეიძლება მომხდარიყო თვითმართვადობით, ანუ თავისთავადი პროცესით, ან დაგეგმილად, გარკვეული სტრატეგიის შემუშავების შემდეგ. შესაძლოა, „ნაციონალები“ თავისით დაიშალნენ, ან სულაც, ბლეფის თამაში მიმდინარეობს საზოგადოებასთან, მაგრამ ორივე შემთხვევაში, ისინი ერთ მთლიან სივრცეს შეადგენენ და ერთ მთლიან ინტერესზე არიან მორგებულნი. ისინი ერთ მიზანზე არიან ორიენტირებულნი.