„გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულება მთავრობასა და პრეზიდენტს შორის მორიგი დაპირისპირების მიზეზი გადა. გიორგი მარგველაშვილს მიაჩნია, რომ „გაზპრომთან“ მიღწეული შეთანხმებით გაუარესდა ქვეყნის ენერგოსექტორი, დაზიანდა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები.
პრეზიდენტის კრიტიკას არ იზიარებს ენერგეტიკის მინისტრი. კახა კალაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტს აქვს წვდომა ამ ხელშეკრულების დეტალებზე. შესაბამისად, ფიქრობს, რომ პრეზიდენტის არაკვალიფიციური და უარგუმენტო განცხადებები, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ისმის, ძალიან სამწუხაროა.
რამდენად ლეგიტიმურია პრეზიდენტის განცხადება და ეტევა თუ არა კონსტიტუციით განსაზღვრულ ჩარჩოში? ამ საკითხთან დაკავშირებით for.ge კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
„გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულება არ არის ერთადერთი თემა, რაც პრეზიდენტსა და მთავრობის შორის დაპირისპირების საფუძველი ხდება. ვიცით, რომ არსებობს მთელი რიგი საკითხები, როდესაც აბსოლუტურად განსხვევდება პრეზიდენტის პოზიცია მთავრობის პოზიციისგან. ბატონო ვახტანგ, რამდენად ეტევა პრეზიდენტი იმ ჩარჩოებში, რომელიც მას განუსაზღვრა კონსტიტუციამ?
ვახტანგ ძაბირაძე: პრეზიდენტი და პრეზიდენტის ინსტიტუტი არის დამოუკიდებელი სახელისუფლებო ორგანო. ამიტომ, პრეზიდენტს აქვს თავისი უფლებები და მოვალეობები, რაც გაწერილია კონსტიტუციაში და არის რეგალიზებული. პრეზიდენტს აქვს უფლება გააკეთოს განაცხადი. უფრო მეტსაც გეტყვით, კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ პრეზიდენტი ყოველწლიურად მიდის პარლამენტში, სადაც ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას აფასებს. ამ შემთხვევაშიც მისი განცხადება სრულად ჯდება იმ ფარგლებში, რა უფლებამოსილებაც მას აქვს კონსტიტუციით.
არის თუ არა პრეზიდენტი მმართველი გუნდის ოპოზიცია, არ ვიცი, მაგრამ კრიტიკული აზრის გამოთქმა არის ოპონირება. ოპოზიცია კი ნიშნავს პოლიტიკურ ძალას, რომელიც თვლის, რომ ხელისუფლება უნდა შეცვალოს თვითონ. ანუ, ამ შემთხვევაში პრეზიდენტი პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენს. პრეზიდენტი წარმოადგენს ხელისუფლების ერთ-ერთ შტოს და სხვა არაფერს.
მაგრამ ისეთი განცხადება, როგორიც გააკეთა კახი კალაძემ, არ უნდა აკეთებდეს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი. მის განცხადებაში პირდაპირ არა, მაგრამ ქვეტექსტში იკითხება პრეზიდენტისა და მისი ინსტიტუტისადმი აგდებული დამოკიდებულება. მერა რა, თუ პრეზიდენტის და არასამთავრობოების აზრი ერთმანეთს ემთხვევა? ამით რისი თქმა უნდა კალაძეს, არ შეიძლება, რომ მათი აზრი ერთმანეთს ემთხვეოდეს? არავის არ აქვს უფლება ჩრდილი მიაყენოს პრეზიდენტის ინსტიტუტს, პირველ რიგში აღმასრულებელ ხელისუფლებას.
როდესაც, ქვეყნისთვის სტატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებზე ღია დებატები მიდის პრეზიდენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის, ეს არ არის სასურველი. ენერგეტიკოსები ამბობენ, რომ ეს ორი წელი ძალიან ფრთხილად უნდა გავიაროთ, რომ ეს ხელშეკრულება არ გახდეს პოლიტიკური ბერკეტი რუსეთის ხელში. როდესაც პრეზიდენტი საჯაროდ საუბრობს, რომ დაზიანდა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები, ჩნდება კითხვა, რატომ არ მოხდა საკითხის განხილვა უშიშროების საბჭოზე?
- გეთანხმებით, არსებობს უშიშროების საბჭო, სადაც ასევე შეიძლება ამ საკითხის განხილვა, რადგან ეს არ არის ჩვეულებრივი ენერგოუსაფრთხოება და შეიძლება ამ გარიგების უკან პოლიტიკა იმალებოდეს. ამიტომ შეიძლებოდა უშიშროების საბჭოზე მოხდარიყო საკითხის განხილვა. როგორც კახა კალაძის განმარტებებიდან მივხვდი, პრეზიდენტს ჰქონდა საშუალება მოესმინა ის არგუმენტები, რატომ მიიღო მთავრობამ ეს გადაწყვეტილება.
არ ვიცი ამ არგუმენტებმა არ დააკმაყოფილა პრეზიდენტი, თუ რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ მე ვიცი ერთი რამ, განცხადებები, რომელიც გააკეთა კალაძემ, იქ ახალი არაფერი არ თქმულა. საქართველოში ყოველთვის იყო ყველა ხელისუფლების მიმართ ძალიან ფრთიხილი და კრიტიკული დამოკიდებულება. უფრო მეტიც, - ეჭვიანი. ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ ეს 25 წელია.
ფაქტია ისიც, რომ საზოგადოების მხრიდანაც არსებობს გარკვეული უნდობლობა, ასეთ შემთხვევაში რა გამოსავალი აქვს ხელისუფლებას?
- ხელისუფლების ამოცანა იმაში არ მდგომარეობს, რომ მარტო პრეზიდენტს გასცეს, ან არა გასცეს პასუხი. ხელისუფლებამ საზოგადაოებასაც უნდა გასცეს პასუხი. როდესაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ არსებობდა საფრთხეები, შესაძლოა, არსებობდა ეს საფრთხეები, მაშინ უნდა ვიცოდეთ რით გვემუქრებოდა რუსეთი და რას ვკარგავდით. ის, რომ რუსეთის ტანკები დგას 40 კილომეტრში, ეს აბსოლუტურად არაფერს არ ცვლის. რუსეთში თუ გადაწყდა ამ ტანკების საქართველოს წინააღმდეგ გამოყენება, ომს დაიწყებენ. გაზის ტრანზიტი აქ აბსოლუტურად არაფერ შუაში არ არის. არა მგონია, რომ სწორი იყოს ამ ორი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირება.
შესაძლოა, მთავრობას მართლაც ჰქონდა არგუმენტი იმისა, რომ თუ არ წავიდოდით ამ შეთანხმებაზე, მაშინ უფრო ცუდად იქნებოდა საქმე, მაგრამ როდესაც მთავრობა ლაპარაკობს, რომ ჩვენ მივიღეთ სწორი გადაწყვეტილება და არ გვეუბნებიან, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ბუნებრივია, ჩნდება ეჭვი იმის შესახებ, რომ არანაირი არგუმენტები არ არსებობს და უბრალოდ, ზედმეტი თავის ტკივილისგან აირიდეს თავი.
ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ამ ხელშეკრულების ძირითადი ნაწილი კონფიდენციალურია და მისი გასაჯაროვება არ არის მიზანშეწონილი. შეიძლება ვთქვათ, რომ რუსეთმა პოლიტიკურად ივაჭრა საქართველოსთან და აიძულა ამ ხელშეკრულების გაფორმება?
- როცა გვეცოდინება, რა ფასის გადახდა მოგვიწევდა იმ შემთხვევაში, თუ არ მოვაწერდით ხელს, მაშინ შევაფასებ, მთავრობა სწორად მოიქცა, თუ არასწორად. რაც შეეხება კონფიდენციალურობას, ეს საკითხიც მოლაპარაკების საგანია. არ დათანხმებულიყო მთავრობა ხელშეკრულების კონფიდენციალურობას და არ იქნებოდა. თანაც აქ კონფიდენციალური შეიძლება იყოს გაზის საფასური, სხვა რა უნდა იყოს, მუქარა? შანტაჟი? რით გვაშანტაჟებდა რუსეთი? თუ ჩვენ უარს ვიტყოდით ამ ხელშეკრულების გაგრძელებაზე, მაშინ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებდა რუსეთი, ეს უნდა თქვას ენერგეტიკის მინისტრმა და დამთავრდება სპეკულაციები ამ საკითხის გარშემო.
როცა არ ამბობ, მგონია, რომ საშუალებას აძლევ საზოგადოებას და სხვებსაც, რომ სპეკულაციები დაიწყონ ამ თემით. როცა შენ თვითონ აძლევ ამის შესაძლებლობას, მაშინ არ უნდა გაგიკვირდეს თუ ეს პროტესტი იქნება.
როცა ხელისუფლება მიდის ამგვარ ნაბიჯზე, მან უნდა იცოდეს, რომ ასეთი შეფასებები მოჰყვება მის ქმედებას. სხვათა შორის ბევრ საკითხთან მიმართებაში კანონმდებლობა არის დასახვეწი. როდესაც ფორმდება ისეთი ხელშეკრულებები როგორც არის თუნდაც „სითი პარკთან“, ვიძახით, რომ ეს არის კომერციული ხელშეკრულება და რა ვქნათო. ანუ, ნებისმიერ ხელისუფალს შეუძლია ასეთი რამ გააკეთოს, მაგრამ მოსახლეობამ და ქვეყანამ რა ჰქნას, თუ ხელისუფლება უშვებს ასეთ შეცდომას? ხვალ რომ აღმოჩნდეს ისე, რომ ეს ხელშეკრულებაც შედომა იყო, მაშინ რა ვქნათ? აი ეს არის პრობლემა. ამიტომ, ძალიან მარტივია, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა საფრთხის წინაშე იდგა, თუკი მთავრობმა ამ ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერდა.