პარლამენტარებს თავიანთი შექმნილი დეკლარაციების შევსება ძალიან უჭირთ. ამ მიზნით, პარლამენტის კორუფციასთან ბრძოლის დროებითი კომისიის ორ-ორი წევრი 24 საათის განმავლობაში მორიგეობს, რათა დეპუტატებს დეკლარაციის შევსებაში დაეხმაროს. ასეთი კონსულტაცია პარლამენტის თავმჯდომარესაც კი დასჭირდა. მან თბილისში საცხოვრებელი სახლი 70 ათასად შეაფასა. ეს ციფრი საკმაოდ დიდ ირონიას იწვევს მიხეილ სააკაშვილში, რომელიც აცხადებს, რომ „ეტყობა ზურაბ ჟვანიას პარლამენტის თავმჯდომარეზე დიდი წარმოდგენა აქვს, თორემ ასე ძვირად არ შეაფასებდა თავის ბინას“.
რამდენიმე „მოქალაქე“ უკვე გაერკვა დეკლარაციების შევსების მექანიზმში, მოამთავრა თავისი საქმე და დეკლარაციების ბიუროს წარუდგინა თავისი ქონებრივი მონაცემები. მათ შორისაა მიხეილ სააკაშვილი.
დეკლარაციის მიხედვით, ფრაქცია „მოქალაქის“ ლიდერს სააკაშვილს და მის მეუღლეს 79 ათას ლარად შეფასებული ბინა აქვთ თბილისში. ასევე ერთობლივი მფლობელები არიან ავტომანქანის („ჰონდა“. ღირებულება 2600 ლარი). დანარჩენი ქონება კი სააკაშვილს შეფასებული აქვს 2-3 ათას ლარად. მას ანგარიში აქვს გახსნილი ნიუ-იორკის სიტი-ბანკში, სადაც სულ რაღაც 200 დოლარი აქვს, მის მეუღლეს კი თიბისი ბანკში ანგარიშზე აქვს 1900 ლარი. დეკლარაციის თანახმად, სააკაშვილს და მის მეუღლეს სანდრა რულოვსს არანაირი აქციები და ფასიანი ქაღალდები არა აქვთ.
ქონებრივ დეკლარაციაში უმრავლესობის ლიდერმა ლანა ღოღობერიძემ, თავისი ვინაობის შემდეგ მხოლოდ ერთი გრაფა შეავსო, სადაც მისი წლიური შემოსავალია მითითებული. კერძოდ, როგორც უმრავლესობის ლიდერი, იგი 5390 ლარს, ხოლო როგორც სააქციო საზოგადოება „ქართული ფილმის“ სამხატვრო ხელმძღვანელი 747 ლარს იღებს ყოველწლიურად.
ლანა ღოღობერიძეს, როგორც ჩანს მხოლოდ შემდგომ გაახსენდა. მოგვიანებით დაწერილი განმარტებითი ბარათის თანახმად, იგი უფრო მეტ ქონებასაც ფლობს - მეუღლის პაპისგან დატოვებული აქვს 20 000 ლარის ნივთები, 15 000 ლარის ღირებულებისაა მისი ბიბლიოთკა, დანარჩენ ქონებას ღოღობერიძე 10-დან 25 000-მდე აფასებს.
ლანა ღოღობერიძის და მიხეილ სააკაშვილის ქონება ზღვაში წვეთია ზაზა სიორიძის ქონებასთან. ხმები მისი სიმდიდრის შესახებ მართალი აღმოჩნდა. სიორიძემ ჯერ გადათეთრებაც ვერ მოასწრო დეკლარაციის, მაგრამ ძირითადი მონაცემები უკვე ცნობილი გახდა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თბილისში 65-ათასლარიან ბინაში ცხოვრობს. სიორიძემ თავისი მცხეთის აგარაკი, რომელზეც ლეგენდები დადის, სულ რაღაც 90 ათას ლარად შეაფასა. თუმცა მნახველები ამ რიცხვს რამდენიმე ნულს მიუმატებდნენ.
პარლამენტარმა თავისი უძრავ-მოძრავი ქონება 75 000 ლარად შეაფასა. სიორიძეს სავალუტო ანგარიშზე 75 000 დოლარი აქვს. ასევე იგი ფლობს გაერთიანებული ქართული ბანკის 847 866 ლარად ღირებულ აქციებს. თუმცა გაურკვეველია, ეს აქციების ნომინალური ფასია თუ საბაზრო ღირებულება. სიორიძე ასევე ფლობს შპს „ევროცენტრის“ 57-ათასლარიან აქციებს. პარლამენტარის შემოსავალი მხოლოდ 5290 ლარია. ეტყობა, სიორიძეს „დაავიწყდა“ აქციებიდან მიღებული დივიდენდების მითითება.
ვინ იქნება ყველაზე მდიდარი პარლამენტარი? მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ ის „მოქალაქეებისგან“ ცოტა მოშორებითაა. მისი აზრით, ეს „სოციალისტი“ ვახტანგ რჩეულიშვილია, რომელმაც მცხეთაში ზუსტად ისეთივე ფორმის, ისეთივე ფერის და ზომის აგარაკი აიშენა, როგორიც სიორიძეს აქვს, მაგრამ იგი რჩეულიშვილის სიმამრის სახელზეა გაფორმებული.
სააკაშვილი აცხადებს, რომ „სიორიძე ბანკის პრეზიდენტი მაინც იყო და ბუნებრივია, შემოსავლები ექნებოდა, რჩეულიშვილს კი წესიერად არსად არ უმუშავია“. სააკაშვილი გვამშვიდებს, რომ ყველა „კიტი“ „მოქალაქე“ ზუსტად ჩაწერს თავის ქონებას და არაფერს გადამალავს. ისე კი, ამ ციფრების გადამოწმება საზოგადოების ანაბარადაა დატოვებული და ყოველივე პარლამენტარების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. არ არის გამორიცხული, დეკლარაციით, ყველაზე ღარიბი პარლამენტარი ყველაზე მდიდარი აღმოჩნდეს.