(იბეჭდება შემოკლებით)
ახლახან წყნეთში სატყეო მეურნეობის დირექტორის, შოთა მეფარიძის სახლში მისულ ჟურნალისტებთან შეტაკებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ამ ინციდენტის შემდეგ მასპინძელი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც დღემდე იმყოფება და ჟურნალისტებთან ურთიერთობას გაურბის. თუმცა, „ალიასთვის“ მან გამონაკლისი დაუშვა და იმდღევანდელ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ:
- 5 სექტემბერს ჩემს სახლში მოტყუებით შემოვიდნენ ჟურნალისტები.
რას გულისხმობთ?
- გოგონამ ტუალეტში შესვლა მოითხოვა და ჩემმა ქალიშვილმაც შემოუშვა. მას უკან ოპერატორი შემოჰყვა. ჟურნალისტმა ჩემს შვილს მოატყუა, მამათქვენი ინტერვიუს ჩაწერას დამპირდაო. მეც დამიძახეს და მივედი.
მიუხედავად იმისა, რომ გადაღებაზე და ინტერვიუზე უარი ვუთხარი, ოპერატორმა უნებართვოდ დაიწყო ეზოში სიარული და გადაღება. სამჯერ გავაფრთხილე, ნუ იღებ-მეთქი. პასუხსაც არ მცემდა, ისე აგრძელებდა თავის საქმეს. ამაზე კონფლიქტი მოგვივიდა, მათ ვიდეოკამერა ჩამოვართვით და ეზოდან გავაგდეთ. ამ აპარატს მეპატრონეს მაშინ დავუბრუნებ, როცა სათანადო ინსტანციებს გაივლის. ამის მერე დავინახე, ჭიშკარს ვიღაცეები აწვებოდნენ და შემოჭრას ცდილობდნენ. მოკლედ, ძალადობის შემდეგ ჭიშკარი შემოანგრიეს და ეზოში შემოცვივდნენ. ჟურნალისტებს უკან სააკაშვილი და შეიარაღებული პირები (იარაღი ხელში ეკავათ) უკან მოჰყვებოდნენ. გარეთ 200 კაცი იდგა... ამ აყალმაყალში ბავშვებმა ტირილი, კივილი დაიწყეს, შეეშინდათ, სააკაშვილის მუქარაც გამახსენდა და დავიძახე, ძაღლები აუშვით-მეთქი. თავის დასაცავად სახლში შევედი და პისტოლეტით 8 ტყვია ჩრდილოეთით, საწინააღმდეგო მხარეს გავისროლე. ამის მერე ცუდად გავხდი, იატაკზე დავეცი, მერე საავადმყოფოში გადამიყვანეს.
ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
- ადვოკატი ავიყვანე და ჩემს უფლებებს დავიცავ. არც თქვენი მჯერა, რადგან ვიცი, სააკაშვილი „ალიაზეც“ ზეწოლას მოახდენს... ჩემი აგრესია არა მარტო ჟურნალისტების უნებართვოდ შემოჭრამ, სააკაშვილის მუქარამაც გამოიწვია. 30 აგვისტოს წყნეთში ამოვიდა და გამგეობაში მაფიის წევრებს შეხვდა... ამ შეხვედრის დამსწრეებმა გადმომცეს, სააკაშვილს უთქვამს, თუ მეფარიძე სოფელს ჭამს, გააძევეთ და ჩაქოლეთო. სწორედ ამის შემდეგ გააქტიურდა მაფია ჩემს წინააღმდეგ.
მაფიაში ვის გულისხმობთ?
-ძმებს ომარ და არტაშ დალაქიშვილებს, რეზო ხეჩუაშვილს, ელვარდ შაყულაშვილს, ყოფილ გამგებლებს არჩილ მამუკაშვილს და გიორგი ოძელს, კოლია წენგუაშვილს, ლოვა ჯავახიშვილს, გია დათუნაშვილს... სააკაშვილი ამ ბანდას მოუძღოდა, მათ უნდათ ჩემი მოშორება, რადგან მე ვუშლი ხელს მიწების განიავებაში. მერიის წინანდელმა ხელმძღვანელობამ ამ მაფიას მიწის საკუთრების ნებართვა იურიდიულად გაუფორმა და დაუკანონა. 1995-97 წლებში, როდესაც მაფიამ ხე-ტყის გაჩეხვა დაიწყო, სატყეოს დირექციამ, ტყის მცველებმა შევადგინეთ აქტები და საჩივრით მივმართეთ პროკურატურას, გარდაბნის პოლიციას, საგამოძიებო ორგანოებს... იმის ნაცვლად, რომ საჩივრებზე რეაგირება მოეხდინათ, უკან დაგვიბრუნეს.
რა მოტივით?
- დაიგვიანეთ, იმ დღესვე უნდა მოგემართათ და არა მესამე დღესო. მერე ჩვენ ისევ უკან ვუგზავნიდით საჩივრებს და ასე პინგ-პონგის თამაში გამოვიდა. ერთადერთი, ვინც მიწის მიტაცებაზე ჩვენი საჩივრები დააკმაყოფილა და მიწები კანონიერ მეპატრონეს დაუბრუნა, ეს იყო გარდაბნის სასამართლო.
თქვენი განცხადებით, მაფია გიპირისპირდებათ...
- ასეა… როგორც ჩანს, მერიის ადრინდელი ხელმძღვანელობა ამ მაფიასთან იყო შეკრული. მათ მიტაცებული მიწები 40000-50000 დოლარად გაყიდეს. მე ამ გარიგებაში მონაწილეობა არ მიმიღია, მაგრამ ფაქტია, გაჩეხილი ტყის მიწები ვისზეც გაიცა, ყველა გაიყიდა… 42 ჰექტარი მიწის ფართობი. სახელმწიფო მინისტრის დადგენილებით ჩვენ წყნეთის მოსახლეობას და სხვადასხვა ოფიციალურ უწყებებს მივეცით. მაფიამ კი გაჭირვებულ და გაღატაკებულ წყნეთელ მოსახლეობას კი არ მისცა მიწის ნაკვეთები, არამედ გაყიდა და ხელი მოითბო. 85 ჰექტარი მიწა, მთავრობის 300 სახლი და აგარაკი ვის მიჰყიდეს, დაინტერესდნენ სამართალდამცველი ორგანოები? ვინც მთავრობის სახლში შესახლდა და მათ ფული არ მისცა, სასამართლოს ძალით გამოაძევეს.
ამას საიდან ამტკიცებთ?
- თვითონ ხალხი ლაპარაკობს. ადით წყნეთში და ჰკითხეთ ნებისმიერ მოსახლეს... მაფიამ მთლიანად გაყიდა წყნეთი და მოაკლდათ კლიენტები. რაკი სატყეოს მიწები აქვს, ტყეს მიადგნენ... მე ვარ მაგათთვის ერთადერთი ბარიერი და ამიტომაც მებრძვიან.
რატომ უნდა იყოს დაინტერესებული სააკაშვილი მაფიასთან ურთიერთობით?
- ძალიან მიკვირს, რა საქმე აქვს სააკაშვილს ამ მაფიასთან? როგორ ვიწამო მისი დეპუტატობა, იურისტობა?... სააკაშვილმა წყნეთის გამგებლის მოადგილედ უახლოესი მეგობარი, გია ოძელაშვილი დანიშნა. ბრალი დამდო, მიწები გაყიდა და „დვარეცი“ აიშენაო. ჩემი სახლი ბელეტაჟზე დგას... ეს არის სასახლე? მაბრალებენ, მეფარიძე ტყეს წვავს და ჭრისო. კაცო, 50 წელია თბილისის გარშემო ხეებს ვრგავ და ჩემს დარგულს მევე ვჩეხავ? პრეზიდენტს დეპეშა გავუგზავნე, მიმიღეთ-მეთქი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩემს დეპეშას დაბლოკავენ და არ გადასცემენ.