მეორე შანსი მათთვის, ვინც განათლება ვერ მიიღო და სკოლის დამთავრება ვერ შეძლო. ბავშვებსა და უფროსებს სკოლაში დაბრუნება შეეძლებათ. განათლების მინისტრმა „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობის“ პრეზენტაცია გამართა. პროგრამის მიზანია, საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ასაკისა, სავალდებულო ზოგადი განათლების მიღებაში დაეხმაროს.
განათლების მიღების მოსურნე ადამიანებისთვის ინდივიდუალური პროგრამები შეიქმნება და ისინი კლასში პატარებთან ერთად არ დასხდებიან. მინისტრი აცხადებს, რომ 80 ასეთი ბავშვი უკვე მოძებნეს, რის შემდეგაც ისინი სკოლაში სწავლას გააგრძელებენ. მათ შორის არიან ზრდასრული ადამიანებიც. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, ეს არის ნაბიჯი ევროპისკენ.
ექსპერტი განათლების საკითხებში დავით ლაგვილავა For.ge-სთან საუბარში განათლების მინისტრის ამ ინიციატივას დადებითად აფასებს. მისი თქმით, იდეაც კარგია და შინაარსიც მოსაწონია, მაგრამ პრობლემა ერთ რამეშია, რომ ჯერჯერობით მხოლოდ საუბარი მიმდინარეობს და გაკეთებული საქმე ნაკლებად ჩანს. ამდენად, იმედია, საკუთარ ნათქვამს განახორციელებს კიდეც ბატონი ჯეჯელავა.
„ვფიქრობ, ზრდასრულ „მოსწავლეს“ დისკომფორტი არ შეექმნება და სწავლის განახლება ნებაყოფლობით მოხდება. იქ არავის არ მიიყვანენ იძულებით, არც სკოლის მოსწავლეებთან ერთად არ მოხდება ზრდასრულთა დასმა. თუმცა განათლების მინისტრის ნათქვამი მაინც ზოგადი ფრაზებია, არსად არ დაწერილა და არ გამოქვეყნებულა ეს პროექტი. ზოგადად, ბოლო პერიოდში ჯეჯელავას ზეპირი განცხდებების გაკეთება დასჩემდა, რომელთაც არ სდევს წერილობითი დასაბუთება. ამიტომ ასეთი პროექტები ჯერ უნდა გამოქვეყნდეს და ამის შემდეგ ისაუბროს მინისტრმა“, - აღნიშნა დავით ლაგვილავამ.
მანვე განმარტა, რომ დღევანდელი მთავრობა ძირითადად სოციალისტური მიმართულებით აზროვნებს და ისეთ პროექტებს ახორციელებს, რომელიც ბევრ ხარჯთან და ფინანსებთანაა დაკავშირებული და რეალური შედეგი არ მოაქვს. რამდენად არის ეს ევროპული გზა, ესეც საკამათო თემაა. ზოგადად, დავით ლაგვილავა არც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრუქტურას მიიჩნევს ევროპულად და დემოკრატიულად და ესეც სადავო თემად მიაჩნია.
მისი აზრით, ადამიანს განათლების მიღების სურვილი თუკი აქვს, მას ეს სურვილი არ უნდა მოუკლა და კიდევ ერთი შანსი უნდა მისცე. შესაძლოა, ალექსანდრე ჯეჯელავაც ფიქრობს, რომ განათლების ხელახლა მიღება ლუკმა-პურის შოვნაში დაეხმარება ზრდასრულ პიროვნებას და მას სამსახურს უფრო მარტივად აშოვნინებს, მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ არამიზნობრივი ხარჯები. მით უმეტეს, რომ წყალში გადაყრილი ფული დღევანდელი მთავრობის მიერ განხორციელებული ცალკეული პროექტების თანმდევი მოვლენაა. ამიტომ საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრიობა რომ გამოვრიცხოთ, პირველ რიგში, ეს პროექტი დაწვრილებით უნდა გაიწეროს.
ექსპერტი განათლების საკითხებში, 51-ე სკოლის დირექტორი მანანა თურქაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ თავისთავად ძალიან კარგი იქნება, თუკი ზრდასრულებიც მიიღებენ განათლებას სწავლის დასრულების შემდეგ. განსაკუთრებით მოსაწონია, რომ ამ ასაკის ადამიანებს სკოლაში მისვლის გარეშე შეეძლებათ ცოდნის დაუფლება.
„რატომაც არა, ეს არაჩვეულებრივი ინიციატივაა და ცივილიზებულ სამყაროში დისტანციური სწავლება გასაკვირი არ უნდა იყოს. ჩვენში სავალდებულოა განათლების მიღება და, თუკი ვიღაცამ გამოტოვა ეს პერიოდი, ხელმეორედ სწავლების შანსი უნდა გამოიყენოს. სკოლისთვის ეს არ იქნება პრობლემა. დაოჯახებულ ადამიანსაც შეუძლია სკოლაში ისწავლოს და, თუ ეს არ არის პრობლემა, მით უმეტეს, დისტანციური სწავლება არაჩვეულებრივი საშუალებაა“.