ჩვენ წინასაარჩევნო ხანაში ვცხოვრობთ და საარჩევნო კლიპებმა , „როლიკებმა“, ასე ვთქვათ პოლიტიკურმა რეკლამამ უკვე აკრიფა სიჩქარე ქართულ არხებზე. თუმცა ეს მხოლოდ ჟურნალია, კინო წინ არის. თუ ცსკ-ს დრაკონული დადგენილება ძალაში დარჩა და პრესა-ტელევიზიას არჩევნების გაშუქება აეკრძალა, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ამ კლიპებზე ისე ჩამოეკიდება, როგორც სარეცხ თოკზე. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოც ისეთივე ნამუსგარეცხილი გამოდგა, როგორც ზესაშვილის ცესკო. ცსკ-ს დადგენილება სასამართლოში უკვე გასაჩივრებულია. მოსარჩელეებს „ალია“ და „ქრონიკაც“ შეუერთდა.
დაუბრუნდეთ კლიპებს. პასუხობს თუ არა დღეს ქართულ არხებზე „მობზრიალე“ საარჩევნო კლიპები მოთხოვნებს და მოუტანს თუ არა ეს კლიპები ხმებს პარტიებს?
„ალია“ ესაუბრა, პროფესიონალ ფსიქოლოგს, რომელმაც ვინაობის გამხელა მარტივი მიზეზით არ ისურვა - აპოლიტიკურობის მიუხედავად, როგორც პროფესიონალი, თავად მონაწილეობს სხვადასხვა ძალის საარჩევნო კამპანიაში.
რა ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს საარჩევნო კლიპი, რეკლამა?
- უნდა იყოს ლაკონური, ეფექტური. კლიპმა დეპუტატობის კანდიდატი თუ პარტია ამომრჩევლისთვის ნაცნობი უნდა იყოს. კლიპი მესიჯია, რომელიც ადამიანის ცნობიერებაში აფიქსირებს ასარჩევი ობიექტის სახეს და მის ძირითად შეტყობინებას. კლიპში ისახება პოლიტიკური ძალის კურსი - მემარჯვენეა თუ მემარცხენე. ამ მხრივ ჩვენთან სრული დომხალია. იგივე ახალი მემარჯვენეები წესით, ცალსახად მემარჯვენეები უნდა იყვნენ, ბოლო დროს დატრიალებულ კლიპებში კი მემარცხენე ლოზუნგები უფრო აქვთ, მაგრამ ეს ჩვენთან არ არის მნიშვნელოვანი, ხშირად იგივე ლეიბორისტებიც მშვენივრად ხმარობენ მემარჯვენეების ლოზუნგებს.
ახსენეთ, რომ კლიპმა ცნობადი უნდა გახადოს სახეები, ვისი კლიპებიც დღეს ტრიალებს, იგივე შევარდნაძე, ბურჯანაძე, გამყრელიძე. ამ ხალხს მოსახლეობა ისედაც იცნობს, ცნობადობის თვალსაზრისით, რაღა აზრი აქვს ამ კლიპებს?
- ცნობადი კი არიან, მაგრამ თავი უნდა შეახსენონ პერიოდულად. სტერეოტიპია - თუ რეიტინგული პოლიტიკოსი ხარ, ხშირად უნდა ჩანდე ეკრანზე, მაგრამ მეორე მხრივ, გარკვეული კვლევა ჩატარდა და გამოვლინდა, რომ გამყრელიძის კლიპი, რომელიც განუწყვეტლივ ტრიალებს სხვადასხვა არხზე, ამომრჩევლის დიდ ნაწილს აღიზიანებს.
რატომ აღიზიანებს, ასე ავტომატის ჯერივით რომ არის მიშვერილი მაყურებელზე?
- აღიზიანებს სიხშირის გამოც და იმიტომაც, რომ ეს კლიპი პათეტიკურიცაა, უხარისხოცაა და ყალბ ინფორმაციებს შეიცავს. თუ რატომ - გზადაგზა დეტალურად აგიხსნით. მიჯრით კლიპები გარკვეული დოზით აუცილებელიცაა, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კლიპის ხარისხსაც, დროსაც, სად უშვებ - საინფორმაციო გამოშვებაში, რომლის მაყურებელიც, როგორც წესი, პოლიტიზირებულია. თუ უშვებ სერიალების დროს, რომლის მაყურებელს ფიორელას ბედი უფრო აინტერესებს, ვიდრე გამყრელიძის და გაჩეჩილაძის ვენახებში სიარული. ფაქტია, რასაც „ახლები“ აკეთებენ, ეს დაგეგმილია ვიღაცის მიერ, მაგრამ მე არა მგონია, რომ სწორი გათვლა იყოს კლიპების ამ სიხშირით, ამ დოზით მიწოდება. თუნდაც მარტივი მიზეზის გამო - ამომრჩეველმა იცის, რა ჯდება ასეთი კლიპების გაშვება ეთერში და იმის მაგივრად, რომ კლიპმა იმუშაოს, ხალხს აღიზიანებს, პროტესტს უჩენს - რაში ყრიან ამდენ ფულს.
როდესაც კლიპი საზოგადოებას აღიზიანებს, ეს უპირობოდ იმას ნიშნავს, რომ ცუდად იმუშავებს არჩევნებზე და მათ ხმებს დააკარგვინებს?
- მიუხედავად იმისა კლიპი ნერვებს გიშლის თუ მოგწონს, არაცნობიერებაში ჯდება. შეიძლება, სწორედ ამაზეა გათვლილი, რომ არაცნობიერებაში ჩაჯდეს გამყრელიძის სახე და შეგნებულად მიდის თუნდაც გაღიზიანებაზე. მაგრამ რა განწყობა „ამოხტება“ არაცნობიერიდან ურნის წინ, კაცმა არ იცის. „კოკა-კოლას“ რეკლამების ეფექტურობას გაყიდული ბოთლების მიხედვით სწავლობენ. საარჩევნო კლიპებისას კი - მიღებული ხმების მიხედვით.
ქართველების ფსიქოლოგია, მენტალიტეტი რამდენად არის გათვალისწინებული ამ კლიპებში?
- ეს ტექნოლოგიები ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულ კვლევას ეფუძნება. ძირითადი კანონზომიერებები, რაც იმ კვლევის შედეგად გამოიკვეთა, საერთოა ყველა ადამიანისათვის - ამერიკელი იქნება თუ ქართველი. „ახალი მემარჯვენეების“ კლიპები აბსოლუტურად ამერიკული ტექნოლოგიითაა გაკეთებული - ბავშვებთან, სამუშაო ადგილზე, მუშაობისგან დაღლილი პარტიის ლიდერები... ვისაც ამერიკული საარჩევნო კლიპები უნახავს, დამეთანხმება, რომ ახლების კლიპები სწორედ იმ ამერიკული კლიპების უნიჭო ასლებია. რაღაც დონეზე ასეთი კლიპები მაინც მუშაობს, მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელია კონკრეტული ერის მენტალიტეტი, ეთნოფსიქოლოგია. კვლევა ჩასატარებელია იქაც, სადაც არჩევნები უნდა ჩატარდეს. მაგალითად, წინა საპარლამენტო არჩევნების დროს „გიხაროდენ“ იყო ძალიან კარგად გათვლილი კლიპი, იმიტომ რომ იყო აბსოლუტურად ემოციური, გამამხნევებელი, მომავლის იმედის მომცემი. რაც სჭირდებოდა საქართველოს, თორემ საფრანგეთს სულ არ სჭირდება იმის შეხსენება - გიხაროდეთო, მათ ისედაც უხარიათ - ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრობენ. ამ დროს იყო ედეპეს კლიპიც, სადაც მღეროდნენ , რომ საღორეში ვართ, ღორები ვართ. წესით, რეალობას სწორედ ედეპეს კლიპი ასახავს და ყველამ გადასარევად იცოდა, რომ ქვეყანა მართლაც საღორეს დაემსგავსა, მაგრამ იმ კლიპებმა ედეპეს ძალან დაუგდო რეიტინგი, ადამიანებს არ უნდათ იმის ნახვა და მოსმენა, რაც არის. მათ სურთ, რაღაც ახალი იმედი, რაღაც ისეთი, რაც მათ უკეთეს ცხოვრებას მოუტანს, ამიტომაც იყო გენიალური - „გიხაროდენ“, რასაც ვერაფრით ვიტყვით „გიხაროდენ-2“. დღეს სხვა რამეს ელის ხალხი - სამართლიანობას.
ამიტომაც იმუშავა სააკაშვილის მესიჯმა - თბილისი შევარდნაძის გარეშე?
- ხალხს უნდა, რომ სამართლიანობამ გაიმარჯვოს და დაისაჯონ ისინი, ვინც დღეს პარპაშებენ. რაც სწორედ შევარდნაძის დამსახურებაა, ამიტომაცაა მოდური მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორებაც და ამიტომაც იმუშავა მიშას ლოზუნგმა.
ბურჯანაძის კლიპში თუ არის ქართული მენტალიტეტი გათვალისწინებული?
- ბურჯანაძის კლიპი მართლა პროფესიონალების მიერაა გაკეთებული და იქ ყველაფერია გათვალისწინებული - ამერიკული ტექნოლოგიებიც, ქართველების მენტალიტეტიც. მეტიც, ეს კლიპი ღრმა ფსიქოლოგიურია, არქეტიპულია. ქალი პოლიტიკოსის გამოჩენა ძალიან სიმბოლურია. საქართველოში ქალი პოლიტიკოსი ისტორიულად ასოცირდება თამართან და შესაბამისად აღმავლობასთან. ქართული მენტალიტეტი მზად არის უკვე, რომ თუნდაც პრეზიდენტი იყოს ქალი, ამისათვის ფონი უკვე შემზადებულია. კლიპში ჯერ ცოცხალი ვაზის, შემდეგ სვეტიცხოვლის გამოჩენა სწორედ წარსულის ასოციაციის გამოწვევას ემსახურება. გარდა ამისა, რას ვხედავთ ბურჯანაძის კლიპში? ვხედავთ მაღალი დონის შეხვედრებს, სადაც ბურჯანაძე იმ ხალხს ხედავს, ვინც მსოფლიოს ბედს წყვეტს, იხატება რეალური სურათი, რომ ესაა პოლიტიკოსი, რომელსაც შეუძლია, ნებისმიერ დონეზე დაიცვას ქვეყნის ინტერესები. საქართველოში ნოსტალგიაა სერიოზულ პოლიტიკოსზე და ეს კლიპი სწორედ იმას უსვავს ხაზს, რომ ასეთი უკვე გამოჩნდა. სხვათა შორის, ჟვანიაც ანალოგიური ტიპის პოლიტიკოსია და ბურჯანაძის და ჟვანიას გაერთიანებაც ყველაზე ლოგიკური დაბლოკებაა საარჩევნო ისტორიაში. დააკვირდით, ორივე მათგანში პროფესიონალიზმზეა აქცენტი გაკეთებული, ბურჯანაძის კლიპშიც და გამყრელიძისაშიც, მაგრამ ბურჯანაძეს რეალურად ჰქონდა ის მოლაპარაკებები, გამყრელიძეს კი ექიმად არსოდეს არ უმუშავია. ნინოს კლიპი სიმართლეს ეფუძნება, დათოსი - ფარსს.
არა რას ამბობთ გამყრელიძე რამდენიმე წელი ექიმად მუშაობდა.
- იმ ორი წლის მუშაობა ნიშნავს მაღალი დონის პროფესიონალიზმს, იმ დონის პროფესიონალიზმს, რომ მას, როგორც ექიმს, ვინმემ ხმა მისცეს? როდესაც ათი წელი პროფესიით არ მუშაობ, დისკვალიფიკაცია ზურგზე გაქვს და ხმას კი არა, ბავშვს არ მოგიყვანენ გასასინჯად. მას შეიძლება, მისცე ხმა, როგორც კარგ მეწარმეს, რაც მართლა იყო. საქართველოში რატომღაც ექიმის პროფესია ძალიან პრესტიჟულ პროფესიადაა მიჩნეული, ექიმი თუ ხარ, რატომღაც ითვლება, რომ ჭკვიანიც ხარ, განათლებულიც, ინტელიგენტიც, რაც ხშირად სულაც არ არის ასე. ეტყობა, როდესაც კლიპს აკეთებდნენ, კარგად გაითვალისწინეს ექიმობის პრესტიჟულობა - დოხტური უნდა გამოვიდეს ჩემი ზურიკელა.
შევარდნაძის კლიპზე რას იტყვით?
- იცით რა , შევარდნაძეს ისეთი დაბალი რეიტინგი აქვს, სულაც რომ უცხოპლანეტელები ჩამოიყვანოს და იმათ გააკეთებინოს სუპერკლიპი, ვერანაირი კლიპი მის რეიტინგს ვერ უშველის. მე მის პოლიტიკას კი არა, მის რეიტინგს ვაფასებ. კლიპი მაშინ მუშაობს, როდესაც პოლიტიკოსს რაღაც კრედიტი აქვს, როცა კრედიტი კი არა, დისკრედიტირებული ხარ, კლიპი ვერაფერს ვერ გამოგისწორებს.