For.ge-ს მკითხველებს ვულოცავ ძველით ახალ წელს. გისურვებთ რომ 2017 წელი ოცნებების ასრულების წელი იყოს და რაც გულში ჩაფიქრებული გაქვთ ყველაფერი შეგსრულებოდეთ.
დღევანდელ საახალწლო სახალისო მოგონებებში სიტყვას ორ „მხიარულ“ ადამიანს გადავცემ, რომლებიც რამდენიმე „საახალწლო ისტორიას“ გაიხსენებენ.
რამდენიმე წლის წინ მომღერალს, მუსიკოსსა და იუმორისტ ხვიჩა მაღლაკელიძეს „მძიმე ახალი წელი“ გაუთენდა. ბატონი ხვიჩა ამ „შემთხვევას“ დღეს ერთგვარი ირონიით იხსენებს, თუმცა მაშინ საქმე სასაცილოდ ნამდვილად არ ჰქონდა.
„იმ ახალ წელს რა დამავიწყებს! – შევხვდით მე და ჩემი ცოლი ერთად, ტკბილად ახალ წელს და გამოვეწყვე, სამუშაოდ წასასვლელად, რომ ღამით დამეკრა.
ჩემმა მეუღლემ იფიქრა, გავაცილებო და კარებამდე გამყვა. უცბად, გამახსენდა, რომ რაღაც დამრჩა, შემოვბრუნდი, ჩემმა ცოლმა მოხურა კარი და არ მომაყოლა მარცხენა ხელის თითები? თან, ის იქიდან აწვება და ამბობს: არ იკეტება, რა დაემართაო და მე გარედან ვღნავი. ბოლოს, ტკივილისგან ჩავიკეცე. ისე გავმწარდი, ჩემი კივილი ცას ხევდა და მეზობლებს ეგონათ, ისე მიხაროდა ახალი წელი, რომ ასე, კივილ-წივილით გამოვხატავდი.
არადა, სად მქონდა დაკვრის თავი, მაგრამ სამუშაოს ფული წინასწარ, უკვე აღებული და შეჭმული მქონდა. რომ არ წავსულიყავი დასაკრავად, ვინ მაპატიებდა? აფთიაქში ვიყიდე გასაყინი ხსნარი, დავისხამდი, გავიყუჩებდი და თან, ვუკრავდი. სისხლიც ვერ შევიჩერე. ვისთვისაც ვუკრავდი, იმათ სულ არ აინტერესებდათ ჩემი ტკივილი. ასე, გასისხლიანებული და თვალცრემლიანი ვიღიმოდი. სამი თვე ვიწვალე, სანამ ახალი ფრჩხილი არ წამოვიდა.
აი, ის ახალი წელი, სულ მემახსოვრება, ჩემი ცოლის წყალობით. თუმცა, ყოველი ახალი წლის დადგომა ძალიან მახარებს. რომ გადავხედავ ჩემს ოჯახს, შვილებს, ნამატს, ახალ მეგობრებს, ნაცნობებს, გული სიხარულით მევსება და სულ კარგის მოლოდინში ვარ“.
„იუმორინას“ უცვლელ მონაწილეს თოვლის ბაბუის როლი არაერთხელ „შეუსრულებია“.
„მახსოვს, ბაღში ზეიმი გვქონდა და დიდი ამბით ველოდებოდი თოვლის ბაბუის გამოჩენას. გავიხედე, ოთახში დგას კაცი, თოვლის ბაბუის ფორმაში გამოწყობილი და იწებებს თეთრ ულვაშსა და წვერს. აი, იქ დამთავრდა და დაიმსხვრა თოვლის ბაბუის არსებობის ოცნებები ჩემთვის. მივხვდი, ყალბი იყო. ასე რომ, „თოვლის ბაბუა მოვა და კანფეტებს მომიტანს“, ჩემთვის არასდროს ყოფილა. ეს სიხარული არასდროს განმიცდია. არ დამავიწყდება, ის თოვლის ბაბუა რომ შემოვიდა ზეიმზე, გულგრილად შევხედე და საჩუქარიც ნაძალადევად გამოვართვი.
თუმცა, თავად, ბევრჯერ ვყოფილვარ თოვლის ბაბუა. ტრადიციად მქონდა, ოჯახში შევხვედროდი ახალ წელს. მერე გადამეცვა ფორმა და გუდით ხელში გამოვცხადებოდი ოჯახის წევრებს. ბავშვს, ამით ერთგვარ გამოცდას ვუწყობდი. ბოხი ხმით ვეკითხებოდი: აბა, როგორ იქცეოდი მთელი წელი, რა გააფუჭე, ხომ აღარ გააბრაზებ მშობლებს, რამდენი ლექსი და ზღაპარი ისწავლე და ასე შემდეგ. ისიც გაფართოებული თვალებით მიყურებდა, ვერ მცნობდა. პირობას დებდა, რომ კარგად მოიქცეოდა და გაფაციცებით ელოდებოდა საჩუქარს. მეორე ბავშვი რომ მეყოლა და დადგა ახალი წელი, ისევ გამოვეწყვე და ვეახლე უფროს შვილს. დავუწყე დაკითხვა, შევედი „ობრაზში” და უცბად, მეორე ბავშვმა ატეხა ტირილი. სულ დამავიწყდა ჩემი როლი და ჩემს ხმაზე მივეფერე: რა იყო, მამიტო, რატომ ტირი, სენ მოგიკდი-მეთქი და, აი, აქ დასრულდა, ჩემი თოვლის ბაბუობა. იცით, როგორი მზერით გამომხედა უფროსმა შვილმა? არჩევნების მერე რომ აქვს ხალხს, მოტყუებული მზერა! მაშინ მივხვდი, როგორც ჩურჩხელისგან არ გამოვა სალამური, ისე ჩემგან არ დადგება თოვლის ბაბუა! სულ ვხუმრობ, ახალი წელი, ჩემთვის არჩევნებთან ასოცირდება, სულ კარგს ველი და არ მოდის-მეთქი“.
თოვლის ბაბუასთან „ახლო“ ურთიერთობა პაროდისტ დათო როსტომაშვილსაც გააჩნია.
„სკოლაში ვსწავლობდი და „თოვლის პაპას“ ფორმა მქონდა. იმ დროს ეს ძალიან დიდი რამე იყო. თეატრის გარდერობიდან ვითხოვე და ახალ წლებზე ჩემთან იყო.
მივადექით ბიოლოგიის მასწავლებელს სახლში, ახლა მისი შვილი ჩემი შვილის ნათლიაა, მაგრამ, მაშინ არ ვიყავით ნათელ-მირონები. მეუღლემ გამიღო კარი. ჩვენ არ გამოგვიძახებია თოვლის ბაბუაო. მე ვუთხარი, თქვენ არ გამოგიძახებიათ, მაგრამ, მე მოვედი-მეთქი. შევედი, დავლიეთ. შვილი ჰყავდათ ჯარში და, იმ წელს გამოვიდა კანონი, რომლის მიხედვითაც, ნაადრევად დააბრუნეს სახლში. გადარეული იყო ჩემი ბიოლოგიის მასწავლებელი – კარგი ფეხი გაქვსო და იმის მერე ხუთიანები არ მოუშორებია ჩემთვის.
იქედან რომ წამოვედი, ისეთი მთვრალი ვიყავი, კიბეებს ვითვლიდი, ხომ არ მერევა-მეთქი. პირველ სართულზე რომ ჩამოვედი, კაცი გამოვიდა და მეუბნება: ვაიმე, შენ გენაცვალე, ბავშვი მყავს ცუდად და თოვლის ბაბუას ითხოვს, გეხვეწები, შემოდიო. დიდი სათამაშო მანქანა გამოიტანა სახლიდან, ვითომ შენ მოიტანეო. 40 გრადუსი აქვს სიცხე და გვიშველეო – ნამდვილ ამბავს გიყვებით.
შევედი მთვრალი, ძლივს ვიკავებ თავს, ბავშვმა რომ დამინახა, წამოხტა და ჩამეხუტა გულში. სამი-ოთხი წუთი არ იყო გასული, სიცხე გაუზომეს და აღარ ჰქონდა – სასწაული იყო. ბავშვი ემოციაა და, ნატვრა რომ შეუსრულდა, კარგად გახდა. მამამისი, თურმე, იმიტომ გამოსულა ქუჩაში, რომ საჩუქარი თვითონ შემოეტანა და ეთქვა, თოვლის ბაბუამ თვითონ ვერ მოახერხა მოსვლა და სხვას გამოატანაო. გამოვიდა და, მართლა არ იპოვა თოვლის ბაბუა?!“
დღევანდელი საახალწლო „მოგონებების“ დასასრულს შორეულ მოსკოვში გადაგიყვანთ და თავის დროზე თბილისელი კოლორიტი კიმი ალიაშვილის ერთ „თავგადასავალს“ გაგაცნობთ.
„„სოიუზტორგრეკლამაში“, რომელიც მოსკოვს ექვემდებარებოდა, კიმი სარეკლამო განყოფილების გამგედ მუშაობდა. ახალი წლის დღეებში ნაყინის რეკლამა უნდა გადაეღოთ. დაურეკა შვილს, კახას სასწრაფოდ აიღე ბილეთი და მოსკოვში ჩამოდიო. ისიც ჩავიდა. წაუკითხა მამამ სცენარი და უთხრა, ამ როლში შენ უნდა გადაგიღო და, აბა, შენ იცი, თავი არ მომჭრა, არ შემარცხვინოო.
არადა, სცენარი ასეთი შინაარსის იყო: გაყინულ ტბაზე ჭრილია გაკეთებული, „მორჟები“ ჩადიან წყალში, ყვინთავენ, ცურავენ, მერე ამოდიან და სიამოვნებით მიირთმევენ ნაყინს. ანუ, ამ რეკლამის არსი ის იყო, რომ ხალხისთვის ეჩვენებინა, ნაყინის ჭამა ზამთარშიც სიამოვნებით შეიძლება და, თანაც, სასარგებლოაო. გადარეულა მისი შვილი – 27-გრადუსიან ყინვაში ნაყინის ჭამა და ყინულიან წყალში ყვინთვა როგორი საქმეა?! მამას უარი ვერ უთხრა და, მისივე რეკომენდაციით, წინასწარ შესაგუებლად, ყოველ დილით 7 საათზე უნდა მიეღო ცივი წყლის შხაპი. დაიწყო კახამ მზადება. თან, აბაზანის კარი ღია უნდა ჰქონოდა, რომ მამას შეემოწმებინა, მართლა ცივი წყლით იბანდა თუ ატყუებდა.
ერთი კვირის შემდეგ დაინიშნა გადაღებები. წავიდნენ გაყინულ ტბაზე, იქვე ქოხი იდგა, სადაც ტრენაჟორები იდგა და „მორჟები“ ვარჯიშობდნენ. გადაკრავდნენ 100 გრამ არაყს „მორჟები“, ქუდს დაიხურავდნენ და ხტებოდნენ წყალში.
კიმის შვილმა კი არც არაყი დალია, არც ქუდი დაიხურა, ისე გავარდა და გადახტა გაყინულ წყალში. გაგიჟდნენ რუსები, დააჭყიტეს თვალები. გაცურა, გამოცურა, ჩაყვინთა კახამ, მერე ამოხტა წყლიდან, გაიქცა ნაყინის გამყიდველ რუს ქალთან, გამოართავა ორი ნაყინი და ბედნიერი სახით დაიწყო კბეჩა. მოკლედ, რეკლამა ორ დუბლში გადაიღეს.
მაგრამ, მერე ატყდა ამბავი, თუ ატყდა: თურმე, გადაღებების დროს, როცა კიმის შვილი გაყინულ წყალში ჩახტა, მამას გულმა ვეღარ გაუძლო და შვილის მხარდასაჭერად ისიც გადახტა წყალში. მაგრამ, ცურვა არ სცოდნია და სადაც ჭრილი იყო, იქ ვეღარ ამოყვინთა. ატყდა ერთი ამბავი არიქა, კიმი დაიხრჩოო. ჩახტნენ „მორჟები“ წყალში და, როგორც იქნა, ამოიყვანეს წყლიდან. საკუთარი შვილის მხარდაჭერის გამო, კიმი კინაღამ იმ ტბაში გაიყინა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. რუსები ქართველი მამა-შვილის გმირობის ამ ამბავს დიდხანს იხსენებდნენ“.