ანგელა მერკელს ძვირად დაუჯდება ისლამისტების მიღებასთან დაკავშირებით გაკეთებული სლოგანი -„ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია“; ნატო-ამერიკის ურთიერთობა ურთულეს ფაზაში შევა; ევროკავშირის გადარჩენის საკითხი სათუო იქნება; ხოლო რადიკალი ისლამისტების საბოლოო დამარცხების თუ არა, შესუსტების წელი დაიწყება,- ასეთია 2017 წლის ის მოკლე ჩამონათვალი, რის შესახებაც პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-ს ესაუბრა.
როგორ შეიცვლება მსოფლიო 2017-ში? ისლამური ტვირთიდან გამომდინარე, ისევ იგივე დარჩება, თუ ევროსკეპტიკოსი პარტიების გაძლიერება რაიმე სასიკეთოს შემატებს ჩვენს პლანეტას?
- რასაკვირველია, ევროპა ლიბერალ-დემოკრატიული აღარასოდეს იქნება. სულ ახლახანს გერმანიაში დასრულდა მმართველი პარტიის კოალიციის ყრილობა, სადაც მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მერკელმა კურსი შეცვალა და უკვე თვითონაც აღარ არის ლიბერალური დემოკრატიის მედროშე. ფაქტობრივად, მან აღიარა, რომ, რაც მოხდა გასულ ზაფხულს, არ უნდა მომხდარიყო და მეტჯერ აღარასოდეს განმეორდება. საუბარია მერკელის ლოზუნგზე „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“.
ეს ლოზუნგი მერკელმა ისლამისტების მიმართ გააკეთა. დღეს უკვე ათასობით გერმანელმა მერკელის ღია კარის საემიგრაციო პოლიტიკა გააპროტესტა. ასე რომ, სლოგანი „ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია“ მერკელის წარუმატებელ ფრაზათა რიცხვს შეემატება. მაგრამ დღევანდელი მისი აღიარება და კურსის ცვლილება დაგვიანებული ხომ არ არის?
- რასაკვირველია, დაგვიანებულია. მერკელმა ახლა ყველანი მოიმდურა. ლიბერალ-დემოკრატებიც აყვირდნენ, მთელი ევროპის პრესა წერს, რომ ერთი მერკელის იმედიღა გვქონდა და ისიც უკვე მემარჯვენეებისკენ მიდისო. მისი მოწინააღმდეგე პარტიაც - „ალტერნატივა გერმანიისათვის“ აყვირდა, ხომ ვამბობდით, მერკელმა თავისი შეცდომები თვითონვე აღიარაო. გერმანიას 220 ათასი მუსლიმანი ლტოლვილი ჰყავს, რომელიც უნდა გაასახლოს. მართალია, ქართველები დავცინით ჩვენს კანონებს, მაგრამ ანეკდოტი სწორედ გერმანული კანონებია. მუსლიმანები რომ გაასახლონ, გერმანიის კანონმდებლობით, ხელშეკრულება გაფორმებული უნდა ჰქონდეთ იმ ქვეყნებთან, საიდანაც ისინი გამოვიდნენ, რომ ისინი ამ ლტოლვილებს უკან მიიღებენ. მაგრამ გინდაც იყოს ასეთი ხელშეკრულება, კიდევ მეორე კაზუსს აწყდებიან, თუ ამ მუსლიმანებს პირადობის მოწმობა არ აქვთ, მათ ვერ გაასახლებენ, რადგან არავინ მიიღებს თავის სამშობლოში. ამ დროს პირადობის მოწმობა არც ერთ მუსლიმანს არ აქვს, რადგან ყველამ გადაყარა და ყველა ირწმუნება, თითქოს სირიიდან კი არ არიან, ამ მეომარი ქვეყნიდან, არამედ - ეგვიპტიდან, სადაც სიმშვიდეა, ან კიდევ -იორდანიიდან და შიმშილის გამო გამოიქცნენ სამშობლოდან. ცხადია, გერმანია ვერ გასცემს ამ ადამიანებზე პირადობის მოწმობებს, რადგან ეს მოწმობები უნდა გასცეს თავად ამ მუსლიმანების მშობელმა ქვეყანამ. სამშობლოში კი ვის უნდა ეგენი?
სწორედ ეს პრობლემა დადგა 24 წლის ბიჭის, ტუნისელი ანის ამრის გამო, რომელიც მანქანაში ჩაჯდა და გერმანელი ხალხი გაჟლიტა. ეს ამრი ტუნისიდანაა და ეს იცის გერმანიამ, მაგრამ თვითონ ამრი ამბობს, ეგვიპტელი ვარო. ეგვიპტეს მისი დანახვა არ სურს, ტუნისი კი ამბობს, ჩემი მოქალაქე არ არის, იმიტომ, რომ პირადობის მოწმობა არ აქვსო. გერმანელებმა კი არ იციან, რა უყონ ამ ტერორისტს. ასევეა დანარჩენი 200 ათასი მუსლიმანი და ეს გერმანული კანონმდებლობის ხარვეზია.
2017 წელიც ისლამისტების ძალადობით იქნება აღბეჭდილი?
- უფრო აღმავალი ხაზით. როგორც ჩანს, 2017-ში ამა თუ იმ ფორმით ტრამპი რუსეთთან ერთად ჩაერთვება „დაიში“-ს (ისლამური სახელმწიფოს) წინააღმდეგ ბრძოლაში და 2017 წელი რადიკალი ისლამისტების საბოლოო დამარცხების თუ არა, შესუსტების წელი მაინც იქნება. ამიტომ ისლამისტების ბევრი მეომარი უკვე დაბრუნდება ევროპაში. მხედველობაში მყავს თავად ევროპელები. ამას წინათ ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბელგიის 400-მდე მოქალაქის (და არა ლტოლვილის) დაბრუნებას ელის, რომლებიც ისლამისტებთან ერთად იბრძოდნენ. მარტო ინგლისიდან ხუთი ათასი კაცი და ქალია წასული და ისინი ბრიტანეთის მოქალაქეებად ითვლებიან. ბევრი მათგანი თვითონ ბრიტანეთშია დაბადებული. მთელი ევროპიდან უამრავი ადამიანი შეუერთდა რადიკალ ისლამისტებს. მათი ზუსტი რიცხვი არავინ იცის, ზოგი ასახელებს 10 ათასს, ზოგი 8 ათასს, ზოგი 13 ათასს, მაგრამ ნაკლებს არავინ ასახელებს და ეს ხალხი დაბრუნდება ევროპაში.
ზოგიერთები ფიქრობდნენ, რომ დონალდ ტრამპი იზოლაციონისტურ პოლიტიკას დაადგებოდა და ამერიკა არავის საქმეში არ ჩაერეოდა. თუმცა თავად ტრამპის გამონათქვამი რადიკალ მუსლიმანებთან მიმართებით - „ჯოჯოხეთამდეც გზა ჰქონიათო“, ამერიკის იზოლაციონიზმს გამორიცხავდა. ამ მხრივაც ხომ არ გადასიჯნა საკუთარი პოლიტიკა ტრამპმა?
- ძალიანაც რომ უნდოდეს, ტრამპი უკან ვერ დაიხევს, იზოლაციონიზმზე ვერ წავა, რადგან მის უკან დგას ამხელა მახინა - ამერიკის შეერთებული შტატები. წარმოიდგინეთ, 300-ტონიანი ტანკერი რომ შემოტრიალდეს ოკეანეში. რა თქმა უნდა, არსებობს ფართო შემოტრიალების ცნება, რაც დათვლილია, 7-8 კილომეტრია ეს წრე, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, დიდი ტანკერი ძალიან ნელა უნდა შემოტრიალდეს. ასევეა საგარეო პოლიტიკაც და ვერ ვიტყვით, რომ ის წააგავს „მერსედესს“, რომელიც ერთ ადგილზე წამში შემოტრიალდება, როგორც ეს ამერიკულ ბოევიკებშია ასახული. ასე მარტივი არ არის. ამიტომ ტრამპი იზოლაციონიზმს ვერ დააბრუნებს, ეს გამორიცხულია, მით უმეტეს, თუ ტრამპი ჩაერთვება „დაიში“-ს წინააღმდეგ აქტიურ სახმელეთო ბრძოლაში. მაგალითად, ობამა ამისგან თავს იკავებდა და ერაყში მცირე რაოდენობით სპეცნაზი გაგზავნა. თუმცა „დაიში“-ს წინააღმდეგ ბრძოლა ნიშნავს იმას, რომ ისლამისტები უკვე სამიზნედ გაიხდიან თვითონ ამერიკასაც.
ისლამისტების სტრატეგია ასეთია, რაც უფრო შეიკუმშება მათი გავლენა ახლო აღმოსავლეთში, მით უფრო გააძლიერებენ ტერორისტულ აქტებს ევროპაში. ცხადია, ამას უკურეაქცია მოჰყვება და ეს უკვე ფიზიკის კანონია. პოპულიზმი რა არის? პოპულისტი არის ის პოლიტიკოსი, რომელიც ლაპარაკობს და აკეთებს იმას, რაც ხალხს სურს. „პოპული“ ლათინურად ხალხს ნიშნავს. რიგითი მოსახლეობა ისლამისტების წინააღმდეგაა განწყობილი. თუნდაც იგივე ფრანგები ხედავენ, ვიღაც ჩავიდა ახლო აღმოსავლეთიდან, მათ ასმევენ, აჭმევენ, ინახავენ, ენას ასწავლიან, კვირაში ჯიბის ფულად აძლევენ 225 ევროს, ისინი კი მანქანაში სხდებიან და, სადაც ხალხმრავლობაა, ჟლეტენ ევროპელებს. ზოგან ასი კაცი კვდება, ზოგან-15, ზოგან- 30. ხალხი ამის წინააღმდეგაა განწყობილი. უკვე იშლება ზღვარი, რომ არსებობს რადიკალური ისლამი და არსებობს მშვიდობიანი ისლამი. ამიტომ ევროპელ მემარჯვენეთა ლოზუნგები ასე ჟღერს, „მართალია, ყველა მუსლიმანი არ არის ტერორისტი, მაგრამ ყველა ტერორისტი მუსლიმანია“. და ეს ფაქტია. ამიტომ რიგითი ობივატელი ფიქრობს, სად ვარკვიო, შუბლზე არ აწერია მუსლიმანს, რომ ის ტერორისტია. თავის ტკივილის ყველაზე კარგი წამალი შუა საუკუნეებში თავის მოჭრა იყო. ევროპელები უკვე ფიქრობენ, რომ ისლამისტები საერთოდ აღარ შეუშვან ევროპაში.
ამ ყველაფრის ფონზე შეიძლება სუპერგმირად ისევ პუტინი წარმოჩნდეს? 2016 წელს პლანეტის ყველაზე გავლენიან ადამიანად ამერიკული ბიზნეს ჟურნალის - „ფორბსის“ რეიტინგით სწორედ პუტინი დასახელდა და ეს სტატუსი მან „ფორბსისგან“ ზედიზედ უკვე მეოთხედ მიიღო. ამ შემთხვევაში, „ფორბსის“ არგუმენტი ასეთი იყო - „პუტინი ყველაფერს იღებს, რაც სურს“.
- „ფორბსმა“ პუტინი პლანეტის ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა, მაგრამ მთელი ერთი წელიწადია წინ და არავინ იცის, 2017 წელსაც თუ მიიღებს ამ სტატუსს. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რადიკალ ისლამისტებთან ბრძოლა იწყება ახლა და 2017 წელს ეს ბრძოლა შევა არა თავის გადამწყვეტ ფაზაში, არამედ - შედარებით უფრო მაღალ ფაზაში. თორემ გადამწყვეტი ფაზა ის იქნება, როდესაც დასრულდება ეს ბრძოლა. რეალურად, ეს ბრძოლა არც 2017-ში დამთავრდება, არც 2018-ში და არც 2019-ში, ვინაიდან დღეს ისლამი გადის იმ პერიოდს, რომელიც ქრისტიანულმა რელიგიამ გაიარა შუა საუკუნეებში. გვახსოვს აუტოდაფე, შუა საუკუნეების ესპანეთის ველურობებით, როდესაც ჯორდანო ბრუნო და გალილეო გალილეი ცოცხლად დაწვეს. თუმცა მაშინ ქრისტიანები ძირითადად ერთმანეთში ეძებდნენ ერეტიკოსებს. წმინდა ინკვიზიცია მუსლიმანებს კი არ ეძებდა დასახოცად, ის ეძებდა ქრისტიან ერეტიკოსებს და მათ ხოცავდა, წვავდა ცოცხლად. ისლამისტები თავისიანებს ნაკლებად ხოცავენ, ძირითადად ისინი ხოცავენ ყველა ქრისტიანს, თანაც, ამას დაემატა შიიტებისა და სუნიტების ომი ერთმანეთში. შუა საუკუნეების ევროპა სულ რაღაც 40 მილიონიც არ იყო მთლიანად, მუსლიმანები კი დღეს მილიარდნახევარნი არიან.
ანუ მშვიდობიანი პროცესები არც 2017-ში გველის?
- არ გველის. მაგალითად, გერმანიაში ჩემს მიერ ზემოთ ნახსენები ყრილობის შემდეგ რეზოლუციაში ჩაიწერა, გაუქმდეს ორმაგი მოქალაქეობა. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. თანაც, ეს ჩაიწერა მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით. ახლა არ მინდა ცუდი პროგნოზის გაკეთება, მაგრამ თურქეთის 40 თუ 50 ათას მოქალაქეს თავის დროზე ასე იოლად რომ დავურიგეთ საქართველოს პასპორტები, ეს ბუმერანგად არ დაგვიბრუნდეს.
ამ ფონზე რაიმე გამონათებას არ ელით საქართველოსთვის? საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის კუთხით მომავალი წელი ძალიან აქტიური იქნება.
- ერთი მითხარით, გარანტირებულია, რომ მიხეილ ჯანელიძე 2017 წელს მინისტრად დარჩება? გამაგებინეთ, საიდან იქნება საუკეთესო წელი 2017 წელი, როცა ნატო-ამერიკის ურთიერთობა არ იქნება საუკეთესო ნატოსათვის; როცა ნატო-ამერიკის ურთიერთობა იქნება ურთულესი და თვითონ ნატო-ევროპის მოკავშირეთა ურთიერთობაც, ასევე, ურთულესი იქნება.
ნატოს დაფინანსებას გულისხმობთ?
- მარტო ამას არა. მაისში არჩევნებია საფრანგეთში. აგერ, მოდის ფრანსუა ფიიონი ან მარინ ლე პენი. არც ერთია საჩუქარი ნატოსთვის და არც მეორე. ნატოს გენერალურ მდივანს - იენს სტოლტენბერგს თავის ტკივილი ჩვენს გარდა კიდევ მილიონი საბაბით აქვს. ამიტომ საიდან იქნება ეს წელი საუკეთესო? ამ დროს ქართველებისგან გამუდმებით გვესმის, ძალიან მაგარი წელი იქნება, საუკეთესო წელი იქნება. არგუმენტი ხომ უნდა ჰქონდეთ? მე პროფესიონალი მეცნიერი გახლავართ, მიჩვეული ვარ ფაქტებს და ფაქტებიდან გამომდინარე არგუმენტებს. ეს ხალხი რომ ამბობს, საუკეთესო წელი იქნება, საიდან გამომდინარეობს?
სხვათა შორის, იგივე მიხეილ ჯანელიძე ირწმუნება, რომ გასული წელი კონფლიქტებთან მიმართებით საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მიღებული გადაწყვეტილებებით უპრეცედენტო იყო და ამ მხრივ რუსეთს თავისი არცთუ საპატიო ადგილი განესაზღვრა.
- კონკრეტულად რომელი გადაწყვეტილებით? ჯანელიძეზე მეტს ვკითხულობ, რადგან მას საკითხავად დრო არ რჩება, სულ თათბირებსა და უცხოეთში შეხვედრებზეა. რასაც ვკითხულობ, ვერსად ვეღარ ვნახე აფხაზეთის თემა. ერთი ვნახე 14 წლის ასაკში რუსეთიდან ამერიკაში წასული ჟურნალისტი ქალის კრიტიკა რუსეთის მიმართ. ის იხსენებს საქართველოსთან ომს, უკრაინას, სირიას და ამ ჩამონათვალში მთელი წლის მანძილზე პირველად ვნახე აფაზეთი. ანუ რომელიღაც დიდმა გაზეთმა გაიხსენა აფხაზეთი. სხვა რომელი დადგენილებაა მნიშვნელოვანი? თუ მიხეილ ჯანელიძე გულისხმობს უსაქმური, „ხალიავშჩიკი“ ლორდების ევროსაბჭოს რეზოლუციებს?! ბოდიში თქვენთან, მაგრამ ეს რეზოლუციები დიდი ხანია, ყველას ყელში ამოუვიდა.
მაგრამ ქართველ ექსპერტებში ასეთი მოსაზრებაცაა, რომ ვიზალიბერალიზაციის შემდეგ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ არა მარტო ევროინტეგრაციაზე, არამედ ევროკავშირში გაწევრიანებაზეც.
- დღეს საკითხი დგას ასე, გადარჩება თუ არა ევროკავშირი. ამიტომ ევროკავშირში ჩვენს შესვლაზე ვერ ვილაპარაკებთ. უკრაინასთან ერთად უკვე ერთ უღელში ვართ. უკრაინას ასპირანტობაზეც უარი უთხრეს, ამ დროს ასპირანტობა არაფერს ნიშნავს. ჰოლანდიის წარმომადგენელმა პირდაპირ თქვა, ვაძლევ ხმას უკრაინას ვიზალიბერალიზაციაზე იმ პირობით, რომ უკრაინას საერთოდ პრეტეზია აღარ ჰქონდეს ევროპისკენო. ამ დროს ჩვენ გვღებულობენ ევროკავშირში? რაც მე მახსოვს, იმ დროიდან მოყოლებული, რაც თავზე ქოჩორი მქონდა, ევროკავშირი სულ გვედავებოდა - სასამართლო და არჩევნები. ჩვენთან კითხვები მრავლდება და სულაც არ კლებულობს ამ ორი მიმართულებით.