„კიდევ ერთი ნაციონალური“ ისტორია - „სპეცრაზმელმა დაკავებულს ულვაშები კანიანად ააგლიჯა“

„კიდევ ერთი ნაციონალური“ ისტორია - „სპეცრაზმელმა დაკავებულს ულვაშები კანიანად ააგლიჯა“

რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ 26 მაისს განხორციელებული ძალადობა საზოგადოების მეხსიერებიდან არასოდეს გაქრება, ისე როგორც 9 აპრილი, 7 ნოემბერი და საქართველოს უახლეს ისტორიაში მომხდარი კიდევ ბევრი სისხლიანი თარიღი. რაც უფრო ვცილდებით 26 მაისს, მით უფრო სტკივათ სული და არა სხეული იმ ადამიანებს, ვისაც იმ ღამეს ხელისუფლებამ  ურიცხვი როზგი და წიხლი  უწილადა, ვინც ერთხელ მაინც ჩაისუნთქა მომწამვლელი გაზი და ვისაც წყლის ჭავლის ნაკადიდან ერთი წვეთი მაინც მოხვდა.

გაუნელებელი ტკივილის გრძნობა შერჩათ იმ ადამიანებსაც, ვინც მომხდარის შესახებ მხოლოდ შეიტყვეს და წარმოუდგენელი სისასტიკის ამსახველი კადრები ტელეეთერებსა და ინტერნეტსივრცეში იხილეს. სიამაყის გრძნობით შეპყრობილი ადამიანებიც ვიხილეთ, რომლებმაც ამ დაღვრილი სისხლით „სახელმწიფოებრიობა“ შეინარჩუნეს და „მტერზე გამარჯვებას“ მხურვალე ტაშით შეხვდნენ...

სპეცრაზმელების სისასტიკეს დღემდე არაერთი დაშავებული იხსენებს. წარმოუდგენელ ისტორიებს უსასრულოდ ვისმენთ და ვკითხულობთ. ამის გაგონება კიდევ ერთხელ მოგვიწევს, რადგან რესპოდენტი, რომელიც დარბევის შემდეგ სასტიკი ცემისგან მიყენებულ ჭრილობებს თბილისში იშუშებდა, სამეგრელოში დაბრუნდა და „პრესაგე.ტვ“–სთან საუბრის სურვილი გამოთქვა. მისივე თხოვნით ვინაობას არ ვამხელთ. იგი 52 წლის მამაკაცია, რომელიც რუსთაველის გამზირზე დააკავეს და შს სამინისტროს მთავარი სამმართველოდან 27 მაისს გაათავისუფლეს.

„როცა დარბევა დაიწყო, ადამიანების ტალღამ თავისუფლების მოედნისკენ წამიღო. ზუსტად ამ დროს, სპეცრაზმმა წყლის ჭავლით კინოთეატრ „რუსთაველის“ ვიტრინა ჩალეწა. იქ თავშესაფრის ძებნას აზრი არ ჰქონდა, რადგან დიდი ალბათობა იყო შენობაში ცრემლსადენი გაზი გაეშვათ. როგორღაც უკან გაბრუნება მოვახერხე და „მხატვრის სახლის“ უკანა ტერიტორიაზე აღმოვჩნდი. იქაურობაც სპეცრაზმით იყო გადატენილი. უცებ 1არხის ჟურნალისტი და ოპერატორი შევნიშნე, ისინიც დაბლა გარბოდნენ. მეც მათ ავეკიდე, ვიფიქრე, ჟურნალისტების თანდასწრებით ცემას მოერიდებიან–თქო...

ხელებზე „პლასტმასის ჟგუტი“ გადამიჭირეს, წყლიან ორმოში ჩამაგდეს და იქ მირტყამდნენ... შემდეგ, მოაყენეს მიკროავტობუსი, 20–მდე დაკავებული ჩაგვყარეს და დიღომში, პოლიციის სამმართველოში მიგვიყვანეს. შენობის პირველ სართულზე უამრავი დასახიჩრებული ადამიანი ვნახე. მათ შორის იყო ლუკა კურტანიძე, გია კობახიძე, გია გაჩეჩილაძე („უცნობი“) და ბათუმელი დუმბაძეც. იქ დამხვდა ნონა გაფრინდაშვილის ვაჟი, დათო ჭიჭინაძეც, რომლისთვისაც ექიმებს პირველადი დახმარება უკვე აღმოეჩინათ. ვიცი, რომ დათოს უკვე ორი უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარეს. მას სახე ჰქონდა დასახიჩრებული. რამდენიმე წუთში შენობის ფოიე სპეცრაზმელებით გაივსო, ასაკის მიხედვით დაგვახარისხეს და დაკავებულების ამოცნობას შეუდგნენ...

ერთი ამბავი არასოდეს დამავიწყდება... ერთ–ერთ სპეცრაზმელს, რომელსაც ნიღაბი შუბლზე აეწია და სახე უჩანდა, დაახლოებით 65 წლამდე სრულიად ჭაღარა, ულვაშიანი მამაკაცი ეცნო. უთხრა: „შენ რუსთავის მარშრუტის მძღოლი არ ხარ? ხომ გაგაფრთხილე მომიტინგეები თბილისში არ გადმოიყვანო–თქო?“ და სამი სპეცრაზმელი წიხლებით შეადგა. უმოწყალოდ ცემდნენ ხელებითაც, რომელზეც სპეციალური ხელთათმანი ეკეთათ. ამ ხელთათმანს შუაგულში „პლასტმასის“ ნაჭერი ჰქონდა და დარტყმა მეტად მტკივნეული იყო. ამ კაცის ამტანობით შოკირებული ვიყავი, არც კი ყვიროდა, ვაჟკაცურად გმინავდა და გინებას გინებითვე პასუხობდა. სწორედ ეს ვერ აიტანეს და ერთმა სპეცრაზმელმა ზევით ააყენა, ულვაშებში წვდა, ქვედა ყბა ჩამოუგდო და პირში ჩააფურთხა. ამის შემდეგ მის ულვაშებს ორივე ხელი ჩაავლო და კანიანად ააგლიჯა. სისხლმა ორივე მიმართულებით ითქრიალა...

შემზარავი სანახავი იყო. არ ვიცი, ეს ახალგაზრდა, ადამიანი როგორ ვუწოდო, ან ქართველი, ამით რის მიღწევას ცდილობდა, იქნებ ნამუსის ახდას, მაგრამ იმ მოხუცმა ესეც ღირსეულად აიტანა.

ამ ყველაფერს იქ მყოფი ექიმებიც ხედავდნენ... თითქოს სპეცრაზმელები ერთმანეთს სისასტიკეში ეჯიბრებოდნენ. უნდა ავღნიშნო, რომ ამ „ბოევიკების“ დაჯგუფებებში თითო ისეთი კაცი ერია, ვინც მათ მოქმედებას აკონტროლებდა და ხშირ შემთხვევაში, სიკვდილის პირას მისული მომიტინგის ცემას აწყვეტინებდა. მახსენდება ერთი ახალგაზრდა, ოციოდე წლის ბიჭიც, რომელსაც ცემისგან ხმაც კი დაკარგვოდა. სპეცრაზმელები მას აიძულებდნენ ეთქვა: „ბურჯანაძის დედა მოვ...ან“. ბიჭი კარგა ხანს არ, და ალბათ, ვერც ამბობდა. მანამდე ურტყეს, სანამ არ ათქმევინეს, მაგრამ უბრძანეს უფრო ხმამაღლა ეთქვა, ამჯერად „ბურჯანაძის პირში შევ...ცი...“ იმ ბავშვმა გონება დაკარგა. ასეთივე ბედი გაიზიარა ჩემმა ნაცნობმა ახალგაზრდა ყმაწვილმაც. იმ დროს, როცა მას სპეცრაზმელები ურტყამდნენ, მის ტელეფონზე ზარი გაისმა. ზუმერში კი „ბელა–ჩაო“ ისმოდა. ზედმეტია ავხსნა, თუ რა სისასტიკე მოჰყვებოდა იტალიურ თავისუფლებას ქართულად...