უშიშროების მიერ დაკავებულ გოგი ლეჟავას აღმკვეთი ღონისძიება სასამართლომ არ შეუცვალა. ის ისევ პატიმრობაშია. გოგი ლეჟავა „ჭიათურმანგანუმის“ კრედიტორთა საბჭოს წარდგინებითა და ჭიათურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოს სარეაბილიტაციო პროგრამის ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2001 წლის დეკემბერში დაინიშნა. ლეჟავა თანამდებობიდან ჯერ გადაყენებული არაა. თუმცაღა ჯერ კიდევ აპრილში „ჭიათურმანგანუმის“ უმსხვილესი კრედიტორი - ფინანსთა სამინისტრო ლეჟავას გადაყენებას დაჟინებით მოითხოვდა, მაგრამ ეს მხოლოდ ახლა მოხდა... დანიშვნამდე და შემდეგაც ლეჟავა მცირე საწარმოებს ფლობს. საქმიანობა - მანგანუმი. სწორედ ამ ფირმებისა და „ჭიათურმანგანუმის“ მაქინაციების გამო ლეჟავას სამთვიანი, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
„ალია“ უშიშროების მინისტრის მოადგილეს - ლაშა ნაცვლიშვილს ესაუბრა:
- მიმდინარე წლის თებერვალში საქმე აღიძრა, საბოტაჟის მუხლით. ექვსი თვის გამოძიებამ და ახალმა ოპერატიულმა ინფორმაციამ მიგვიყვანა დასკვნამდე, რომ „ჭიათურმანგანუმში“ საბოტაჟის ტენდენციები იკვეთება. საწარმოს მიზანმიმართულად აკოტრებენ. გარკვეულ ფინანსურ და ფინანსურ-პოლიტიკურ ჯგუფებს მისი ხელში ჩაგდება უნდათ, ჩალის ფასად. აღიძრა საქმე, შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ. დავაყენეთ შუამდგომლობა და მისი გადაწყვეტილების საფუძველზე გოგი ლეჟავა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მივეცით, თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკურ ელემენტებს შეიცავს...
- პოლიტიკური ელემენტები სამართალწარმოებაში ჩართული არ არის. საქმე გვაქვს საკმაოდ სერიოზულ ეკონომიურ დანაშაულთან.
რატომ მაინცდამაინც ახლა?
- ამ საქმეს ექვსი თვის განმავლობაში ვიძიებდით. მანამდე ერთი წელი „საგა პრინტთან“ დაკავშირებულ საქმეზე ვმუშაობდით, დღესაც გვყავს ძებნილები.
ვგულისხმობ წინა საარჩევნო პერიოდს...
- საქართველოში ყოველ წელს არჩევნებია და ამასთან დაკავშირება აბსურდია.
ასეთი დონის გადაწყვეტილებებს, როგორც წესი შევარდნაძის გარეშე არ იღებენ ხოლმე და ამიტომ ვაქცევთ ყურადღებას მაინცდამაინც ამ არჩევნებს. შევარდნაძეს ყველაზე მეტად ეხლა სჭირდება გავლენის გამტკიცება ყველგან...
- პრეზიდენტის ჩარევა სამართალწარმოებაში დაუჯერებლად მიმაჩნია. ამას მე ვერ გავსაზღვრავ. ამ საქმეს პოლიტიკური დაკვეთის ელფერი ჰქონდა, ექვსი თვე არ დაგვჭირდებოდა, მტკიცებულებების მოპოვებას.
რამდენადაც ვიცი, თქვენ ჭიათურაში აპირებთ მაჟორიტარობას. ამით ხომ არ არის თქვენი აქტიურობა გამოწვეული?
- ეს აბსურდია
არ აპირებთ?
- ჭიათურაში არა?
სად?
- არის მონახაზი, მაგრამ წინასწარ საუბარი არ მსურს
თქვენ თქვით, რომ დესტაბილიზაციას აგვარებდით, რას გულისხმობდით?
- „ჭიათურმანგანუმში“ ჩემი ჩასვლის უმთავრესი შედეგი ისაა, რომ შედგა დიალოგი ხელისუფლებასა და კრედიტორებს შორის. ისინი მიიჩნევენ, რომ ლეჟავას გადაყენებამ, შესაძლოა, საფრთხის ქვეშ დააყენოს რეაბილიტაციის პროგრამის შესრულება და კრედიტორული დავალიანების გასტუმრება. ჩემთვის გასაგებია, რომ ხალხი გაღიზიანებული იყო. მათ არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ, რომელსაც ჩემი აზრით, გარკვეულწილად პოლიტიკური საფუძველიც ედო. ხალხი ამას აგრესიულად შეხვდა, მაგრამ ორსაათიანი დიალოგის შემდეგ ერთმანეთს გაუგეთ და დაპირისპირება თავიდან იყო აცილებული. დავუმტკიცეთ, რომ ერთი კონკრეტული პირის პასუხისგებაში მიცემა საწარმოს საქმიანობას ხელს ვერ შეუშლის.
რით შეამჩნიეთ, რომ დაპირისპირებით გარკვეული ძალები იყვნენ დაინტერესებული?
- ხალხის წინაშე დააყენეს არჩევანი - ან ხელფასი, ან კრედიტორის დავალების გასტუმრება. დარბაზშიც კი დაპირისპირება იყო.
ვინ არის ეს ჯგუფი?
- ინტერესი ბევრს აქვს, ადგილობრივი წარმოშობისას და სხვასაც. ვიდრე არ იქნება უტყუარი ინფორმაცია, ჭორის დონეზე საუბარს მოვერიდები.
ამბობენ, რომ „ჭიათურმანგანუმი“ მიხეილ სააკაშვილის და მისი პარტიის სერიოზული დასაყრდენია. ეს თქვენთან ვერსიის დონეზე არ მუშავდება?
- ვერსიის დონეზე ძალიან ბევრი რამ მუშავდება. სააკაშვილის ინტერესზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ვიცი რამდენიმე ბიზნეს სუბიექტი, რომელსაც ურთიერთობები „ჭიათურმანგანუმთან“ ჰქონდა და ამავდროულად ასოცირდება ნაციონალურ მოძრაობასთან. მათ არაკანონიერ ინტერესებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ. ჩვენ ვსწავლობთ ყველა კომპანიას, ვისაც შეხება აქვს „ჭიათურმანგანუმთან“.
სახელისუფლებო ძალების?
- უშიშროების სამინიტროს სისხლი აქვს ჩაქცეული ამ საქმის ძიების გამო და სამინისტრო გაატარებს ყველა ღონისძიებას, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, სქესისა და რელიგიისა.
სააკაშვილთან ასოცირებული ერთ-ერთი ბიზნესსუბიექტი -„ ჯი-სი-ჯი“ ვიცით, სხვა რომელია?
- ამაზე ჯერ ვერ ვისაუბრებ, თუმცა ვიცი, რომ სააკაშვილის გუნდის გარშემო არის რამდენიმე ბიზნესსუბიექტი, რომელიც დიდი ხანია თანამშრომლობს „ჭიათურმანგანუმთან“. ეს თანამშრომლობა მოწმდება.
ლეჟავა თუ იყო შემჩნეული სააკაშვილთან ურთიერთობაში?
- ამაზე არც ოპერატიული ინფორმაცია გვქონია. ვიცით, რომ ის მანგანუმთან დაკავშირებულ რამდენიმე მცირე საწარმოს ფლობს. სხვათა შორის, ლეჟავამ მისი უფლებები სწორედ ამ ფირმის სასარგებლოდ გამოიყენა. საუბარი სერიოზულ თანხებს ეხება. ამასთან, ლაჟავას გარდა იქ ბევრი მოხელეცაა ჩართული, მათი პასუხისმგებლობის საკთხიც დადგება. გაფლანგული და მიტაცებული თანხები 2002 წლის პერიოდში, ანუ ჩვენს მიერ შემოწმებულ დროში ასი ათასებს აღემატება, თუ მილიონს - არა. ისე, თვით გამოძიების პერიოდშიც ბევრია „ნამამაძაღლარი“. ესეც გამოვლინდება.
და ბოლოს, მაინც სად აპირებთ მაჟორიტარობას?
- ჯერ ჩამოყალიბებული არ ვარ.
ისე, სანამ ბატონი ლაშა ბოლო შეკითხვაზე გასცემდა პასუხს, შემდეგი ფრაზა წარმოთქვა - „მიდლ ისთ“, რაც „შუა აღმოსავლეთს“ ნიშნავს, ინგლისურ ენაში. და კიდევ: „ჭიათურმანგანუმის“ სააკაშვილთან ასოცირება და „ნაცმოელთა“ რეპრესიები რაღაც ძალიან საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს.