„იქ იჯდა თფილისი“, – მარინა ბერიძის ეს განცხადება საზოგადოების აღშფოთების საფუძველი გახდა და თვლიან, რომ ბერიძემ ფაშისტური გამონათქვამების გამო ქართულ საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადოს. მუსიკათმცოდნე ბოდიშის მოხდას არ აპირებს, თუმცა დამატებითი განმარტება არ გაუკეთებია.
მარინა ბერიძე ერთ–ერთი იყო, ვინც 7 იანვარს „რუსთავი 2“–ის გენერალურ დირექტორთან ერთად იმყოფებოდა რესტორანში, რა დროსაც თავდასხმა მოხდა ნიკა გვარამიაზე. მომხდარიდან რამდენიმე წუთში მუსიკათმცოდნემ ასეთი კომენტარი გააკეთა.
„აბსოლუტურად გაოგნებული ვარ თფილისით, ამბით რაც მოხდა. ჩვენ ვიყავით ადამიანები რომლებიც ძალინ მძიმე სუფრიდან მივედით. იქ, მთელი საღამო ერთი სახელი ნიკა გვარამიას მამის, ანზორ გვარამიას სახელი ისმოდა. რაც მოხდა საოცარი იყო. ნიკას გვერდით მე ვიჯექი, ის ტელეფონში იყურებოდა, აბსოლუტურ სიბნელეში ორი ბიჭი, ვიმეორებ ორი ბიჭი...
ის ბიჭი წირავდა, მე არ ვიცი რატი იყო, შმატი იყო, გრეჩიხას შვილი იყო, მით უარესი, იმიტომ რომ იქ მარტო ნიკა გვარამია არ იჯდა, იქ იჯდა დათო დოიაშვილი, იქ იჯდა ნიკოლოზ რაჭველი და თუკი მეტყვის მე დიდი გრეჩიხა, რომ მაგათზე მეტი ამ ქვეყნისთვის რამე გაუკეთებია ვიდრე ამ ორ ადამიანას, რომლებიც არ გამოვლენ ტელეეკრანებთან, რადგან სხვა ადამიანები არიან. ისინი იქ იყვნენ... იქ იჯდა თფილისი“, – აღნიშნა მარინა ბერიძემ.
აღსანიშნავია, რომ მარინა ბერიძე ცნობილია თავისი არაკორექტული გამონათქვამებით, მაგრამ ყველა სხვა გამოათქვამებისგან განსხვევებით, ამ შემთხვევაში ბერიძის განცხადებას საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა. ჟურნალისტი ზვიად დოლიძე ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია პრინციპი რას ნიშნავს – „იქ იჯდა თფილისი“.
„მთელი თბილისი არ იჯდა. მაგალითად, მე არ ვიყავი, თბილისის ნაწილად ვთვლი თავს. საერთოდ არ მესმის პრინციპი რას ნიშნავს „თბილისი იჯდა“? თბილისი რომ იჯდა, იმიტომ არ შეიძლებოდა ნიკა გვარამიას ცემა? მთელი თბილისი რომ არ მჯდარიყო, მაშინ არა უშავდა თუ ცემდნენ?! რა არგუმენტია, ვერ გავიგე. ზოგადად, მარინა ბერიძის სიტყვებზე კომენტარიც გამართლებულად არ მიმაჩნია“, – ამბობს ზვიად დოლიძე.
მისივე თქმით, ორი დღის განმავლობაში ნიკა გვარამიასგან ხუთი სხვადასხვა ინტერვიუ მოისმინა და მისი პოზიცია არ იცვლება. როგორც დოლიძე აცხადებს, ძალიან საინტერესოა, რას ნიშნავს ყოფილი გენერალური პროკურორის მომადგილის მხრიდან განცხადება, რომ „გაჩეჩილაძე მთელი სიმკაცრით უნდა დაისჯოს“. გვარამიამ არა მარტო იცის, არამედ მონაწილეობდა პროცესში, როდესაც სანდრო გირგვლიანის მკველელები უმოკლეს დროში საპატიმროს გარეთ აღმოჩნდნენ.
„ზუსტად რესტორანში წარმოიშვა კონფლიქტი სანდრო გირგვლიანის შემთხვევაში, ისევე როგორც მაშინ, ახლაც ყოფით ნიადაგზე მოხდა ინციდენტი, ერთმა მეორე ცემა. გვარამია რომ უფრო ძლიერი ყოფილიყო და გაჩეჩილაძე ეცემა, მაშინ გვარამია უნდა დაეჭირათ? ვერ გავიგე. რესტორანში მოხდა ჩხუბი, ერთმა მეორე გალახა და სადმე წერია, რომ ვინც მოერია ის არის დამნაშავე? ეს ფაქტი ძალიან გავს სანდრო გირგვლიანის საქმეს იმ სხვაობით, რომ გაჩეჩილაძემ გალახა გვარამია, თვითონ დაწერა ფესბუქზე ამის შესახებ და წავიდა პოლიციაში.
გავიხსენოთ გირგვლიანის საქმე – კარებში დაახვედრეს ვიღაცები, ჩასვეს მანქანაში, წაიყვანეს ოქროყანის სასაფლაოზე და ცემით მოკლეს, მეორე შემთხვევით გადარჩა. საზოგადოების უსაშველო ზეწოლისა და მთელი მსოფლიოს ჩარევის შედეგად ის ხალხი დაიჭირეს და მხოლოდ წელიწადნახევარი ისხდნენ.
ამ ყველაფრის შემდეგ ნიკა გვარამია ითხოვს, რომ რატი გაჩეჩილაძე ციხეში ჩასვან. არ ყოფნის ის სასჯელი, რასაც 126–ე მუხლი ითვალისწინებს. ეს ჩვეულებრივი ავადმყოფობაა, რომელიც აღარ იკურნება, რაც სჭირთ ნაციონალურ მოძრაობასთან ოდნავ მაინც გაკარებულ ტიპებს“, – აცხადებს ზვიად დოლიძე.
როგორც დოლიძე აცხადებს, საზოგადოების მთავარი მოთხოვნა – სამართლიანობის აღდგენა, და რაშიც დამნაშავეების დასჯა იგულისხმებოდა, ჯერ კიდევ არ არის შესრულებული. მისი თქმით, ძალიან დიდი პრობლემაა ის, რომ ადამიანებს აქვთ ეს დანაკლისი და მათ შორის გაჩეჩილაძეების ოჯახს.
„განსაკუთრებული ზეწოლა იყო გაჩეჩილაძეების ოჯახზე. ყველამ იცის, რა უქნეს გია გაჩეჩილაძეს, სიკვდილის პირას მიიყვანეს. სხვას ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მთელმა თბილისმა იცის, რომ ლევან გაჩეჩილაძეს წაართვეს პრეზიდენტობა, უამრავი რამ იყო და ამას ჰქვია ყოფით ნიადაგზე და პირადი წყენის გამო წარმოქმნილი კონფლიქტი.
უბრალოდ, ეტყობა, რომ თავისი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, რატი გაჩეჩილაძე მოერია ნიკა გვარამიას, და ამიტომ ციხეში უნდა ჩაჯდეს? ცინიზმად მიმაჩნია ეს და მით უმეტეს ნიკა გვარამიას ასეთი უნამუსო დაჟინება, რომ გინდა თუ არა ის მეორე კაციც მიაყოლონ იმტომ, რომ კოდექსით ეს ჩაითვალოს ჯგუფურ დანაშაულად, ეს არის ბოროტება, გაბოროტბულია გვარამია“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ზვიად დოლიძემ.
ინტერნეტგამოცემა for.ge–ს მთავარი რედაქტორი გიორგი იაკობაშვილი აცხადებს, რომ მარინა ბერიძე ცნობილია თავისი ტუტუცობით და არადექვატური განცახდებებით. მისი თქმით, ესეც ერთ–ერთი მაგალითი იყო.
„ჯერ ერთი, მთელი თბილისი არ იჯდა. იჯდა რამდენიმე პიროვნება, რომელიც თბილისში ცხოვრობს. თბილისელობა რას ნიშნავს, სტატუსია თუ საცხოვრებელი ადგილი? მთელი ქუთაისი რომ მჯდარიყო შეიძლებოდა ასეთი რაღაც? ბერიძეს ვეკითხები. ამდენი ხანი ნიკა გვარამია, გურამ დონაძე და ათასი ძაღლი და მამაძაღლი დამსახურებით ციხეში, რომ მჯდარიყო და სამართალი აღსრულებულიყო, მაშინ სამართალის აღსრულების ისეთი ფორმა, როგორიც ლევან გაჩეჩილაძის შვილმა, რატიმ განახორციელა, სულაც არ იქნებოდა საჭირო. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთგვარი იძულებითი ფორმა და სხვა არაფერი, იძულებითი ფორმაა, როდესაც ხედავ, რომ დამნაშავე გარეთ დასეირნობს“, – აცხადებს გიორგი იაკობაშვილი.
იაკობაშვილის განცხადებით, ნიკა გვარამიამ, და არა მარტო მან, უნდა იცოდნენ, რომ საზოგადოებაში ყოველი ასეთი გამოჩენა და მით უმეტეს ასეთი თავხედური განცხადებების შემდეგ, რასაც ყოველდღე აკეთებენ, შეიცავს რისკს, რომ ასეთი ინციდენტით დამთავრდება, და ამას უნდა შეეგუონ.
„თუ არ უნდათ, რომ ასეთი ცხოვრებით იცხოვრონ, ან უნდა წავიდნენ ამ ქვეყნიდან, ან უნდა შეეშვან ასეთი განცხადებების გაკეთებას, ან ჩემთვის ყველაზე მისაღები იქნება, თუ ყველაფერს აღიარებენ რა ხდებოდა იმ წლებში, როგორ უწყობდნენ ხელს იმ დანაშაულებრივ რეჟიმს, რომლის ნაწილიც თვითონ იყვნენ, და თავისი ფეხით წავიდნენ ციხეში.
ნიკა გვარამია ამბობს, რომ ეს იყო ჯგუფური დანაშაული და იქითკენ მიჰყავს საქმე, რომ ეს ადამიანი, ან ადამიანები დიდი ხნით ჩასხდნენ ციხეში. მაშინ, მან ისიც უნდა თქვას, რატომ არ ისხდნენ ციხეში დიდი ხნით სანდრო გირგვლინის მკვლელები, რომლებიც სულ რაღაცა წელიწად ნახევარი იჯდნენ ციხეში. პარლამენტმა ერთ დღეში განახორციელა კანონში ცვლილებები იმისათვის, რომ ეს ადამიანები ციხიდან გამოეშვათ. სანამ ციხეში ისხდნენ არ მოკლებით ღვინო, დუდუკი და ქალები“, – ამბობს გიორგი იაკობაშვილი.
მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობა იმსახურებს იმას, რაც მათ მთელი საქართველოსთვის ჰქონდათ გამოწერილი, კერძოდ – ყველანი ციხეში.
„კეისარს კეისრისაო და ღმერთს ღმერთისაო ნათქვამი რომ არის, აქ მარტო კეისარზე და ღმერთზე არ არის ნათქვამი. დონაძეს დონაძისა, გვარამიას გვარამიასი, სააკაშვილს სააკაშვილის და, საერთოდ, ნაციონალურ მოძრაობას უნდა მიეზღოს ის, რასაც იმსახურებს. ნაციონალური მოძრაობა ზუსტად იმას იმსახურებს, რაც მთელი საქართველოსთვის ჰქონდათ გამოწერილი, კერძოდ – ყველანი ციხეში.
ამიტომ, ჯერ მოიხადონ სასაჯელი საქართველოს პენიტენციალურ დაწესებულებებში სრული შემადგენლობით და შემდეგ უნდათ - გაიყონ და სადაც უნდათ, ვისთანაც უნდათ და რაშიც უნდათ, იქ გაერთიანდნენ“, – აღნიშნა გიორგი იაკობაშვილმა.
ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ნაციონალების პოლიტიკაში გამჯდარი ნულოვანი ტოლერანტობა, რასაც მიხეილ სააკაშვილი იძახდა, ამის მოდელი გაათამაშა ნიკა გვარამიამ, რაც მისი თქმით, კომიკურია იმდენად, რამდენადაც ნაციონალებმა და თავად გვარამიამაც კარგად იციან, რა ხდება.
„ილია ჭავჭავაძე რომ მოკლეს, მისმა მეუღლემ რუსეთის იმპერატორს მკვლელების შეწყალება თხოვა. აღფრთოვანებული იყვნენ გურამიშვილის ქალის ტოლერანტულობით. ტოლერანტობა საგინებელი სიტყვა არ არის. პირიქით, ვისაც ტოლერანტობა არ შეუძლია, ის არის უბედური ადამიანი. ნულოვანი ტოლერანტობის წლები ერთხელ უკვე ვნახეთ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში ყოფნის დროს.
ნაციონალების პოლიტიკაში გამჯდარი ნულოვანი ტოლერანტობა ამოტივტივდა ახლა ნიკა გვარამიას მხრიდან. როგორც სააკაშვილი იძახდა მაშინ, ამის მოდელი გაათამაშა ახლა გვარამიამ. კომიკურია იმდენად, რამდენადაც იციან რატომ მოხდა და კარგად იციან, რომ ქუჩაში ვერ გამოდიან იმის შიშით, რომ ვიღაცა მათ სამაგიეროს გადაუხდის. სამწუხაროა, რომ ამ ადამიანებმა თავიანთი თავისა და თავმოყვარეობის დაცვისთვის, გარდა ნულოვანი ტოლერანტობისა, სხვა ვერაფერი მოიფიქრეს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.