მოსამართლე გიორგი კერატიშვილის გადაწყვეტილებით ნიკა გვარამიას ცემაში ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძეს 5 ათასლარიანი გირაო შეეფარდა. მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მოთხოვნა და გაჩეჩილაძეს გირაო პატიმრობის უზრუნველყოფის გარეშე შეუფარდა. შესაბამისად, გაჩეჩილაძე სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ბრალდების მხარე რატი გაჩეჩილაძისთვის 5 ათასლარიან გირაოს მოითხოვდა. აღნიშნულს არ ეთანხმებოდა დაცვის მხარე. როგორც ადვოკატი ირმა ჭკადუა for.ge–სთან საუბრისას აცხადებს გაჩეჩილაძე აღმკვეთი ღონისძიების გარეშე უნდა დარჩენილიყო, ხოლო გირაო უკიდურეს შემთხვევაში უნდა გამოყენებულიყო. დაცვის მხარემ გირაოს ოდენობად სასამართლოს მინიმალური, ათასი ლარი შესთავაზა. საბოლოოდ, მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა გაითვალისწინა და გაჩეჩილაძეს 5 ათასლარიანი გირაო შეუფარდა.
როგორც ცნობილია, „რუსთავი 2“– ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ერთ-ერთ რესტორანში თავს დაესხნენ. განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ლევან გაჩეჩილაძის შვილი, რატი გაჩეჩილაძე დააკავეს. მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სისტემატურ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას ითვალისწინებს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.
თუმცა, გვარამიას ცემის ფაქტზე მუხლის გადაკვალიფიცირებას მოითხოვს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი, რომლის განცხადებით, ძიება 156-ე მუხლის მეორე ნაწილით გაგრძელდეს, რაც პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით პირის ირიბ დევნას ძალადობით, ან ძალადობის მუქარით გულისხმობს.
„სწორედ ეს შემთხვევა გვაქვს სახეზე. ასეთი განცხადება იყო გაკეთებული თავად რატი გაჩეჩილაძის მხრიდან, აგრეთვე მისი ინტერესების დამცველის მიერ. ცხადია, რომ არანაირი წარსულში უთანხმოება რატი გაჩეჩილაძესა და ნიკა გვარამიას შორის არ მომხდარა. ერთადერთი მიზეზი იყო სწორედ ნიკა გვარამიას წარსულში დაკავებული თანამდებობები“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
ადვოკატის თქმით, ნიკა გვარამიას მხრიდან ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძის მისამართით არანაირ სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ქონია, რასაც მოწმეებიც ადასტურებენ. საძაგლიშვილის ინფორმაციით, ინციდენტში ორი პირი მონაწილეობდა.
„არანაირ ფრაზას ან ურთიერთშელაპარაკებას ადგილი არ ჰქონია, ამას ადასტურებს აბსოლუტურად ყველა მოწმე. ამაზე არ საუბრობდნენ დაკავების მომენტში ბრალდებულის წარმომადგენლები, უბრალოდ ახლა ცდილობენ გამოძვრნენ სიტუაციიდან და მსუბუქად წარმოაჩინონ გაჩეჩილაძის დანაშაული. თავდასხმაში 2 პირი მონაწილეობდა, შესაბამისად, მეორე პირსაც უნდა წარედგინოს ბრალი. ამაზე საუბრობენ მოწმეები. თუმცა თავად საქმის მასალები არ მინახავს“, – ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.
რატი გაჩეჩილაძის კიდევ ერთი ადვოკატის ლილი გელაშვილის განცხადებით, საქმეში არ არსებობს ჩვენებები, სადაც საუბარია ხელჩართულ ჩხუბზე.
„ნიკა გვარამია არ ჩამოდის ეკრანებიდან და გვეკეკლუცება. ამის შემდეგ ვინმეს რჩება შთაბეჭდილება, რომ ის წიხლქვეშ გაიგდეს?!“, – აცხადებს ლილი გელაშვილი.
გვარამიას დაცვის მხარე ირწმუნება, რომ არანაირ შეურაცხმყოფელ ფრაზას ადგილი არ ქონია, თუმცა ნიკა გვარამია სოციალური ქსელით სწორედ შეურაცხმყოფელი ფრაზით მიმართავს ბრალდებულ გაჩეჩილაძეს.
„კუანა გრეჩიხას კუანა შთამომავალო, ჩხუბი თუ გინდოდა, სიბნელეში, უკნიდან, კაპიშონგადაფარებული, დამხმარეებთან ერთად კი ნუ მომეპარებოდი კეფაში რაღაცის ჩასარტყმელად და მერე სამარცხვინოდ გაიპარებოდი, პირისპირ მაინც მოსულიყავი. შენი კუანა ნაბიჭვრის სახელს, ჩემი ტვინის შერყევა მირჩევნია. ეგ გამივლის, შენ კიდევ არაფერი გეშველება. ვერც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევი, პრემიერ მინისტრის მეგობრის ძევ, გპირდები“, – წერს ნიკა გვარამია.
რატი გაჩეჩილაძის ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ დაპირისპირების მიზეზი ნიკა გვარამიას განცხადებები გახდა, რომელიც მან გაჩეჩილაძის მისამართით გამოიყენა რესტორანში.
„იქნება აუხსნას გვარამიამ საზოგადოებას როდის ედო ყური გაჩეჩილაძეების უკანალზე, რომ ეს დასკვნა გამოიტანა. ეს არის მარაზმი. გვარამია არის პროვოკატორი. კუანა გრეჩეხას შვილი ხარო, ეს სიტყვები მოაძახა გამოსვლისას რატი გაჩეჩილაძეს, თორემ მანამდე მთელი ორი საათი ისხდნენ იმ რესტორანში, სწორედ ეს სიტყვები გახდა დაპირისპირების მიზეზი. როგორ წარმოგიდგენიათ, როდესაც ადამიანს ასეთი სიტყვებით მიმართავ რა რეაქცია ექნება?
გვარამია არის პროვოკატორი, რომელიც ასეთი გზებით ცდილობს ყურადღების ცენტრში იყოს. ეს არაა პირველი შემთხვევა. ეს ადამიანი გაჩეჩილაძეებს მოიხსენიებს როგორც ნაბიჭვრებს, ხორცმეტებს, გველის წიწილებს და ეს გრძელდება პერმანენტულად, რაც მინიმუმ ნიშნავს, რომ სადღაც რომ შემხვდები პასუხს მომთხოვ.
ძალიან სამწუხაროა ამერიკის ელჩის განცხადება, ჩვენ ხვალვე გავუგზავნით გვარამიას ამ განცხადებებს და ძალიან მაინტერესებს რას იტყვის ამერიკის ელჩი და რა განცხადებებს გააკეთებს ამის შემდეგ“, – აცხადებს ირმა ჭკადუა.
რაც შეეხება გვარმიას განცხადებას - „სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევი, პრემიერ მინისტრის მეგობრის ძევ“, - ჭკადუა ამბობს, რომ ეს არის პირდაპირი მუქარა გვარამიას მხრიდან.
„ეს არის მუქარა და როგორც უკვე გითხარით, ეს არის პროვოკატორი ადამიანი. მე პროცესზე მივმართე პროკურორებს, რომ შეიძლება ამ ადამიანს დაუხშონ საინფორმაციო წყარო. არის თუ არა პროვოკაცია და მუქარა მისი საქციელი? - რა თქმა უნდა კი. მით უმეტეს ასეთი მუხლით დაკავებული ადამიანი გინახიათ? ნიკა გვარამია რამდენჯერ ფეხს დააბაკუნებს, იმდენჯერ, რომ პროკურატურა იმის ჭკუაზე დარბის?“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ირმა ჭკადუამ.