კვლავ კოდუები, კვლავ გინტურები და კვლავ პროკურატურის გულგრილობა!

კვლავ კოდუები, კვლავ გინტურები და კვლავ პროკურატურის გულგრილობა!

კუდ-ის ყოფილი უფროსის-ერეკლე კოდუას მიმართ სისხლის სამართლებრივი შეკითხვები არაერთხელ გაჩენილა, თუმცა არც მისი ძმა-დავით კოდუა რჩება  ყურადღების მიღმა. ყველას ახსოვს, ამ რამდენიმე თვის წინ დავით კოდუა  როგორ გაიმეტა საცემრად ბავშვობის მეგობარმა და ყოფილმა ბიზნესპარტნიორმა ნოშრევან ნამორაძემ. თუმცა, როგორც ჩანს, მის მიმართ უკმაყოფილოთა რიცხვი მხოლოდ ნამორაძით არ შემოიფარგლება.

ამჯერად დავით კოდუას სახელი კიდევ ერთ უკანონობას უკავშირდება, რაც ბაგების ტერიტორიაზე უზარმაზარი ტერიტორიის მითვისებაში გამოიხატება. დაზარალებული მალხაზ ჩემია აცხადებს, რომ პირადად მან ყველა საშუალება გამოიყენა სამართლიანობის აღსადგენად და ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსაყვანად, თუმცა დღეს თავად არის დაზარალებული და მხოლოდ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის იმედიღა დარჩენია. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დღევანდელმა პროკურატურამ „ვერ დაინახა“ გაყალბების ნიშნები კოდუების კლანისგან დაზარალებულ მალხაზ ჩემიასა და ამხანაგობის სხვა წევრთა სარჩელში, რის გამოც მოსალოდნელია, რომ სადავო ტერიტორია აღსრულებას გადაეცეს და გაიყიდოს.

For.ge  დაზარალებულ მალხაზ ჩემიას ესაუბრა.

თქვენი პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც ვინმე ბადრი ჭელიძე, რომელიც თანამშრომლობდა დავით კოდუასთან, ამხანაგობის ცრუ თავმჯდომარე გახდა. ახლანდელი ხელისუფლების პირობებშიც რატომ ვერ მიაღწიეთ სამართალს?

- მე გახლავართ ინდივიდუალურ ბინათმშენებელთა ამხანაგობის -„კასა ბაგების“ თავმჯდომარე, რომელიც 2007 წლის ოქტომბერში შეიქმნა. 2007 წლის 2 დეკემბერს 2323 კვადრატული მეტრი მიწა გადმოგვეცა და, დღევანდელი შეფასებითაც, სამხარაულის ბიუროს დასკვნით, მისი ღირებულება მილიონ დოლარამდეა. იმავე პერიოდში, ანუ 2007 წლის 13 დეკემბერს, ვინმე ბადრი ჭელიძე, რომელიც თანამშრომლობდა და ურთიერთობა ჰქონდა დავით კოდუასთან, ნოტარიუს ნინო გინტურის ხელშეწყობით დამფუძნებლების გადამალვის გზით გახდა ამხანაგობის ცრუ თავმჯდომარე.

გინტური, რომელიც ახლა სხვა საქმეების გამო დაჭერილია, ამ საქმეთი უშუალოდ დაინტერესებული პირი იყო?

- მან ხელი შეუწყო და სავალდებულო საბუთების მოთხოვნის გარეშე გასცა ბადრი ჭელიძეზე თავმჯდომარეობის საბუთი. არადა, წესით, ნინო გინტურს პირველადი სადამფუძნებლო ხელშეკრულება უნდა მოეკითხა და არ უნდა დაედასტურებინა ბადრი ჭელიძისთვის ჩვენი ამხანაგობის თავმჯდომარეობის უფლება. 2009 წელს ჭელიძე დავით კოდუას გუნდში იყო და ისინი თანამშრობლოდნენ.

რა შეხება ჰქონდა ბადრი ჭელიძეს თქვენს ამხანაგობასთან?

- ბადრი ჭელიძე სულ სხვა ამხანაგობის წარმომადგენელი იყო. მოგვიანებით სწორედ ამ სხვა ამხანაგობით შემოგვიერთდა ჩვენ თავისი მიწით და ამის შემდეგ ჩვენი ამხანაგობა ხელში ჩაიგდო. სხვათა შორის, ჭელიძე ვნახეთ შემდეგ და დავაწერინეთ ყველაფერი. მისი წერილიც გვაქვს, რა და როგორ მოხდა.

გაყალბებები აღიარა?

- დიახ. უკვე 2009 წლიდან მოყოლებული, რვა წელია, ვიბრძვით. ისე, სასამართლო დადგენილებაც გვაქვს, რომ ჭელიძემ დანაშაულებრივად ჩაიგდო ხელში თავმჯდომარეობა. 2009-ში თავისივე თანაგამყალბებლის - დავით კოდუას ნებით თუ სურვილით მოილაპარაკეს და 2009 წლის 9 მარტს ჭელიძემ იპოთეკის ცრუ ხელშეკრულება დაუდო დავით კოდუას ფირმის „დე ენდ ემი“-ს გენდირექტორს, ვინმე რომან გუნდაძეს. ხელშეკრულება დაიდო 29 050 აშშ დოლარის ორი თვით სესხების შესახებ და ამის სანაცვლოდ მილიონ დოლარიანი მიწა ჩადო, ანუ დააიპოთეკებინა მიწა ორი თვით.

ჭელიძის ცრუ თავმჯდომარეობის შესახებ არაფერი იცოდით? ეჭვიც არ გქონდათ, თქვენს ზურგსუკან რა გარიგებაც ხდებოდა?

- არაფერი ვიცოდით. სინამდვილეში, იცით, ეს 29 050 აშშ დოლარის საიდან წარმოიშვა? მეორადი მანქანა „პიკაპი“ გუნდაძემ მისცა ჭელიძეს. ამის საბუთიც გვაქვს; ანუ, 2009 წლის 9 მარტს ხელშეკრულება გააფორმეს და 10 მარტს ეს მანქანა გადაუფორმდა გუნდაძისგან ჭელიძეს. გუნდაძე ამ დროს იპოთეკარი იყო, ჭელიძე კი - ცრუ თავმჯდომარე. ერთ თვეში ეს მანქანა გაიყიდა და ფული სად წავიდა, არ ვიცით. ეს იყო პირადი გარიგება გუნდაძისა ჭელიძესთან. ეს მანქანა არ გადაფორმებულა ამხანაგობაზე, მაგრამ გამოწერეს ყალბი შიდა მიმოწერის ქვითარი, თითქოს ცრუ თავმჯდომარემ ხელზე აიღო ეს ფული. ამას თვითონ ყოფილი ცრუ თავმჯდომარეც აღიარებს, თავადვე წერს ამის შესახებ. გუნდაძესთანაც გვქონდა საუბარი და მანაც თქვა, მანქანის საფასური გადავუყვანე ფულად თანხაშიო. ამის თაობაზე გამოძიებისათვისაც ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ჩვენ სისხლის სამართლის საქმე აღვძარით.

თუკი ჭელიძე აღიარებს დანაშაულს, გაყალბებების გამო სასჯელი მასზე არ ვრცელდება?

- არაფერი არ ვრცელდება! შემდგომში ეს ჩვენ შემთხვევით გავიგეთ, როცა რეესტრის ამონაწერში ჩავიხედეთ. მაშინვე ჩავატარეთ კრება, გადავაყენეთ ცრუ თავმჯდომარე და მე ამირჩიეს თავმჯდომარე. მას შემდეგ ვიბრძვით.

დავით კოდუას ფირმა „დე ენდ ემი“, რომლის გენდირექტორიც თქვენს მიერ ნახსენები რომან გუნდაძეა, რა განხრით მუშაობს?

- ეს არის შპს, რომელიც სამეურნეო და კომერციულ საქმიანობას ეწევა. მისი დამფუძნებლები იყვნენ დათო კოდუა და კიდევ მეორე პიროვნება, რომელიც შვიდი წლის წინ მოკლეს. არ მსურს დეტალებში შესვლა, მაგრამ კარგი საქმის გამო არ მოუკლავთ. მოკლედ, ერთი დამფუძნებელი მოკლეს, მეორეს - დავით კოდუას რაც უქნეს, ეს ყველამ იცის. 300 ათას დოლარამდე შენატანი გვაქვს გაღებული მშენებლობისთვის. უფრო ზუსტად, საუბარია 270 ათას დოლარზე. პროექტი გაკეთებული გვქონდა, მშენებელი ნაპოვნი გვყავდა, უნდა დაგვეწყო მშენებლობა და ამ დროს ვეჭიდავებოდით იპოთეკარს სასამართლოში, რომელიც სასამართლომ კეთილსინდისიერ მხარედ სცნო და შარშან ამ დროს იპოთეკარმა საქმე გადაიტანა აღსრულებაში. ცხადია, ჩვენ აღვძარით სისხლის სამართლის საქმე, რომ ეს იყო სხვისი ქონების მითვისების მიზნით გარიგება ცრუ თავმჯდომარესა და კოდუას ფირმის გენდირექტორს შორის. მანამდეც აღვძარით საჩივარი, მაგრამ ეს საქმე ირაკლი შოთაძემდე აიცილა პროკურატურამ.

კბილაშვილის გზავნილი როგორი იყო? საკუთარი უწყების ქვემდებარე დავად არ მიიჩნია თქვენი დავა?

- სამოქალაქო საქმეში გაატარა ეს დავა, თითქოს ეს მისი ქვემდებარე სარჩელი არ იყო, მაგრამ ამ საქმეში უკვე სისხლის სამართლის უამრავი დარღვევა ჩანს. ირაკლი შოთაძის მოსვლის შემდეგ შარშან თებერვლიდან ჩვენი საქმე უკვე მიიღო განახლებულმა პროკურატურამ. პროკურატურამ უზომოდ გააჭიანურა ეს საქმე, ვერაფერში ვხედავთ დანაშაულსო, თუმცა საქმის აღსრულებას ყოველთვიურად აჩერებდა. სააღსრულებოში საქმის შეჩერება ორნაირად ხდებოდა. ეს ხელეწიფებოდა და დღესაც ხელეწიფება სასამართლო გადაწყვეტილებას და, ასევე, საქმის შეჩერება შეეძლო პროკურატურასაც. თუმცა, გასული წლის 30 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, პაპუაშვილმა, წასვლის წინ მოახერხა და გამოსცა კანონი, რომელიც სისხლის სამართლის საქმეების ძიების პროცესში პროკურატურას აღსრულების შეჩერების უფლებას ართმევდა. ეს იმათ გადარჩენას ნიშნავდა, ვისაც სისხლის სამართლის საქმე აღუძრეს „კანონიერი ყაჩაღობის“ გამო. რეალურად ამით პაპუაშვილმა ყაჩაღობის ბოლომდე შესრულების საშუალება მისცა დამნაშავეებს. ანუ ერთი წლის შემდეგ მათ შეუძლიათ გვითხრან, რომ დიახ, ის ყაჩაღი იყო, მაგრამ თქვენი მიწა უკვე რეალიზებული იქნება, სულ სხვა პირი გახდება კეთილინდისიერი შემძენი და იმ მიწას უკვე ვეღარ დაიბრუნებთ.

ამხანაგობის სხვა წევრები რა პოზიციისანი არიან?

- შურისძიების გარდა მათ არაფერი დარჩენიათ. ზოგმა საკუთარი დასამარხი ფული ჩადო, ზოგმა უკანასკნელი კაპიკები გაიღო და წართმევას ვინ შეარჩენს გუნდაძეს?

კოდუების ოჯახმა თუ იცის მათი ხელქვეითის მხრიდან ჩადენილი უკანონობის შესახებ?

- სხვათა შორის, როცა გუნდაძეს ვედავებოდით და ვეუბნებოდით, რომ იგი წარმოადგენდა დავით და ერეკლე კოდუების ფირმას, იყო მათი გენდირექტორი, ის თავს იკლავდა, არა, მე ბიზნესმენი ვარ და პოლიტიკასთან შეხება არ მაქვსო. ამ დროს 2012 წელს გუნდაძეს ათი ათასი ლარი აქვს გადარიცხული „საქართველო არ იყიდებასთვის“, ანუ გიგა ნასარიძისთვის „ნაციონალების“ კლიპების დასამზადებლად. ეს „გუგლშიც“ შეგიძლიათ ნახოთ.     

როგორც ვიცი, თქვენ საკუთარი წვლილი შეიტანეთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსაყვანად. არჩევნების დროს თქვენი დამკვირვებლები მთელ საქართველოში მუშაობდნენ. თუ აუხსენით თქვენი მდგომარეობა მათ, ვისაც „ოცნებაში“ გადაწყვეტილებების მიღება ხელეწიფება?

- ჩემს თავზე არ მსურს საუბარი, მაგრამ მე სამართლიანობის აღდგენას ვხედავდი „ოცნებაში“. 2012 წელს ჩემი სადამკვირვებლო ქსელი საზღვარგარეთაც და მთელ საქართველოშიც გავშალე და ვამუშავებდი. ამ დროს ეს კაცი, ანუ გუნდაძე „ნაციონალების“ კლიპებს აფინანსებდა. დღეს კი პროკურატურას არ სურს სამართლიანობა აღადგინოს და დაინახოს სისხლის სამართლის აშკარა დანაშაული. რაც შეეხება საქალაქო სასამართლოს, ის აღიარებს, რომ, მართალია, ცრუ იყო ამხანაგობის თავმჯდომარე, მაგრამ კეთილსინდისიერი იყოო, რადგან პროკურატურის მიერ გამოძიებული კანონიერ ძალაში შესული დადგენილება არ გვაქვს, რომ ის თაღლითი იყოო. ამხელა კაზუისტიკაში ვარდება სამართლებრივი მხარე. სხვათა შორის, ამ არჩევნებზეც მე თვითონ ოთხი თვე ვატრენინგებდი „ოცნების“ შტაბებსა და აქტივისტებს. „ოცნებაზე“ გადაყოლილი არ ვარ, მაგრამ მართლა მჯეროდა, სამართლიანობის აღდგენა მოხდებოდა არა მარტო ჩემს სფეროში, თუმცა...

თქვენ ამას რას უკავშირებთ, ამ ხელისუფლების უუნარობას, თუ კოდუას ძალასა და „იმიჯს“, რომელიც დღემდე შეუვალია?

- ორივეს. ეს არის „ოცნების“ სამართლიანობის იმპოტენცია. პლუს ამას, ჩვენი ინფორმაციით, კოდუას მძღოლი ბაგებში ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან დღესაც აგროვებს საბუთებს მიწების შესასყიდად. დავით კოდუა ისევ აგრძელებს თავის საქმიანობას ბაგებში მიწების ჩასაგდებად. მათ შორის - ჩვენი მიწისაც, და მისი ერთ-ერთი ბერკეტი სწორედ ბათუმელი რომან გუნდაძეა.     

ორი-სამი წლის წინ დედამისთან, ლაურა ღაჭავასთანაც მქონდა ფეისბუქით მიმოწერა, რომ არ გვსურდა აჟიოტაჟის ატეხვა. ვწერდით, მოგვაცილეთ ეს გუნდაძე, რომელიც ყაჩაღურად და თაღლითურად ეპატრონება ჩვენს მიწას. ღაჭავამ გვიპასუხა, საერთოდ არ ვიცნობ, ვინ არის, თავი დაგვანებეთო. ანუ ჩვენ ყველა ადამიანური ნაბიჯი გადავდგით, კოდუასთანაც, გუნდაძესთანაც გვქონია მოლაპარაკება.

ვიცი, რომ კვირიკაშვილისადმი მიმართვას აპირებთ.

- სწორად გამიგეთ, არ ვარ ის პიროვნება, ვისაც აჟიოტაჟი უყვარს. მე თვითონ მეწარმე გახლავართ და საქმიანი ადამიანი ვარ. აქამდე გვეგონა, სიმართლეს კანონით  გავიტანდით, მაგრამ ვერ გავიტანეთ. პროკურატურამ დეკემბერში შეწყვიტა ჩვენი საქმე, არ უნდათ, რომ დადონ დასკვნა სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ. წინასწარ ხდება შეთქმულება, მაგრამ ჩვენი სასარგებლო დასკვნაც რომ დადონ კიდეც, ეს ვერ შეაჩერებს აღსრულებას. ამ კაზუისტიკამდე, ამ სისულელემდე მივედით. ეს მარტო ჩვენი პრობლემა არ არის, ჩვენს მსგავსად ბევრი ადამიანია. ეს ქვეყნის პრობლემაა და ეს ამბავი აუცილებლად უნდა მივიდეს ხელისუფლებამდე. პროკურატურამ პასუხიც არ გვაღირსა, ორჯერ მივმართეთ, ვწერდით, გთხოვთ, გაგვაგებინოთ, რა ხდება. წერილიც არ მოგვწერეს, საქმის ნომერიც არ გვითხრეს. ერთი-ორჯერ დაკითხვაზე ვყავდი გამომძიებლებს და ისე შეწყვიტეს საქმე, არც შეგვატყობინეს. საბოლოო პასუხი მხოლოდ აღმასრულებლისგან გავიგეთ.

დაკითხვისას იგრძნობოდა, რომ გამომძიებლები კოდუას მხრიდან დაინტერესებულნი, ან დაშინებულნი იყვნენ?

- გამომძიებელი იყო ფინანსთა სამინისტროდან, მაგრამ პროკურორი იყო ვანო ოქროპირიძე. ის ყოფილი „ნაციონალი“ ნამდვილად არ არის. ეს პროკურორი თვითონ არ დამლაპარაკებია, მის თანაშემწეს ვესაუბრებოდი. როგორც ჩანს, ოქროპირიძე საკუთარი გამომძიებლის პირით მატყობინებდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის დიდ ნიშნებს ამ საქმეში ვერ ხედავდა. გამომძიებელი სოლიდარულად და თანაგრძნობით მელაპარაკებოდა, მაგრამ თან მაპარებდა, რომ ამ საქმეში სისხლის სამართლის დანაშაული არ იკვეთებოდა. ეს მაშინ, როცა ადამიანი გაყალბებული დოკუმენტით ამხანაგობის თავმჯდომარე გახდა, ცრუ გარიგება განახორციელა, ცრუ საბუთი დევს საქმეში, თითქოს ფული გადაიხადა და მილიონიანი მიწა დააიპოთეკა 29 ათას დოლარად ორი თვით. წინასწარ განზრახულობა არ ჩანს ამაში? ახლა გიორგი კვირიკაშვილის იმედი მაქვს, მეტი არავისი. ეს მარტო ჩვენი არა, არამედ სახელმწიფო მნიშვნელობის პრობლემაა. იმ ხალხს, ვინც მართლა  „ოცნების“ გამო კი არა, არამედ სამართლიანობის აღდგენის იმედით ყველაფერი გავაკეთეთ, იმავე კანონებით ისევ უსამართლოდ გვიგებენ „ნაციონალების“ მხარდამჭერი თაღლითები.