„ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული დაპირისპირების ფონზე, გიგი უგულავამ სააპელაციო სასამართლოში აღიარა, რომ „თბილისერვისში“ 700-მდე მხარდამჭერი დაასაქმა. 40 წუთიანი დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას თბილისის მერს არ უხსენებია სიტყვა პოლიტპატიმარი და ბიძინა ივანიშვილი. მაგრამ თქვა, რომ არის საკითხები, რომელშიც პროკურორების ნარატივს იღებს და არის საკითხები, რომელსაც კატეგორიულად არ ეთანხმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ „თბილსერვისის“ საქმის განხილვა დაასრულა. სასამართლო კოლეგია გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა, თუმცა უცნობია, როდის მიიღებს სააპელაციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას და მოეხსნება თუ არა უგულავას ბრალი.
გიგი უგულავას განცხადებით, ის არ უარყოფს, რომ 700 ადამიანი „თბილსერვისში“ თავად დაასაქმა. როგორც ბრალდებული აცხადებს, დასაქმებას აღიარებს, მაგრამ ეს არ არის მითვისება და გაფლანგვა.
„ამას აბსოლუტურად არ ვიზიარებ. ჩემ მიმართ წაყენებულ პრეტენზიებს არ ვიზიარებ. რა თქმა უნდა, ეს ხალხი დავასაქმე. წელიწადზე მეტია, შენობიდან არ გამოვსულვარ და გადავწყვიტე მოვსულიყავი იმიტომ, რომ ამ საქმეში სიცხადე შემეტანა. ვაცნობიერებ იმას, რომ ის, რაც მინდოდა გამოსულიყო კარგად, არ გამოვიდა. არის საკითხები, რომელშიც პროკურორების ნარატივს ვიღებ და არის საკითხები, რასაც კატეგორიულად არ ვიღებ“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.
გიგი უგულავას განცხადებით, ადამიანების დასაქმება არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც მითვისება ან გაფლანგვა. დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას უგულავამ ასევე აღნიშნა, რომ ადამიანების დასაქმებისას არ ჰქონია განზრახვა, რომ ისინი „პარტიულები“ ყოფილიყვნენ, თუმცა აღიარა, რომ „თბილსერვის ჯგუფში“ დასაქმებულთა ნაწილი სწორედ ამ კატეგორიის იყო.
„მე რომ მიზნად დამესახა ადმინისტრაციული ორგანოსა და მმართველი პარტიის გამიჯვნა, ალბათ, ამას რაღაც დონემდე გავაკეთებდი, მაგრამ ეს მიზანი არ მქონია. ძალიან ვწუხვარ, რომ არ დავისახე ეს მიზნად და ვერ შევძელი ამის განხორციელება. ეს ჩემი საქმიანობის სუსტი რგოლი იყო. თუ სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები მუშაობენ როგორც აგიტატორები, ეს არის, რა თქმა უნდა, ცუდი, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ არის გაფლანგვა და მით უმეტეს, არც მითვისება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
თბილისის ყოფილმა მერმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს, ისევე როგორც წინა პერიოდებში არ არსებობდა განცდა, რომ სახელმწიფო და მმართველი პარტია არის სხვადასხვა.
„ცუდია, რომ არ მივაქციე ყურადღება ამ საკითხებს ბოლომდე. „თბილსერვის ჯგუფი“ შეიძლება დაემსგავსა პარტიულ უჯრედს ცოტათი - არის საკითხები, რომელშიც პროკურორების ნარატივს ვიღებ... მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვეთანხმები მითვისებას და გაფლანგვას - არც პირადი მოტივი მქონია, არც პირადი სარგებელი მიმიღია და მაინც არ ვთვლი, რომ წყალშია გადაყრილი ის ფული, რომელიც ამ ხალხმა გასამრჯელოს სახით აიღო“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.
თბილისის ყოფილი მერის ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, ის ფაქტი, რომ „თბილსერვის ჯგუფში“ დასაქმდნენ აქტივისტები, არ არის სისხლის სამართლებრივი პრობლემა, ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური პრობლემა. მისი თქმით, უგულავამ დასკვნით სიტყვაში სწორედ იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ საბჭოთა ხელისუფლებიდან მოყოლებული პრობლემაა პარტიული ნიშნით ადამიანების დასაქმება.
„ის ფაქტი, რომ „თბილსერვის ჯგუფში“ დასაქმდნენ პარტიული აქტივისტები, ეს არ შეიძლება მიჩნეული იყოს გაფლანგვად, რამდენადაც ყოველ არჩევნებამდე ან მის შემდეგ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში, ააიპ-ებში თუ სიპ-ებში ხდება მმართველი ძალისადმი ლოიალურად განწყობილი ადამიანების დასაქმება. ეს არ არის სისხლის სამართლებრივი პრობლემა, ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური პრობლემა“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ბექა ბასილაიამ.
თავის მხრივ საქმის პროკურორმა აღნიშნა, რომ უგულავამ დასკვნით სიტყვაში აღიარა და დაადასტურა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რაზეც სახელმწიფო ბრალდება მიუთითებდა და იმედი აქვს, რომ „თბილსერვის ჯგუფის“ ნაწილში განაჩენი გიგი უგულავას მიმართ უცვლელი დარჩება, ხოლო რიყის ეპიზოდთან დაკავშირებით შეიცვლება თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი და როგორც გიგი უგულავას, ასევე დავით კეზერაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნება გამოტანილი.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ პარტიაში არსებული დაპირისპირების ფონზე, უგულავას მიერ ბრალის აღიარება საინტერესოა. თუმცა, ფიქრობს, რომ ამ აღიარებას პოლიტიკური ხაზი არ აქვს.
„არა მგონია, რომ პოლიტიკური ხაზით იყოს ეს აღიარება, უფრო ციხეში ჯდომისგან მოწყენილი ადამიანის აღიარებაა. ვნახეთ, რომ აქაც ბრალდებებზე აღარ აქვს აქცენტი, თვითონ აღარ იძახის, რომ პოლიტიკური პატიმარი ვარო. ინტონაცია შეიცვალა, რაც უდავოდ საინტერესოა, რომელიც ალბათ, რაღაცას გულისხმობს თავის თავში და როგორც ჩანს, რაღაცისკენ მიგვიყვანს. ცხადია, რომ უგულავა აღარ ლაპარაკობს როგორც პოლიტპატიმარი“, – ამბობს რამაზ საყვარელიძე.
მისივე თქმით, უგულავამ „ნაციონალურ მოძრობას“ ის კოზირი გამოაცალა, რასაც პოლიტპატიმრის სტატუსი ჰქვია.
„ნაციონალური მოძრაობისთვის ერთ–ერთი მთავარი თემა პოლიტპატიმრების საკითხი იყო. უგულავას დასკვნითი სიტყვა ადასტურებს, რომ რომელიღაც ფრთას ემიჯნება, რომელიც მის პოლიტპატიმრობის ექსპლუტაციას აპირებდა. რომელია ეს ფრთა, ამას მომავალი გვიჩვენებს. მე მაინც მგონია, რომ უგულავას გადაწყვეტილება სააკაშვილისთვის სიურპრიზი იქნება, რადგან გამოეცალა არგუმენტი, რასაც ჰქვია პოლიტიკური პატიმარი“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ უგულავას აღიარება გარკვეულწილად აფერმკრთალებს ხელაღებით იმის მტკიცებას, რომ ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია პოლიტპატიმრები არიან.
„გულწრფელად, რომ გითხრათ, პოლიტპატიმრების თემა ისედაც გაფერმკრთალებული იყო და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს თემა წინ არ წამოუწევია. ფაქტიურად, დავიწყებას იყო მიცემული ეს პატიმრები. რაც შეეხება უგულავას მიერ ბრალის აღიარებას, ალბათ, საქმეში იქნებოდა ისეთი მტკიცებულებები, რომ უგულავას გაუჭირდებოდა უარყოფა. მაგრამ ხელისუფლებისთვის მაინც მნიშვნელოვანია ეს აღიარება. ბუნებრივია, რომ უნდა ველოდოთ გარკვეულ გადაწყვეტილებებს და ნაბიჯებს ხელისუფლების მხრიდანაც.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უგულავა ამ დაპირისპირებაში ბოკერიას ფრთას წარმოადგენდა და თუ ამ აღიარებას რაღაცა ნაბიჯები მოჰყვა ხელისუფლების მხრიდან, ალბათ, მეორე მხარე გაააქტიურებს თემას, რომ ბოკერიას ფრთა გარიგებაშია ხელისუფლებასთან. არგუმენტად უგულავას მიერ ბრალის აღიარება იქნება მოყვანილი“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.