სად და როგორ შეხვდება ახალ წელს რამაზ ჩხიკვაძე

სად და როგორ შეხვდება ახალ წელს რამაზ ჩხიკვაძე

არიან რესპონდენტები, რომლებთან საუბარიც სიამოვნებას განიჭებს და ცდილობ, დრო მაქსიმალურად გაწელო, რომ ინტერვიუ უსასრულოდ გაგრძელდეს. რამაზ ჩხიკვაძესთან ინტერვიუს ჩაწერა კი ზეიმია. ჩვენი შესვლისთანავე ახლად შეძენილ „იამაჰას“ მიუჯდა, რომელიც ჯერ კიდევ არ აქვს კარგად „ათვისებული“ და რამდენიმე წუთის განმავლობაში სხვადასხვა კომპოზიციას უკრავდა. მათ შორის, ჩემი თხოვნით, სპექტაკლ „ხანუმადან“ შეასრულა ცნობილი კომპოზიცია – „შენც ლამაზი, მეც ლამაზი, ხანუმჯან“. ამის შემდეგ მის კაბინეტში გადავინაცვლეთ, სადაც ბევრ რამეზე ვისაუბრეთ საათ-ნახევრის განმავლობაში. ჩაის სმასა და ქალბატონი ნატაშა ჩხიკვაძის მორთმეული ნამცხვრის ჭამაში შეუმჩნევლად „შემოგვადნა“ დრო.

როგორ ბრძანდებითბატონო რამაზ?

– როგორ ვარ და, როგორც 82 წლის კაცს შეეფერება, იმაზე უკეთესად. აი, უკვე უჯოხოდაც დავდივარ, მაგრამ, თუ ჯოხი არ შევაშველე, დიდხანს მაინც არ შემიძლია. თუმცა, ცოტა ხანში საბოლოოდ გადავაგდებ ჯოხს. მაგრამ, იცი, რა არის? დღეს ძალიან ძნელია, კარგად იყო, როცა იცი, რომ შენს მეზობელს უჭირს. ეს ძალიან მაწუხებს და ხშირად ვფიქრობ, როდის იქნება დრო, როცა ყველა კარგად ვიქნებით.

როიალთან ხშირად ჯდებით გულის მოსაოხებლად?

– ო, ხანდახან მომივლის მუზა, ვჯდები და ვუკრავ, თუ რამე ვიცი, ვუტყაპუნებ ხოლმე. ახალ ბინაში ხომ გადავდივართ და, ახალი ელექტროინსტრუმენტი – „იამაჰა“ ვიყიდეთ, მაგრამ იმდენი სინათლე და იმდენი ხელის დასაჭერი ფუნქცია აქვს, ეს რომ შეისწავლო, მუსიკოსობის გარდა, ტექნიკური განათლებაც უნდა გქონდეს. მე მარტო ორი ფუნქცია ვისწავლე: ერთი ჩვეულებრივი როიალის ხმას გამოსცემს და მეორე – ორღანის ხმაა.

რა სიახლეებია თქვენს კარიერაში?

– თითქმის ერთ წელზე მეტია, თეატრში აღარ მითამაშია, ფილმებში – კი ბატონო. აი, მაგალითად, ახლა ორი ფილმის პრემიერა იყო კინოთეატრებში. მათ შორის, ერთი ფილმი გადაღებულია 20 წლის წინ, მაგრამ ეკრანებზე არ გამოსულა. ის კი არა, მეც არ მქონდა ნანახი თავიდან ბოლომდე. ფილმი მოგვითხრობს ეპისკოპოსზე, რომელიც დახვრიტეს. საბჭოთა ხელისუფლების დროს მან შეიფარა ეკლესიაში შესული მეამბოხეები და არ გასცა ისინი. ამის შემდეგ დააპატიმრეს და სთხოვდნენ, ეს საქციელი ეღიარებინა როგორც ცოდვა და მოენანიებინა. თუმცა მან ეს არ გააკეთა და თქვა, რომ მე შევიფარე გაჭირვებული ადამიანები და ეკლესიის ვალიც სწორედ ეს არისო. ბოლოს დახვრეტენ ამ ეპისკოპოსს, მაგრამ დახვრეტის წინ ლოცულობს ამ ჩეკისტის სულისთვის. მეორე იყო ჯორჯაძის ფილმი კვირიკაძის სცენარის მიხედვით, რომელიც გერმანელების დაფინანსებით გადაიღეს და, შესაბამისად, გერმანელების ფილმად ითვლება. რა თქმა უნდა, აქ ვერ ნახავენ, თუ არ იყიდიან ჩვენების უფლებას. მოსკოვსა და გერმანიაში უკვე იყო პრემიერები და, მგონი, დღემდე წარმატებით გადის სხვადასხვა ქვეყნის კინოთეატრებში. გადაღებების ძირითადი ნაწილი საქართველოში იყო – ბათუმში, მწვანე კონცხზე და ფოთში. მე ვთამაშობ მოხუცს, რომლის შვილიც დაპატიმრებულია და ვზრდი შვილიშვილებს.

ბატონო რამაზახალ წელს სად და როგორ ხვდებით?

– წელს თბილისში შევხვდებით ახალ წელს მე და ჩემი ცოლი. დავსხდებით, კაი წითელი ღვინით დავლოცავთ ერთმანეთს. მერე ჩვენი კათალიკოს-პატრიარქი ტელევიზიით მოგვილოცავს და დაგვილოცავს სრულიად საქართველოს, რომელსაც აუცილებლად მოვუსმენთ. მერე ჩვენი მეგობრები გვესტუმრებიან ან ჩვენ ვესტუმრებით მათ და ასე შევეგებებით ახალ წელს, ახალი იმედებითა და სურვილებით. ვისურვებთ მშვიდობას და იმდენის საშუალება ჰქონდეს ხალხს, რომ გოჭი იქნება, საცივი, გოზინაყი თუ სხვა ასეთი ტრადიციული კერძი, ყველას ედოს მაგიდაზე.

ნაძვის ხის მორთვა ვის კომპეტენციაში შედის?

– პატარა რომ ვიყავი, მიყვარდა და სიამოვნებით ვიღებდი ამაში მონაწილეობას, მაგრამ ახლა უკვე მეზარება, თუმცა, მორთული ნაძვის ხის ყურება ძალიან მიყვარს. ბავშვობაში კურდღელივით დავხტოდი მის გარშემო. ახლა უკვე თოვლის ბაბუას წლებში ვარ.

ხურჯინგადაკიდებული დადიხართ და საჩუქრებს არიგებთ ხოლმე?

– არა, არც ხურჯინი მაქვს და არც საჩუქრები, მაგრამ; ჩემთან ვინც მოვა, კაი პურმარილს დავახვედრებ, კაი ღვინო, კაი სადღეგრძელო და კოცნა, მაგრამ, ახლა კოცნა არ შეიძლება, „ღორის გრიპია“. ახალ წელს თუ ერთმანეთს გადავკოცნით, გრიპს გადავდებთ და ლოგინში ჩავწვებით, ეს კი არ ივარგებს. ისე, ახლა ცოტა ბევრს ვკოცნაობთ, ამდენს ჩვენს ახალგაზრდობაში არ ვპროშნაობდით. დღეს, როგორც კი დაინახავენ ერთმანეთს, „რას!“ დაეტაკებიან და მიდის ერთი ამბავი (იცინის).

რით განსხვავდება ბოლო პერიოდის ახალი წლებივთქვათთქვენი ახალგაზრდობის დროინდელი ახალი წლებისგან?

– ჩვენ ასეთი განათებული და ჭაღებიანი ქუჩები, მართალია, არ გვქონდა, მაგრამ მაშინ უფრო მეტი აჟიოტაჟი იყო, სხვა ხალისით ვხვდებოდით. ახალგაზრდები წინასწარ ვგეგმავდით, სად, ვისთან შევხვედროდით ახალ წელს და იყო ერთი ამბავი. ომის დროსაც კი ვიკრიბებოდით, მაგრამ მაშინ არც ღვინო გვქონდა, არც არაყი. ამიტომ, მივდიოდით კახეთში, რომ ერთი 20 ბოთლი ღვინო ჩამოგვეტანა. ხომ იცი, გლეხი უფრო იაფად ყიდდა და, თან იცოდი, რომ ოჯახის, სუფთა ღვინო იყო. ჩავდიოდით იქ, ის გლეხი ერთი კარგად დაგვათრობდა, გაშლიდნენ სახელდახელო პურმარილს, გამოიტანდნენ რაც ჰქონდათ და ახალი წლის წინა დღეს გამოგვიშვებდნენ. მერე შევასხდებოდით საბარგო მანქანას და ამ დანგრეულ გზებზე რიხინ-რიხინით ჩამოვიდოდით ხოლმე თბილისამდე (იცინის). ახლა ისეთ ასაკში ვართ, რომ შევიკრიბოთ და წავიდეთ სადმე, ასე, უკვე, რა თქმა უნდა, აღარ არის... წლებს თავისი მოაქვს.

ბატონო რამაზსპექტაკლის ან კინოპრემიერებს თუ ესწრებით?

– არა. ძირითადად ტელევიზორში თუ ვნახავ რაიმე ახალს, თუ არა და, სიმართლე გითხრათ, ხშირად ვერ ვახერხებ კინოთეატრებში სიარულს. ზოგჯერ ისეთი საშინელი ფილმი გადის, ჯერ სურათი არ არის დაწყებული, რომ უკვე თორმეტი მკვდარი გდია ეკრანზე და ადამიანს გეშინია, ერთი-ორი ბრმა ტყვია შენც არ მოგხვდეს (იცინის). რაც შეეხება თეატრს, ზოგჯერ დავდივარ ჩემს მშობლიურ თეატრში ახალი სპექტაკლების სანახავად. გარდა ამისა, სპექტაკლის ნახვა მიყვარს ორი-სამი წარმოდგენის შემდეგ, როცა უკვე მსახიობები ჩამოყალიბდებიან, უფრო თამამები ხდებიან და უფრო ლაღად არიან სცენაზე. ჩვენი თაობის უბედურება ის არის, რომ სპექტაკლების გადაღება არ ხდებოდა, მაგრამ, როცა დაიწყეს, იღებდნენ ხოლმე ან პრემიერას ან მეორე დღეს, როცა დადგმა ჯერ არ იყო სრულყოფილი და ჩამოყალიბებული. ახლა რომ ვუყურებ ჩანაწერებს, ცუდად ვხდები. იმავე სპექტაკლში ჩვენ სცენას ვანგრევდით, ისე ვთამაშობდით, ფირზე კი საერთოდ სხვა იყო. სულ გავიძახი, ეს არ იყო ის სპექტაკლი, არ ვთამაშობდით ასე საშინლად-მეთქი. სპექტაკლი უნდა გაიზარდოს, ჩამოყალიბდეს და მერე გადაიღო, თორემ, პრემიერა, შეიძლება, არც მოგეწონოს ადამიანს, ჯერ უმია, მოუხარშავი.

კონცერტებზე თუ დადიხართ?

– ჩვენ დღეს რა ესტრადასაც ვუყურებთ თუ არ ვიცი, რა დავარქვა, რა ვქნა, მე არ მესმის. ალბათ, ჩვენ ჩამოვრჩით, მოხუცები... მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მე მაგისთანა მუსიკა არ მომწონს – რიტმები და ბრახაბრუხი: ბუმ-ბუმ-ბუმ! – რომ გამოგატვინონ. მუსიკამ უნდა მოგხიბლოს, გაგამდიდროს, მე მუსიკოსების ოჯახში ვიზრდებოდი, კონსერვატორიაშიც კი ვსწავლობდი, მაგრამ, მოზარდ მაყურებელთა თეატრი რომ ვნახე, მერე ყველაფერს მივანებე თავი და მარტო არტისტობა მინდოდა. თუმცა, ბავშვობიდან ძალიან ხშირად ვესწრებოდი სიმფონიური ორკესტრების კონცერტებს და ისე შევეჩვიე კამერულ, სიმფონიურ მუსიკას, რომ დღემდე ჩემი გატაცება ეს არის. ხშირად ვუყურებ მსოფლიოს საუკეთესო ორკესტრების კონცერტებს „მეცოზე“ და ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ამას წინათ ამერიკელი „ვარსკვლავები“ გამოდიოდნენ ტელევიზიით, რამდენიმე სიმღერის შემდეგ, ეგრევე გამოვთიშე და ვთქვი, ეს არის ნამდვილი ეშმაკისეული მუსიკა. უცებ გოეთეს „ფაუსტში“ მეგონა თავი. ამ თავიანთი მოძრაობებით, მეგონა, მეფისტოფელი ახლა მე წამიყვანს-მეთქი. შემეშინდა და გამოვთიშე (იცინის). მე მგონი, ეს ეშმაკეული მოდა მალე გადავა და ყველაფერი დალაგდება, თორემ, ეს თუ კიდევ განვითარდა, ალბათ, მერე უკვე ბარაბანს ჩაგვარტყამენ თავში, გიტარასაც დაგვცხებენ და კონცერტიდან ასე ჩარტყმულები და დარტყმულები გამოვალთ. (იცინის). ძალიან ცუდი დრო უდგას საქართველოს, ძალიან ცუდი და, არ ვიცი, საით მივექანებით. ეშმაკი გვჯობნის, მე მგონი. აგერ, იქამდე მივიდა საქმე, რომ კათალიკოსსაც კი აწყენინეს. რა არის ეს, რაშია საქმე?! ამასაც მოვესწარით?! როგორ შეიძლება ასეთი რამე, ხომ უნდა იცოდე, ზღვარი, სადამდე მიდიხარ და ვისზე ლაპარაკობ?! მე კარგად ვიცნობ მის უწმიდესობას, ილია მეორეს, ხშირად შევხვედრივარ და გვისაუბრია. ჭკვიანი, გამჭრიახი, კეთილშობილი და წმიდა ადამიანია. უწმიდესი ტყუილად კი არ ჰქვია, კაცო და, რა არის ეს?! რა ხდება, გამაგებინეთ! ესეც მუსიკა და თანამედროვე ხელოვნება ხომ არ არის, რომ რაღაც არ მესმის-მეთქი, ვთქვა?!

რას გვისურვებთბატონო რამაზ?

– ისეთი წელი დამდგარიყოს, როგორიც ქართველს უყვარს – სტუმარს რომ დახვდეს და მისი მისვლის არ შეეშინდეს. ხვავი და ბარაქა ჩვენს ოჯახებში. მილიარდები და მილიონები არ არის საჭირო, მაგრამ, აი, იმდენი ჰქონდეს ადამიანს, რომ ლაღად, წელში გამართულმა იაროს ქუჩაში. ახალ წელს ვულოცავ ყველა ხელოვანს, ყველა ქართველს და საქართველოში მცხოვრებ ყველა ადამიანს. ღმერთმა დაგვლოცოს, გაგვაძლიეროს და გაგვაერთიანოს. შეგვსრულებოდეს ყველა სურვილი და ჩვენი ქვეყანა ხერხემალში გამართულიყოს. ადამიანებს მიეცეთ საშუალება, რომ ჰქონდეთ ლუკმაპურის ფული, არც წამალი უჭირდეთ, არც – პურის ფული, ხან გოჭია საჭირო, ხან ღვინო და, ჰქონოდეთ ამის ყიდვის საშუალება!