„ჩვენმა საზოგადოებამ ცოტა არ იყოს ნაადრევად ხომ არ გასცა დიდი დივიდენდები დათო უსუფაშვილზე?!“

„ჩვენმა საზოგადოებამ ცოტა არ იყოს ნაადრევად ხომ არ გასცა დიდი დივიდენდები დათო უსუფაშვილზე?!“

ზაალ ანჯაფარიძე ეთანხმება შეფასებას, რომ 2016 წლის შედარებით წარმატებული სახელმწიფო უწყება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროა, რომელიც, ყოველგვარი ზედმეტი ხმაურის გარეშე, სისტემაში ნერგავდა იმ სტანდარტებს, რითაც ევროპულ ქვეყნებში მოქმედებს სასჯელაღსრულებითი სისტემა. მისივე თქმით, წარმატებით იმუშავა იუსტიციის სამინისტრომაც იმ კუთხით, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესში ევროკავშირის ყველა მოთხოვნა შეასრულა.

რამდენად მნიშვნელოვანი იყო 2016 წელი საქართველოსთვის და რა შანსი აქვთ ოპოზიციურ ძალებს? for.ge ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

როგორ შეაფასებთ 2016 წელს, თავისი წარმატებითა და წარუმატებლობით, რამდენად საინტერესო იყო 2016 წელი საქართველოსთვის?

ზაალ ანჯაფარიძე: რაც შეეხება წარმატებებს, ცოტა არ იყოს ჭირს წარმატებებზე საუბარი. გააჩნია რას განვიხილავთ წარმატებად. მოვისმინე ასეთი შეფასებაც, რომ თითქოსდა მშვიდობიანად ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებიც, თურმე, წარმატება ყოფილა. მე პირადად ასე არ ვთვლი იმიტომ, რომ თუ ჩვენ წარმატების თამასა ასე დაბლა დავწიეთ, ასე წინ ვერ წავალთ. შიდაპოლიტიკურ არენაზე რაიმე სერიოზული წარმატების გამოყოფა 2016 წელს რთულია.

პირობითად წარმატებად შეიძლება დავასახელოთ ის, რომ 2016 წელს ძალაში შევიდა ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან, რითაც ერთი პატარა ნაბიჯი გადადვდგით ევროპისკენ. მართალია, ევროპასთან უვიზო მიმოსვლა ამ წელს ვერ მივიღეთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში წინაპირობები მაინც შევქმენით, რომ მომავალ წელს მაინც მივიღოთ. ვიღაცეებმა შეიძლება ეს წარმატებად ჩათვალონ, რომ ხელისუფლებამ გასული წელიწადი მეტ-ნაკლებად მშვიდობიანად გადააგორა, ჩვენ თავიდან ავიცილეთ სერიოზული კონფლიქტები ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან, მაგრამ მე ამას ხელისუფლების მიერ თავისი რუტინული მოვალეობის შესრულებად ჩავთვლი იმიტომ, რომ ხელისუფლების ვალია, ქვეყანას და ხალხს საფრთხეები ააცილოს. ასე რომ, ასეთი წარმატებები, რაც ხელშესახებია რომელიმე სფეროში, რაც რეალურ პროგრესს და რაიმე სფეროში წინსვლას აჩვენებს, სამწუხაროდ  ასეთი წარმატებები 2016 წელს არ გვქონია.

მნიშვნელოვანი მოვლენებიდან რა თქმა უნდა გამოვყოფდი საპარლამენტო არჩევნებს და ეს ყოველთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა ნებისმიერი ქვეყნის ცხოვრებაში, რადგან საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხდება პოლიტიკური ხელმძღვანელობის თუ პოლიტიკური ლანდშაფტის ცვლილება. თუმცა ჩვენთან ეს არ მოხდა.

პოლიტიკური კუთხით თუ შევხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ ამ საპარლამენტო არჩევნებმა, ბალზაკის ცნობილი რომანის სახელწოდების პრერიფრაზირებას თუ მოვახდენთ, აჩვენა ჩვენი პოლიტიკური ელიტის ბრწყინვალება და სიღატაკე. 

მაგრამ რამდენად იყო მოულოდნელობით დამახასიათებელი 2016 წელი? ალბათ წარმოუდგენელი იყო 2015-2014-2013-2012 წლებში, რომ დაიწყებოდა რღვევის პროცესი „ნაციონალური მოძრაობაში“...

- სიმართლე გითხრათ, მე პირადად ამ პროცესს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. არ მესმის რატომ ანიჭებს მას ასეთ დიდ მნიშვნელობას მედია. ჩვეულებრივი შიდა პარტიული კინკლაობაა, რომელიც დიდი ხანია დაწყებულია ნაცმოძრაობაში, უბრალოდ ახლა გამოვიდა სააშკარაოზე.

პრინციპში, ეს არის ის პროცესი, რაც თავის დროზე დაიწყო მოქალაქეთა კავშირში. მოგეხსენებათ, მას ჯერ გამოეყო სააკაშვილი თავისი ნაცმოძრობით, შემდეგ უკვე ჟვანია-ბურჯანაძე და ბოლოს ვიცით როგორც დამთავრდა მოქალაქეთა კავშირი. დაახლოებით ისეთი პროცესები მიდის ახლა ნაცმოძრაობაში. პარტიის მართვის სადავეების დასაპატრონებლად მიდის ბრძოლა და ამას არქმევენ აზრთა სხვადასხვაობას.

თუ ჩემი პასუხი გაინტერესებთ, ვფიქრობ, რომ, დიდი ალბათობით, მოხდება პარტიის გახლეჩვა. შემდეგ რა იქნება, პირადად ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა. როგორც ერთი, ისე მეორე დაჯგუფება - ბოკერიას და სააკაშვილის მომხრეები, ერთად არიან პასუხისმგებელი ყველაფერ იმაზე, რაც ხდებოდა მათი მმართველობის დროს. არ მგონია, რომ მათ ეს მძიმე შლეიფი ოდესმე ჩამოშორდეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ რღვევის დაწყებას წინ უსწრებდა ოპოზიციური ფლანგის დაშლა, ველოდებით უსუფაშვილის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ გაზაფხულს. ესეც, ალბათ, იყო მნიშვნელოვანი მოვლენა, როდესაც არჩევნების შემდეგ ყველა ოპოზიური ძალის ლიდერმა ერთმანეთზე მიყოლებით გამოაცხადეს პარტიის დაშალის შესახებ?

- ჩვენმა საზოგადოებამ ცოტა არ იყოს ნაადრევად ხომ არ გასცა დიდი დივიდენდები დათო უსუფაშვილზე?!  ჩვენ ჯერ არ ვიცით, რას და როგორ გააკეთებს ის. კი, უსუფაშვილი წავიდა რესპუბლიკური პარტიიდან, დროებით ტაიმაუტი აიღო, მაგრამ როგორი სახით და ვისთან ერთად მოევლინება ის პოლიტიკურ ასპარეზს, ეს ჯერ კიდევ საკითხავია. მე არ ვიჩქარებდი მაინცდამაინც ოპტიმისტურ შეფასებას.

რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რამდენად აქვთ მათ პოლიტიკურ ველზე დაბრუნების შანსი?

- ამ შანსებს სკეპტიკურად ვუყურებ. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩვენ ჰაერივით გვჭირდება ხალხის წიაღიდან წამოსული სრულიად ახალი ტიპის კომპეტენტური ლიდერები, რომლებიც არ არიან დამძიმებული მძიმე წარსულით და შეცდომებით. როგორც ვთქვი, ეს არჩევნები იმითაც იყო ნიშანდობლივი, რომ გააშიშვლა ჩვენი პოლიტიკური ელიტა, დაგვანახა მათი საკმაოდ ღარიბი და არც თუ ისე სასიამოვნო სახე.

ამ ქვეყანას გააჩნია რესურსი, რომ წარმოქმნას ახალი პოლიტიკური ლიდერები?

- აქვს, უბრალოდ საჭიროა, რომ თვითონ ადამიანებმა გამოიჩინონ გარკვეული პოლიტიკური და მოქალაქეობრივი გამბედაობა. ეს ყოველთვის არ ხდება, მაგრამ საზოგადოების განვითარებაში დგება გარკვეული  პერიოდი, როდესაც ასეთი ლიდერები გამოდიან ასპარეზზე. სამწუხაროდ, ჩვენ დიდ ხანს გაგვიგრძელდა ეს პაუზა, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ეს პაუზაც დასრულდება და ასეთი ლიდერები პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვლენ.

რაც არა მარტო 2016 წლის პრობლემაა, ეს არის მძიმე სოციალური მდგომარეობა. ამ კუთხით მძიმე იყო 2016 წელი მით უმეტეს ლარის გაუფასურების კვალობაზე. რამდენად დაძლევადია სოციალური ფონი ქვეყანაში?

- ჩვენთან სოციალური ფონი ყოველთვის მძიმე იყო. როდესაც შედარებას აკეთებენ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდთან, როდესაც ლარის კურსი დოლართან იყო შედარებით ნაკლები, ვიდრე დღეს, მაშინ არ იყო მძიმე სოციალური ფონი? მაშინ არ უჭირდა ხალხს?! ხალხის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მაინცდამაინც რადიკალურად არ გაუმჯობესებულა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგს პენსია და ხელფასი მოემატა.

ჩვენი ეკონომიკა მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული, თუ შეიძლება ითქვას, როგორც ნარკომანი, ისე ვზივართ ამ იმპორტის შპრიცზე.  ქვეყანაში პრაქტიკულად არაფერი მნიშვნელოვანი არ იწარმოება, საექსპორტო პოტენციალი მაინცდამაინც შთამბეჭდავად არ გამოიყურება. მე არ ვარ ფინანსისტი და ამიტომ ჩემს თავს არ მივცემ უფლებას, რომ რაიმე ჩაღრმავებული კომენტარი გავაკეთო ფინანსურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ლარის გაუფასურების მიზეზებზე.

მაგრამ დააკვირდეთ ბოლოდროინდელ ტენდენციას. ბოლო 2 დღის განმავლობაში ლარი უცბად სადღაც 15 თუ 10 ერთეულით გამყარდა. რამ გამოიწვია ეს? ესეც გარე ფაქტორებს დავაბრალოთ? ლოგიკა რომ მოვიშველიოთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ლარის ასეთი ხან - დაცემა, ხან - გამყარება ძირითადად ადგილობრივი მიზეზებით არის გამოწვეული. რა არის ეს ადგილობრივი მიზეზები - ჩვენ მხოლოდ ვარაუდები შეგვიძლია გამოვთქვათ. მაქვს ჩემი ვარაუდი, მაგრამ ახლა თავს შევიკავებ ამის გამოთქმისგან იმიტომ, რომ ხელში არ მაქვს დამამტკიცებელი საბუთები, თორემ ჩემი ვარაუდი რა თქმა უნდა მაქვს, თუ რატომ ხდება ეს.