მართალია, ამერიკის ახალი პრეზიდენტი ქართველებთან დარეკვით თავს არ იწუხებს, მაგრამ თურმე „საქართველო ტრამპის ზარს არ უნდა დაელოდოს“, - ასეთი უფასო კონსულტაციებით გვამარაგებენ ჩვენი ამერიკელი კეთილისმსურველები.
ამერიკელი ანალიტიკოსი მაიკლ ჩეჩირე ქართველებს ურჩევს, საქართველომ ვაშინგტონს საკუთარი თავი შეახსენოს და ახალი პრეზიდენტის გარდამავალ გუნდს თავადვე დაუკავშირდეს. მით უმეტეს, რომ საქართველოს ვაშინგტონში საელჩოც აქვს, ლობისტებიც ჰყავს და მათი ხელშეწყობაც უნდა გამოიყენოს.
თუმცა ვაშინგტონისთვის თავის შეხსენება პანაცეა არ არის და მოსალოდნელი გულგატეხილობის ასაცილებლად ჩეჩირე გვამშვიდებს, რომ ვაშინგტონთან კონტაქტი რომც შედგეს, ეს არ არის გარანტია, რომ ეს კონტაქტი წარმატებული იქნება. მთავარია, როგორ შეძლებს საქართველო ამერიკის ახალი ადმინისტრაციისთვის იმის ჩვენებას, რომ მსოფლიოს უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლია და ამერიკის მოკავშირეა.
მაიკლ ჩეჩირეს მსგავს უფასო რჩევას გვაწვდის ამერიკელი ანალიტიკოსი დონალდ ჯენსენიც. ის ამბობს, რომ საქართველოს ადგილზე ტრამპის გარდამავალი გუნდის ზარს არ დაელოდებოდა. პირიქით, დონალდ ჯენსენი ქართულ მხარეს მოუწოდებს, კონტაქტის ინიცირება მოახდინოს. თუ თბილისს მიაჩნია, რომ ამერიკის მომავალი ადმინისტრაციისთვის რაღაც მნიშვნელოვანი აქვს სათქმელი, თავადვე უნდა გამოიჩინოს ინიციატივა, პროტოკოლის დაცვას ყურადღება არ მიაქციოს და კონტაქტზე თვითონვე გავიდეს. „არა მგონია, საქართველო ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტი იყოს. ამიტომ ქართველებმა დრო არ დაკარგონ და კონტაქტზე გავიდნენ“, - ასეთია ოკეანისგაღმელთა რჩევა.
რა საშური სათქმელი აქვს საქართველოს ამერიკისთვის და უნდა დავიცვათ თუ არა პროტოკოლი?
პოლიტოლოგი სოსო ციცნაძე ტაივანის ფორმოზის კუნძულის ქალბატონი პრეზიდენტის შემთხვევას იხსენებს, რომელმაც დონალდ ტრამპს დაურეკა და ტრამპმაც აიღო ტელეფონი. მაგრამ ეს პოლიტიკა იყო და ტრამპმა ეს შეგნებულად გააკეთა, რათა ამით ჩინეთისთვის ნიშნი მოეგო. თუმცა ეს მაგალითი სრულებით არ ნიშნავს, რომ ჩვენი პრემიერის ან პრეზიდენტის ზარს ტრამპი უპასუხებს. ვისი გულისთვის გააკეთებს ამას? რამდენიც უნდა დარეკოს მარგველაშვილმა, ან მარგველაშვილის მდივანმა, შესაძლოა, მას მაზოლი ამოუვიდეს ამდენ ღილაკზე თითის დაჭერით. საბოლოოდ კი თეთრ სახლში უფროსი მებაღის უმცროსმა მოადგილემ უპასუხოს, რომ ამერიკის პრეზიდენტს მისთვის არ სცალია.
„თქვენ რა გგონიათ, მეტიჩარა ექსპერტები მარტო საქართველოს ჰყავს და რახან ამერიკაა, იქ სულ კისინჯერები და დე გოლები არიან? დიპლომატია ცოტა ორლესული მახვილია. ამიტომ აქტიურობა მეტიჩრობაში რომ არ გადავიდეს, საქართველოს მხრიდან ასეთი თავშეკავებულობა გამართლებულია. ქართველებმა სასაცილოდ არ უნდა გაიხადონ თავი. მახსოვს, ზვიად გამსახურდიას დროს მაღალი თანამდებობის პირები გავარდნენ ამერიკაში და ვაშინგტონში დადიოდნენ. იმ პერიოდში ამერიკის ერთ-ერთ გაზეთში წავიკითხე, კი მაგრამ, ეს ქართველები რომ ჩამოვიდნენ და დადიან სადარბაზოდან სადარბაზომდე, ნეტავ, ვინ დაპატიჟაო? ბოლოს, როგორც იქნა, მაშინდელი ჩვენი დელეგაცია კონგრესში რომელიღაც კონგრესმენმა მიიღო, დაათვალიერებინა კონგრესი, სხდომაზეც შეუშვეს და ერთი-ორი კონგრესმენიც დაელაპარაკა. ამიტომ ღირსების გრძნობა არ უნდა დავკარგოთ და არ უნდა ავმჩატდეთ. რას ჰქვია, პროტოკოლს ნუ დაელოდებითო?!“ - აცხადებს სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში და მიიჩნევს, რომ არც დღეს, არც ხვალ, არც ზეგ და არც 20 იანვრის მერე ტრამპი საქართველოსთვის კი არა, ჩვენზე გაცილებით დიდი ქვეყნისთვისაც ვერ მოიცლის.
პოლიტოლოგის თქმით, ტრამპს უამრავი პრობლემა დახვდება მოსაგვარებლად. მარტო ის რად ღირს, რომ თვითონ ქვეყნის შიგნით, სენატში 20 იანვრიდან დაიწყება მისი მთავრობის ყველა წევრის დამტკიცების პროცესი. თანაც, ნუ დავივიწყებთ, რომ ამერიკის მთავარი მოკავშირე დღეს არის ნატო, ევროპა. ესენი მართლა სტრატეგიული მოკავშირეები არიან, ჩვენ კი ვისი მოკავშირეები ვართ? ან რის საფუძველზე ვართ მოკავშირეები? სტრატეგიული თანამშრომლობის? ასეთი დოკუმენტი აშშ-ს ხომ 35 ქვეყანასთან აქვს გაფორმებული?!
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მაიკლ ჩეჩირემ და დონალდ ჯენსენმა ძალიან კულტურულად მიგვანიშნეს, რომ ტრამპი საქართველოს მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, ნეიტრალური იქნება. ექსპერტის თქმით, სამწუხაროდ, მისი პროგნოზი ახდა და ამ ამერიკელი ანალიტიკოსების ნათქვამითაც დადასტურდა, რომ ტრამპი ნეოიზოლაციონისტურ საგარეო ორიენტაციას აიღებდა.
„ქართველები ვერაფერს შეცვლით. სამწუხაროდ, იმაშიც ვერ ჩამოვყალიბებულვართ, სად ვართ, როგორ ვართ და რანი ვართ. ჩვენი საგარეო პოლიტიკური მიმართულება კატასტროფულია. ასეთი უარესი დონის საგარეო პოლიტიკური ფონი შეიძლება შევადაროთ 2006-2008 წლების ფონს, როცა სააკაშვილმა საერთოდ მოსპო საგარეო დიპლომატიური მიმართულება. საერთოდ გაუგებარია, საიდან გამოჩნდა მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ეკატერინე ტყეშელაშვილი, ამანაც მიგვიყვანა საომარ მოქმედებამდე. ასეთი კადრითა და პოლიტიკით ტრამპამდე ხმას მივაწვდენთ კი არა, აქვე მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთს თუ გავაგონებთ რამეს, დიდი მადლობა უნდა ვთქვათ.
ტრამპის მიდგომა გლობალური პოლიტიკის მიმართ კარდინალურად იცვლება. სამწუხაროდ, საქართველო ამოვარდება ენერგოუსაფრთხოების იმ პროექტებიდანაც კი, რომლებიც ადრე არსებობდა კავკასია-კასპიისპირეთის ენერგეტიკული კარიბჭის ფაქტორიდან გამომდინარე. როგორც ჩანს, ტრამპი კასპიის ენერგორესურსების მიმართ დაკარგავს ყოველგვარ ინტერესს, რადგან მან ამოცანად დაისახა საკუთარი რესურსების განვითარება, სხვა ახალი ტიპის ენერგომატარებლების მოძიება საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში. აქ მთავარი აქცენტი ალასკაზეა გადატანილი. გარდა ამისა, ტრამპი აპირებს სტრატეგიული რესურსების გახსნას და გამოტანას მსოფლიო ბაზარზე. სხვათა შორის, ენერგოკომპანიების წარმომადგენლის მიყვანასაც გეგმავს ამერიკის ადმინისტრაციაში“,-აცხადებს ვახტანგ მაისაია.
მისი პროგნოზით, მოვლენები ისე ვითარდება, რომ, სავარაუდოდ, დონალდ ტრამპი დაეყრდნობა ე.წ. დენვერის შვიდეულს, რომელიც მთავარი ენერგეტიკულ-ლობისტური სამრეწველო დაჯგუფებაა, სწორედ მათ მოყვანას აპირებს ხელისუფლების სათავეში და მათი ინტერესების დამცველადაც მოგვევლინება.
ექსპერტის თქმით, თუ ჩვენ დავაინტერესებთ დენვერის შვიდეულს, მაშინ ჩვენი შანსები ამერიკის მიმართულებით შეიძლება გაიზარდოს. სხვა შემთხვევაში, საეჭვოა, ტრამპის პირობებში საქართველოს მიმართ დაინტერესება გამოხატონ ამერიკელებმა.
„პირადად მე დენვერის შვიდეულის მძლავრი ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენელიც გახლდით და მქონდა მცდელობა, 1998-99 წლებში საქართველოს ბაზარზე შემომეყვანა ამ შვიდეულის კომპანიების წამომადგენლები. თუმცა მაშინდელმა კორუმპირებულმა სახელისუფლო სტრუქტურებმა ეს პროექტი ჩაშალეს. თუ ჩვენ გავიმეორებთ ამ მცდელობას და ამ შვიდეულს დავაინტერესებთ, შესაძლოა, ჩვენი შანსი გაიზარდოს. თუ არადა, ძნელი სათქმელია, მარტონი ვრჩებით თუ არა რუსეთის წინაშე. ჩვენ ევროპასთანაც გვაქვს სამუშაო. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ამერიკაში პოლიტიკური ლანდშაფტი კარდინალურად იცვლება. ჩვენ კი ისეთი ლობისტები და ისეთი საელჩო არ გვაქვს, რომ ჩვენს ამბიციას მოვარგოთ“.