ხათუნა ლაგაზიძე: რატომ წარმოაჩენენ ამერიკის სპეცსამსახურები ასეთი მონდომებით პუტინის რუსეთის უძლეველობას?!“

ხათუნა ლაგაზიძე: რატომ წარმოაჩენენ ამერიკის სპეცსამსახურები ასეთი მონდომებით პუტინის რუსეთის უძლეველობას?!“

ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, განვლილი 2016 წელი თავისი მნიშვნელობით, შესაძლოა, ისეთი ეპოქალური ძვრების დასაწყისი გახდეს, როგორიც მსოფლიოს ცივი ომის დასრულების შემდეგ არ ახსოვს. მისი თქმით, როგორ გადაალაგებს თავის პოლიტიკას დონალდ ტრამპი, ასევე რამდენად გაიზრდება რუსეთის გავლენა არა მარტო ევროპაში, არამედ აზიაში, ამაზე იქნება დამოკიდებული არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს მომავალი.

რამდენად საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო 2016 წელი მსოფლიოსთვის და რა გამოწვევებით ხვდება 2017 წელს? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტს, ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

რამდენად მნიშვნელოვანი იყო 2016 წელს საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, რაც აისახა საქართველოზე?

ხათუნა ლაგაზიძე: განვლილი 2016 წელი თავისი მნიშვნელობით, შეიძლება ისეთი ეპოქალური ძვრების დასაწყისი გახდეს, როგორიც მსოფლიოს ცივი ომის დასრულების შემდეგ  არ ახსოვს. ის ტენდენციები, რომელიც ნათლად გამოჩნდა განვლიილი წლის განმავლობაში და რომელიც მსოფლიოში არსებული პოლიტიკური წესრიგის სხვაგვარად გადანაწილების ნიშნებს ატარებს, ძალიან თვალსაჩინოა ყველა მიმართულებით.

ეპოქალურ ცვლილებებში რას გულისხმობთ?

- ეპოქალურში არ ვგულისხმობ მაინცდამაინც დადებით კონტექსტს. შეიძლება იყოს დადებითიც და მკვეთრად უარყოფითიც. ერთი ფრაზით თუ ვიტყვით, რასაც შეიძლება ველოდოთ 2017 წლიდან - ეს არის ერთპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი, რომელიც შედგა ცივი ომის დასრულების შემდეგ, კვლავ მრავალპოლუსიან მსოფლიო წესრიგად გარდაქმნა. ანუ, როდესაც რამდენიმე სუპერ-სახელმწიფო, თუ რეგიონალური მსხვილი მოთამაშე, თავის გავლენის სფეროებად ინაწილებს მსოფლიოს და, შესაბამისად, ერთობლივად იღებს პასუხისმგებლობას მსოფლიო უსაფრთხოებაზე.

როგორი შეიძლება იყოს ეს მრავლპოლუსიანად გარდაქმნილი მსოფლიო და რატომ აქვთ ამის შიში?

- დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ძვრით, რაც იყო დონალდ ტრამპის არჩევა ამერიკის პრეზიდენტად. ტრამპი კვლავ რჩება ძალიან წინააღმდეგობრივ ფიგურად, როგორც თავისი პოზიციების, ასევე უმაღლეს სახელმწიფო პოსტებზე წარდგენილი კანდიდატურების მხრივ. მაგალითად, თუ მან თავდაცვის მდივნის პოსტზე წარადგინა რუსეთის მიმართ ხისტი პოზიციით ცნობილი ჯეიმსს მატისის კანდიდატურა, სახელმწიფო მდივნად ის კონგრესს სთავაზობს რუსეთთან და პუტინთან ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობის სტაჟის მქონე „ექსონ-მობაილის“ ხელმძღვანელს რექს ტილერსონს, ადამიანს რომელიც მკვეთრად ეწინააღმდეგებოდა უკრაინის გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესებას იმიტომ, რომ სწორედ ამ სანქციების წყალობით მან დაკარგა უდიდესი კაპიტალდაბანდების შანსი, რომელიც სწორედ „ექსონ-მობაილის“ უნდა განეხორციელებინა რუსეთის არქტიკის შელფის ათვისებაში.

რა შეიძლება მოიმოქმედოს დონალდ ტრამპა ინაგურაციიდან მოკლე პერიოდში რუსეთთან ურთიერთობის დათბობის თვალსაზრისით?

- დიდია მოლოდინი, რომ ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება ტრამპის ადმინისტრაციისა იქნება რუსეთისთვის უკრაინის გამო დაწესებული სანქციების მოხსნა, რაც რუსეთმა შეიძლება აღიქვას მწვანე შუქად ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით და წაახალისოს მისი ამბიციები, რომ გაიფართოვოს გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეზე. დეკემბრის დასაწყისში ტრამპის გუნდმა ამერიკის თავდაცვის უწყებას გაუგზავნა სახელმძღვანელო წერილი, სადაც რუსეთი ამოღებულია საფრთხეების სიიდან.

ამავდროულად, კონტრასტისთვის საინტერესოა ტრამპის ის განცხადება, რომელიც მან 2016 წლის აპრილში წინასაარჩევნო შეხვედრაზე გააკეთა - „რუსეთთან ურთიერობის დარეგულირება შესაძლებელია მხოლოდ ძალის პოზიციიდან“. ესეც ტრამპის ფრაზაა, ისევე როგორც მისი დაპირება, რომ პრეზიდენტობის პირველ 100 დღეში მოხსნის შეზღუდვებს აშშ-ის ენერგორესურსების მოპოვებაზე და დაახლოებით 50 ტრილიონი დოლარით გაზრდის ამერიკის ენერგორესურსების მოპოვებას, რაც თუნდაც სანქციების მოხსნის პირობებში, ძლიერი დარტყმა იქნება რუსეთის ეკონიმიკისთვის.

მაქსიმალურად გაორებულია ტრამპი როგორც გადაწყვეტილებებში და პოზიციებში, ასევე დანიშვნებში, რაც პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა...

- როდესაც ჩვენ ვსაუბროთ, რომ ამერიკის უტყვი თანხმობით რუსეთმა შესაძლოა პოსტსაბჭოთა სივრცეზე თავისი გავლენები გაიფართოოს, მინდა მოვიყვანო დონალდ ტუსკის შეფასება, როდესაც პირველად ესაუბრა ტრამპს პრეზიდენტის რანგში. ტუსკმა თქვა, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ძალიან გართულდება დასავლეთის ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება სხვადასხვა საკითხებზე. ხაზგასმით აღნიშნა, რომ რამდენჯერმე ეცადა ტრამპის ყურადღება უკრაინაზე გაემახვილებინა, მაგრამ ტრამპს სხვა თემებზე გადაჰქონდა საუბარიო. დამეთანხმებით, ესეც მნიშვნელოვანი სიმპტომია.

თუმცა, რაც შეეხება ამერიკის პოზიციას გარესამყაროს მიმართ, ამას აყალიბებს არა მხოლოდ ამერიკის პრეზიდენტი, არამედ კონგრესი. მაგალითად, ნატოს ბოლო სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, პოლონეთში განთავსდება ნატოს როგორც ცოცხალი ძალა, ასევე უახლესი შეიარაღება და ამ შეთანხმების თანახმად, ამერიკიდან უკვე დაიძრა ცოცხალი ძალისა და შეაირაღების პირველი ნაკადი. ამ საკითხებს კონგრესი არეგულირებს, ამიტომ, სურვილის შემთხვევაშიც, ტრამპს ძალიან გაუჭირდება შეამციროს ამერიკის მონაწილეობა ნატოს ოპერაციებში უახლოეს წლებში. ასე რომ, 2017 წლის დამდეგს ყველაზე ამოუცნობი არის სწორედ ამერიკის საგარეო პოლიტიკა, რაც თავის მხრივ მსოფლიოს პოლიტიკას განსაზღვრავს.

რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მაქსიმალური სიფრთხილე მართებს?

- რასაკვირველია. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირში მიმდინარე  ცენტრიდანული პროცესები: ულტრანაციონალისტური ძალებისა და ევროსკეპტიკოსების პოზიციების გაძლერება ევროკავშირში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება საფრანგეთის არჩევნები, სადაც ერთმანეთს რუსეთის მიმართ სიმპათიით განწყობილი და ევროსკეპტიკურად განწყობილი ორი ძირითადი პრეტედენტი უპირისპირდება. ასევე, იტალიაში მოსალოდნელ არჩევნებშიც მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება შეუძლია კონსერვატიულ ძალებს, რომელთა ერთ-ერთი მოთხოვნა არის იტალიის მიერ ევროზონის დატოვება.

ამ ფონზე საინტერესოა მარინ ლე პენის ბოლო განცხადება, რომ ნატო აუცილებელი იყო საბჭოთა კავშირის შესაჩერებლად, ახლა უკვე საბჭოთა კავშირი აღარ არის, ამიტომ საფრანგეთი არა მარტო ევროკავშირიდან, არამედ ნატოდანაც უნდა გამოვიდესო...

- ბუნებრივია, როგორც ერთი, ასევე მეორე, სერიოზული რყევების მომასწავებელი შეიძლება იყოს ევროკავშირის მთლიანობისთვის, რაც თავისთავად აისახება საქართველოზე და ვიზალიბერალიზაციის პროცესზე. თუკი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოყოფის შემდეგ ევროკავშირის დეცენტრალიზაციის პროცესი გაგრძელდა, ბუნებრივია, საქართველოსთვის ძალიან მძიმე გამოწვევა იქნება.

ამ პროცესში მნიშვნელოვანია თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა. იმდენად მნიშვნელოვანი გახდა ორივე ქვეყნისთვის საერთო ინტერესები, რომ ელჩის მკვლელობამ ვერანაირი გავლენა ვერ მოახდინა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე?

- უფრო მეტიც, მკვლელობიდან რამდენიმე საათში, სხვა ინტერპრეტაციებისთვის გზა რომ არ გაეხსნა, რუსეთის პრეზიდენტმა მაშინვე მისცა ძალიან გასაგები შეფასება, რომ ეს იყო პროვოკაცია, რომელიც რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის დანგრევისკენ იყო მიმართული. სირიაში რუსეთის, ირანისა და თურქეთის ერთობლივი მოქმედებები და ელჩის მკვლელობიდან მესამე დღეს მოსკოვში ამ სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა სირიის თემაზე, მოწმობს, რომ ამ ეტაპისთვის ამერიკის და ზოგადად დასავლეთის პოზიციები ახლო აღმოსავლეთში, სერიოზულად შესუსტებულია. ეს არის ის რეალობა, რითიც ტრამპის ადმინისტრაცია ხვდება მომავალ 2017 წელს.

თუმცა, ამერიკის სიურპრიზები ამით არ ამოიწურება... შესაძლოა, რომ წლის სკანდალად შეფასდეს რუსეთის მიერ ამერიკის საინფორმაციო უსაფრთხოების დარღვევა... ფაქტია, რომ ბოლო რამდენიმე წლის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავე დროს სკანდალური მოვლენაა.

- უდავოდ ასეა. ისეთი ეგზოტიკური პრეზიდენტის არჩევაც კი, როგორც არის დონალდ ტრამპი, ამასთან შედარებით, ვფიქრობ, მეორეხარისხოვნად გამოიყურება, როდესაც ამერიკაში უკვე მეორე თვეა საინფორმაციო საშუალებებიდან არ ჩამოდის რუსეთის მიერ ამერიკის საინფორმაციო უსაფრთხოების დარღვევასთან დაკავშირებული სკანდალი, რომ რუსეთი ამერიკის არჩევნებში ტრამპის სასარგებლოდ ჩაერია. რაც მთავარია, ამ ისტერიას თავად ამერიკის სადაზვერვო თანამეგობრობა აღვივებს.

როდესაც ორი თვეა მთელი მსოფლიო განიხილავს, რომ რუსეთი ამერიკის არჩევნებშიერთი კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ ჩაერია, ამ დროს, რა უნდა იფიქრონ ნატოს წვერმა სხვა სახელმწოფოებმა? თუკი ამერიკა ასეთი დაუცველია რუსული საფრთხის წინაშე, მით უფრო დაუცველი იქნებიან ევროპის ქვეყნები, განსაკუთრებით - ევროკავშირის და ნატოს ახალი წევრები პოსტსაბჭოთა სივრციდან. რა გამოდის - რუსეთის გარეშე ვერც ერთ ქვეყანაში პრეზიდენტი, თუ მმართველი ძალა ვერ აურჩევიათ?!

უშვებთ ვერსიას, რომ მთელი ეს საინფორმაციო ისტერია რუსეთის მიერ არის მართული?

- არა, იმიტომ, რომ ამერიკული პოლიტიკური ელიტის უდიდესი ნაწილი, გარდა უშუალოდ ტრამპის გუნდისა, ამ „სიმღერას“ მღერის. პირიქით, ეს კამპანია, ვფიქრობ, მთლიანად აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ არის მართული და ორკესტრირებული: მოდით, დავაკვირდეთ - თუ რუსეთი ჩაერია და გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე ტრამპის სასარგებლოდ  - ეს ხომ ერთი ტრაგედიაა აშშ-სთვის; მაგრამ მეორე უბედურებაა, როცა აშშ-ის მთელი სადაზვერვო თანამეგობრობა მეორე თვეა თავზე ნაცარს იყრის და მთელი მსოფლიოს დასანახად გოდებს, რაოდენ დაუცველია აშშ-ის საინფორმაციო უსაფრთხოება და საარჩევნო სისტემა რუსული საფრთხის წინაშე.

ერთია ფაქტი, ხოლო მეორე - მისი ასეთი დაუსრულებელი აფიშირება მაშინ, როცა აშშ-ის ინტერესებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო, თუკი მოხდა რუსეთის ჩარევა, ის უჩუმრად უნდა გამოძიებულიყო, რათა აშშ-ის დაუცველობა მთელი მსოფლიოს შეშფოთებული განსჯის საგანი არ გამხდარიყო.  დღეს კი რას ვხედავთ, რომ აშშ-ის სპეცსამსახურები მთელი მსოფლიოს დასანახად განიხილავენ ვერსიას, რომ აშშ-ს რუსეთის გავლენით არჩეული პრეზიდენტი ჰყავს. ამიტომაც, 2016 წლის მთავარი კითხვა ანუ „ძაღლის თავი“ სწორედ აქ იმალება: რაში სჭირდება აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურებს რუსეთის უძლეველობის მითის სულის ჩაბერვა?!

ეს უკვე ასახავს რეალობას, თუ რამდენად ღრმა კრიზისშია თავად ამერიკის პოლიტკური სისტემა?

- მე ასე არ ვიტყოდი. როგორც გითხარით, ჯერჯერობით, რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებული ისტერია 2016 წლის მთავარ გამოცანად რჩება. თუმცა, ამავდროულად, ამერიკის გავლენების შესუსტება აშკარაა. ამ მხრივ, ძალიან საინტერესო და სიმპტომატურია ფილიპინების პრეზიდენტის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან, როდესაც მან შესჩივლა პუტინს, რომ მას დასავლეთი ავიწროვებს და გამოთქვა სურვილი, რომ გახდეს იმ ახალი მსოფლიო წესრიგის წევრი, რომელსაც რუსეთი და ჩინეთი უდგანან სათავეში.

ეს რომ იყოს ტრადიციულად ანტიამერიკულად განწყობილი ქვეყნის ლიდერი, გასაკვირი არაფერი იქნებოდა, მაგრამ თუ ჩვენ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფილიპინები „ცივი ომის“ შემდეგ სწორედ ამერიკის მნიშვნელოვანი დასაყრდენი იყო აზიაში, ფილიპინების პრეზიდენტის ეს განწყობა მიგვანიშნებს, როგორი ძვრების მოლოდინშია დღეს გაყურსული მსოფლიო. გამოდის, რომ პუტინთან „საჩივლელად“ და მისი მფარევლი კალთის სათხოვნელად მიდიან არა მარტო რადიკალები და ანტიამერიკული რეჟიმები, არამედ ისიც კი, ვინც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ამერიკის დასაყრდენად ითვლებოდა?!

რაც შეეხება რუსეთის გავლენას, რომელიც სულ უფრო მზარდია და თუ გავითვალისწინებთ რუსეთის როლს სირიაში, რამდენად ადვილი იქნება მისთვის ამ კონფლიქტიდან გამოსვლა?

- რუსეთსარ აქვს დალხინებულად საქმე. სირიაში და ახლო აღმოსავლეთში კი გვევლინება რუსეთი 2016 წლის ტრიუმფატორად, მაგრამ რეალურად მას არ აქვს საკმარისი რესურსები, რომ ფართომასშტაბიანი ბრძოლა აწარმოოს, იგივე ტერორიზმის წინააღმდეგ, რაც რუსეთშივე სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. რუსი ექსპერტები ამბობენ, რომ რუსეთისთვის არ იქნება მარტივი სირიის ოპერაციიდან გამოსვლა და არ გამორიცხავენ, რომ სირია ავღანეთის მსგავს ხაფანგად იქცეს.

ასეთი იოლი არ არის ახლო აღმოსავლეთში სხვადასხვა ტერორისტულ დაჯგუფებებთან გამკლავება. ისევე როგორც ერაყის ოპერაციის შემდეგ, ისლამური სამყაროს მთელი აგრესია ამერიკისკენ იყო მიმართული, ასეთივე ძალით რადიკალური ისლამის მთელი აგრესია ახლა ირაზმება რუსეთის წინააღმდეგ. ეს რუსეთისთვის უნდა იყოს სერიოზული შეშფოთების საგანი.

რუსეთის ელჩის მკვლელობას აღფრთოვანებით შეხვდა ბევრი ისლამური ქვეყანის მოსახლეობა, რუსეთის საელჩოების წინ იმართება მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები, რომელშიც არა მხოლოდ რიგითი მოქალაქეები, არამედ ზოგ შემთხვევაში, პარლამენტის წევრებიც მონაწილეობენ. რუსეთი დგას იმ საშიშროების წინაშე, რომ ამერიკის შემდეგ ახლა ის გამოაცხადდეს ისლამის მტრად, რაც მსოფლიოში ფეხმოკიდებული ტერორიზმის ფონზე ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება რუსეთისთვის.

ამ გამოწვევების ფონზე, რადენად საინტერესო იყო 2016 წელი საქართველსთვის?

- შეიძლება ითქვას, 2016 წლიდან ქვეყანა უდანაკარგოდ გამოვიდა, რაც არ არის მცირე მნიშვნელობის ფაქტი. მომავალ წელს საქართველოს ტაქტიკა უნდა იყოს ერთდრულად ძალიან ფრთხილი და მოზომილი. პროცესების მუდმივი დაკვირვების და ანალიზის რეჟიმში უნდა ვიყოთ, რათა დროულად შევძლოთ საფრთხეების პრევენცია, რამდენადაც ეს ჩვენს შესაძლებლობებში იქნება.

უნდა ვემზადოთ ყველა შესაძლო სცენარისთვის. ტრამპის ადმინისტრაციასთან აქტიური ურთიერთობებიც ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. მოვლენათა განვითარების არც ერთი ვარიანტი არ უნდა გამოირიცხოს ტრამპის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებიდან და ხასიათიდან გამომდინარე: არც ის, რომ ამერიკა რეალურად დათანხმდეს რუსეთის გავლენების გაფართხოებას ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეზე და არც ის, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციები რუსეთის მიმართ რაღაც პერიოდის შემდეგ, შეიძლება გახდეს გაცილებით ხისტი და მიზნად დაისახოს რუსეთის გავლენების შემცირება ყველა იმ მიმართულებით, სადაც ამერიკამ ერთმანეთზე მიყოლებით დათმო პოზიციები ობამას პრეზიდენტობის პირობებში.

როგორი უნდა იყოს ასევე, საქართველოს საგარეო პოლიტიკური აქტივობები მომავალ წელს?   

- მნიშვნელოვანია ჩინეთთან და ირანთან ურთიერთობის  ინტენსიფიკაცია. საქართველო უნდა იქცეს ღერძულ სახელმწიფოდ, რომელზეც გაივლის სავაჭრო, ფინანსური, ენერგეტიკული და კულტურული ნაკადები. რაც უფრი მეტი დიდი ქვეყნის ინტერესში იქნება საქართველოს უსაფრთხოება, მით უფრო დაცული იქნება საქართველო. ამ მხრივ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩინეთი და ირანი საქართველოსთვის რესურსია.

რაც შეეხება ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს...

- საქართველო მართლაც საინტერესო ღერძული სახელმწიფოა რეგიონში, სწორედ ამ გადმოსახედიდან ბევრისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველო იყოს მისი პარტნიორი ქვეყანა, ან იყოს მისი გავლენის სფეროში. ამიტომ, მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ხელისუფლების აქტიურობა ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობაში.

ამ საქმიანობაში წარმატებას ვუსურვებ საქართველოს ახალ ელჩს ამერიკაში, დავით ბაქრაძეს, რომელსაც ყველაზე რთულ პერიოდში უწევს მოღვაწეობა, მასზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ამიტომ, საკუთარი ქვეყიდან მხარდაჭერა, რა ფორმითაც ეს შესაძლებელია, დღეს ყველაზე მეტად სჭირდება. როგორ გადაალაგებს თავის პოლიტიკას დონალდ ტრამპი, ასევე რამდენად გაიზრდება რუსეთის გავლენა არა მარტო ევროპაში, არამედ აზიაში, ამაზე იქნება დამოკიდებული არა მარტო საქართვლოს, არამედ მსოფლიოს მომავალი.