რატომ არ გაისტუმრა საქართველომ რუსეთის ვალი დღემდე და როგორ მოახერხა, ჰქონდეს სომხეთის დავალიანება

რატომ არ გაისტუმრა საქართველომ რუსეთის ვალი დღემდე და როგორ მოახერხა, ჰქონდეს სომხეთის დავალიანება

საქართველოს საგარეო ვალი 2010 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, ამერიკულ დოლარებში სამი მილიარდ 872 მილიონ 124 ათასს შეადგენს, ეროვნულ ვალუტაში კი – ექვსი მილიარდ 812 მილიონ 265 ათასს. აქედან მრავალმხრივი კრედიტორების (მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია; მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი; ევროგაერთიანება; სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი; საერთაშორისო სავალუტო ფონდი; ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი; აზიის განვითარების ბანკი; ევროპის საინვესტიციო ბანკი) ორი მილიარდ 788 მილიონ 881 ათასი აშშ დოლარი გვმართებს. ორმხრივი კრედიტორების, ანუ ცალკეული ქვეყნებისადმი დავალიანება 600 მილიონ აშშ დოლარამდეა. ეს ქვეყნებია: ავსტრია (688 ათასი აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (14 მილიონ 243 ათასი აშშ დოლარი), თურქმენეთი (211 ათას 371 აშშ დოლარი), თურქეთი (30 მილიონ 76 ათასი აშშ დოლარი), ირანი (11 მილიონ 137 ათასი აშშ დოლარი), რუსეთი (117 მილიონ 438 ათასი აშშ დოლარი), სომხეთი (16 მილიონ 974 ათასი აშშ დოლარი), უზბეკეთი (355 ათასი აშშ დოლარი), უკრაინა (324 ათას 624 აშშ დოლარი), ყაზახეთი (27 მილიონ 774 ათასი აშშ დოლარი), ჩინეთი (4 მილიონ 505 ათასი აშშ დოლარი), გერმანია (222 მილიონ 49 ათასი აშშ დოლარი), იაპონია (57 მილიონ 301 ათასი აშშ დოლარი), ქუვეითი (26 მილიონ 457 ათასი აშშ დოლარი), ნიდერლანდები (8 მილიონ 823 ათასი აშშ დოლარი), ამერიკა (35 მილიონ 264 ათასი აშშ დოლარი), საფრანგეთი (6 მილიონ 191 ათასი აშშ დოლარი). ამას გარდა, სახელმწიფო გარანტიით გერმანიის სამი მილიონ 456 ათასი აშშ დოლარიც გვმართებს და იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრ ლადო გურგენიძის ინიციატივით აღებული ნახევარი მილიარდი დოლარიც ევრობონდების სახით.

2010 წლით ბიუჯეტით საგარეო ვალის მომსახურებისთვის, დაახლოებით, 95 მილიონი აშშ ვალი გვქონდა გამოყოფილი. 2011 წელს საგარეო ვალის მომსახურებისთვის 124 მილიონი აშშ დოლარის გაღება მოგვიწევს; 2012 წელს – უფრო მეტის, კერძოდ, 275 მილიონი აშშ დოლარის; 2013-ში კი ეს თანხა 770 მილიონ დოლარს გადააჭარბებს. ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ 2013 წელს საგარეო ვალის მომსახურებისთვის კიდევ ერთი ვალის აღება მოგვიწევდა, მაგრამ გაირკვა, რომ დაახლოებით ამ ოდენობის საგარეო ვალის აღება უკვე მომავალ წელსვე იგეგმება. ექსპერტ გია ხუხაშვილთან ერთად შევეცდებით იმის გაგებას, აქვს თუ არა ჩვენს ეკონომიკას ჩვენს საგარეო ვალებზე სწრაფად ზრდის პერსპექტივა.– თავისთავად, ვალის აღება არ არის სახიფათო მოვლენა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ვალების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩაიდო ინფრასტრუქტურაში, რასაც ჯერჯერობით ჩვენთვის ის დივიდენდები არ მოუტანია, რომ ვალიც გადაგვეხადა და შემოსავალიც გვენახა. რა გამოდის, იმ გზას დავადექით, როდესაც უკვე ყოველ წელს მოგვიწევს ახალ-ახალი ვალების აღება ძველების გადასაფარავად?

– როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ქვეყანაში ყველაფერი ფინანსური პირამიდის პრინციპით იმართება.

მაგრამ ხომ ვხედავთრაც მოუვიდა ფინანსური პირამიდის პრინციპის გამო „ცენტრ პოინტს“?

– რა თქმა უნდა. ფინანსური პირამიდის პრინციპი კერძო საქმიანობაში გარკვეულ ავანტიურას უკავშირდება, მაგრამ, როგორც ჩანს, ავანტიურიზმისგან არც საქართველოს ხელისუფლებაა შორს, თუმცა მე ვიზიარებ თქვენს აზრს, რომ საკუთრივ ვალის აღებაში ცუდი არაფერია. ვალი ყველა ქვეყანას აქვს, უბრალოდ, მთავარია, გაქვს თუ არა ამ ვალების მომსახურების რესურსი, რამდენად არის ჩვენი ეკონომიკა ამ ვალის გადამხდელი?! ამ მხრივ ტენდენცია უარყოფითია. ეკონომიკა არა თუ არ ვითარდება, გარკვეულწილად, იკუმშება. ქვეყანაში დამატებითი ღირებულების შექმნის პროცესი, ფაქტობრივად, ჩავარდნილია და ეს კიდევ უფრო ამძიმებს არსებულ სურათს. შესაბამისად, დღეს ჩვენი საგარეო ვალი უკვე ბიუჯეტის ადეკვატურია და ეს უკვე ისეთი პარამეტრია, რაც შეიძლება, დეფოლტის წინაპირობად ჩაითვალოს.

თუმცა ამბობენრომთუ საგარეო ვალი არ აჭარბებს მთლიანი შიდა პროდუქტის 60 პროცენტსსახიფათო არ არისოჩვენი საგარეო ვალი კი ჯერჯერობით ამ მაჩვენებელს არ აჭარბებს?

– კი ბატონო, ვიმეორებ, საგარეო ვალის ეს ოდენობა სახიფათოა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ტენდენციებიდან გამომდინარე. 2012 წელს კიდევ უფრო დამძიმდება მდგომარეობა, მაგრამ საქმე ის არის, რომ დღეის მდგომარეობით სოციალური რისკები იმდენად მაღალია და იმდენად დაბალია თვითონ ამ ვალების გამოყენების ეფექტურობა, რომ ჩვენ შეიძლება, 2012 წლამდე სერიოზული რყევების მოწმე გავხდეთ. მით უმეტეს, რომ ამას ემატება ბევრი გარე პოლიტიკური ფაქტორიც. სიტუაცია დრამატულია, თუმცა ჯერჯერობით არ არის აპოკალიპსური. 2011 წელს ჩვენ შევძლებთ ამ ვალდებულების გასტუმრებას, მაგრამ მაღალი სოციალური რისკების ფონზე არ არის გამორიცხული, რომ 2012 წელს მნიშვნელოვანი რყევები დაიწყოს და არა მხოლოდ ვალების გამო, არამედ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

ხომ არსებობს რაღაც ზღვარი ვალების აღებისასმით უფრორომ გვაქვს პრეცედენტებიროდესაც ხელისუფლებას ვალი სოციალური ვალდებულებების გასასტუმრებლად გამოუყენებიარაც ეკონომიკისთვის ფულის გადაყრას ნიშნავს?

– ეკონომიკური თვალსაზრისით, ჩვენ არ გვაქვს პრეცედენტი, რომ ვალები ეკონომიკური მიზნებისკენ იყოს მიმართული. ეს ვალები მიდის სოციალურ სფეროში და ეს მართლაც გადაყრილი ფულია, რადგან ეს ფული არ ბრუნავს, არ ქმნის დამატებით ღირებულებას. ვალების ხარჯვის მეორე მიმართულებაა ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც ირიბად ეკონომიკურ პროცესს უკავშირდება, მაგრამ რეალურად ეს ფულის მიწაში ჩადებას ნიშნავს და, შესაბამისად, ის ინფრასტრუქტურა თავისთავად დამატებით ღირებულებას ვერ შექმნის. ამდენად, გამოდის, რომ მთელი ვალი, ფაქტობრივად, ამოდის ბრუნვიდან და ირეცხება, არ ხდება შემოსავლების წყარო, რაც შეიძლება, მოემსახუროს ამ ვალების გადახდას. აი, ასეთი მანკიერი წრეა შექმნილი. ჩემი აზრით, ქვეყანას 2008 წლიდან დღემდე კიდევ ერთი შანსი ჰქონდა საიმისოდ, რომ ამ მხრივ სიტუაცია გაუმჯობესებულიყო.

რას გულისხმობთ?

– უზარმაზარი რესურსი მივიღეთ არა მხოლოდ ვალების, არამედ გრანტის სახითაც, მაგრამ ეს ფული, ფაქტობრივად, მთლიანად გავანიავეთ და არ შევეცადეთ, რომ ამ ფულით თევზის ჭერა გვესწავლა.

თანხის რაღაც ნაწილის ხარჯვა ხომ მომცემების მიერ კონტროლდებოდა?

– ეს ძალიან სუსტი კონტროლია. ჩვენ ასეთი კონტროლის ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს და ხშირად ეს კონტროლი ეჭვებსაც აჩენს. თანხის გარკვეული ნაწილი მართლაც კონტროლდებოდა, მაგრამ ეს იყო ძალიან მცირე ნაწილი. ამასთან, ბუნდოვანი იყო ამ თანხის ხარჯვის მიზნობრიობაც. გავიხსენოთ, 500 მილიონი დოლარის ევრობონდები.

თქვენც არ იცითრაზე დაიხარჯა ის ნახევარი მილიარდი დოლარი?

– ეს ვერავინ გაარკვია. მეორე მხრივ, ამ ვალის ამღებმა და გამფიარებელმა ბანკი იყიდა ამის შემდეგ. ძალიან მაინტერებს, რით იყიდა ის ბანკი?! აი, ასეთი სიტუაციაა დღეს. რაც შეეხება პერსპექტივას: ვერ ვიტყვი, რომ ამ ერთ და ორ წელიწადში რაღაც კატასტროფული მოხდება, თუნდაც, იმიტომ, რომ, მოგეხსენებათ, ქვეყნის გაკოტრებულად გამოცხადება დღევანდელ სამყაროში, ფაქტობრივად, არ ხდება, რადგან ყველაფერი ურთიერთკავშირშია და მოგებული ამით არც კრედიტორი რჩება. ვხედავთ საბერძნეთისა და პორტუგალიის მაგალითებზე, რომ დღეს გლობალიზებული ეკონომიკური სისტემებია და კრიზისის დროს იწყება ვალების რესტრუქტურიზაცია, გადავადებები, ახალი დახმარებები, თუმცა ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, თუ რა პოლიტიკური სტატუსი ექნება საქართველოს 2012 წლისთვის. ესეც ძალიან ბუნდოვანი საკითხია. ჩვენ სად ვიქნებით ამ დროს?

ჩვენი ვალის ბედიც რუსეთსა და აშშ-ში არჩევნებზეა დამოკიდებული?

– რა თქმა უნდა, პოლიტიკური ფაქტორები მონაწილეობას იღებს ამ პროცესში და 2012 წლის ვალების მომსახურების პერსპექტივა პირდაპირაა დაკავშირებული იმასთან, თუ რა მოხდება 2012 წელს საქართველოში პოლიტიკურად. რა მიმართულებას აიღებს ქვეყანა საბოლო ჯამში.

თუ ისევ იქ დავრჩითსადაც ვართმოგვცემენ დამატებით ვალსთუ – არა?

– მე არ ვიცი, დღეს ჩვენ სად ვართ.

მგონიჯერჯერობით იქ ვართსადაც დასავლეთი ვალს ჯერ კიდევ გვაძლევს.

– სამწუხაროდ, იქ აღარ ვართ. დასავლეთისგან გარკვეული დისტანცირება მოხდა და ჩვენ სულ უფრო და უფრო გაგვიჭირდება ამ სტატუსის შენარჩუნება. რასაც არ უნდა გვეუბნებოდეს ჩვენი პროპაგანდა, რომ ჩვენ უპირობო მხარდაჭერით ვსარგებლობთ, ეს ნამდვილად არ არის ასე არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური გაგებით. ხელისუფლებამ გამოავლინა თავისი ბუნება. ნახეთ არა, რეიტინგი, სადაც დემოკრატიის თვალსაზრისი, 103-ე ადგილზე ვართ?! მართალია, ხელისუფლება გეგმავს ახალი ვალების აღებას, მაგრამ ეს არ იქნება მარტივი, როდესაც ძველი ვალდებულებები გაქვს დასაფარი და ქვეყანაში ეკონომიკური პროცესი არ მიდის ისე, რომ გადახდისუნარიანობის იმიტირება მაინც მოახდინო. არის მეორე საკითხიც: რუსეთი, რა თქმა უნდა, ყველანაირად შეეცდება, რომ ეს უფსკრული ჩვენსა და დასავლეთს შორის რაღაცნაირად გააღრმაოს. რუსეთი ფიქრობს, რომ საბოლოოდ საქართველო მათი ლუკმაა და შეეცდება, აქეთ წაიყვანოს პროცესები. დასავლეთსაც უკვე მობეზრდა უძღები შვილის გამოკვება, თან ისე, რომ ჩადებული ინვესტიციებიდან ვერაფერი მიიღოს, ვერც ეკონომიკური და ვერც ფუნქციონალური თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ხელისუფლებას ძალიან რთული პერიოდი ელოდება.

იმას ამბობთრომ შესაძლოაახალი ვალი არ მოგვცენ?

– ეს მომენტი, ჩემი აზრით, უკვე დადგა. გამიკვირდება, რომ ვინმემ მნიშვნელოვანი ვალი მოგვცეს.

არც აღმოსავლეთის ქვეყნები?

– შეიძლება, მოვახერხოთ და პოლიტიკური ვალები ავიღოთ აღმოსავლეთიდან ან პოსტსაბჭოთა სივრციდან, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი ახალ პოლიტიკურ რისკებთან იქნება დაკავშირებული, რასაც რუსეთი ძალიან კარგად გამოიყენებს. ავიღოთ, თუნდაც, ირანის ფაქტორი. ირანმა შესაძლოა, ორი მილიარდი დოლარი მოისროლოს საქართველოში, მაგრამ ჩვენ ხომ გვესმის, როგორია ეს ფული?! ეს ფული წვავს და მასზე ხელის მოკიდება არ შეიძლება. ამან შეიძლება, გამოიწვიოს უზარმაზარი რყევები, რითაც რუსეთი აუცილებლად ისარგებლებს დასავლეთის გავლენის პრობლემის გადასაწყვეტად საქართველოში და თავისი კონტროლის დასამყარებლად. მართალია, დღეს ჩვენთან არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ფულს სუნი არ აქვს, მაგრამ ფულს სუნი აქვს და ასეთი თანხისთვის ხელის მოკიდება არ შეიძლება. როდესაც კრედიტში მაღალია პოლიტიკური კომპონენტი, ეს ქვეყანას დამოუკიდებლობას აკარგვინებს, რადგან, ვინც იხდის, ის უკვეთავს მუსიკას. გვინდა, რომ არაბული ქვეყნები უკვეთავდნენ ჩვენთან მუსიკას?! მაშინ ეს ფუნდამენტური არჩევანია.

თუ პრეზიდენტის გამოსვლებით ვიმსჯელებთსინგაპურიზაცია არის არჩევანიარა?

– არ ვიცი, არ მგონია, რომ ქართული საზოგადოება აკეთებდეს არჩევანს სინგაპურიზაციაზე.

ტურიზმი სახელდება დიდი შემოსავლის წყაროდეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ასე ითვლისთუ ქვეყანაში შემოვა მილიონი ტურისტი და დახარჯავს 1 000 აშშ დოლარსეს ათ მილიარდს მოუტანს ქვეყანასო?

– მინისტრი რომ არითმეტიკასთან მწყრალადაა, ეს უკვე გვაჩვენა, როდესაც თქვა, სამი ევრო ხუთი ლარია და თბილისიდან ბათუმამდე 160 კილომეტრიაო. ამის პოლიტიკური ანგარიში კიდევ შემიძლია, გავიგო, მაგრამ, როდესაც ეკონომიკის მინისტრი ვალუტის კონვერტაციისას 30-პროცენტიან ცდომილებას გვაძლევს, მანძილთან მიმართებაში კი – 50-პროცენტიანს?! თუმცა არ გვიკვირს, როდესაც პოლიტიკოსები მომავალი კეთილდღეობის სურათებს გვიხატავენ, ეს მიღებული პრაქტიკაა, თუმცა ტურისტულ მექად საქართველოს გადაქცევას პირადად მე სკეპტიკურად ვუყურებ. ვინც მეტ-ნაკლებად ჩახედულია ამ საქმეში, მისთვის ეს ყველაფერი ღიმილის მომგვრელია.

მე არ მსმენიარომ ოპოზიციურ პარტიებს ჰქონოდეთ ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი კონკრეტული გეგმათქვენ თუ გინახავთ ასეთ გეგმა?

– ჩვენ გვაქვს არა ხელისუფლების, არამედ, ზოგადად, პოლიტიკური ელიტის პრობლემა. აქედან გამომდინარე, რა უნდა გითხრათ?! რაღაც გეგმები მინახავს, მაგრამ არა მწყობრი პროგრამა. ძირითადად, მინახავს ლოზუნგები, ლიბერალიზმთან შეკეკლუცება, მაგრამ ერთია კეკლუცი და მეორე – რეალობა.