სამინისტროებში დაწყებული ოპტიმიზაციის პროცესი იანვარში დასრულდება. ბრძანება, რომელიც თანამშრომლების გაფრთხილებას ითვალისწინებს, 2 დეკემბერს გამოიცა. ყველა უწყებას საკუთარი გეგმა აქვს - სამინისტროების უმეტესი ნაწილი ოპტიმიზაციას თანამშრომლების გათავისუფლების ხარჯზე, ნაწილი კი - ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების ხარჯეზე გეგმავს.
შტატების შემცირებას და თანამშრომელთა გათავისუფლებას არ გეგმავს ევროინტეგრაციის სამინისტრო. როგორც მინისტრი ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ უწყებას ადმინისტრაციულ ტექნიკურ ხარჯებთან დაკავშირებით მოუწევს შეკვეცა, ეს არ არის იოლი. თუმცა, მისი თქმით, ეს არის აუცილებელი. ვიქტორ დოლიძის უწყება 300 ათასი ლარის დაზოგვას აპირებს.
ბიუჯეტის ოპტიმიზაციას გეგმავს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, მაგრამ როგორც მინისტრი კახი კახიშვილი აცხადებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბიუჯეტის ოპტიმიზაცია იქნება პრიორიტეტულად კადრების შემცირების მიმართულებით. როგორც მინისტრმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ ოპტიმიზაციას შემცირებების გარეშე შეძლებენ.
„ჩვენ გვექნება ბიუჯეტის ოპტიმიზაცია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბიუჯეტის ოპტიმიზაცია იქნება პრიორიტეტულად კადრების შემცირების მიმართულებით. ბიუჯეტის ოპტიმიზაცია არ ნიშნავს კადრების შემცირებას. ყოველთვის ვუფრთხილდებოდით სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრებს, ისედაც ვცდილობდით, რომ ეკონომიურად დაგვეხარჯა, ასე რომ, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც შევძლებთ ოპტიმიზაციას ისე, რომ მტკივნეული გადაწყვეტილებები არ მივიღოთ, ვგულისხმობ საჯარო სამსახურებში შემცირებებს“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.
მთავრობის ინიციატივით, სამინისტროებში დაწყებული ოპტიმიზაციის პროცესი საკმაოდ რთულად მიმდინარეობს რეგიონალური განვითარების სამინისტროში და როგორც უწყებაში განმარტავენ, ოპტიმიზაციის პროცესი შემცირების ფონზე მიმდინარეობს. უკვე ცნობილია, რომ ოპტიმიზაცია რიგით თანამშრომლებთან ერთად შეეხება კულტურის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებსაც.
„საშტატო, პროგრამული თუ ადმინისტრაციული ოპტიმიზაცია იქნება თავად ცენტრალურ აპარატში, ყველა ამ მიმართულებით ხდება რეორგანიზაცია. რიგითი თანამშრომლების ხარჯზე ეს მხოლოდ არ მოხდება. საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირების საშტატო ერთეულების რეორგანიზაცია მოხდება და იანვარში დავასრულებთ ამ პროცესს“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
ადმინისტრაციული ხარჯები 10%-ით უკვე შეამცირა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ. ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, როგორც ყველა სამინისტროში, განათლების სამინისტროშიც შემცირდა ანაზღაურების ფონდი და სხვა ადმინისტრაციული ხარჯები.
„ჩვენ შემთხვევაში გადავწვყიტეთ საფუძვლიანად გადაგვეხედა სტრუქტურისთვის, რომელიც ახალ სტრატეგიაზე მორგებული ვერ იქნებოდა, რადგან ახალი სტრატეგია ახლა შეიქმნა. შესაბამისად, კონკრეტული განყოფილებები და მიმართულებებიც კი დავხურეთ, მაგრამ ზოგი სხვა მიმართულებით კადრებს ვამატებთ.
მაგალითად, რესურსცენტრებს ვაძლიერებთ, უფრო მეტი თანამშრომლები ეყოლებათ რესურცენტრებს განათლების მიმართულებით და ნაკლები თანამშრომლები ეყოლებათ იურიდიულის და აუდიტის მიმართულებით. 10% არის შემცირება ხარჯებში, ადამიანების რაოდენობა დაახლოებით 10-11%-ია, თუ არ ვცდები“, - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
თავდაცვის უწყების ბიუჯეტის 67% ხელფასებსა და ადმინისტრაციულ ხარჯებზე მოდის, ცვლილებების შემდეგ კი ეს პროცენტული მაჩვენებელი შემცირდება. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებით, გამოთავისუფლებული სახსრები სამხედრო პოტენციალის ამაღლებას მოხმარდება.
მისი თქმით, რეფორმის უმთავრეს მიზანს საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადების დონის ამაღლება წარმოადგენს და ოპტიმიზაცია სამხედრო მოსამსახურეების რიცხოვნობაზე არ აისახება. მისივე განცხადებით, ძირითადად, რეორგანიზაციის ფარგლებში ოპტიმიზაცია უწყებაში სამოქალაქო პერსონალს შეეხება.
მიმდინარე ოპტიმიზაციის ფარგლებში უკვე აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავენ და ასეთია სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის ყოფილი თანამშრომლები. როგორც შოთა მათითაიშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 21 დეკემბერს, დაახლოებით 100 თანამშრომლამდე გაუშვეს მარტო აღმოსავლეთ ბატალიონიდან, ხოლო დასავლეთ ბატალიონში 40 თანამშრომელი გაათავისუფლეს.
„მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის განცხადებით, ეს შეეხო მხოლოდ სამოქალაქო პირებს და ამას ოპტიმიზაცია დაარქვეს, მაგრამ ჩვენთან, სამოქალაქო პირებთან ერთად გაათავისუფლეს პოლიციის ოფიცრები და სამხედრო ოფიცრები. ეს იმას დააბრალეს, რომ შტატები იყო გაბერილი. ჩვენს ადგილებზე უკვე დაიწყეს სხვა კადრების დანიშვნა.
6-7 დეკემბერს საღამოს დაგვირეკეს სამსახურიდან, თქვენი შტატები უქმდება და დაელოდეთ, რომ სამსახურიდან გათავისუფლებული იქნებითო. 21 დეკემბერს კი, გამოგვიცხადეს, რომ გათავისუფლებულები ვართ. ჩვენი მოთხოვნაა, სასწრაფოდ აღგვადგინონ სამსახურებში, ან რამე ალტერნატივა შემოგვთავაზონ. ჩვენ უნდა მივმართოთ სასამართლოს და შემდეგ გადავწყვეტთ რა და როგორ იქნება“, - განაცხადა შოთა მათითაიშვილმა.
ანალიტიკოსები ოპტიმიზაციის აუცილებლობაზე საუბრობენ, მაგრამ არა შტატების შემცირების და თანამშრომელთა გათავისფლების, არამედ ადმინისტრაციულ ტექნიკური ხარჯების შეკვეცის ხარჯზე. როგორც ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, ამ საფეხურისთვის საუკეთესო ვარიანტია სასჯელაღსრულებისა და ევროიტეგრაციის სამინისტროების მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
„უმჯობესია, რომ არ დაზარალდნენ ადამიანები. რაც შეეხება ოპტიმიზაციას, ჯერ უნდა შეიცვალოს უწყების მუშაობის კონცეფცია, კონცეფცია უნდა აიგოს ისე, რომ იგივე, ან უკეთესი შედეგი იქნას მიღებული ნაკლები ძალისხმევით და ამის ხარჯზე მოხდეს კადრების შემცირება. თუ მუშაობის კონცეფცია ისეთივეა, როგორც ადრე იყო, იქ, რა თქმა უნდა, კადრების შემცირება თუნდაც საქმის გამო არ შეიძლება იმიტომ, რომ ამით საქმეს დაუშავდება.
აქ არის ერთი ნიუანსი - რატომ არ შეიძლება კადრების შემცირება ამ პირობებში. იმიტომ, რომ ქვეყანას ან უნდა ჰქონდეს ძალიან ადამიანთა დასაქმების დიდი რესურსი კერძო სექტორში და ამ ფონზე, უკვე პრობლემა არ არის კადრების შემცირება და რადგან ასეთი რესურსი კერძო სექტორში არ გავქვს, ბუნებრივია, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია, რომ ქამრების მოჭერა მოხდეს არა ადამიანების ხარჯზე, არამედ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების კუთხით“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ფიქრობს, რომ 10%-იანი შემცირება არა ბიუჯეტის, არამედ თანამშრომლების ხარჯზე, ნაადრევი და უფრო ემოციური გადაწყვეტილება იყო ვიდრე გონივრული ნაბიჯი. მისი თქმით, ასეთი მიდგომა ხანგრძლივი დავიდარობის წინაპირობაა. რადგან, არსებობს სასამართლო, სამსახურიდან დათხოვნილთა დიდი რაოდენობა, როგორც ჩაგრულნი მიმართავენ სწორედ სასამართლოს.
„ყველაზე უხერხეულ მდომარეობაში ჩადგებიან ის მინისტრები, რომლებიც სახლში გაძევებული პირების ხარჯზე აპირებენ ბიუჯეტის 10%-იან შემცირებას. იმ სტრუქტურებში, სადაც ხელფასის გარდა არსებობს დანამატი და პრემია, ვინმეს სახლში გაგდება, რბილად, რომ ვთქვათ არცთუ ჰუმანური ქმედებაა.
მოხარული ვარ, რომ ჩვენს მთავრობაში არიან ადამიანები და ასეთი აღმოჩნდნენ სასჯელაღსრულების და ევროინტეგრაციის მინისტრები, რომლებიც თვლიან, რომ შესაძლებელია საბიუჯეტო ხარჯების შემცირება ისე, რომ არ მოხდეს თანამშრომლების ტოტალური განდევნა, რაც, ვიმეორებ, ხანგრძლივი დავიდარობის საფუძველი იქნება. თუკი რაიმეს შემფასებელი შეიძლება იყოს ეს პროცესი, უპირველესყოვლისა ეს გახლავთ დღევანდელი მინისტრების მოქმედების გამოცდა“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
ანალიტიკოსის ზაალ ანჯაფარიძის განმარტებით, ვერ ჩამოყალიბდა ერთიანი მიდგომა იმასთან დაკავშირებით, კონკრეტულად რა იგულისხმება კადრების ოპტიმიზაციაში. მისი თქმით, თვითონ სახელწოდებიდან გამომდინარე, კადრები გულისხმობს ადამიანურ რესურსს, ოპტიმიზაცია კი - თანამშრომელთა ოპტიმალურ რაოდენობამდე მიყვანას.
„ის განცხადებები, რაც ჩვენ გვესმის ცალკეული მინისტრების მხრიდან (მაგალითად, განათლების მინისტრმა დაანონსა 250 თანამშრომლის განთავისუფლება, მეორე მინისტრი ამბობს, რომ ეს არ გულისხმობს კადრების გაშვებას), ცოტა არ იყოს გაუგებრობას წარმოქმნის. სასურველი იქნება, რომ მთავრობის წვერებმა ერთიანი პოზიცია ჩამოაყალიბონ, თუ რას გულისხმობს კადარების ოპტიმიზაცია. რეალურად, რაც ინფორმაცია მე მომდის, ეს პროცესი თავის თავში მოიცავს სამსახურიდან გარკვეული რაოდენობის ადამიანების გათავისუფლების“, - ამბობს ზაალ ანჯაფარიძე.
მისი თქმით, ამ პროცესში ჩნდება კითხვა - რატომ გახდა კადრების ოპტიმიზაცია საჭირო ახლა, როდესაც ამის გაკეთება შესაძლებელი იყო ადრე.
„თუ ისევ და ისევ მინისტრების განცხადებებს დავეყრდნობით, ისინი ამბობენ, რომ რაღაც კონკრეტულ უწყებებში არის გაბერილი შტატები. მაშინ ისმის კითხვა - ვისი პასუხისმგებლობაა, როდესაც სამსახურში მიიღო იმაზე უფრო მეტი თანამშრომელი, ვიდრე საჭირო იყო? ეს არის კითხვები, რაზედაც ჯერ-ჯერიბით ვერ ვიღებთ ადექვატურ პასუხს.
რა თქმა უნდა, ეს პროცესი გარკევულ სოციალურ დაძაბულობას აუცილებლად შექმნის. იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ-ჯერობით დასაქმების კუთხით ქვეყანაში საქმე კარგად არ გვაქვს. ბუნებრივია, ეს ადამიანები შეავსებენ უმუშევართა არმიას, ხელისუფლება როდის აამუშავებს თავის პროგრმას, რომელიც განკუთვნილია იმისათვის, რომ მოხდეს მოქალაქეების პროფესიონალური გადამზადება, რომ მათ უკეთ იპოვონ თავიანთი თავი შრომის ბაზარზე, ეს სავარაუდოდ მომავალ წელს ვერ მოხდება, შესაბამისად, სოციალური დაძაბულობის ფონი გაიზრდება“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.