თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პაატა ქარდავასა და დავით ცინდელიანის საქმეზე კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ხელმძღვანელი, რომან შამათავა დამნაშავედ იქნა ცნობილი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ნაწილში. რაც შეეხება განზრახ მკვლელობას, მოსამართლემ აღნიშნული მუხლი განზრახ მკვლელობის მუხლში გადააკვალიფიცირა და ორივე ეპიზოდზე შამათავას 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ამნისტიის შესახებ კანონის თანახმად, მას სასჯელის ვადა შეუმცირდა და საბოლოოდ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რომან შამათავას მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ, ბრალდების მხარე სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
რომან შამათავას ბრალდების საქმის პროკურორი გიორგი კავსაძე ვარაუდობს, რომ მოსამართლემ განზრახ მკვლელობის მუხლი იმის გამო გადააკვალიფიცირა, რომ ვერ იქნა ნაპოვნი, როგორც პაატა ქარდავას, ასევე დავით ცინდელიანის ცხედრები.
„ჩემი აზრით, იმის გამო, რომ ვერ იქნა ნაპოვნი გვამები და არ არის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რაც დაადასტურებდა გარდაცვალების მიზეზს, ამის გამო მოსამართლემ ეს არა დამთავრებულ დანაშაულად, არამედ მცდელობად ჩათვალა.
ფაქტი არის ის, რომ დადასტურდა რომან შამათავას მიერ პაატა ქარდავასთვის და დავით ცინდელიანისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, რის შემდეგაც მან როგორც ქარდავა, ასევე ცინდელიანი ბათუმში ჩასვა ნავში, გაიყვანა ზღვაში, საკონტროლი გასროლით მოკლა ისინი და კვალის წაშლის მიზნით მათი ცხედრები ზღვაში გადაყარა“, – განაცხადა გიორგი კავსაძემ.
მოსამართლის გადაწყვეტილებას, გარდაცვლილების ახლობლების პროტესტი მოჰყვა. ახლობლები მიიჩნევენ, რომ კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ხელმძღვანელისთვის შეფარდებული 8-წლიანი პატიმრობა საკმარისი სასჯელი არაა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან ჩაიდინა.
მოკლული პაატა ქარდავას შვილი, ქრისტინა ქარდავა აცხადებს, რომ დაზარალებულები უვადო პატიმრობას ელოდნენ.
„ასეთ ჯალათს როგორ უნდა მიუსაჯონ 8 წელი, ვერ ვხვდები. ველოდით უვადო პატიმრობას. ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ. ვაპირებთ ამ განაჩენის გასაჩივრებას და თუ სამართალი ამქვეყნად არსებობს, ეს ადამიანი უნდა დაისაჯოს მაქსიმალურად. მჯეროდა სასამართლოს ობიექტურობის, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ დღეს ეს შედეგი ვერ მივიღეთ“, – განაცხადა ქრისტინა ქარდავამ.
დღის ბოლოს თბილისის საქალაქო სასამართლომ განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ იმ გარემოებათა გათვალისწინებით, საქმეში ვერ იქნა წარმოდგენილი დაზარალებულთა გვამები, შესაბამისად, სიკვდილის გამომწვევი მიზეზის დამდგენი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ასევე ვერ იქნა ამოღებული და შესწავლილი დანაშაულის ჩადენის იარაღი, მასრები და გულა, რითაც შესაძლოა გამოწვეული იყო გარდაცვალება, წარდგენილი ბრალი გადაკვალიფიცირდა და პირის მსჯავრდება მოხდა დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის.
„სასამართლომ კვალიფიკაცია შეუცვალა ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის პაატა ქარდავას ეპიზოდში წარდგენილ ბრალდებას, ვინაიდან მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა თავდაპირველად წარდგენილი ბრალის შემადგენლობა, შესაბამისად შამათავას მსჯავრი დაედო თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებისათვის, ჩადენილი სხვა დანაშაულის გაადვილების მიზნით. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
რომან შამათავას ადვოკატის გია გოროზიას განცხადებით, სასამართლომ დღევანდელი გადაწყვეტილებით, დაადგინა, რომ რომან შამათავას, პაატა ქარდავასა და დავით ცინდელიანის მკვლელობა არ ჩაუდენია. როგორც გოროზიამ აღნიშნა, სასამართლომ დაადგინა, რომ შამათავამ სცადა აღნიშნული პირების მკვლელობა, თუმცა ადვოკატი მიიჩნევს, რომ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებაც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
„ვფიქრობთ, რომ არავითარი მტკიცებულება არ იყო ამ შემთხვევაში. გაურკვეველია, რა მტკიცებულებებით დაადგინა აღნიშნული გარემოება მოსამართლემ, ჩვენ სასამართლო პროცესებზე როგორც ჩვენი მოწმეების, ასევე ბრალდების მოწმეებით დავადასტურეთ, რომ აღნიშნული პირები, ვისზეც არის საუბარი, ქარდავაზე და ცინდელიანზე, იმყოფებოდნენ იმ პერიოდში აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ჩვენი აზრით, დღესაც იქ იმყოფებიან. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მკვლელობის მცდელობა არავითარ მტკიცებულებებს არ ეყრდნობა“, – განაცხადა გია გოროზიამ.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოში 10 დღის ინტერვალით, იმ მოტივით, რომ რომან შამათავას ხელთ არსებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, პაატა ქარდავა და დავით ცინდელიანი თითქოსდა თანამშრომლობდნენ აფხაზეთის სეპარატისტულ სამსახურებთან, შამათავას დავალებით კუდ-ის თანამშრომლებმა დათო ცინდელიანი და პაატა ქარდავა ჩაიყვანეს ბათუმში, ყოფილი გემთმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე, მოათავსეს კატარღის ბორტზე და გაიყვანეს ზღვაში, რითაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.
გამოძიებით დადასტურებულია, რომ რომან შამათავამ, უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირებს, რომლებსაც ახვეული ჰქონდათ თვალები, თან ნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან თავში ერთჯერადი გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით ქარდავას და ცინდელიანს მოაბა კატარღის ღუზა და ზღვაში გადააგდო.