რუსთაველის გამზირზე 26 მაისს, მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაშავებულთა და დაკავებულთა შორის ერთ-ერთი, 72 წლის იგორ პატარიძე ”ობიექტივთან” საუბრისას დარბევის დეტალებს და ”ნაცმოძრაობაში”აქტიურობის პერიოდს იხსენებს.
იგორ პატარიძე 2004-2008 წლებში პარლამენტარი იყო. ამბობს, რომ ”ნაცმოძრაობის” წევრია, დაფუძნების დღიდან და ამ ორგანიზაციიდან ოფიციალურად დღემდე არავის გაურიცხია და არც თავად გაუკეთებია ოფიციალური განცხადება, პარტიის დატოვების შესახებ.
იგორ პატარიძეს სხეულის სხვადასხვა დაზიანებებთან ერთად ტვინის შერყევა აქვს მიღებული. მას საკუთარ სახლში ვესტუმრეთ და ვესაუბრეთ. მისგან შევიტყვეთ, რომ რუსთაველის გამზირზე, აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად სპეცრაზმელებმა სასტიკად სცემეს ცნობილი ქართველი მხატვარი, ემირ ბურჯანაძე, რომელიც 74 წლისაა.
სად იდექით დარბევის დაწყებისას?
იგორ პატარიძე: ტრიბუნაზე. მე ვარ 1956 წლის ამბების მონაწილე,1989 წლის 9 აპრილს მოწამლული და ამავდროულად, მოწამლულთა კომიტეტის წევრი. წარსულის გამოცდილებიდან ვიცოდი, რომ სპეცრაზმელები, რაც არ უნდა ჭკვიანურად მოქცეულიყვნენ, მსხვერპლი მაინც იქნებოდა.
ნინო ბურჯანაძეს ე.წ. რესპირატორი მიაწოდეს, ირაკლი ბათიაშვილი უკეთებდა, მაგრამ ”ხალხს არ უკეთია, არც მე გავიკეთებო”, - თქვა და მოიგლიჯა. შემდეგ მისი დაცვაც იგივეს გაკეთებას ცდილობდა და მაინც მოიხსნა - ის რესპირატორიც არ გაიკეთა. ჩემს თვალწინ, რაც ხდებოდა, იმას გეუბნებით.
როცა ტრიბუნას მოადგნენ, ნონას ხელი მოვკიდე, კიბეზე უნდა ჩამოვსულიყავით. სხვათა შორის, დაცვა არ ჰყავს. 25-ში მანიფესტაცია პირველი არხიდან პარლამენტისკენ, რომ დაიძრა, ნონა ჩამორჩა, ფეხი სტკივა; მე უკან მოვდევდი. სულ დაავიწყდათ ნონა. სინამდვილეში ნონა იყო ”სახალხო კრების” თავმჯდომარე.
ვის დაავიწყდა ნონა გაფრინდაშვილი?
- არ ვიცი, ჩამორჩა, უკან ჩამოვრჩით. შემდეგ მანქანაში ჩავსვი, პარლამენტთან მივიყვანე და ვუთხარი - მე თქვენთან ბოლომდე ვიქნები-მეთქი.
დარბევის ღამეს ტრიბუნასთან რაღაც ტალღა იყო, საფეხურიდან უცებ დაბლა ჩავხტით. მაშინ მომხვდა თავში. თუ რა მოხდა, ვერ გეტყვით, ნონაზე ხელი გამეშვა და მჭიდრო ჭეჭყვაში აღმოვჩნდი. ყოფილი მხატვრის სახლის წინ ხომ ტრიბუნა იყო?! ჰოდა, იმის უკან მოვხვდი. ვიცქირებოდი, ნონას ვეძებდი; ვერც წინ მივდიოდი და ვერც უკან. გავიხედე და ტალღამ აქეთ გადმოაგდო. სპეცრაზმელები უკვე ცემა-ტყეპით მოდიოდნენ. იქით წადით-მეთქი, - ჩემი ვინც იყო, იმათ ვუყვიროდი. თან კიდევ ვიხრჩობოდი, აღარ შემეძლო, ასაკშიც ვარ. უცებ, ტრიბუნის ერთ მხარეს წყლის ძლიერი ჭავლი მოუშვეს, რომელმაც ეტყობა სპეცრაზმელებიც დააფრთხო.
ისინი, რომ გაიქცნენ, დრო ვიხელთე, მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, ჩემს წინ 3-4 ადამიანი წაიქცა; ტირილი, ყვირილი ატეხეს - ”ვაიმე ვკვდებიო”. ხელი მოვკიდე, ვცდილობდი წამოდგომაში დავხმარებოდი და სპეცრაზმელებიც მომადგნენ. მგონი მაშინ დამარტყეს თავზე. ეს ზუსტად აღარ მახსოვს, ტკივილს ვერ ვგრძნობდი. თან უკვე გაზი იყო გაშვებული.
კინო ”რუსთაველის” შესასვლელი ჩამსხვრეული იყო - მინები ალბათ, ტყვიებმა და წყლის ჭავლმა ჩაამტვრია. იქ რომ შევვარდი, ხალხი მაღლა, კიბეებზე გარბოდა. იქვე ერთი კარი ღია იყო, შევედი, შუქი ენთო, ონკანი იყო, რაღაც სამზარეულოსავითაც ჰქონდა. იქ პატარა ბიჭი იჯდა, თანამშრომელი მეგონა, მაგრამ მითხრა თანამშრომელი არ ვარო.
ცხვირიდან სისხლი მომდიოდა, თვალები მეწვოდა, ონკანთან მივედი და სახე დავიბანე. მაშინ აღმოვაჩინე თავზე ეს ორი დიდი კოპი. იმ წუთას თავი არ მტკიოდა. ხალხი რომ წაიქცა და მეც მათთან ერთად, სახეზე ხელი მივიფარე და ეს 3 ტყვია მარჯვენა ხელზე და თავში, ეტყობა მაშინ მომხვდა. ახლოდან ისროდნენ, ერთი-ორი მეტრიდან.
ვზივარ იმ ოთახში და ამ დროს ჩემი ნაცნობი კაცი შემოვიდა - ემირ ბურჯანაძე. არქიტექტორია, ასაკით ჩემზე უფროსი. თქვენც აქა ხართ-მეთქი?!
ცნობილი მხატვარი, ემირ ბურჯანაძე?
- დიახ. დაჯექით-მეთქი. ერთი რბილი სკამი იყო და მეორე მაგარი. მე რბილ სკამზე ვიჯექი, ავდექი და ადგილი დავუთმე. ცოტა ხნის შემდეგ კარი გამოვაღე. ეს მანამდეც გავაკეთე, ეგებ როგორმე გავიდე შენობიდან-თქო. ზემოდან ვიღაც ჩამოვიდა, შეიძლება დირექტორი იყო; ”კარი გავაღე და გადითო”, - ეს მე მითხრა და კიდევ ორ-სამ კაცს. ჩამოვედი, გავიხედო-მეთქი და ამ დროს 3-4 სპეცრაზმელი შემოვარდა. გამოვტრიალდი, ისევ პატარა ოთახში შევედი და ჩემთვის დავჯექი. მეგონა ვერ დამინახეს. ცოტა ხანში შემომყვნენ.
ჩაფხუტიანი სპეცრაზმელები იყვნენ?
- არა. წამოდექითო და წამოვდექით. უხეში ლაპარაკი რომ დაიწყეს, რა გინდათ? წაყვანა თუ გინდათ, წამოვალთ, წინააღმდეგობის გაწევა ჩვენ არ შეგვიძლია; ისედაც გვირტყეს რუსთაველზე და ბოლობოლო დამნაშავეები ხომ არ ვართ-მეთქი? - ვუთხარი.
ასეთი მშვიდი საუბარი იყო?
- ახლა ვყვები მშვიდად. იქიდან გამოგვრეკეს და გვიბრძანეს ”დაბლა დაწექითო”. კარგით ბატონო, დავწვებით-მეთქი, - მივუგეთ. იმხელა ახმახები იყვნენ, რა უნდა გვექნა?! კი ბატონო, შემიკარით ხელები-მეთქი. ”არაო”, - მითხრა და ძირს დამაგდო; ”უკან გადატრიალდიო” და ხელებზე ისე მომიჭირა, რომ მაჯა დღემდე დაბუჟებული მაქვს. აი, მარცხენა ხელზე ყვითელ ზოლადაც მეტყობა.
შეგიძლიათ ტანსაცმელი ნახოთ რა დღეშია. ფეხები ჩალურჯებული, რომ მაქვს, ხელკეტი ეტყობა მაშინ ჩამარტყეს. მე ვუთხარი - ბიჭო, რაღას გვირტყამ, კაცი არა ხარ, ქართველი არა ხარ?! ხედავ ხელებშეკრულები ვართ და ძირს დაგდებულებს როგორ გვირტყამ-მეთქი.
რას გეუბნებოდნენ ცემის დროს?
- გვაგინებდნენ. მერე გარეთ გაგვიყვანეს. იქ იყო მანქანა, რომელსაც ღია საბარგული აქვს.
ე.წ. პიკაპი?
- დიახ. ხელები ხომ უკან გვქონდა გადაგრეხილი?! გვითხრეს ნიკაპი მანქანაზე ჩამოდეთო. ემირ ბურჯანაძე გამოიყვანეს, ის პატარა ბიჭიც და კიდევ ვიღაც მოხუცი. 8 თუ 9 კაცი ვიყავით. წვიმდა. ესენი ხის გვერდზე დააწვინეს. ამ საწყალ ბურჯანაძეს სისხლი მოსდიოდა, მხოლოდ თვალები უჩანდა. მოვტრიალდი და ერთ-ერთ სპეცრაზმელს ვუთხარი - ბიჭო, ნახე ეს კაცი რა დღეშია, ხელები გამიხსენი და სადმე წავიყვან; ცემა გინდოდათ და უკვე გვცემეთ-მეთქი.
ამ დროს დაუჭერელი ხალხი, დაახლოებით 60 კაცი გამოჩნდა. ქვემოთ კორდონი იდგა. ერთი მაღალი სპეცრაზმელი დავინახე, ვიფიქრე ამას ვაჟკაცობა მაინც ექნება-მეთქი და ვუთხარი - ბიჭო, ახალგაზრდა ხომ ხარ?! ხომ მიდის ეს ხალხი?! გამიხსენი ხელები, ამ კაცს წავიყვან-მეთქი. ისიც ვუთხარი არქიტექტორია, ხომ ხედავ რა დღეშია-მეთქი. მეორე სპეცრაზმელმა ხელი მომკიდა - ”შენ რა აქეთ-იქით დადიხარ, დადექი, ნიკაპი მანქანაზე დადეო”.
იმ მაღალმა მე ხელები არ გამიხსნა, მაგრამ ეტყობა ექიმის მოსაყვანად წავიდა. შემდეგ გავიგე, რომ ემირ ბურჯანაძე საავადმყოფოში წაუყვანიათ. სამარშრუტო მიკროავტობუსები რომ არის, ისეთ მანქანაში შეგვყარეს; თან გაგვჩხრიკეს და გვითხრეს - ”ფანჯრები, რომ ჩაამტვრიეთ, იმაზე მიგვყავხართო”. პიჯაკის ჯიბეში დეპუტატის ძველი მოწმობა მედო, რომლის დანახვაზე ასეთი რეაქცია ჰქონდათ - ”ოოო, ეს დეპუტატი ყოფილაო”. ყოფილი დეპუტატი ვარ-მეთქი. ”ააა, შევარდნაძის დეპუტატი ხარო”... არა, რა უნდა გელაპარაკოთ, ვერაფერს დაგიმტკიცებთ-მეთქი.
სამმართველოში რომ მიგვიყვანეს, იქაურობა დაჭერილი ხალხით გავსებული იყო. წითელი ჯვრის გოგოები შემოვიდნენ. დაჭერილთაგან რამდენიმე წაიქცა, გული წაუვიდა. ერთმა თქვა შაქარი მაქვსო. მეც ვთხოვე - შვილო ხელი გამიხსენი, აქ ვარ და ხომ ვერსად გავიქცევი-მეთქი. გოგონებს ხელების გახსნა გაუჭირდათ. შემდეგ პოლიციელები გამოჩნდნენ, ერთს მაკრატელი ჰქონდა და გავაჭრევინე.
ეზოში იდექით?
- არა, სამმართველოს ჰოლში. იქ სამი სპეცრაზმელი სპეციალურად ამოვიდა. ვიღაცას ისე ურტყეს, სიკვდილის პირას მიიყვანეს. ბევრი ხალხი იყო და ვინ სცემეს, ვერ დავინახე. შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, მურმან დუმბაძე სცემესო - დაჭერილი, ხელებშეკრული კაცი. მას ვიცნობ - ასლანის მმართველობის ბოლო პერიოდში, არჩევნების ჩატარებამდე აჭარაში ტრენინგებს ვატარებდი და მე მურმან დუმბაძის სახლში ვიყავი მიმაგრებული. მის ოჯახს ვიცნობ - ძალიან კარგი, ლამაზი ოჯახი აქვს და ძალიან დიდი წვლილიც მიუძღვის აჭარის ”ვარდების რევოლუციაში” და მით უმეტეს, ასლანის იქიდან გაძევებაში.
სამმართველოში ყოფნისას ვიღაცამ იკითხა - ”60 წლის ზემოთ ვინ ხართო?” მეც მივედი. შემდეგ გაირკვა, რომ იქ ყველაზე უფროსი მე ვიყავი.
რამდენი წლის ბრძანდებით?
- 72-ის გახლავართ. მეშვიდე სართულზე აგვიყვანეს, იქ პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი (გვარი ვერ დავიმახსოვრე) დაგვხვდა; ძალიან კულტურულად დაგვიწყეს ლაპარაკი - ”დაბრძანდით, თქვენ გაგიშვებთო”. ეზოში სხვა მხრიდან ჩამოგვიყვანეს, წვიმდა. დაბლა კიდევ ვერ გაერკვნენ. ჩვენი მონაცემები ჩაიწერეს, 30-ნი ვიყავით. ჩვენ გამოგვიშვეს. სამმართველოსთან დაჭერილი ხალხით სავსე ავტობუსები იყო მოყენებული. სულ ვფიქრობდი, ვიღაცამ ისევ ავტობუსში არ აგვიყვანოს-მეთქი. სახლში გაწუწული ამოვედი. მარტო ვცხოვრობ, კარი ძლივს გავაღე. ტკივილს ვერ ვგრძნობდი...
როდის დატოვეთ ”ნაცმოძრაობა”?
- ამ პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი ვარ, დაფუძნების დღიდან. სხვათა შორის, საპროგრამო და საწესდებო კომისიის წევრიც ვიყავი და საბოლოო ჯამში, წესდება და პროგრამა მე და ვანო მერაბიშვილმა გავაკეთეთ. ოფიციალურად არ გამომიცხადებია ”ნაციონალური მოძრაობა” დავტოვე-მეთქი და არც არავის უთქვამს გარიცხული ხარო.
რომ გითხრათ, პირადად მე განაწყენებული ვარ-მეთქი, მართალი არ იქნება, რადგან დეპუტატობის შემდეგ აეროპორტის სამეთვალყურეო საბჭოში ჩამრთეს. საკმაოდ კარგი ხელფასი მქონდა, დაახლოებით პარლამენტარის ხელფასის ოდენა. სამსახურიც შემომთავაზეს. სამეთვალყურეო საბჭოდან ყოველთვიური ხელფასი პენსიასავით მომეცემოდა. სამეთვალყურეო საბჭო თვეში ერთხელ იკრიბება და ორგანიზაციის მიერ ბიუჯეტის შესრულებას, ან საჭიროების შემთხვევაში რაიმეს ყიდვა-გაყიდვის საკითხს განიხილავს.
შემეძლო ის ხელფასი ამეღო და ჩემთვის, ჭკვიანად ვყოფილიყავი, მაგრამ, ომი რომ მოხდა, რომელიც სამარცხვინოდ წავაგეთ, მაშინ ”პირველთან” ინტერვიუში ვთქვი, ხელისუფლება უნდა გადადგეს-მეთქი. ისიც დავაყოლე, ამ განცხადების შემდეგ სამსახურიდან დამითხოვენ-მეთქი. მხოლოდ მე კი არა?! სამსახური ჩემს ახლობლებსაც დაატოვებინეს.
რაიმე თანამდებობა გქონდათ ”ნაცმოძრაობაში”?
- პოლიტსაბჭოს წევრი ვიყავი. ”ნაცმოძრაობა”, რომ გაერთიანდა ”ბურჯანაძე დემოკრატებთან”, პოლიტსაბჭოს სხდომა ორჯერ ჩატარდა, მაგრამ არ დამიძახეს. მაშინდელ გენერალურ მდივანს, გიორგი არველაძეს ვკითხე - რაშია საქმე, მე აღარ ვარ პოლიტსაბჭოს წევრი-მეთქი?! და ”არა, ბატონო იგორ, ორი პარტიიდან ერთი პოლიტსაბჭო შევადგინეთო”. კი მაგრამ, როგორ შეადგინეთ, ყრილობამ ამირჩია-მეთქი?! და ”ეს პრეზიდენტმა გადაწყვიტაო”. ეგენი ყველაფერს პრეზიდენტს აბრალებდნენ.
მაგის უფლება პრეზიდენტსაც არა აქვს! პოლიტსაბჭოს ყრილობა ირჩევს; წესდება ჩემი დაწერილია და იქ მსგავსი არაფერი წერია-მეთქი. არველაძე გაწითლდა, გაყვითლდა და არაფერი მიპასუხა.
2007 წლის ნოემბრის ცნობილი გამოსვლების დაწყებამდე, უმრავლესობის ერთ-ერთ შეკრებაზე პრეზიდენტს ვუთხარი - ხალხი თქვენ პატივს გცემთ, ბევრ კარგ რაღაცას ხედავს, მაგრამ თქვენი გარემოცვა ავტორიტეტს გიფუჭებთ-მეთქი. ”თქვენ ხართ ჩემი გარემოცვაო”, - მომიგო. მე უფრო ვიწრო გარემოცვაზე ვლაპარაკობ-მეთქი.
ოქრუაშვილის განცხადებების შემდეგაც ველაპარაკე პრეზიდენტს და ეს საუბარი ხალხის თანდასწრებით შედგა - ოქრუაშვილმა თქვენზე, რომ თქვა ”მშიშარააო”, ეგ რომ არ ეთქვა, შეიძლებოდა სხვა რამეებიც დამეჯერებინა-მეთქი. მართლაც, მე რომ სააკაშვილის მოქმედებები მაქვს ნანახი - მთავრობის წევრებს კორუმპირებულებს მაშინ ეძახდა, როცა ადამიანის სიცოცხლე სადღაც 500-600 დოლარი ღირდა; თავისუფლად შეიძლებოდა ქილერი დაექირავებინათ.
მაგრამ სამარცხვინოდ წაგებული ომი და იმის შემდგომი სურათებიც ვნახე. ადამიანი ღმერთი არ არის, ყველას აქვს თავის სუსტი მომენტები, მაგრამ როდესაც მთავარსარდალი ხარ, მაშინ მობილიზება იმდენად უნდა შეძლო, რომ ეს სისუსტე არ შეგეპაროს.
ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი დანაშაული რა არის იცით?! - ლაჩრების სპეციალური ორგანიზაცია რომ შექმნეს, აი ეს - ხელებშეკრულს, რომ კაცი ურტყამს, ის არის ლაჩარი. ერთ ლაჩარს ავიტანთ, მაგრამ ლაჩრების სპეციალური ორგანიზაციის შექმნა დანაშაულია.