„შესასწავლია, ჯიჰადისტურმა მოძრაობამ რა ხერხებით ჩაიგდო უზარმაზარი ტერიტორია ფულითა და იარაღით“

„შესასწავლია, ჯიჰადისტურმა მოძრაობამ რა ხერხებით ჩაიგდო უზარმაზარი ტერიტორია ფულითა და იარაღით“

„შესასწავლია, თუ რატომ მოხდა სირიაში ჯიჰადისტური მოძრაობის ასეთი გაძლიერება, როგორ მოხდა მათი შეიარაღება და რა ხერხებით ჩაიგდო ამ ხალხმა უზარმაზარი ტერიტორია ფულითა და იარაღით“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში ექსპერტი სოსო ზაალიშვილი.

ექსპერტთა ნაწილის აზრით, სირიის მოვლენებმა მთლიანად რეგიონისა და საქართველოს როლი შეცვალა. აქედან გამომდინარე, ალეპოში კავკასიის უსაფრთხოების ბედიც წყდება. თუ აქამდე, ყველაფრის მიუხედავად, ნატოს მთავარ დასაყრდენად მაინც თურქეთი ითვლებოდა, ამიერიდან შეიძლება ნატოსთვის საქართველოს როლიც გაიზარდოს.

- ექსპერტთა ამ ნაწილს არ დავეთანხმები. საქართველოთი თურქეთის ჩანაცვლებაზე საუბარი არარეალურია და უფრო პირიქით ხდება. საქართველოს ნელ-ნელა უკანა პლანზე გადაწევა, საერთაშორისო პოლიტიკიდან მისი ამოგლეჯვა და გაუვნებელყოფა მიმდინარეობს. ალეპოსთან დაკავშირებით გუშინ „ფოქს ნიუსზე“ კონგრესის ყოფილმა თავმჯდომარემ - ნიუთ გინგრიჩმა, რომელიც ჯერ კიდევ რეიგანის დროიდან ამერიკის სინდისადაა მიჩნეული და „რესპუბლიკური პარტიის“ კონსერვატორული ფრთის ერთ-ერთ ფუძემდებლად და მამად ითვლება, განცხადება გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ალეპოსთან მიმდინარე პროცესები შესასწავლია. შესასწავლია ისიც, რატომ მოხდა სირიაში ჯიჰადისტური მოძრაობის ასეთი გაძლიერება, როგორ მოხდა მათი შეიარაღება და რა ხერხებით ჩაიგდო ამ ხალხმა უზარმაზარი ტერიტორია ფულითა და იარაღით. აქ პირდაპირ საუბარია იმაზე, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის დროს აბსოლუტურად გადაიხედება აგრესიულ ისლამთან, ანუ ჯიჰადისტებთან ურთიერთობა, გადაიხედება მთლიანად რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობა.

საქართველოში ტრამპის გამარჯვებას არავინ ელოდა, გუშინდელ დღემდეც მიიჩნევდნენ, რომ ამომრჩეველთა კოლეგია ტრამპს არ მისცემდა ხმას. ჩვენ ერთი ნაბიჯით ჩამოვრჩით მსოფლიოში განვითარებულ ახალ ტენდენციებს, როგორც გეოპოლიტიკურ, ასევე, სამხედრო-სადაზვერვო ტენდენციებს. ტენდენციები კი მდგომარეობს შემდეგში, ამერიკისა და რუსეთის ჰეგემონობით მსოფლიო ჯიჰადიზმის წინააღმდეგ განახლებული რესურსებით ჩაერთვება. თავიდანვე, როცა ტრამპმა საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატურა წამოაყენა, მაშინვე აღნიშნა, რომ ის ითანამშრომლებდა რუსეთთან, ისრაელთან, იორდანიასა და ეგვიპტესთან აგრესიული ტერორიზმის, ანუ ჯიჰადიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. გამარჯვების შემდეგ ტრამპმა წარადგინა ორი კანდიდატი - ჯეიმს მეტისი თავდაცვის მდივნად, რომელიც ძალზე აგრესიული ადამიანია ჯიჰადისტების მიმართ და მაიკლ კლინი ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელად, რომელიც, აგრეთვე, აგრესიულია ჯიჰადისტების მიმართ. მისი შვილი ავღანეთში ჯიჰადისტებთან ბრძოლაში დაიღუპა 2003 წელს. ხომ წარმოგიდგენიათ ამ კაცის დამოკიდებულება აგრესიული ისლამის მიმართ.

გავითვალისწინოთ ისიც, რომ ერთი კვირის წინ ისრაელის საგარეო დაზვერვის უფროსი, „მოსადის“ უფროსი იოსი კოენი ჩავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, შეხვდა ტრამპის ზემოთაღნიშნულ გუნდს, უსაფრთხოებისა და თავდაცვის განხრით და მათ მოითათბირეს, ამერიკამ და ისრაელმა როგორ უნდა მოახდინოს სინქრონულად ჯიჰადისტებთან ბრძოლა, სირიის პრობლემის მოგვარება, ირანის ბირთვული პროგრამის გადაწყვეტა, ტერორიზმთან ბრძოლა და უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობა. ასეთ სიტუაციაში ვინმე თუ კიდევ ფიქრობს, რომ საქართველოს რაიმე როლს მიანიჭებენ, საეჭვოა. ეს არის უპასუხისმგებლო მოქმედება გარკვეული ექსპერტებისა და მრჩევლების მხრიდან, რომლებიც თვლიდნენ, რომ ჰილარი კლინტონი გაიმარჯვებდა. ამიტომაც საქართველომ თავისი მთელი საგარეო ურთიერთობის ხაზი ააწყო ჰილარი კლინტონის გუნდის გამარჯვებაზე, ანუ სოროსის მიერ დაფინანსებული საარჩევნო შტაბის გამარჯვებაზე.

ჩვენთვის საბედნიეროდ და მათთვის სამწუხაროდ, ჰილარი კლინტონი დამარცხდა და გაიმარჯვა ტრამპმა, რომელსაც აბსოლუტურად სხვა შეხედულება აქვს მსოფლიო ახალ წესრიგთან დაკავშირებით.

თუკი გავითვალისწინებთ, რომ ალეპოში კავკასიის უსაფრთხოების ბედი წყდება, რუსეთ-თურქეთ-ირანის მოლაპარაკების შემდეგ შესაძლოა, ხაფანგში აღმოჩნდეს საქართველო?

- შესაძლოა, საქართველო ხაფანგში აღმოჩნდეს. გავითვალისწინოთ ტრამპის დამოკიდებულება ყირიმთან მიმართებით. მან თქვა, იმ ხალხს არ უნდა უკრაინასთან ცხოვრება და მათ სურთ რუსეთთანო. დავამატოთ ისიც, რომ ევროპის საგარეო ურთიერთობათა კომისარი ფედერიკა მოგერინი რუსეთს ტრამპის წინააღმდეგ გაერთიანებას ეხვეწება. იქ ირანის ბირთვულ პროგრამასთან მიმართებითაა საუბარი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ტრამპი გააუქმებს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დადებულ ხელშეკრულებასო. რუსეთი ამას არ დათანხმდება, იმ შემთხვევის გარდა, თუ ევროპა არ მოუხსნის სანქციებს და არ ცნობს ყირიმს რუსეთის ტერიტორიად. დავუმატოთ ამას ისიც, რომ ბერლინის ტერაქტის შემდეგ, სადაც 12 ადამიანი დაიღუპა და 50-მდე დაშავდა, იმავე საფრანგეთში მიმდინარე პროცესები და მთლიანად ევროპაში შექმნილი სიტუაცია განსხვავებულია. ევროპის ჰეგემონ ქვეყნებში ძირითადად იმარჯვებენ „მემარჯვენეები“ და რუსეთის საერთაშორისო იზოლაციის მომხრე ძალები მარცხდებიან. მაშინ, როცა ყირიმის დამოუკიდებლობის ცნობაზეა საუბარი, როგორ წარმოგიდგენიათ, აფხაზეთის და შიდა ქართლის დამოუკიდებლობა ვიღას ახსოვს? საქართველოზე საერთოდ არ ლაპარაკობენ.

ევროპა მუდამ პასიური იყო და ეს გასაკვირი არცაა. დღესაც ევროპა უფრო საკუთარ პრობლემებშია ჩაფლული. ამას აშშ-ში გარდამავალი პერიოდი ემთხვევა. ამით ხომ არ სარგებლობს რუსეთი და იმაზე მძლავრად ხომ არ იჭრება თუ ბრუნდება ახლო აღმოსავლეთში, ვიდრე თუნდაც საბჭოთა კავშირის პერიოდში?

- ჩემი აზრით, აქ გარდამავალი პერიოდი არაფერ შუაშია, ეს იყო ამერიკის წინა ადმინისტრაციის უსუსური პოზიცია. ასეთი უსუსური პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი აშშ-ს არ ჰყოლია მთელი მისი არსებობის განმავლობაში. იმდენი შეცდომა დაუშვეს ბარაკ ობამამ და ჰილარი კლინტონმა ახლო აღმოსავლეთში, რომ თუნდაც ისრაელი გადაიკიდეს. 2012 წელს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ღიად უჭერდა მხარს მიტ რომნის, ხოლო 2016 წელს ღიად გამოდიოდა დონალდ ტრამპის მხარდასაჭერად. ასეთი რამ ამერიკის ისტორიაში არ მომხდარა. არ ყოფილა ასეთი რამ, რომ ჯერ კიდევ ძალაში არშესული პრეზიდენტის უსაფრთხოების გუნდს „მოსადის“ ხელმძღვანელობასთან ჩაეტარებინა თათბირი. ეს ნონსენსია, სხვა ქვეყნის სპეცსამსახური გიტარებდეს თათბირს უსაფრთხოების საკითხებში. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ მთლიანად კომპრომეტირებულია ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო. სამი დღის წინ „ფოქს ნიუსმა“ დადასტურებული ცნობა გაავრცელა იმის შესახებ, რომ ობამას ადმინისტრაციის დროს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ლიბიიდან სირიაში ჯიჰადისტებს აწვდიდა იარაღს. ეს ზუსტად ის პერიოდია, როცა მათი ელჩი მოკლეს. ამ ფონზე ამერიკის დემოკრატებისა და სოროსისტების უსუსურობა იქამდე მივიდა, რომ ისინი ამბობენ, რუსეთმა გააყალბა არჩევნებიო. თქვენ წარმოგიდგენიათ, აშშ-ში თუ შეუძლია პუტინს არჩევნები გააყალბოს, მაშინ რამხელა ფიგურა ყოფილა.

არ იზიარებთ მოსაზრებას, რომ ევროპა-ამერიკის მინავლების ფონზე რუსეთი მძლავრად დაბრუნდა ახლო აღმოსავლეთში?

- ამ აზრს ვიზიარებ, რომ რუსეთი მძლავრად არის დაბრუნებული, მაგრამ ამის მიზეზია ობამას ადმინისტრაციის დიდი შეცდომები და ჯიჰადისტების მხარდაჭერა. მეორე მსოფლიო ომის დროს ყველამ იცოდა, რომ კომუნიზმი საშინელი უბედურება იყო, მაგრამ იმდენად საშინელი უბედურება მოვიდა ევროპაში ფაშიზმის სახით, რომ მოკავშირეებს მოუწიათ სტალინის დაფინანსება და მხარდაჭერა, რათა დაემარცხებინათ ფაშიზმი. დაახლოებით ასეთივე სიტუაციაა დღეს მსოფლიოში. ისეთი საშინელებაა ისლამური ტერორიზმი, ამასთან შედარებით პუტინი ანგელოზია. ასე ხედავს მსოფლიოში ყველა ნორმალური ადამიანი ამ საკითხს.

თუმცა ალეპოში ბავშვების ხოცვა ძალიან მძიმე ბრალდებაა. მსოფლიოში ვერ გაურკვევიათ, ან კიდევ თავს იტყუებენ, ვინ არის ამ დანაშაულის მთავარი ფიგურანტი - ტერორისტები, რომლებიც ქალაქს არ თმობენ, თუ .. განმათავისუფლებები, რომლებიც ტერორისტებისგან წმენდნენ ქალაქს?!

- მაგალითად, ბელგიაში სამი-ოთხი დღის წინ დაიჭირეს 5-დან 9 წლამდე ასაკის 17 ბავშვი, რომლებიც საახალწლოდ აპირებდნენ თავის აფეთქებას და ტერორისტული აქტის განხორციელებას ევროპის დედაქალაქებში. დიდი ხნის განმავლობაში ალეპო ჯიჰადისტების ერთ-ერთი მთავარი საყრდენი იყო, სადაც ტერორისტებს შეყვანილი ჰყავდათ თავიანთი ოჯახები, ცოლები, შვილები, ბებიები, დეიდები, ბაბუები. მათ ასეთი მეთოდი აქვთ, ამოეფარებიან ამ ბავშვებს. ასე ხდებოდა ჩეჩნეთში, იქ ვიყავი და მახსოვს ასეთი ფაქტები. ზუსტად ამავეს აკეთებდნენ ღაზას სექტორშიც, სკოლებიდან უშვებდნენ რაკეტებს. სკოლიდან რაკეტას რომ გესვრის კაცი, ბოლოს და ბოლოს, ესვრი ამ სკოლას. ზუსტად ასეთი სიტუაციაა ალეპოში. გასაგებია, ბავშვების ხოცვა საშინელებაა, მაგრამ ამაში დამნაშავეა ჯიჰადისტი და არა ის, ვინც ამ ბავშვს ესვრის, რადგან ბავშვს კი არ ესვრიან, არამედ ესვრიან რაკეტას, რომელსაც თურმე იმ შენობიდან ისვრიან, სადაც ბავშვია დამალული.

ფაქტია, რუსეთი ამ სისასტიკეში ადანაშაულებს ვაშინგტონს და, პირიქით, ვაშინგტონის ბრალდება რუსეთისკენაა მიმართული.

- ეს ამბავი დამთავრდება. აუცილებლად კონგრესში შეიქმნება კომიტეტი ან კომისია, რომელიც შეისწავლის ამ ფაქტებს. ამერიკა დემოკრატიული ქვეყანაა და ეს ამ არჩევნებმაც დაადასტურა, მიუხედავად იმისა, სოროსს იქ რისი გაკეთებაც უნდოდა. სოროსმა ნახევარი მილიარდი დოლარი დახარჯა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ამერიკა საქართველო არაა, არც რუსეთია და არც აზერბაიჯანი. ეს ნამდვილი დემოკრატიული ქვეყანაა. კონსერვატორი ბლოგერები აშშ-ში წერენ, რომ ძალიან დიდი ფულის გათეთრება ხდებოდა სწორედ კლინტონების ფონდიდან. როგორ ხდება ეს გათეთრება? გადარიცხე დახმარება უკრაინაში, წამოვიდა ეს ფული უკან, გადარიცხე ფული საქართველოში, წამოვიდა ეს ფული უკან. მიხვედი საქართველოს ხელისუფლებასთან და უთხარი, ჩვენ ვიგებთ არჩევნებს და ქართველი ექსპერტებიც, რომლებიც ძირითადად სოროსისანი არიან, გარწმუნებენ, თითქოს ჰილარი კლინტონი იგებს არჩევნებს. ამდენად, შენ თუ არ შეიტან თანხას ჰილარი კლინტონის საარჩევნო გუნდში, მაშინ რომ მოიგებს კლინტონი, შენზე იტყვის, რომ რუსეთის აგენტი ხარ. ასეთი მეთოდით ხდებოდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ძარცვა. ასევე, ევროპის ახალი დემოკრატიის ქვეყნების ძარცვაც. მთელი ლათინური ამერიკის ქვეყნები გაძარცვეს. 200 მილიონი დოლარი მარტო მაროკოს სულთანს აქვს შეტანილი. ეს ამერიკელებს მერე უკან უბრუნდებათ, ამერიკელების მიმართ ზიზღია მთელ მსოფლიოში. ამ დროს ამ ხალხს მართლა აქვს კარგი რამეები გაკეთებული. თუნდაც საბჭოთა კავშირის დაშლა, მეორე მსოფლიო ომში ეგენი რომ არ ყოფილიყვნენ, რუსები ვერ მოიგებდნენ ომს.

სხვათა შორის, ალეპოსთან დაკავშირებითაც ინტერნეტში უკვე მერამდენედ გავრცელდა ფოტოები - „ეს არის ქალაქი ალეპო 2012 წლამდე“, ანუ სანამ .. არაბული გაზაფხული მოვიდოდა და მანამდე ნორმალური სიტუაცია იყო.

- რა თქმა უნდა, ეს ვინ გააკეთა? ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ბაშარ ალ ასადის ხელისუფლებაში მოსვლა ჰილარი კლინტონის მასწავლებლის მადლენ ოლბრაიტის დამსახურებაა. ბაშარ ასადის მამა რომ გარდაიცვალა, მადლენ ოლბრაიტი ჩაფრინდა სირიაში, შეხვდა ასადს, არსებობს ამის კადრებიც, როცა ოლბრაიტს გამოჰყავს ასადი და ამბობს, ეს კაცი ძალიან კარგი და ჭკვიანია და ის იქნება სირიის პრეზიდენტი.

თუმცა, საბოლოო ჯამში, „ეს კაცირუსეთის დასაყრდენად იქცა...

- რუსეთის დასაყრდენად იქცა, მაგრამ რუსები ჩაერივნენ ამ ომში წელიწადნახევრის წინ, მანამდე არ ერეოდნენ. ამერიკელებმა უბედურება რომ დაატრიალეს, ტერორისტების საბოგინო გახდა სირია, საქართველო გადაიქცა კორიდორად, თურქეთში უბედურება ხდებოდა და ჩრდილო კავკასია შეიძლება აფეთქებულიყო, მერე ჩაერია რუსეთი. თორემ რუსეთს ომი უნდოდა? ისედაც ეკონომიკა რა დღეში ჰქონდათ იმ დროს.

თუმცა ზესახელმწიფოებრიობის მისაღწევად და მსოფლიოში თავისი ჰეგემონობის დასადასტურებლად რუსეთს აწყობდა სირიის კონფლიქტში ჩარევა. „ნაციონალებისყოფილი თავდაცვის მინისტრი, ამჟამად საქართველოს ატლანტიკური გამგეობის თავმჯდომარე დავით სიხარულიძე ამბობს, რომ სირიაში უზარმაზარი ნეგატიური როლი შეასრულა რუსეთის დახმარებამ და ეს არის მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების დიდი მცდელობა.

- დავით სიხარულიძე თავის გამოსვლაში პირდაპირ ეწინააღმდეგება ამერიკის კონგრესის ყოფილ თავმჯდომარეს-ნიუთ გინგრიჩს. სიხარულიძის გამოსვლა პირდაპირ უნისონშია ამერიკელი „მემარცხენე“ ლიბერალების საუბართან. ზუსტად იმავეს ამბობს, რასაც იტყოდა ჯონ პოდესტა, ჰილარი კლინტონის შტაბის ხელმძღვანელი, რომელიც ირწმუნება, რუსებმა წაგვაგებინეს არჩევნებიო.

ფიქრობთ, რომ ალეპოში ვითარება ოდესმე განიმუხტება და მშვიდობიანობა დაისადგურებს?

- სიტუაცია მანამდე არ დარეგულირდება, სანამ ტრამპის ინაუგურაციიდან, ანუ 20 იანვრიდან არ დაიწყება სპეციალური გეგმის შემუშავება სირიასთან მიმართებით.

და ამ გეგმაში პუტინის წილიც სოლიდური იქნება?

- დიახ, რუსეთს ექნება ძალიან სოლიდური წილი. ისრაელი იქნება ყველაზე ახლო მოკავშირე, მეორე ადგილზეა რუსეთი, შემდეგ - იორდანია და ეგვიპტე.

და ბოლოს, თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობა ვის წინააღმდეგ იყო მიმართული? პუტინი ამბობს, რომ ერთადერთი პასუხი იქნება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება. ეს შეიძლება აღვიქვათ რუსეთ-თურქეთის დაპირისპირების მცდელობად?

- რა თქმა უნდა, ეს იყო მცდელობა იმ პროექტის წინააღმდეგ, რომელსაც ხელი მოეწერა რუსეთ-თურქეთს შორის. საუბარია 15 მილიარდიან გაზსადენის პროექტზე, რომელიც უნდა აშენდეს შავი ზღვის ქვეშ. ეს იწვევს იმას, რომ გერმანიას ერთმევა ევროპაში გამანაწილებლის ერთადერთი როლი. ანუ გერმანიასთან ერთად ევროპაში რუსული გაზის გამანაწილებელი ხდება თურქეთიც. ეს არ აწყობს არც ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს, არც ევროპის ქვეყნებს. ირანული გაზი, რომელზეც დიდი წარმოდგენა ჰქონდა ევროპას, ვეღარ შევა ევროპაში. ირანი გადაკეტილია აზერბაიჯანიდან, ირანი გადაკეტილია წითელი ზღვიდან, რადგან არაბეთის ქვეყნებთან აქვს პრობლემა. ყოველ შემთხვევაში, დაუკითხავად ვეღარ შევა ირანული გაზი, მოუწევთ ისევ რუსეთიდან შეტანა. აქედან გამომდინარე, ეს პროექტი არც ევროპას აწყობდა და არც ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს, რომლის სერიოზული რეფორმაც ცოტა ხანში დაიწყება, რადგან ისინი კორუფციაში არიან ჩართულნი.