თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა „ჯეიშ ალ-ფათჰის“ შეიარაღებულმა კოალიციამ აიღო, რომლის რიგებშიც შედის „ჯებჰათ ფათჰ აშ-შამის“ ექსტრემისტური დაჯგუფება. გამოცემა „ალ-იაუმ ას-საბიას“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, სირიაში მოქმედი ექსტრემისტული დაჯგუფების განცხადებაში ნათქვამია, რომ ანკარაში ჩადენილ მკვლელობაზე პასუხისმგებლობას თავად იღებენ.
თავის მხრივ, ანდრეი კარლოვის მკვლელობაში თურქეთი ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციას ადანაშაულებს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ჯონ კერისთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ანდრეი კარლოვის მკვლელობის უკან ფეთჰულა გიულენის ტერორისტები დგანან, ცნობილია როგორც თურქეთისთვის, ასევე რუსეთისთვის.
მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადების მიუხედავად, ოფიციალური მოსკოვი თურქეთის განაცხადებას, როგორც მტკიცებულებას არ ღებულობს. ოფიციალური მოსკოვი მიიჩნევს, რომ საჭირო არ არის ნაადრევი დასკვნების გაკეთება. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ ძალიან ადრეა იმის თქმა, ვინ დგას ელჩის მკვლელობის უკან.
„ოფიციალური მოსკოვი მიიჩნევს, რომ უნდა დაველოდოთ საგამოძიებო ჯგუფის შედეგებს, რომელიც მუშაობას გუშინ ანკარაში შეუდგა. არ არის საჭირო ნაადრევი დასკვნების გაკეთება ვიდრე გამოძიება არ დაადგენს თუ ვინ დგას ჩვენი ელჩის მკვლელობის უკან“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.
ანდრეი კარლოვის მკვლელობის შემდეგ მოძრაობა „ჰიზმეთის“ წინააღმდეგ დაწყებული კამპანია გააკრიტიკა თავად ფეთჰულა გიულენმა, რომელმაც ადვოკატების მეშვეობით გაკეთებულ განცხადებაში ტერორისტულ აქტს შემზარავი და ვერაგული მკვლელობა უწოდა. მისი განცხადებით, ეს თავდასხმა, ორი ქვეყნის დაპირისპირების მიზნით განხორციელებული ტერორისტული აქტია.
„ამ საშინელი და ვერაგული ტერორისტული აქტის შემდეგ, ზოგიერთმა პოლიტიკოსმა, ზოგიერთმა ე.წ. მედიის წარმომადგენელმა და ზოგიერთმა სოციალური მედიის მომხმარებელმა შავი პროპაგანდისტული კამპანია წამოიწყეს და ამ საშინელი ტერორისტული აქტის ბატონი გიულენისა და მოძრობა „ჰიზმეთის“ წარმომადგენლებთან დაკავშირებას ცდილობენ.
ჩვენ ამ ცილისწამებას კატეგორიულად უარვყოფთ და მსოფლიოს წინაშე ვაცხადებთ: ვინც არ უნდა იყოს ამ ტერორისტულ აქტში წვლილის შემტანი, დამგეგმავი და ბრძანების გამცემი, მიუკერძოებელი და ობიექტური გამოძიების შედეგად უნდა გამოვლინდეს და კანონის წინაშე დაისაჯოს“, - ნათქვამია ფეთჰულა გიულენის განცხადებაში.
გუილენი ამავე განცხადებაში აღნიშნავს, რომ უნდა მოხდეს დადგენა ასევე იმ პირების, ვინც ელჩის მკვლელობაში ბრალდებულს სამსახურში აყვანის რეკომენდაცია გაუწია, გარდა იმისა, იმ ადამიანების, ვისთანაც მას შემთხვევამდე ჰქონდა კონტაქტი. გიულენი ამბობს, რომ თურქეთის ხელისუფლება უსაფრთხოების ზომების მიღების დროს გამოვლენილი ხარვეზების გადაფარვის მიზნით დანაშაულის სხვაზე გადაბრალებას ცდილობს.
აღსანიშნავია, რომ თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც მოძრაობა „ჰიზმეთს“ და მის ხელმძღვანელს ფეთჰულა გიულენს ტერორისტულ ორგანიზაციად აცხადებს. ამ დრომდე გიულენი და მისი ორგანიზაცია შეყვანილი არ არის საერთაშორისო ტერორისტა სიაში. მეტიც, გიულენის ორგანიზაციის არსებობის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ ამ ორგანიზაციის წევრებს პოლიტიკური მკვლელობა ჩაედინათ. შესაბამისად, ანალიტიკოსები თვლიან, რომ თურქეთი ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ცდილობს გადაფაროს თავისი სისუსტე.
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ლაშა ძებისაშვილი ამბობს, რომ ჰიპოტეტურადაც კი შეუძლებელია გიულენის ორგანიზაცია შეფასდეს როგორც ტერორისტული ორგანიზაცია, ვინაიდან ამ ორგანიზაციის არსებობის მანძილზე არ განხორციელებულა არც ერთი ტერორისტული აქტი, რომელიც პირდაპირ დაკავშირებული ყოფილიყო გიულენის ორგანიზაციასთან.
თუ არ ჩავთვლით 15 ივლისის გადატრიალების მცდელობას, რომელთანაც გიულენის კავშირი, გარდა თურქეთის ხელისუფლების განცხადებებისა, მტკიცებულებით ამ დრომე ოფიციალურად არ დასტურდება. მისივე თქმით, მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში ამერიკის მთავრობა გიულენის ექსტრადირებას აუცულებლად განახორციელებდა.
„რაც შეეხება საკუთრივ ელჩის მკველებას, ცოტა უცნაურად ჟღერს, როდესაც მკვლელობიდან რამდენიმე წუთში განცხადება, რომ ადამიანი, რომელმაც ელჩი მოკლა გიულენის ორგანიზაციის წვერია. ნებისმიერი ტერორისტული აქტი ემსახურება რაღაცა მიზანს, ამ შემთხვევაში ძალიან მიჭირს დავაკავშირო ელჩის მკვლელობა და გიულენის ორგანიზაციის მიზანი, რომელიც ამჟამად გადარჩენაზეა გადასული. ამიტომ, ნაკლებად მგონია, რომ კავშირი ჰქონდეთ ამ მკვლელობასთან“, - აცხადებს ლაშა ძებისაშვილი.
ექსპერტი ფიქრობს, რომ ელჩის მკვლელობა პირდაპირ კავშირშია ალეპოსთან, რადგან ალეპო არ იყო მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის ადგილი. ალყაში მოქცეული მოსახლეობის ნაწილიდან, ძალიან ბევრი რადიკალური ისლამისტური ჯიჰადისტური ორგანიზაციის წევრი იყო.
„ბოლო წლების განმავლობაში, თურქეთი ძალიან აქტიურად თანამშრომლობდა ასეთ ორგანიზაციებთან. თურქეთში საკამაოდ ბევრია ამ იდეოლოგიის მატარებელი ადამიანი. ის, რაც ხდება ალეპოში, ხალხში გამოიწვია პროტესტი, რომ თურქეთმა აქტიური ნაბიჯი არ გადადგა ამ ძალადობის შესაჩერებლად. ამიტომ, სადაც მიუწვდებოდათ ხელი, იქ განახორციელეს ძალადობა. ეს იყო ტერორისტული აქტი, რომელიც უკავშირდება ალეპოს საკითხს და არა გიულენის ორგანიზაციას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლაშა ძებისაშვილმა.
სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე განმარტავს, რომ გიულენის ორგანიზაციის არსებობის განმავლობაში, თურქეთში მომხდარი პოლიტიკური მკვლელობის კვალი გიულენამდე არ მისულა. შესაბამისად, რთული დასაჯერებელია, რომ ადამიანი, რომელმაც ელჩი მოკლა გიულენის ორგანიზაციის წევრი იყო.
„დღეს თურქეთში არა თუ ამ ორგანიზაციის წევრები, არამედ ათასობით მხარდამჭერია დაკავებული. თუ მართლაც გიულენის ორგანიზაციის წევრი იყო, როგორც ამას თურქული მედია წერს, მაშინ რატომ იყო გარეთ? რატომ გადაადგილდებოდა ასე თავისუფლად, რატომ ჰქონდა პოლიციელის საბუთი და იარაღი?
ქალაქის ცენტრში კლავენ ამხელა ქვეყნის ელჩს და სად იყო დაცვა? დღეს თურქეთში ისეთი მდგომარეობაა, რომ ნაკლებად მნიშვნელოვან ღონისძიებაზეც კი, დაცვის უპრეცედენტო ზომებია მიღებული, ეს ადამიანი დასეირნობდა დარბაზში, ვიდრე მოხდებოდა მისი ლიკვიდაცია.
შემექმნა შთაბეჭდილება, რომ მას მისცეს საშუალება, თავისი პოზიცია გამოეთქვა. საერთოდ სპექტაკლის ელემენტები იყო მთელ ამ ამბავში. კამერების წინ ადამიანმა დემონსტრაციულად მოკლა ელჩი, პლუს საშუალება მიეცა, რომ განცხადება გაეკეთებინა და დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში მას ვერავინ შეეხო“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.
მისივე თქმით, იმდენად არადამაჯერებელი სურათი იყო, ვფიქრობს, რომ თურქეთის ხელისუფლებაში არსებული რაღაცა ჯგუფისთვის ეს ფაქტი მისაღები იყო და ეს ფაქტი დაუშვეს. მისი თქმით, ახლა თურქეთის ხელუსუფლება ცდილობს ეს ფაქტი გადაფაროს და თითს ისევ გიულენისკენ იშვერს, რადგან გიულენის ამ საქმეში დადნაშაულება მარტივია.
„ყველამ იცის, რომ გიულენის მომხრეთა რიცხვი ძალიან დიდი იყო და მათ შორის - ძალოვან სტრუქტურებში. ამიტომ, თავის გამართლებისთვის ყველაზე იოლი მეთოდია გიულენისკენ ხელის გაშვერა. მიმაჩნია, რომ რუსეთი ამ ინფორმაციას მიიღებს მხოლოდ ინფორმაციად. არა მგონია რუსეთი ბრმად აყვეს თურქეთის განცხადებას.
თურქეთი ორი კურდღილის მოკვლას ცდლობს. ერთი მხრივ გიულენის ბრალის დამძიმებას და მეორე მხრივ, გიულენის გადმოცემის ალბათობას უფრო ზრდის. გარდა ამისა, ირიბად ხდება იმის დადასტურება, რომ დასავლეთი და კონკრეტულად აშშ ჩართული იყო ამ საქმეში, რადგან აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მფარველობდა გიულენს, რაც ახლაც გრძელდება. ამის დამტკიცება უნდა თურქეთს. გარდა ამისა, უნდა, რომ გადაფაროს თავისი სისუსტე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მამუკა არეშიძემ.
„საქართველოს ათლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე ამბობს, რომ აშშ არ არის ერთ პრეზიდენტზე, ერთ მთავრობაზე და ერთ პარტიაზე დამოკიდებული სახელმწიფო. ეს არის კანონის უზენაესობის პრინციპზე მოქმედი სახელმწიფო. შესაბამისად, თუ იქნება მტკიცებულება, რომ გიულენი ჩართული იყო ელჩის მკვლელობაში, ასეთ შემთხვევაში ამერიკის მთავრობა მას თურქეთს გადასცემს.
„მოგეხსენებათ, რომ თურქეთი ითხოვდა გიულენის გადაცემას, მაგრამ ამერიკული მხარე აცხადებს, რომ თურქეთმა გიულენის ბრალეულობის დამადასტურებელი ფაქტები ვერ წარმოადგინა. მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, ეჭვი მეპარება, რომ ამერიკამ კანონის მოთხოვნას გადაუხვიოს, რა მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს სტრატეგიულად თურქეთი და გადასცეს ადამიანი, რომლის დანაშაული დამტკიცებული არ არის.
რაც შეეხება კონკრეტულად ამ საქმეს, ვფიქრობ, რომ სხვა კვალი ჩანს და პარალელების გავლება შეიძლება ჩეჩნეთთან. რამდენიმე დღის განმავლობაში მილიონს გადააჭრბა სირიაში მოკლული ადამიანების რიცხვმა, მათ შორის არიან ბავშვები და ქალები. ეს საშინელ სიბრაზეს იწვევს, ქმნის იმ ნიადაგს, რომლიდანაც აღმოცენდება ტერორისტული ქმედებები.
ასეთმა აგრესიამ და სირიის მოსახლეობის გენოციდმა, რომელსაც აწარმოებს ასადის რეჟიმი და რომლის მთავარი მხარდამჭერი სახელმწიფო არის რუსეთი, ვფიქრობ გამოიწვია ასეთი მკვეთრი რეაქცია, რასაც მოჰყვა ტერორისტული აქტი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძემ.
ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი ზურაბ აგლაძე ვერ ხედავს მოტივს, რა მიზეზი შეიძლება ჰქონოდა გიულენის ორგანიზაციას რუსეთის ელჩის მკვლელობასთან. როგორც აგლაძე ამბობს, თუ გადავხედავთ გიულენის ორგანიზაციის ქმედებებს, იგი მიმართულია ერდოღანის და მისი მთავრობის წინააღმდეგ და არა თურქეთის პარტნიორი ქვეყნების წინააღმდეგ.
„ძალიან სწრაფად მოხდა გიულენის დადანაშაულება. როგორც ჩანს, თურქეთის მთავრობა ცდილობს, რომ გიულენის სახით მტრის ხატი განავრცოს და დაძაბულობა შეინარჩუნოს მოსახლეობაში, რაც ქვეყნის შიგნით მისი მომხრეების კონსოლიდაციისათვის არის აუცილებელი. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ყველაფერი გიულენს ბრალდება, ეს თურქეთს შიდა მოხმარებისთვის სჭირება.
რაც შეეხება რუსეთს, ასე ბრმად არ მიიღებს გიულენის ჩართულობას. თავდამსხმელი საუბრობდა ალეპოზე და სირიაზე. არა მგონია, რომ გიულენის ორგანიზაცია დღეს იმ მდგომარეობაში იყოს, რომ სირიაზე და ალეპოზე ჰქონდეს კონცენტრირება, ის თვითგადარჩენისთვის იბრძვის ახლა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აგლაძემ.