მსოფლიოში მიმდინარე ტერაქტების ფონზე, ექსპერტი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ პუტინი ძალიან პრაგმატულად მოქმედებს და ყველა მოვლენიდან ცდილობს და ახერხებს, რომ მისთვის სასურველი შედეგი მიიღოს.
for.ge სოსო ცინცაძეს ესაუბრა.
როგორც ჩანს, მშვიდობიანი მოქალაქეების შემდეგ, ტერორისტების სამიზნე დიპლომატები ხდებიან. ბატონო სოსო, შეიძლება უკვე საუბარი ცივილიზაციის ომზე?
სოსო ცინცაძე: რასაკვირველია, ევროპული გამოცემები უკვე საუბრობენ ცივილიზაციათა ომზე, რასაც 50 წლის წინ ამერიკელი პოლიტოლოგები წერდნენ. ისლამურმა ცივილიზაციამ, ომი გამოუცხადა ქრისტიანულ ცივილიზაციას. აბსოლუტურად უდანაშაული ხალხი იხოცება. ამ შემთხვევაშიც, რუსეთის ელჩი იყო ადამიანი, რომელსაც მკვლელობამდე ორი დღით ადრე ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა ასადის მოწინააღმდეგე ოპოზიციური ძალების წარმომადგენელთან, რასაკვირველია, რუსეთის დავალებით. ადამიანი, რომელიც ცდილობდა ხელი შეეწყო სისხლისღვრის შეჩერებისთვის, მოკლეს. გარდა ამისა, ელჩის მკვლელობა ძალიან ძლერი დარტყმაა მოსკოვისთვისაც. თანამედროვე რუსეთის ისტორიაში, ეს არის ელჩის მკვლელობის პირველი შემთხვევა. 20-30-ან წლებში თეთრგვარდიელი ოფიცრები ძირითადად, საბჭოთა ელჩებს კლავდნენ, მაგრამ როგორც გითხარით, თანამედროვე რუსეთის ისტორიაში, ეს პირველი შემთხვევაა და როგორც ირკვევა, მკვლელი არის პოლიციელი.
თავისთავად საინტერესოა, როგორ შეძლო შეიარაღებულმა პირმა შეხვედრაზე შესვლა? რაც ასევე მიუთითებს თურქეთის უსაფრთხოების სისუსტეზე...
- ძალიან ძნელია გააკონტროლო გულში ვის რა აქვს. ჯერ კიდევ არ არის დადგენილი, თავად ეს ახალგზარდა რომელი მიმდინარეობის წევრი იყო. მაგრამ ის, რომ თურქეთის მოქალაქე 22 წლის ბიჭი, რომელიც 4 წელია სპეცრაზმის თანამშრომელია, უცნაურია, როგორ ვერ შეისწავლეს მისი პიროვნება. თურქეთის სპეცსამსახურები ყველას იკვლევდნენ და ეს ადამიანი, როგორ გამორჩათ, ვერ გეტყვით. თურქული წყაროები იმაზეც კი წერენ, რომ ეს პოლიციელი ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერი იყო და რომ აქ არაფერ შუაშია რუსეთის როლი სირიაში. თავდამსხმელი გიულენის მომხრე იყო და მიზანი იყო თურქეთ-რუსეთს შორის ურთიერთობის გამწვავებაო.
რამდენად საფუძვლიანია გიულების როლზე საუბარი, მით უმეტეს, რომ თავდამსხმელი იძახდა ასეთ ფრაზას - „ჩვენ ვკვდებით ალეპოში, თქვენ აქ მოკვდებით!“.?
- მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ფეთჰულა გიულენის თემა ყურით მოთრეულია. შეიძლება გიულენის ფაქტორის გამოყენება დამატებით ესაჭიროება თურქეთის ხელისუფლებას. რადგან ობამამ უარი უთხრა ერდოღანს გიულენის ექსტარადიციაზე, ამიტომ თურქეთისთვის ეს კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორი და საბაბია, რომ ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მაინც გადასცეს თურქეთს გიულენი. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ფაქტორიც არის.
თურქეთის პრეზიდენტის შეფასებით, გარკვეული ძალები ცდილობენ სიტუაციის დაძაბვას ორ ქვეყანას შორის, თავის მხრივ, პუტინი აცხადებს, რომ რუსეთმა უნდა იცოდეს ვისი ხელით მოქმედებდა მკვლელი. ელჩის მკვლელობას შესაძლებელია რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის გართულება მოჰყვეს?
- რაც კი მოითხოვა პუტინმა, თურქეთი ყველაფერზე თანახმაა. მთავარი მოთხოვნა იყო რუსეთის დიპლომატიური სამსახურების დაცვა. დღეს უკვე გაორმაგდა რუსეთის საელჩოს და რუსეთის სხვა მისიების დაცვა თურქეთში. ასევე, დღეს გამოცხადდა, რომ ანკარაში, ერთ-ერთი ქუჩა კარლოვის სახელობის იქნება, ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია. იცით, თურქეთს, ისევე როგორც რუსეთს არ აწყობს ვითარების გართულება, მაგრამ თვითონ ამ ფაქტს რუსეთი გამოიყენებს. პუტინი ძალიან პრაგმატულად მოქმედებს, ყველაფრიდან, ყველა მოვლენიდან ცდილობს და ახერხებს, რომ მისთვის სასურველი შედეგი მიიღოს.
აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ თურქეთი, რომელიც წინააღმდეგობას არ უწევს რუსეთს, სირიის კონფლიქტშიც რუსეთის მხარე დაიჭიროს, ამ გადაწყვეტილებამდე მიიყვანს პუტინი ერდოღანს?
- პრაქტიკულად, თურქეთი უკვე შეგუებულია რუსეთის ხელმძღვანელ როლს. რატომ? ერდოღანის მთავარი მოთხოვნა რა იყო, რაზეც ერთი ნაბიჯით უკან არ იხევდა? - ეს იყო ასადის ხელისუფლებიდან წასვლა. დღეს უკვე, ერდოღანი შეეგუა, რომ ასადი უნდა დარჩეს. დღეს ერდოღანის მთავარი მოტივაცია იმაში მდგომარებს, რომ მის მოსაზღვრე ტერიტორიებზე, მისდამი მტრულად განწყობილი ძალები არ იყვნენ ხელისუფლების სათავეში.
პრაქტიკულად, უკვე შეეგუა ერდოღანი, რომ ასადი უნდა დარჩეს. ჯერ იყო თვითმფრინავის ჩამოგდება, ახლა ელჩის მკვლელობა. 50 წელია დიპლომატიას ვსწავლობ და სიმართლე გითხრათ, ვერ ვიტყვი, რომ აღტაცებული ვარ, მაგრამ ქუდს ვიხდი პუტინის დიპლომატიური მეთოდების წინაშე. მართალია, გრძელვადიან შედეგებში რას მოუტანს პუტინს ვერ გეტყვით, ძალიან საეჭვოა რამე შედეგი მოუტანოს. პუტინი არ არის სტრატეგი, ის ტაქტიკია (დღეს რაც არის, ვხედავთ, მაგრამ ეს რა შედეგს მოიტანს 20-30 წლის მერე, ეს სხვა საკითხია), მაგრამ პუტინმა პრაქტიკულად გაარღვია დიპლომატიური იზოლაცია იაპონიაში ჩასვლით. იოტისოდენა დათმობაც არ იყო პუტინის მხრიდან, მაგრამ მიიღო გარანტია, რომ ჩინეთის გავლენას როგორმე დააბალანსებს იაპონური ფულით, ათეულობით მილიარდი დოლარის ინვესტიციებზეა საუბარი. რაც შეეხება სირიას თქვა, რომ ასადი ჩემი კაცია, სულ არ მაინტერესებს რას ფიქრობს ამერიკა და ევროპა. მე მინდა, რომ ჩემი კაცი იყოს სირიის სათავეშიო და იქნება.
მით უფრო, რომ რუსეთის ლიდერისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია გააერთიანებს თუ არა სირიას ასადი...
- რასაკვირველია, პუტინისთვის მთავარია, რომ ის რაიონი სადაც რუსეთის სამხედრო ბაზებია განლაგებული, სადაც ასადის კლანი და სადაც არც ჰესბოლას გავლენაა და არც სუნიტების იქ შეინარჩუოს გავლენა. ეს მეტ-ნაკლებად უფრო უსაფრთხო რაიონია და პუტინი შეიძლება მშვიდად იყოს. მას სამხედრო ბაზები უნდოდა და მიიღო სამხედრო ბაზები.
გარდა ამისა, ჰყავს არა მხოლოდ მოკავშირე, არამედ ასადის სახით პრაქტიკულად ჰყავს ვასალი, რომელიც მთლიანად ჩამოკიდებულია პუტინის დახმარებაზე. ასეთი რამე არც საბჭოთა კავშიროს დროს ყოფილა. ქამალ აბდელ ნასერი არასოდეს არ ყოფილა რუსეთის ვასალი. თვითონ ასადის მამაც არ ყოფილა რუსეთის ვასალი, მაგრამ შვილი რუსეთის ვასალია.
გარდა ამისა, გუშინ მოგერინიმ უშველებელი ინტერვიუ მისცა, სადაც რუსეთთან საუბრობს, რომ სირიის საკითხზე მოლაპარაკება აუცილებელია რუსეთთანო. აგერ, ტრამპიც პრეზიდენტი გახდა და პუტინს შეუძლია თქვას, რომ ამ არეულ მსოფლიოში როდესაც ყველა დანაკარგებს ითვლის და თვით ამერიკაც, მას მხოლოდ აქტივებზე შეუძლია ილაპარაკოს, მაგრამ მხოლოდ საგარეო პოლიტიკაში.
შიდა კრიზისი რუსეთში მწვავდება, ამის ფონზე მხოლოდ საგარეო აქტივები რა შედეგს აძლევს?
- კი ბატონო, დღითი-დღე უარესდება შიდა კრიზისი ქვეყანაში, მაგრამ პუტინს ეს საერთოდ არ ადარდებს. რუსეთი ევროპა ხომ არ არის, რომ მძიმე ეკონომიკური მდგომარებაა და ვაიმე არჩევნებზე გადამირჩევენო, ეს პუტინს არ ადარდებს, 80%-ანი მხარდაჭერა აქვს. თვითონ რუსული მენტალობა რა არის - უარეს ავიტანთ, ოღონდ ჩვენი ეშინოდეთ მსოფლიოში.
რაც შეეხება საქართველოს, რამდენად მაღალია ტერორისტული შეტევის საფრთხე?
- ჯერჯერობით, საქართველო არ ქცეულა ისლამური სახელმწიფოს სამიზნედ, მაგრამ ქართულმა დიპლომატიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ არ გახდეს სამიზნე. მეტი სიფრთხილე ჩვენს საჯარო განცხადებებში. რასაკვირველია, ეს სირიის ამბები დიდი ტრაგედია, მაგრამ ბრძნულ გადაწყვეტილებად არ ვთვლი იმას, რომ ჩვენ ელმავალის წინ ვირბინოთ და მთელს მსოფლიოში ვიყვიროთ, რომ რუსეთი მკვლელია, სირიაში კლავს ადამიანებს და კიდევ პარლამენტმა რეზოლუციები მიიღოს. რატომ იცით? - სწორი პოლიტიკა საბოლოო ჯამში, გათვლილი უნდა იყოს ეფექტზე და შედეგზე.
სამი მილიონიანი ქვეყანა რაღაცა განცხადებას აკეთებს, ამას რა შედეგი ექნება? არავინ არ მიაქცევს ყურადღებას, არც პარიზში, არც ლონდონში, არც გერმანიაში, არც ვაშინგტონში, არც თვითონ სირიაში და თვითონ ის აჯანყებულები, ვისაც ასე უმოწყალოდ ბომბავს რუსეთის ავიაცია. ამ ჩვენს რეზოლუციას ყურადღებას არავინ არ მიაქცევს, გარდა ერთადერთი ქვეყნის ხელისუფლება, რომელიც ამას ულვაშზე დაიხვევს და დაიმახსოვრებს - ეს არის რუსეთი.
მე ყოველთვის მომხრე ვარ ბისმარკის სტილის, ყველა სახელმწიფოს ხელმძღვანელისთვის მთავარი უნდა იყოს ჯანსაღი ეროვნული ეგოიზმი, ასე იყო ბისმარკი, ასე იყო მთელი მე-19 საუკუნე ლორდების ქვეყანა - დიდი ბრიტანეთი. ეს პოზიცია მიმაჩნია სწორედ. რასაკვირველია, ემოციები და სიმპათიები ერთია, მაგრამ ცივი გონება უნდა იყოს სახელმწიფო სამსახურში.