კაპიტალდაბანდება დუბაიში - სწორი არჩევანი

კაპიტალდაბანდება დუბაიში - სწორი არჩევანი

[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]

ძალზე იშვიათად ხდება, რომ მსოფლიოს ქვეყნების უძრავ ქონებაზე საუბრისას მხოლოდ ერთ კონკრეტულ ქალაქზე ვჩერდებით. ახლა კი სწორედ ამგვარი შემთხვევა გახლავთ. საქმე იმაშია, რომ თუ უცხოელმა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში კაპიტალდაბანდება გადაწყვიტა, მხოლოდ დუბაიზე უნდა შეჩერდეს, რადგან ეს ქალაქი გახლავთ ქვეყნის მთავარი მეგაპოლისი, ეკონომიკური და ტურისტული ცენტრი. ოფიციალურად საემიროების  ადმინისტრაციული დედაქალაქი აბუ-დაბი გახლავთ, თორემ სხვა მხრივ ქვეყნის ცხოვრებას სწორედ დუბაი განსაზღვრავს.

რატომ დუბაი?

იმიტომ რომ, აქ შექმნილი ობშორული ზონის წყალობით არ არსებობს გადასახადები უძრავ ქონებასა და მოგებაზე. დუბაიში ნამდვილი სამოთხეა უცხოელი ინვესტორების მოღვაწეობის, ტურიზმისა და დასვენებისათვის. დუბაის ინფრასტრუქტურაში გამუდმებით უზარმაზარი ფული იდება. კომუნიკაციები და საინფორმაციო უზრუნველყოფა უმაღლეს დონეზე, მენეჯმენტი კი დასავლური სტანდარტების მიხედვითაა აწყობილი.

მიმზიდველი ბიზნესგარემო, არაბეთის გაერთიანებული საემიროების მომგებიანი გეოგრაფიული მდებარეობა და პოლიტიკური და სოციალური სტაბილურობა ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს განაპირობებს. ცხოვრების ძლიერ მაღალი დონის გამო დუბაიში სულ უფრო მატულობს უცხოელ პროფესიონალთა მოდინება.

ასე რომ, გასაკვირი სულაც არ არის, რომ დუბაის უძრავი ქონების ბაზარი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ნამდვილ სენსაციად იქცა, კვლავ, ყოველწლიურად 16-19 პროცენტით იზრდება. თუმცა, მცირე შეფერხება გლობალურმა კრიზისმა გამოიწვია. ანალიტიკოსთა აზრით, ზრდის ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება და მოთხოვნილება ძალიან გაიზრდება.

ცხადია, შეგიძლიათ უძრავი ქონება არანაკლებ მშვენიერ ქალაქებში: აბუ-დაბიში, შარჯეში, აჯმანეში, უმ ალ კაივაინეში და ა.შ. შეიძინოთ, მაგრამ ისინი დუბაისთან მხოლოდ ზოგადად არაბეთისათვის დამახასიათებელი ცხოვრების მაღალი დონით და სტაბილურობით თუ მივა, წმინდა საინვესტიციო თვალსაზრისით კი შედარება არც შეიძლება.

ძვირი სიამოვნება

დღეისათვის დუბაის კანონმდებლობის მიხედვით უცხოელს თავისუფლად შეუძლია საცხოვრებელი და კომერციული ფართი შემდგომი კონტროლისა და სრული განკარგვის უფლებით იყიდოს. რაც შეეხება მიწის ნაკვეთს, მის შესაძენად ემირატების მოქალაქეობის არმქონეს სპეციალური ნებართვის მიღება სჭირდება, რომელიც სამომავლო პერსპექტივის შესწავლის შემდეგ გაიცემა. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის სხვა ქალაქებში ანალოგიური ნებართვა საცხოვრებელი და კომერციული ფართის ყიდვის დროსაც საჭიროა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დუბაიში უძრავი ქონების შეძენა არ იბეგრება, მხოლოდ საშუამავლო და იურიდიული ფირმისათვის მოგიწევს შეძენილი ქონების 1,5 პროცენტის გადახდა. ასევე არ არსებობს ქონებაზე მიმდინარე გადასახადი და არ იბეგრება საკუთრების გაჩუქება, ან შემდგომში გაყიდვა. ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე კი გაცილებით ნაკლებად ლიბერალური საგადასახადო კანონმდებლობა მოქმედებს.

დუბაიში ნებისმიერი დონისა და სახის უძრავი ქონება შეგიძლიათ შეიძინოთ, გააჩნია, რა გსურთ და რისი საშუალება გაქვთ. დუბაიში ერთი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი, საშუალოდ, 3500-4500 დოლარი, კომერციული ფართი კი 4000-6000 დოლარი ღირს. განსაკუთრებით პრესტიჟულად ხელოვნური კუნძულები: პალმა ჯუმეირა და ჯებელ ალი, სანაპირო პროექტები: დუბაი მარინა და ჯუმეირა ბიჩ რეზიდენს, საოფისე ფართის მხრივ კი დუბაის ფინანსური ცენტრი და ცათამბრჯენი ბერჯ დუბაი ითვლება.

ეგზომ განთქმულ ადგილებში ერთი კვადრატული მეტრი 6-8 ათასი დოლარიც კი დაგიჯდებათ. თუ ჯიბე საშუალებას გაძლევთ, ფეშენებელური ვილა, სულ მცირე, ნახევარი მილიონი დოლარი დაგიჯდებათ, ხოლო თუ ამა ქვეყნის ძლიერთა რიცხვს მიეკუთვნებით, სულაც საკუთარი კუნძული შეგიძლიათ იყიდოთ.

რაც შეეხება მიწის ნაკვეთს, 1 კვადრატული მეტრის ღირებულება დუბაიში 3000-დან 5000 დოლარამდე მერყეობს, განსაკუთრებით პრესტიჟულ ადგილებში კი კიდევ უფრო ძვირი ღირს. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი კაპიტალის ფასის საოცარი ზრდის გათვალისწინებით, სამშენებლო ბიზნესის წამოწყება მაინც ძალზე მომგებიანია. მით უმეტეს, როგორც აღვნიშნეთ, დუბაიში ნებისმიერი ბიზნესისათვის საოცრად მიმზიდველი გარემოა შექმნილი.

რაც შეეხება დანარჩენ ქალაქებს, იქ საცხოვრებელი და კომერციული ფართი და მიწის ნაკვეთი დუბაისთან შედარებით 2-3-ჯერ იაფია. ისიც უნდა ითქვას, მათი უძრავი ქონების ფასი გაცილებით დაბალი ტემპებით, თუმცა, მაინც იზრდება.