პატიმარი ქალები, შაბათ-კვირას, სახლში, მცირეწლოვან შვილებთან გაატარებენ

პატიმარი ქალები, შაბათ-კვირას, სახლში, მცირეწლოვან შვილებთან გაატარებენ

პატიმარი ქალები, რომლებსაც 3 წლამდე შვილები ჰყავთ, შაბათ-კვირას დაწესებულების გარეთ, შვილებთან ერთად გაატარებენ – ასეთია მომავალი წლისთვის დაგეგმილი რეფორმის ერთ–ერთი მიმართულება, რომლის გატარებას სასჯელაღსრულების სამინისტრო გაატარებს. როგორც კახი კახიშვილი აცხადებს, მომავალ წელს მისი უწყება ამბიციურ გეგმების განხორციელებას გეგმას.

ეს არის პატიმრის უფლებრივი მდგომარეობის კიდევ უფრო გაღრმავება, შინაპატიმრობის საკითხი და კერძოდ, შინაპატიმრობა შესაძლოა აღმკვეთი ღონისძიების სახითაც იყოს გამოყენებული. მინისტრის განცხადებით, როგორც არასრულწლოვნების მიმართ, ასევე, იგეგმება სრულწლოვნების მიმართაც, ნაკლებად მძიმე დანაშაულზე, სანქციის სახით გაიწეროს შინაპატიმრობა.

„3 წლამდე ბავშვები ვისაც ჰყავს, განშორება ძალიან რთულია. ამიტომ, განშორების მომენტი ძალიან მტკივნეული რომ არ იყოს, ასეთი რამე მოვიფიქრეთ - თუ პატიმარ ქალს ჰყავს 3 წლამდე შვილი, წლის მანძილზე მიეცემა საშუალება, შაბათ-კვირა შვილთან ერთად, დაწესებულების გარეთ გაატაროს. ასევე გვაქვს ბევრი სხვა ინიციატივა, რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ ადამიანის უფლებების განმტკიცებასთან“, – აღნიშნა კახი კახიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ დღეს მოქმედი კანონით, პატიმარ დედას შეუძლია თავისთან ჰყავდეს 3 წლამდე ბავშვი, სამი წლის მერე მას ეკრაძლება ბავშვის მასთან ყოლა. იმ შემთხვევაში, თუკი ბავშვს არ ჰყავს მეურვე, ან მზრუნველი, ბავშვი უკვე ბავშვთა სახლში, ან ნდობით აღზრდაში გადადის. შესაბამისად, იურისტები თვლიან, რომ ასეთ ვითარებაში 3-დან 7 წლამდე ბავშვისთვის მნიშვნელოვანია, რომ კონტაქტი ჰქონდეს დედასთან, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პატიმარი დედისთვისაც.

for.ge–სთან საუბრისას სამართლის ექსპერტი, იურისტი ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ ეს არის ჰუმანიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი, რაც ავლენს, რომ სახელმწიფო პოლიტიკა პატიმრის მიმართ იცვლება, ის აღარ განიხილება როგორც პატიმარი, არამედ განიხილება როგორც ადამიანი და საზოგადოების წევრი.

„ზედმეტია საუბარი იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის დედა. როდესაც ქალს 3 წლის შვილს ჩამოაცილებენ და საპატიმროში რჩება, ხომ წარმოგიდგენიათ ასეთი პატიმარი ქალის განწყობა და სულიერი მდგომარეობა. ანუ, თუკი ასეთ ქალბატონებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ შაბათ-კვირა შვილებთან გაატარონ, მათი აგრესიისა და შფოთვის დონე ძალიან დაბალი იქნება. შესაბამისად, ასეთი პატიმარი ქალბატონები არ დაარღვევენ რეჟიმს, არ შეუქმნიან ადმინისტრაციას პრობლემას, არ იქნებიან აგრესიული თანასაკნელების მიმართ, რაც ძალიან შეცვლის და გააუმჯობესებს შიდა  მდგომარეობას საპატიმრო დაწსებულებაში.

ეს არის უმნშვნელოვანესი, ჰუმანიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი და ძალიან კარგად ავლენს, რომ სახელმწიფო პოლიტიკა პატიმრის მიმართ იცვლება და ის აღარ განიხილება როგორც პატიმარი, არამედ განიხილება როგორც ადამიანი და საზოგადოების წევრი, რომელიც მის მიერ ჩადენილი დანაშაულისა და მისი საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსების მიუხედავად, მშობლის უფლებით სარგებლობს“, – აცხადებს ლია მუხაშავრია.

ადვოკატი ირმა ჭკადუა თვლის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც საპატიმროში დედა-შვილს შორის დგება კონტაქტი, მაგრამ ვერ იქნება ქმედითი, თუკი კომპლექსურად არ იქნება განხილული საკითხი.

„ხშირ შემთხვევაში, ქალ პატიმრებს არ ჰყავთ ბავშვების დამტოვებელი და არის შემთხვევა, როდესაც ბავშვები გარკვეულ ასაკამდე დედებთან ერთად იზრდებიან საპატიმრო დაწსებულებაში, ხშირ შემთხვევაში ასეთი ბავშვები განთავსებული არიან ბავშვთა სახლებში. ახლა მნიშვნელოვანია რამდენად არის მომზადებული ბავშვთა სახლები, რომ დედებს შეეძლოთ მათთან ერთად გაატარონ შაბათ-კვირა, თორემ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ბატონი კახი ანებივრებს მსჯავრდებულებს ინოვაციებით და ახალ-ახალი პროექტებით, რაც მათ რესოციალიზაციას უწყობს ხელს.

უმჯობესია, რომ ამ ასაკის ბავშვების დედები არ განთავსდნენ სასჯელაღსრულების დაწსებულებებში და ალტერნატიული ღონისძიებები იქნეს მათ მიმართ შერჩეული, ვინაიდან ეს არის ის პერიოდი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისთვის. როდესაც ხდება დედა-შვილის განშორება ეს უარყოფით ფსიქოლოგიურ კონტექსტს ტოვებს ბავშვში“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირმა ჭკადუამ.

ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუას განმარტებით, ეს არის ჰუმანური და გონივრული გადაწყვეტილება სახელმწიფოს მხრიდან, რადგან ჩანს, რომ ხელისუფლება ამით უახლოვდება კონკრეტულ ადამიანებს. მისი თქმით, რაც უფრო სამართლიანი იქნება დამოკიდებულება თავად ასეთი მომენტების მიმართ, გიჩნდება სამართლიანობის განცდა.

„მადლობა, რომ მე როგორც ადამიანს და ფსიქოლოგს ასეთი კარგი ამბავი მაცნეთ. ასეთი დიდი სიხარული დიდი ხანია არ განმიცდია, როდესაც ასეთი კარგი ამბავი მოდის თავად ხელისუფლებიდან. ამიტომ, დიდი მადლობა ხელისუფლებას და პირადად ბატონ კახის. წლისა და რვა თვემდე ბავშვის ასაკობრივ განვითარებაში ყალიბდება ნდობა-უნდობლობის ფსიქოლოგიური განცდა, რომელიც მთელი ცხოვრება მიჰყვება.

თქვენ წარმოიდგინეთ დაბადებიდან სამ წლამდე ბავშვისათვის დედის სხეულთან სიახლოვე, დედის ფიზიკური შეხება განაცდევინებს უსაფრთხოებას. ამ შემთხვევაში თავად ბავშვიც დაცულად გრძობს თავს. მით უმეტეს თუ კვირის განმავლობაში ბავშვს ექნება დედასთან შეხება, ეს იქნება ძალიან კარგი“, – ამბობს ნანა ჩაჩუა.

როგორც ფსიქოლოგი აცხადებს, ამ კონტექსტში კარგი იქნება, ციხის ტერიტორიაზე გაკეთდეს დედათა ისეთი ოთახი, რომელიც ციხედ არ აღიქმებოდეს პატარა ბავშვისათვის და დღის განმავლობაში 20 წუთიც კი საკმარისია, რომ დედამ ბავშვთან დაჰყოს და თამაშის პროცესში მიიღოს მონაწილეობა.

„ეს უკვე საკმარისია იმისათვის, რომ ბავშვმა დედასთან შეხება იგრძონს და სამყარო მის მიმართ კეთილგანწობილად მიიღოს. ეს შემგომში საფუძველს უმზადებს ნდობისა და უნდობლობის ჩამოყალიბებას. ნდობა, რომ ჩამოყალიბდეს, ეს პოზიტიური მდგომარეობა უნდა ჩამოუყალიბდეს ბავშვს.

განსაკუთრებით 3 წლამდე ისეთი ფსიქოლოგიური მომენეტები იყრის თავს, სადაც ბავშვმა თავი დაცულად უნდა იგრძნოს. ბავშვმა უნდა განიცადოს სხეულებრივი შეხება დედასთან. მე ვარ გახარებული ახლა. ეს ჩემთვის არის ძალიან სასიამოვნო, რომელიც ფასეულობებზე და ღირებულებებზე დაფუძნებული გრძნობაა“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ნანა ჩაჩუა.

ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ 3-დან 6 წლამდე, გადამწყვეტი წლებია ბავშვისთვის, სადაც დედის გვერდით ყოფნა და იმის განცდა, რომ დედა სადღაც ახლოს არის, უკვე თავის ფუნქციას ასრულებს.

„გავითვალისწინოთ, რომ დაბადებიდანვე ბავშვს მოსდევს განცდა, რომ მისთვის სამყაროში ყველაზე მყარი საყრდენი და მისი უსაფრთხოების გარანტი სწორედ დედაა. თუკი ამ ბავშვის ბედი ისე წავა, რომ რაიმე მიზეზის გამო, დედა მის გვერდით ვერ იქნება, მით უმეტეს ციხე იქნება ამის მიზეზი, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება იმ ოჯახიდან დამნაშავეების ახალი თაობა მივიღოთ.

გარდა ადამიანური ჰუმანურობისა, ეს არის პრევენცია იმისა, რომ საზოგადოება არ აღმოჩნდეს დანაშაულის მიმართ მიდრეკილი და ამის მხსვერპლი არ აღმოჩნდეს ახალი თაობა. მიმაჩნია, რომ სოციალური სიჯანსაღის თვალსაზრისით უაღრესად პროგრესული და პრაგმატულია მინისტრის გეგმა“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.