ტერაქტიდან რამდენიმე საათში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ მოსკოვში ჩავიდა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობა რუსულ-თურქულ ურთიერთობებს ჩრდილს ვერ მიაყენებს.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ტერორისტულ თავდასხმას. ტერორისტი ლიკვიდირებულია. ჩატარდება ძირფესვიანი გამოძიება. ელჩი კარლოვი იყო ბრწყინვალე დიპლომატი და ადამიანი. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ამ მკვლელობამ ჩრდილი მიაყენოს ორი ქვეყნის ურთიერთობას“, - აცხადებენ თურქეთის საგარეო უწყებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვზე თავდასხმის ფაქტს, ტერაქტის კვალიფიკაციას ანიჭებს. მომხდარი ფაქტი ორშაბათს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დაისმება. რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ თურქეთის ხელისუფლებამ რუსი დიპლომატის მკვლელობა გულდასმით უნდა გამოიძიოს.
თურქეთში რუსეთის ელჩს მაშინ ესროლეს, როდესაც ის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში ფოტოგამოფენაზე „რუსეთი თურქების თვალით“ სიტყვით გამოდიოდა. შეიარაღებულმა მამაკაცმა 62 წლის ელჩს უკნიდან იმ დროს ესროლა, როდესაც ის სიტყვით გამოსვლას ასრულებდა.
„ჩვენ ვკვდებით ალეპოში, თქვენ აქ მოკვდებით“, – დაიძახა რუსეთის ელჩზე თავდამსხმელმა და ელჩს ხუთი ტყვია ესროლა. ადამიანი, რომელმაც თურქეთში რუსეთის ელჩზე განახორციელა, ლიკვიდირებულია. თურქული ტელეკომპანია NTV-ს ინფორმაციით, მისი ლიკვიდაცია საპოლიციო შტურმის შედეგად განხორციელდა. სამართალდამცველებმა ანდრეი კარლოვის მკვლელის, მევლუთ მერთ ალტინტაშის დედა და და დააკავეს.
გამოცემა „HaberTurk“-ის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც რუსეთის ელჩი მოკლა, თურქეთის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, მევლუთ მერთ ალტინტაშია. დამნაშავე საგამოფენო სივრცეში როგორც პოლიციელი შეიპარა, სადაც რუსეთის ელჩი სიტყვით გამოდიოდა. ვარაუდობენ, რომ მის მიერ წარმოდგენილი დამადასტურებელი საბუთი, შესაძლოა, ყალბი ყოფილიყო. თავდამსხმელი პოლიციიდან ივლისის პუტჩის შემდეგ გაანთავისუფლეს. გამოცემის ცნობით, „მევლუთ მერთ ალტინტაში ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის წევრი იყო“.
თურქეთის რესპუბლიკაში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობას მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან. საქართველოს პრემიერ–მინისტრის სამძიმრის წერილში ნათქვამია, რომ ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს რეგიონში სტაბილურობას.
„21-ე საუკუნისთვის უპრეცედენტო ძალადობის და დაპირისპირებების მომსწრენი ვართ. ჩვენ ვდგავართ ცივილიზებული ქვეყნების გვერდით და არასოდეს შევეგუებით ამ უკიდურეს სისასტიკეს. ჩვენი მიზანია, მშვიდობა რეგიონში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ სტაბილურობასა და განვითარებას“, – ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის სამძიმრის წერილში.
ანდრეი კარლოვის მკვლელობის ფაქტს გმობს, „ტვიტერით“ ეხმაურება და რუს ხალხს სამძიმარს უცხადებს, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რომლის თქმით, მსგავს ქმედებებს გამართლება არ აქვს.
თურქეთში რუსეთის ელჩზე ანკარაში განხორციელებულ თავდასხმას გმობს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო დეპარტამენტმა თურქეთში მყოფი ამერიკის მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა. აშშ-ს მოქალაქეებს რეკომენდაცია ეძლევათ საელჩოს შენობას არ მიუახლოვდნენ.
„ვნახეთ ინფორმაცია თურქეთში რუსეთის ელჩზე თავდასხმის შესახებ. ვგმობთ ძალადობის ამ აქტს, ვინც არ უნდა იყოს ამ ძალადობის წყარო“, – განუცხადა „რია ნოვოსტის“ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ ქირბიმ.
აღმოსავლეთ მცოდნე ვასილ პაპავა აცხადებს, რომ დიპლომატზე თავდასხმა ამ სახელმწიფოზე თავდასხმას ნიშნავს, თუმცა ფიქრობს, რომ ეს ფაქტი ორ ქვეყანას შორის მორიგი დაპირისპირების საფუძველი არ გახდება.
„საუბარია რუსეთის ფაქტორზე სირიაში. გავითვალისწინოთ ის ბოლო მოვლები, რაც სირიის ირგვლივ ვითარდება. საუბარია ალეპოს განთავისუფლებაზე რუსეთის საჰარეო ძალების უშუალო დახმარებით, ამას ემატება პალმირას დაკარგვა. კადრებში ჩანს თავდამსხმელი, რომელიც იძახის, რომ ეს არის შურისძიება ალეპოს სახელით. არ ვფიქრობ, რომ ეს ფაქტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვის საფუძველი გახდება.
ვიცით, როგორ განვითარდა მოვლენები რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, გარკვეული პერიოდის შემდეგ მოხდა ვითარების დარეგულირება და საუბარი იყო მნიშვნელოვან პროექტებზე. როგორც ჩანს, ეს თავდასხმა მიუთითებს იმაზე, რომ გარკვეული ძალების ინტერესია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვა. დღეს ერდოღანის ინტერესში არანაირად არ ჯდება რუსეთთან ურთიერთობის გართულება“, – აცხადებს ვასილ პაპავა.
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ თურქეთი საშიში ქვეყანა გახდა, თუმცა მიაჩნია, რომ ელჩის მკვლელობა არ გახდება რუსეთ–თურქეთს შორის ურთიერთობის დაძაბვის წინაპირობა.
„პირიქით, შეიძლება ურთიერთობა კიდევ უფრო გამყარდეს. 27 დეკემბერს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩადის რუსეთში, ხვდება მის რუს და ირანელ კოლეგას, ერთგვარი სამხივრი ფორმატია, რაც ძალიან საინტერესოა. ანკარაში მომხდარმა ინციდენტმა შესაძლოა, კიდევ უფრო დააახლოვოს ორი ქვეყანა. როგორც ჩანს, თავდასხმა კარგად ორგანიზეული იყო და ადასტურებს, რომ ისლამური ხალიფატი უფრო აგრესიული გახდა. ანუ, პალმირაში კონტროლის დაბრუნების შემდეგ, ისინი გადავიდნენ აქტიურ შეტევაზე და ამაზე მეტყველებს სტამბულში განხორციელებული რამდენიმე ტერექატი“, – აცხადებს ვახტანგ მაისაია.