„გიხაროდენ“ იმღერეს შევარდნაძის მხარდასაჭერად... „აწვიმდნენ“ 2003 წლის რევოლუციას... მომღერალთა და მოცეკვავეების ნაკლებობას არასოდეს განიცდიდა ქართული პოლიტიკური ბომონდი.
მერაბ სეფაშვილი მათში არასოდეს გარეულა! ბადრი პატარკაციშვილის „არტ-იმედში“ გენერალურ დირექტორად იღვაწა და ერთ-ერთი მუსიკალური არხის ხელმძღვანელად მოგვევლინა ბოლოს. მერე, რევოლუციის მერე, სხვადასხვა ტელეკომპანიების დახურვას „პირველი სტერეოს“ „გადახალისებაც“ მოჰყვა და მერაბ სეფაშვილმა კვლავ სიმღერა გააგრძელა... იგი არასდროს ჩარეულა პოლიტიკაში. არც დითირამბები მიუძღვნია არავისთვის, ბევრისგან განსხვავებით.
ბოლოს, ნოემბრის მიტინგებზე გამოჩნდა... ჯემალ სეფიაშვილთან, ეკა კვალიაშვილთან და სხვებთან ერთად... „საქართველოო ლამაზო, სხვა საქართველო სად არის“ - იმღერა ღია ცის ქვეშ, ფონოგრამის გარეშე და ასიათასობით ადამიანს ცრემლი მოადგა... მაშინ ხალხის გვერდით იდგა მერაბი!
ახლა წინასაარჩევნო ფუსფუსია... თავადაც 5 იანვრისთვის ემზადება და... „5“-იანი უნდა შემოხაზოს საარჩევნო ბიულეტენში. ეს კარგია! კარგია, რადგან თავის პოზიციას არ მალავს! და, სხვებივით ბუჩქებში არ იმალება... არადა, ყველა ჩვენგანს ბევრი გვინახავს პირში მოცინარი და მერე დამალული.
ახლა სხვა დროა! მთავარია, წინასაარჩევნო ხმა არ წაგერთვას, ხუთოსანივით მოიქცე და უსაქმურობას ვერავინ დაგწამებს. წინასაარჩევნოდ ყველას გაახსენდებით! მანამდე, კუტუნიო და რუსლანა უნდა ამღერონ წვიმიან თბილისში, მოცეკვავე შადრევნებთან... ჰო, რუსლანა თუ რუსლანი მაშინ უნდა აემღერებინათ კიდევ, ასლანი რომ გაიქცა. ახლა 5 იანვარი ახლოვდება. მომღერლებს, რომლებიც რევოლუციის შემდეგ სცენას ნატრულობდნენ და ქართული სიმღერის გარდაცვალებას მისტიროდნენ, წინასაარჩევნოდ საქმე გაუჩნდათ. წინასაარჩევნოდ ბევრმა მათგანმა „ღირსების ორდენიც“ დაიკიდა გულზე, პრეზიდენტისგან ბოძებული. სულ ახლახან, თან... ბევრმა საკუთარი დამოკიდებულება, არცთუ თბილი - არ დამალა და... ხელისუფლებამ „დაიკიდა“ ისინი...
„ჩემი გმირი გიწოდე, ხელი გამოგიწოდე, გაიმარჯვებ, იცოდე, ჩემო ვაჟკაცო!“ - იმღერა მერაბ სეფაშვილმა ორიოდე დღის წინ და სცენაზე უმალ მიხეილ სააკაშვილი აიჭრა... მერაბ სეფაშვილმა საკუთარი არჩევანი გააკეთა! ჯერი თქვენზეა, ძვირფასო მკითხველო!
ყველასათვის საყვარელ მომღერალს მერაბ სეფაშვილს მის მიერ წინასაარჩევნოდ გადადგმული ნაბიჯისა და „რჩეული გმირების“ თაობაზე მკითხველთა თხოვნით ვესაუბრეთ:
მერაბ, საზოგადოებისთის საკმაოდ მოულოდნელი იყო შენი გამოჩენა მიხეილ სააკაშვილის გვერდით..., რედაქციაშიც რეკავენ და არჩევნებისადმი შენი კონკრეტული დამოკიდებულებით ინტერესდებიან მკითხველები...
- არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ...
ორიოდე დღის წინ „რუსთავი-2“-ის ეთერით გავიდა სიუჟეტი, რომელშიც ჩანდა, რომ შენ პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილს უჭერდი მხარს...
- მე ისედაც მიშას ვუჭერ მხარს! საარჩევნო კამპანიაში მასთან ერთად ვარ!
თუმცა, გაერთიანებული ოპოზიციის მიტინგზეც იყავი შენ მისული და ასი ათას კაცს ფონოგრამის გარეშე უმღერე...
- იქ რომ ვიყავი, კი არ ვთანამშრომლობდი მათთან... მიტინგზე ვიყავი, უბრალოდ...
„შენი გმირი“ უწოდე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და მართლა შენს რჩეულ გმირად თვლი მას?
- მე არ ვერევი პოლიტიკურ პროცესებში. ჩემი აზრი გამაჩნია, მართლა ჩემი მეგობარია მიშა და... ხალხს მინდა ვუთხრა: არავის გვერდით დგომა საქმეს არ წაადგება! ამ ქვეყნის გვერდით უნდა ვიდგეთ ყველანი, თუ გვინდა, რომ რაღაცა აშენდეს და გაკეთდეს! მე საერთოდ არ მინდა რუსეთის აქ შემოსვლა... დაანებონ მიშას თავი, მართლა ნუ გაუწყალეს გული... ტელევიზორს უყურებს, საერთოდ, ეს ხალხი? გადართონ რუსეთის არხზე და ნახავენ - პირდაპირ რომ აცხადებენ, აფხაზეთი უნდა ვაღიაროთო... ომობს ეს კაცი და, აბა. ომში არ უნდა დავუდგე გვერდით? აბა, რაღა მოქალაქე ხარ...
თბილისური ჭორები სულ არ მჭირდება დღეს... სააკაშვილს, როგორც პიროვნებას კი არ ეძღვნებოდა ეს სიმღერა და სიყვარულს კი არ ვუხსნიდი... სიმღერაა ეგეთი, რომელსაც ვმღერი და ვისაც როგორც უნდა, ისე გაიგოს...