„გამარჯობა, შესაძლოა ეს ბოლო ჩანაწერი იყოს, რასაც ჩემგან ხედავთ და გესმით. მე იასმინ ქანოუზი ვარ, 10 წლის. უკვე ორი წელია ობოლი ვარ. ჩემი დედ-მამა ორი წლის წინ ავიაიერიშების დროს დაიღუპნენ. ამ განცხადებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანთა და ბავშვთა უფლებადამცველ ორგანიზაციებს მივმართავ, რათა ალეპოს ტერიტორიის დატოვებაში დაგვეხმარონ. მჯერა, ალეპოს დატოვება შეგვიძლია. 47 ობოლი აქ ვართ. ისინი ყველანი ჩემი ძმები და დები არიან. თითოეულ ჩვენგანს საკვები და სასმელი, ასევე ალეპოს ტერიტორიის დატოვება გვსურს. ჩვენ მშვიდობა გვსურს და ავიაიერიშების გვეშინია. გთხოვთ დაგვეხმარეთ. გვსურს ისევე ვიცხოვროთ, როგორც სხვები ცხოვრობენ“, - ნათქვამია ალეპოში მყოფი ობოლი ბავშვების მიმართვაში, რომელსაც ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილს ოთხი წლის განმავლობაში ამბოხებულთა ძალები აკონტროლებდნენ. 13 დეკემბერს გაერომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში სამთავრობო ძალები სახლებში იჭრებიან და იქ მყოფებს კლავენ, მათ შორის, ქალებსა და ბავშვებს.
გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის წარმომადგენლი, რუპერტ კოლვილი სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში სირიის სამთავრობო ჯარმა 82 სამოქალაქო პირი მოკლა, მათ შორის 11 ქალი და 13 ბავშვი. მისი თქმით, სისასტიკე ჩადენილ იქნა ბოლო დღეებში და ვარაუდობს, რომ ასეთი სახის დამსჯელი მკვლელობა კიდევ ბევრი მოხდა.
სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ამტკიცებს, რომ სისასტიკეს სჩადიან ტერორისტული ჯგუფები. ასადი დარწმუნებულია, რომ რაც დღეს ხდება, ეს ისტორიის დაწერაა, რომელსაც სირიის მოქალაქეები წერენ. თავის მხრივ, გაეროში რუსეთის ელჩმა, ვიტალი ჩურკინმა აღნიშნა, რომ ალეპოში უდანაშაულო ქალებისა და ბავშვების მკვლელობის ცნობებს, დადასტურება სჭირდება, რადგან ზოგჯერ ასეთი ცნობები ყალბია.
ჩუტკინი გაეროს უსაფრთხოების სამიტზე ამტკიცებდა, რომ სისასტიკე, რომელიც რუსეთისა და ასადის სამხედრო ძალების ავტორობით ხდება, ყალბია და, რომ ბავშვებს მტვერს აყრიან რათა ისინი დაბომბვის მსხვერპლად წარმოაჩინონ. თავის მხრივ, სირიის სამთავრობო ძალების, რუსული ავიაციისა და მათ შორის ირანის სამხედრო ქმედების აღსაკვეთად კონკრეტულ ნაბიჯებს ვერ დასავლეთი დგამს და ჯერჯერობით მოწოდებებით შემოიფარგლება.
for.ge-სთან საუბრისას უსაფრთხოების საკითხში პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ლაშა ძებისაშვილი აცხადებს, რომ ალეპოს დაცემის შემდეგ, მნიშვნელოვანია რას მოიმოქმედებენ დასავლელი ლიდერები იმისათვის, რომ ასადის მოწინააღმდეგეებს აღმოუჩინონ ქმედითი მხარდაჭერა და საბოლოოდ, ბრძოლა დემოკრატიისა და ასადის წინააღმდეგ, დასავლეთის სრული კრახით არ დასრულდეს.
for.ge ლაშა ძებისაშვილს ესაუბრა.
კადრები, რომელიც ვრცელდება არის ძალიან მძიმე. გაეროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში სამთავრობო ძალები სახლებში იჭრებიან და იქ მყოფებს კლავენ, მათ შორის, ქალებსა და ბავშვებს. ეს სისასტიკე ამ წუთებშიც გრძელდება, რატომ აღმოჩნდა ამ სისასტიკის აღსაკვეთად უძლური დასავლეთი?
ლაშა ძებისაშვილი: ამ სიტუაცუას ძალიან მარტივი ახსნა აქვს, ერთი მხრივ ის, რომ ალეპო ყველა შემთხვევაში უნდა აიღოს ასადმა, ეს მან იცის, ეს არის მისი სტრატეგიული ამოცანა. ამისთვის იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში ბრძოლები და ამისთვის უწევდა წინააღმდეგობას რუსეთი უშიშროების საბჭოზე და რამდენჯერმე ვეტოც გამოიყენა. გარდა ამისა, არავითარ შემთხვევაში ხანგრძლივი მოლაპარაკებები არ შედის როგორც ასადის, ასევე რუსეთის ინტერესში. ამიტომ, ნებისმიერი ასეთი მცდელობა თავიდანვე განწირული იყო. როდესაც სამშვიდობო მოლაპარაკეკბი არ შედის ერთი მხარის ინტერესებში, ის თავიდანვე განწირულია.
საბოლოო ჯამში რისი ბრალია ეს - ის, რომ ალეპო არა ამ ბოლო დღეების განმავლობაში, არამედ მთელი ამ წლის განმავლობაში მოექცა ამ რკალში, რეალურად არის დასავლეთის ბრალი და მოდით ეს ვაღიაროთ. იმიტომ, რომ მათ არც სურვილი აღმოაჩნდათ, არც ნება და არც შესაძლებლობა, რომ რაიმე ეფექტური ნაბიჯები გადაედგათ ასადის სამთავრობო ძალებისა და რუსეთის შესაკავებლად. ამიტომ, აქ არაფერი ახალი არ არის. ალეპო დაეცა. მხოლოდ ბოლო დღეებში არ ხდებოდა მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა და შეწირვა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვაშინგტონი დაადანაშაულა ამ სისასტიკეში და ამბობს, რომ აშშ უფრთხილდება „ჯებჰატ ან-ნუსრას“, რათა მან სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი დაამხოს. მეტიც, ლავროვი ამტკიცებს, რომ ვაშინგტონი ერთმანეთისგან არ განასხვავებს ზომიერ მეამბოხეებსა და „ტერორისტებს“. პასუხისმგებლობას იხსნის ასადიც და ამტკიცებს, რომ სისასტიკეს სჩადიან ტერორისტული ჯგუფები. რეალურად ვინ დგას ამის უკან?
- ნაწილობრივი ასადი მართალია, მაგრამ პრობლემა არ გახლავთ - ვინ როგორ აფასებს და ვის რისი უნარი აქვს, პრობლემა გახლავთ ის, რომ ერთ მხარეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა. ასადისთვის და რუსეთისთვის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს ალეპოს აღება, შესაბამისად, ამ სტრატეგიული მიზნის ფარგლებში ვერანაირად ჩაჯდებოდა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მშვიდობის უზრულველყოფა, ან იმ სტატუს-ქვოს დაჭერა, რაც აქამდე იყო. ამიტომ, გაგრძელდა საბრძოლო მოქმედებები.
კადრები რაც ახლა ვრცელდება, ეს არ გახლავთ ახალი. ასეთი კადრები ვრცელდებოდა ადრეც. მოგეხსენებათ, რომ გაცილებით ადრე დაიბომბა რაც კი ინფრასტრუქტურა არსებობდა ალეპოში, ასევე დაიბობმა საავადმყოფოები, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იყო მოთავსებული. ამიტომ, ის რაც ახლა ხდება, ეს არის კულმინაცია იმისა, რაც ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, მაგრამ ამაზე რეაგირებას არ ახდენდნენ.
ცხადია, რომ აქ დამნაშავე არის ორი მხარე - ერთი მხარე, რომელიც აქტიურად მოქმედებს და არ უნდა არავითარი საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა, ეს არის რუსეთი და ასადის ძალები. ხოლო მეორე მხარე, ეს არის დასავლეთი, რომელსაც არც არანაირი სურვილი, ნება და შესაძლებლობა არ აღმოაჩნდა, რომ წინააღმდეგეობა გაეწია რუსეთისთვის და ასადისთვის.
ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე, ფრანსუა ოლანდმა რუსეთი ვალდებულებებს შეუსრულებლობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ დგება მომენტი, როდესაც საჭიროა ასეთ ქმედებებზე რეაგირება. როგორ ფიქრობთ, დაგვიანებული ხომ არ არის რეაგირებაზე ფიქრი, დასავლეთისთვის მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, რომ რუსეთი იღებს ვალდებულებებს, მაგრამ არ ასრულებს.
- რუსული საბჭოური ტრადიცია არის დეზინფორმაციის კამპანია. აშკარა ფაქტებზე, როდესაც თვიღონ არიან მოქმედი პერსონები, ცდილობენ გადაბრალებას და საინფორმაციო წყაროების აქტიური მანიპულირებით აურიონ სიტუაცია და რეალობა ბურუსში გამოაჩინონ, რომ ვერავინ ვერ გაარკვიოს, ვინ არის დამნაშავე და ვინ მსხვერპლი. რუსეთის ტიპიური ტაქტიკაა, ესეც არახალია, ყველამ იცის ვინ არის დამნაშავე და რატომ აკეთებს ამას. რუსეთს არ აწყობდა ამ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა.
ფაქტია, რომ რამდენჯერმე მიღწეული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, სპეციალურად დარღვეული იქნა რუსეთის მიერ...
- იმიტომ, რომ თითოეული ცეცხლის შეწყვეტის მზაობას რუსეთი იყენებდა იმისთვის, რომ მომხდარიყო ასადის ძალების გადაჯგუფება და ხელახალი ძალით განხორციელებულიყო შეტევა ალეპოზე. კიდევ ერთელ ვიტყვი, რასაც ლავროვი აცხადებს და რაც ჩვენ ვიხილეთ უშიშროების საბჭოს სხდომაზე, ეს არის საბჭოური ტრადიციის ტიპიური გაგრძელება.
რუსეთს აღებული აქვს ვალდებულება ჰუმანიტარული კუთხით, რატომ არ უზრუნველყოფს მშვიდობიანი მოსახლეობის ალეპოდან გამოყვანას?
- ამას ორი პრაქტიკული ახსნა აქვს, ერთი - მთავარი ამოცანა იყო და არის, რომ რაც შეიძლება მალე მომხდარიყო ალეპოს აღება და მეორე - არავითარი ჰუმანიტარული კორიდორების მოწყობა, რომელიც, როგორც ასეთი, ახანგრძლივებს ამ პროცესს, ანუ ალეპოს აღებას. ამიტომ, რუსეთისთვის მიუღებელია ჰუმანიტარული დერეფანი. რიტორიკისთვის გამოდგება, მაგრამ პრაქტიკაში ეს მიუღებელია, რადგან ახანგრძლივებს ალეპოს სამხედრო აღების პროცესს.
მეორე მხრივ, ცხადია, რომ მათთვის არვითარი განსხვავება არ არის. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მათ აიღეს ალყაშემორტყმული რაიონები, საიდანაც მოსახლეობის 95% მეტ-ნაკლებად გასულია, დარჩა მოსახლეობის ის რაოდენობა, რომელიც გარკვეულწილად, ასოცირდება მეამბოხეებთან. მოსახლეობის ამ ნაწილის პრობლემა დგას ახლა.
იმ პატარა მონაკვეთზე, თუ არ ვცდები ერთი კვადრატული კილომეტრი დარჩა, სადაც თავმოყრილია მეაბოხეთა რაღაცა გარკვეული ჯგუფები და მოსახლეობა და მათთვის ეს ნაწილი არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენენ არც რაოდენობრივი და არც ჰუმანიტარული თვალსაზრისით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ პრობლემას აქამდეც არანიარი ყურადღება არ ექცეოდა ასადის მხრიდან.
მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს არის ჰუმანიტარული კატასტროფის კულმინაციის ის მომენტები, რის სათავისოდ გამოყენებას ცდილბს დასავლეთი. ასადმა და რუსეთმა იციან, რომ სწორედ პოლიტიკურად ხდება ამ კულმინაციური მომენტის გამოყენება, მაგრამ მათთვის ცნობილია, რომ ძალა აღმართს ხნავს. ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც ადრე, ახლაც ვერაფერს ვერ გაუკეთებენ რუსეთს და ასადს. ამ მხრივ პოლიტიკური ვითარება სირიაში არ შეიცვლება. უნდა ითქვას, რომ სირიის საკითხით რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში დაბრუნდა.
ძალის გამოყენებით შეცვალა ვითრება სიარიაში, რომ გლობალურ პოლიტიკაში დაბრუნებულიყო, რასაც ასევე მოუმზადებელი შეხვდა დასავლეთი?
- რუსეთის გლობალურ პოლიტიკაში დაბრუნდა ერთი წლის წინ, როდესაც გადაწყვიტა შეიარაღებული კონტიგენტით სირიაში შესვლა. ერთი წლის წინ რუსეთი სრულ დიპლომატიურ იზოლაციაში იყო, არავინ არ ელაპარაკებოდა. ნებისმიერი გლობალური საკითხი განიხილებოდა ისეთ ფორმატებში, საიდანაც რუსეთი გამოძევებული იყო. ასევე ჩიხში იყო მოქცეული უკრაინის საკითხი, ცხადია საქართველოს საკითხს არავინ არ განიხილავდა, ცალკე იყო სანქციების თემა.
დიპლომატიური და პოლიტიკური კუთხით ძალიან რთულ ვითარებაში იყო რუსეთი. სირიის საკითხმა და შემდგომ რასაც მოჰყვა მიგრაციული კრიზისი ევროპაში, ამან ისევ ამოატივტივა რუსეთთან თანამშრომლობის საკითხი და რუსეთი დააბრუნა ისევ პოლიტიკაში. ცხადია, ეს არის ის, რასაც რუსეთი ძალიან აქტიურად და წარმატებით ახერხებს. აქტიური და ენერგიული ნაბიჯებით ქმნის რეალობას ადგილზე და შეცვლილი რეალობიდან გამომდინარე, ის აიძულებს დასავლელ პარტნიორებს, რომ წამოვიდნენ მოლაპარაკებაზე. ძალის გამოყენებით შეცვალა ვითრება სიარიაში და ისევ დაბრუნდა გლობალურ პოლიტიკურ მაგიდასთან. ასე რომ, ესეც კარგი გაკვეთილი იყო დასავლეთისთვის.
სოლიდარობის აქცია, რომელიც ახლა იმართება, ეს ვერ გადაწყვეტს პრობლემას. ამ შემთხვევაში, ალბათ, დასავლელმა ლიდერებმა შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილება უნდა მიიღონ...
- ცხადია, რომ ალეპოს ვერაფრით ვერ უშველიან. ახლა მნიშვნელოვანია და ლაპარაკი იქნება იმაზე, რას მოიმოქმედებენ დასავლელი ლიდერები იმისათვის, რომ ალეპოს დაცემის შემდეგ როგორ აღმოუჩინონ ქმედითი მხარდაჭერა ასადის ოპოციციას, რომლებიც წინააღმდეგობას უწევდნე ასადის სამთავრობო ძალებს, რომ საბოლოოდ ბრძოლა დემოკრატიისა და ასადის წინააღმდეგ არ დასრულდეს დასავლეთის სრული კრახით. ვნახოთ, ჯერჯერობით ეს არის მთავარი ამოცანა, ანუ რა იქნება დასვლეთის პოსტალეპოს სტრატეგია სირიასთან მიმართებაში. აქ უკვე გაირკვევა ვინ როგორ და რა ნაბიჯებს გადადგამს ახლო მომავალში. ჯერჯერობით მხოლოდ რიტორიკულ და მორალურ მოწოდებს აქვს ადგილი.