„პიროტექნიკით გართობაზე არც ასაკოვანი ადამიანები ამბობენ უარს და ახალი წლის ღამეს საავადმყოფოში აღმოჩნდებიან ხოლმე“

„პიროტექნიკით გართობაზე არც ასაკოვანი ადამიანები ამბობენ უარს და ახალი წლის ღამეს საავადმყოფოში აღმოჩნდებიან ხოლმე“

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ჩინეთიდან შემოტანილი იაფფასიანი უხარისხო პიროტექნიკა მძიმე ტვირთად აწვება ჩვენი მოსახლეობის ფინანსებსაც და ჯანმრთელობასაც. სულ ახლახანს თბილისში სამ წლამდე ბავშვს ე.წ. ხლაპუშკის აფეთქების შედეგად მარჯვენა ხელის მტევანი დაუზიანდა და დამწვრობითა და ჭრილობებით იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ცენტრში გააქანეს. საბედნიეროდ, პირველადი ქირურგიული დამუშავების შედეგად ბავშვს გაუმართლა, მისი ხელის მტევანი გადარჩა და მტევნის ფუნქციაც აღდგა.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად ბავშვის ჯანმრთელობას ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენების გამო პრობლემები შეექმნა. თუმცა გაცილებით საგანგაშოა გასული წლის მონაცემები, როცა მხოლოდ დამწვრობის ცენტრში 100 პაციენტს ჩაუტარდა მსგავსი მკურნალობა. რეალურად კი, ახალი წლის დადგომასთან ერთად ასაფეთქებელი ნივთიერებებით დამწვრობის შემთხვევები 100-ზე ბევრად მეტია, რადგან ერთი კლინიკის გარდა, სხვა არაერთი საავადმყოფოც ღებულობს დამწვრობის ნიშნით დაზიანებულ პაციენტებს.

შუშხუნით დაზიანების რისკჯგუფში განსაკუთრებით ბავშვები ხვდებიან. თუმცა, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, არც ასაკოვანი ადამიანები ამბობენ ამგვარ გართობაზე უარს და ახალი წლის ღამეს ნასვამნი საავადმყოფოში გადაინაცვლებენ ხოლმე.

ექსპერტებისთვის გაუგებარია, რატომ აძლევენ მშობლები მცირეწლოვან შვილებს პიროტექნიკის გამოყენების საშუალებას და ასაფეთქებელი ნივთიერებით გართობის დროს მეთვალყურეობის გარეშე რატომ ტოვებენ პატარებს? ამ რამდენიმე თვის წინ სწორედ მშობლების უყურადღებობა დასახელდა 11 თვის ჩვილის დამწვრობის მიზეზად, რომელიც შეშის გავარვარებულ ღუმელზე პირქვე დაეცა და საოპერაციოდ იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს კატასტროფის ბრიგადის წევრებმა ხულოდან.

იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ დამწვრობის ცენტრში 25 დეკემბრიდან იწყება ხოლმე პაციენტების ნაკადი. შარშან 100 პაციენტს გაუწიეს სერვისი, აქედან 20 ბავშვს დასჭირდა სტაციონარში მოთავსება და 8 ქირურგიული ჩარევა ჩატარდა.

გუგა ქაშიბაძის თქმით, წელსაც მთელი ახალი წელი და, ასევე, ძველით ახალი წელი წინ არის. ამიტომ მედიკოსის რეკომენდაციაა, მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ბავშვებს ასაფეთქებლებით თამაშის დროს. რაც არ უნდა იაფფასიანი, დაბალი ხმის მქონე, პატარა ასაფეთქებელი იყოს, გარკვეული მუხტი მაინც აქვს და მისი აფეთქება დაზიანებას იწვევს. ამასთან, აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ინსტრუქცია, თუკი ასეთი რამ ასაფეთქებელ ნივთიერებას მოჰყვება.

„ასაფეთქებელს, რომელსაც აწერია, რომ მხოლოდ გაშლილ მინდორზე შეიძლება მისი გამოყენება და 30 მეტრის რადიუსში არავინ უნდა იყოს, დიდ ოთახში, საკუთარ ოჯახში რომ ააფეთქებ, რაზეა საუბარი?! ეს არის ტრავმები, რომელთა აცილებაც თავისუფლად შეიძლება. ამიტომ საფრთხის წინაშე ნუ დააყენებენ საკუთარ თავს, ოჯახის წევრებს და საკუთარ თავზე ნუ გამოსცდიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სიკეთეს. შარშან მარტო დამწვრობის ცენტრში ას პაციენტს ჩაუტარდა მკურნალობა, მაგრამ გაცილებით მეტია ასეთი პაციენტები სხვადასხვა კომბინირებული დაზიანებით და მათ მიკროქირურგიული ოპერაცია სჭირდებათ. განსაკუთრებით, ზამთარში დამწვრობის კუთხით აკითხავენ იაშვილის კლინიკას, ჟვანიას კლინიკას, რესპუბლიკურ საავადმყოფოს და სხვა. ასეთი შემთხვევების უმეტესობა ბავშვებზე მოდის, მაგრამ ასაფეთქებლით დაზიანებული ისეთი სერიოზული ხალხი მინახავს, გაგიკვირდებათ. ნასვამ მდგომარეობაში, საყოველთო ეიფორია აქვთ და ახალი წლის დადგომასთან ერთად შუშხუნა ახსენდებათ“, - აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.

მანვე ფატალურ შემთხვევებთან დაკავშირებით განმარტა, რომ უმძიმესი შედეგები, სავარაუდოდ, არ ყოფილა, მაგრამ ახალი წლის დღეებში კლინიკაში მოთავსება და ოპერაცია რომ დასჭირდებათ ადამიანებს, ეს უკვე დაფიქრების სერიოზულ მიზეზს გვაძლევს. თანაც, ეს ხდება არაფრის, უფრო სწორად, რაღაც შუშხუნის გამო.

გუგა ქაშიბაძე შუშხუნების ჩინურ თუ თურქულ წარმომავლობას ვერ ადასტურებს, თუმცა ეჭვობს, რომ ყველა მათგანს არ აწერია გამოყენების წესი. მისი დაკვირვებით, შესაძლოა, ყუთს ეწეროს ინსტრუქცია, მაგრამ საცალო გაყიდვისას გამოყენების წესი არ ფიქსირდება.

„არა მგონია, ყუთში, სადაც ასი ცალი ასაფეთქებელი საშუალება დევს, საცალოდ თითოეულს ინსტრუქცია მოჰყვებოდეს. არც ის მგონია, რომ პიროტექნიკის აკრძალვამ შედეგი მოიტანოს. ასე შეიძლება ასანთიც ავკრძალოთ, რადგან ხშირად ასანთიც გამხდარა ხანძრის მიზეზი. პიროტექნიკის გამოყენებისას მთავარია უფრო მეტი საუბარი ბავშვებთან, ყურადღება და თვითშეგნება“.

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს ასოცირებული პროფესორი ეთერ სარჯველაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, სამწუხაროდ, მშობლები არ ეცნობიან ინსტრუქციას და არ უხსნიან შვილებს, როგორ უნდა ეჭიროთ ხელში ასაფეთქებელი საშუალებები, როგორ უნდა ისროლონ, რა დიაპაზონზე უნდა ჰქონდეთ სხეულთან, როგორი მიმართულებით ეკავოთ. ამას ემატება არასწორი შენახვის, გადატანის პრობლემაც.

მისი თქმით, ძირითადად, ასაფეთქებელი საშუალებების წარმომავლობა ჩინურია. ზოგჯერ მათ ცალობით ყიდიან და შუშხუნას არ აწერია გამოყენების წესი. ასეთ დროს ინსტრუქცია აუცილებლად უნდა გამოაკრან.

„პიროტექნიკის აკრძალვას იმ შემთხვევაში ვემხრობი, თუკი ის არ აკმაყოფილებს ტექნოლოგიის წესებს. ევროპული პიროტექნიკა უფრო მოკლე რადიუსში ისვრის და დაზიანების ალბათობაც ნაკლებია, ჩინურს კი უფრო გრძელი რადიუსი აქვს და დაზიანების მეტ შესაძლებლობას იძლევა. თანაც, ევროპული პიროტექნიკა აუცილებლად სტანდარტიზებული და შემოწმებულია. მაინც მგონია, რომ მცირეწლოვან ბავშვებს მშობლებმა არ უნდა მისცენ ე.წ. ხლაპუშკები, რადგან ადრეულ ასაკში პატარებს უჭირთ ექსპლუატაციის წესების გაგება. ხშირია დაზიანების ფაქტებიც, თუმცა ვერ გეტყვით, ათი ბავშვიდან ორი დაზიანდა თუ უფრო მეტი. ამიტომ მშობლებმა ან არ უყიდონ, ან პატარა ბავშვებს დამოუკიდებლად შუშხუნების გამოყენების საშულება არ მისცენ“.