საცობების ასაცილებლად დედაქალაქის მერია მძღოლებს სპეციალურ აპლიკაციას სთავაზობს. კერძოდ, მობილურ ტელეფონში ჩაიტვირთება აპილიკაცია, რომლითაც მძღოლი გაარკვევს, თუ რომელი მიმართულებითაა გადატვირთული მოძრაობა და ამის შესაბამისად დაგეგმავს ალტერნატიულ მარშრუტს. სავარაუდოდ, ასეთი აპლიკაციის ნახვა იანვრის ბოლოს გახდება შესაძლებელი.
დავით ნარმანიას მოადგილე ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ საცობების ასაცილებლად აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით 5-მიმართულებიანი გეგმა შემუშავდა. ეს არის ორწლიანი აქტივობის გეგმა, რომელიც შემდეგ ქმედებებს მოიცავს: პირველი მიმართულებაა ინფრასტრუქტურა-ახალი გზები და ახალი კვანძები; მეორე მიმართულებაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ეს გეგმა მოიცავს ჩანაცვლების პროგრამას, მარტის ბოლომდე 143 ახალი ავტობუსი შემოვა, მოხდება მეტროსადგურთა რეაბილიტაცია, 30-ზე მეტი ვაგონის მოდერნიზაცია, საბაგირო ხაზების გაკეთება, რაც გაცილებით კომფორტულს გახდის გადაადგილებას; მესამე მიმართულებაა ადგილობრივი რეგულაციები, რომელიც დასუფთავებისა და დისტრიბუციის მანქანებს შეეხებათ. ამ ტიპის მანქანები საცობების მიზეზი ხშირად გამხდარან. ასევე, ამ კონტექსტში მერია მხარს უჭერს საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიას, რომელიც მარჯვენასაჭიან ავტომობილებსა და, ზოგადად, ტექდათვალიერებას შეეხება; მეოთხე მიმართულება კი უფრო ტექნოლოგიურია და, ახალ შუქნიშნებთან ერთად, მობილურ ტელეფონში ჩატვირთულ ზემოთნახსენებ საცობის აპლიკაციას გულისხმობს; საცობებისგან განტვირთვის მეხუთე მიმართულება საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვაა არასამთავრობოებთან ერთად.
ქალაქდაგეგმარების სპეციალისტი ზურაბ ბაქრაძე დედაქალაქის მერიის მიერ შემუშავებულ 5-მიმართულებიან გეგმას არასაკმარისად მიიჩნევს. For.ge-სთან საუბრისას ის აცხადებს, რომ ახალი გზების აშენებას არავითარი აზრი არ აქვს და საცობების შემცირების მიზნით ერთადერთი გონივრული გადაწყვეტილება მანქანების რაოდენობის შემცირებაა.
„დღეს ქალაქს ახალი გზები არ სჭირდება, უბრალოდ, ეს ფულის გასაკეთებელი საშუალებაა. საცობებს ვერ უშველა ვერც ახალმა მაგისტრალმა და ვერც ესტაკადებმა სანაპიროზე. მანქანების შემცირების ბევრი ხერხი არსებობს, თუნდაც იმავე ტაქსის რეგულაცია, ტექდათვალიერების შემოღება, სახელმწიფო კონტროლი საწვავზე, გონივრული საგადასახადო პოლიტიკა იმპორტზე, მოძრავ მანქანაზე გადასახადის დაწესება და სხვა. დასუფთავებისა და დისტრიბუციის მანქანებზე რეგულაციის შემოღება, რა თქმა უნდა, შეამსუბუქებს ვითარებას, მაგრამ დიდ შეღავათს არ მოგვცემს. მთავარი პრობლემა მაინც ის არის, რომ ძალიან ბევრი მანქანაა ქალაქში, იმდენი, რასაც ქალაქი ვერ აუდის. რაც უფრო მეტ გზას ააშენებენ, მანქანების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ამიტომ აუცილებელია საპარკინგო სისტემის შექმნა, რომელიც შეაკავებს მანქანებს პერიფერიაში და მანქანები თბილისში აღარ შემოვლენ. თუკი სადგომების ინფრასტრუქტურა გონივრულად გადანაწილდება, მაშინ ადამიანი მანქანას პერიფერიაში დააყენებს, თბილისში მანქანის გარეშე შემოვა და გადაჯდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე“,-აღნიშნა ზურაბ ბაქრაძემ.
მანვე განმარტა, რომ აქ გადამწყვეტია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გახდეს ბევრად უფრო მოხერხებული, მობილური, მოქნილი, მრავალსაფეხურიანი და მგზავრებს უნდა ერჩივნოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა, თუნდაც საკუთარი ჯიბიდან გამომდინარე. სამ და ოთხსაფეხურიანი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება ბევრად უფრო იაფი უნდა იყოს.
ქალაქდაგეგმარების სპეციალისტის თქმით, სამსაფეხურიანი სისტემა გულისხმობს ჩქარ საქალაქო რკინიგზას. საუბარია საგარეუბნო რკინიგზაზე, რომელიც იმ გზაზე ივლის, რომელიც დღეს უკვე არის ქალაქში რკინიგზის ხაზის სახით; შემდეგი საფეხურია მეტრო და იმის ქვემოთა საფეხურია ტრამვაი და ავტობუსი. კიდევ ერთი საფეხურიც შეიძლება მიემატოს, ეს არის საქვეითო და საველოსიპედო მოძრაობა. თუ ამ საფეხურსაც განვავითარებთ, მაშინ დედაქლაქში ოთხსაფეხურიანი სისტემა გვექნება.
ზურაბ ბაქრაძის აზრით, მობილურ ტელეფონში ჩატვირთული აპლიკაცია ცუდი არ იქნება, რაღაცას უშველის, მაგრამ ეს ძალზე მიზერია. ცხადია, ვისაც აქვს ასეთი ტელეფონი, ის ნახავს, სად არის განმუხტული მოძრაობა და იქითკენ გაეშურება, მაგრამ მერე იქ რა მოხდება და იქაც შეიქმნება თუ არა საცობები, კაცმა არ იცის. ამიტომ აპლიკაციის ჩატვირთით დიდი არაფერი შეიცვლება. უბრალოდ, ეს არის დამატებითი კომფორტი მათთვის, ვისაც ასეთი ტელეფონი აქვს.
„საცობების საკითხი არსებითადაა გადასაწყვეტი თბილისში და ეს პრობლემა ხელოვნურად გაზრდილ მანქანათა რაოდენობაში მდგომარეობს. ხელოვნურობა რომ მოიხსნას, უნდა გატარდეს ისეთი ღონისძიებები, რომელიც არაპოპულარული იქნება და, რომელიც ინდივიდუალურ ავტოტრანსპორტს შეამცირებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი დღეს განუზომლად უფრო ცოტა ადგილს იკავებს ქალაქში, ვიდრე ეს აუცილებელია. სრულებით არ არის იდეალი, ყველა ოჯახს აუცილებლად ჰყავდეს მანქანა. რაც ნაკლები მანქანა იქნება, მით უკეთესია. პირიქით, განვითარებულ ქვეყნებში, განსაკუთრებით, დიდ ქალაქებში ახალგაზრდებს მანქანები უკვე აღარ უნდათ. არის უამრავი სხვა საშუალება და ისინი კარგად ხვდებიან, რომ მანქანა მათთვის ფინანსურად წამგებიანია, მათ ჯიბეს აწვება. საქართველოში კი, თუ ასე უნდათ, ოჯახის თითოეულ წევრს ჰყავდეს მანქანა, მაშინ ჰყავდეთ და მისი შენახვა გაცილებით ძვირი დაუჯდებათ, საჭმელს ვერ შეჭამენ, სამაგიეროდ, მანქანა ეყოლებათ. ხოლო, თუ უნდათ, ნორმალურად იცხოვრონ, იარონ ავტობუსით, მეტროთი, ტრამვაით. თუ ეს საშუალებები უკეთესად განვითარდება, მაშინ საზოგადოებრუვ ტრანსპორტზე გადაჯდომა პრობლემა აღარ იქნება“.
ევროკავშირის ტრასეკის პროექტის ექსპერტი გელა კვაშილავა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ აპლიკაციების, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენი დედაქალაქისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა პარკინგია. კერძოდ, ქუჩები ჩახერგილია მანქანებით, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა არ არსებობს. ამიტომ აპლიკაციასთან ერთად მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის მოწყობა და საპარკინგო სისტემის განვითარება.
„დღეს ყველა გასწრებაზეა ორიენტირებული, რაც ტრანსპორტის გადაადგილების პრობლემას ქმნის. ამიტომ საცობებისგან განმუხტვის ხუთი მიმართულება კი არაა მთავარი, არამედ მთავარია პარკინგი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, რომ ერთმანეთის რიგებში არ იდგნენ. ქალაქის ცენტრალურ ადგილებში, სადაც სიმჭიდროვეა, რაც შეიძლება მეტი ქვეითთა სამოძრაო ბილიკი უნდა მოეწყოს. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ იქ მანქანის შესვლა აკრძალულია და ფეხით ან სხვა ტიპის ტრანსპორტით უკეთესად გადაადგილდებიან. ეს ყველაფერი პარალელურად უნდა გაკეთდეს, თუკი გვინდა, რომ აპლიკაციამ იმუშაოს. თორემ რომელი აპლიკაცია გვიშველის, თუკი მოძრაობის საშუალება არ გვაქვს?! აპლიკაცია მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც აპრობირებული მეთოდია. ზოგადად, ეს თანამედროვე მეთოდი კარგია ინფორმაციის მისაწოდებლად, მაგრამ სხვა მიმართულებითაც უნდა ვიმუშაოთ“, - აცხადებს გელა კვაშილავა.