აფხაზური ოპოზიცია სახალხო კრებისთვის ემზადება. ოპოზიციური პარტია „ამცახარა“ და ოპოზიციური ბლოკის ლიდერები დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ. ოპოზიციამ ე.წ პრეზიდენტ ხაჯიმბას ულტიმატუმი წაუყენა და დრო 15 დეკემბრამდე მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში, 15 დეკემბერს სოხუმში სახალხო კრების გამართვით დაემუქრა.
რა პროცესები ვითარდება აფხაზეთში და რატომ ვერ იმეტებს კრემლი მისი ფავორიტის - რაულ ხაჯიმბასთვის ფინანსებს, რათა ხაჯიმბამ გაანეიტრალოს ოპოზიციის წინააღმდეგობა, რომელიც მას უმოქმედებაში ამხელს?!
ექსპერტთა კლუბის წევრი ირაკლი ცქიტიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ხაჯიმბას პოლიტიკის მიმართ აფხაზი ხალხის და ოპოზიციის უკმაყოფილება მზარდია. ეს წყენა ჯერ კიდევ იმ დროიდანაა ჩარჩენილი, როცა ხაჯიმბას საყვედურობდნენ იმას, თუ როგორ მოახერხა მან მისვლა აფხაზეთის ხელისუფლებაში. მართალია, „ამცახარას“ უკან ანქვაბის ხალხი დგას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოსკოვი ანქვაბს უჭერს მხარს. ყოველ შემთხვავაში, დაზუსტებითაა ცნობილი, რომ სურკოვის (რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებში) ოფისი ხაჯიმბას მხარეზეა და ხაჯიმბა მათი კაცია.
მეორე მხრივ, თვითონ ხაჯიმბამ ხელისუფლებაში ყოფნისას ვერაფრით დაარწმუნა აფხაზები, რომ რაიმეს გაკეთება შეუძლია. ხაჯიმბას დროს თითქმის შეწყდა რუსული დახმარება და აფხაზეთის მიმართულებით მიზერული თანხა გადაირიცხა. ეს იმ ფონზე, როცა ამ რეგიონში კრემლს მილიარდები ჰქონდა ჩადებული. ასე რომ, აფხაზეთში უკმაყოფილებას ნამდვილად აქვს საფუძველი, რომელიც, როგორც წესი, სახალხო შეკრების ორგანიზებით მთავრდება.
„რა თქმა უნდა, ოპოზიცია ცდილობს, აფხაზებს აჩვენოს, რამდენად ცუდია ხაჯიმბა და, რაც შეიძლება, მეტი ადამიანი გადაიბიროს თავის მხარეს ქუჩაში გამოსასვლელად. თავის მხრივ, ხაჯიმბაც ცდილობს, ოპოზიციონრებს საკუთარი ხალხი დაუპირისპიროს. მისი მომხრეები კი, როგორც ეს საბჭოთა დროიდან მოდის, არიან პედაგოგები, პროფესორები, ანუ „სახელმწიფოს კმაყოფაზე“ მყოფი ადამიანები. ამას ემატება გალის მოსახლეობაც, რომელთაც აშანტაჟებენ, რომ გაყრიან გალის რაიონიდან, თუკი არ წავლენ სოხუმში ხაჯიმბას მხარდამჭერ მიტინგზე. შესაბამისი განკარგულება გალის რაიონის ხელმძღვანელის ნადარაიას მიერ უკვე გაცემულია.
აფხაზები, ალბათ, თვითონვე შეარჩევენ სასურველ საპრეზიდენტო კანდიდატს, მაგრამ ქართველებისთვის მოსაწონი კანდიდატი იქ არავინაა. აფხაზური მოსახლეობა განსხვავდება თუნდაც იმავე რუსული მოსახლეობისგან, ან კიდევ ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისგან. აფხაზეთში სიძლიერე მათ მხარესაა, ვისაც თანაუგრძნობს ხალხის უდიდესი რაოდენობა და არა -მოსკოვი. ხაჯიმბას უკან კი მხოლოდ მოსკოვი, ადმინისტრაციული რესურსი და ბიუროკრატიაა“, - აღნიშნა ირაკლი ცქიტიშვილმა და განმარტა, თუკი აფხაზური ოპოზიცია მოახერხებს ხალხის მასების დარაზმვას ხაჯიმბას წინააღმდეგ, მაშინ ვერავითარი მოსკოვი ვერ უშველის რაულ ხაჯიმბას.
ექსპერტის თქმით, მოსკოვი თუ დაინახავს, რომ ძალა უკვე აფხაზური ოპოზიციის სასარგებლოდაა, აუცილებლად დაიჭერს ოპოზიციის მხარეს, ან კონფლიქტში ჩაერევა, როგორც „მშვიდობისმყოფელი“. თუმცა ორივე მხარის მორიგების ნაცვლად, დესტრუქციულ როლს ითამაშებს აფხაზური ოპოზიციისთვის, რომელსაც ხაჯიმბას მოშორება სწადია.
ირაკლი ცქიტიშვილის შეფასებით, დღეისთვის აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო კანდიდატებად ჩანან ისინი, ვინც ყოველთვის ჩანდნენ - ხაჯიმბა, შამბა, ანქვაბი. ანქვაბის მომხრეები სულ იმას აფრიალებენ, თუ რამდენი რამ გაკეთდა ანქვაბის დროს. მართლაც, ანქვაბისა და ბაღაფშის მმართველობისას აფხაზეთში ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ეს აიხსნებოდა თანხის შემოდინებებით მოსკოვიდან. ახლა კი რუსული ეკონომიკური კრიზისისა და სანქციების გამო შეწყდა თანხების შედინება აფხაზეთში. მომავალი წლისთვის ვარაუდობენ, რომ სარეზერვო ფონდი რუსეთს აღარ ექნება, რადგან თანხების გადასროლა უჭირთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მით უმეტეს, რუსეთს დამატებით აკიდებული აქვს ყირიმი, რომელსაც „რჩენა“ სჭირდება.
ალბათ, გასაკვირი არაა, რომ სწორედ ამ დღეებში ჩეჩნეთისა და ყირიმის ხელმძღვანელობებს შორის სახელმწიფო დუმაში ზუსტად იმის გამო მოხდა დაპირისპირება, რომ რუსებმა ჩეჩნებს უფრო მეტი თანხა არგუნეს, ვიდრე ყირიმს.
„ოპოზიციური პარტია „ამცახარა“ მუდამ მხარში ედგა ანქვაბს. გარდა იმისა, რომ ისინი ანქვაბისტები არიან, ამავე დროს, ღიად აფიქსირებენ, რომ რუსეთი უხეშად ერევა აფხაზეთის მართვაში. რუსეთის მიმართ საწინააღმდეგო განწყობებს ხელი შეუწყო იმ ფაქტმაც, რომ ახლახანს უკრაინელმა ჰაკერებმა სურკოვის მიმოწერა გაავრცელეს, რომლითაც გამოჩნდა, თუ როგორ უყურებს მოსკოვი აფხაზურ მოსახლეობას და როგორ ცდილობს, ყველა პროცესში საკუთარი ინტერესების გატარებას. ამანაც გააღიზიანა აფხაზური ოპოზიცია, ან მათ გადაწყვიტეს, ეს სიტუაცია სათავისოდ, ანუ ხაჯიმბასთან დასაპირისპირებლად გამოიყენონ“.
ექსპერტის თქმით, ახლა ზამთარია, ცივა და საეჭვოა, 15 დეკემბრის შემდეგ აფხაზი ხალხი გარეთ გამოვიდეს. ქუჩის აქციები აფხაზეთში იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ აფხაზებს სახლში აღარ დაედგომებათ. შეიძლება, აქეთკენაც წავიდეს პროცესები, რადგან აფხაზეთში შუქის პრობლემაა, უშუქობის გამო სოციალურ ქსელებში უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ირაკლი ცქიტიშვილი ხაჯიმბასთვის პიკურ პერიოდად გაზაფხულს მიიჩნევს, როცა საპროტესტო გამოსვლებმა შესაძლოა, უფრო მასშტაბური და მძლავრი ხასიათი მიიღოს.
ამდენად, ამ ზამთარს ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს არ ელის, რადგან კრიტიკული მასის შეკრებას აფხაზური ოპოზიცია ვერ შეძლებს. გაზაფხულისთვის კი უკვე გამოჩნდება, რა ძალებიც გააქტიურდებიან და მოსკოვი ყველა ღონეს იხმარს, რომ გადატრიალება არ დაუშვას. კრემლს არ უღირს მის მიერვე დაწერილი გეგმის შუაში გაწყვეტა და აფხაზეთში ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. ამდენად, მოსკოვმა შესაძლოა, ხელი შეუწყოს ხაჯიმბას და რაღაც თანხები გადაურიცხოს.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ეჭვობს, ამ ეტაპზე ხაჯიმბას პრობლემები შეექმნას, მიუხედავად იმისა, რომ რაულ ხაჯიმბას საკმაოდ ძლიერი ოპოზიცია ჰყავს და თავის დროზე, ანქვაბის პრეზიდენტობის დროს, მხოლოდ ქუჩიდან მოახერხა მისი ჩამოშორება.
„დაფინანსების შეწყვეტის მიუხედავად, კრემლი მაინც ხაჯიმბას დაუჭერს მხარს, რადგან მასზე უფრო პრორუსული ლიდერი, ვიდრე ხაჯიმბაა, რუსეთს დღეს აფხაზეთში არ ჰყავს. ჯერჯერობით მას შეინარჩუნებენ დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა შემდეგ, ალბათ, მის ადგილმონაცვლეს დაუწყებენ ძებნას. შესაძლოა, გაზაფხულზე ან შემოდგომაზე უკვე მოიძებნოს ასეთი კანდიდატურა „ამცახარადან“. ანქვაბი უკვე იყო დე ფაქტო პრეზიდენტი, ამიტომ არა მგონია, ისევ დაუბრუნდეს ამ პოსტს, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ანქვაბმა რეკომენდაცია გაუწიოს თავისი წრიდან ვინმე ისეთს, რომელიც კრემლისთვისაც მისაღები იქნება“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.