ნაძალადევში ლეიბორისტებს მასწავლებლების იმედი აქვს, ედეპე-ს - უპოვრების, ფეხბურთელ მაჩაიძეს კი - უბნელების

ნაძალადევში ლეიბორისტებს მასწავლებლების იმედი აქვს, ედეპე-ს - უპოვრების, ფეხბურთელ მაჩაიძეს კი - უბნელების

ოფიციალური ინფორმაციით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ჯერ არც ერთი განცხადება არ შესულა იმ მაჟორიტარი კანდიდატებისა, რომლებსაც ნაძალადევის რაიონში გამარჯვება სწადიათ.

წინდაწინ რამდენიმე კანდიდატმა ასეთი სურვილი უკვე გამოთქვა. ერთ-ერთი ნაძალადევის ახლანდელი მაჟორიტარი მანუჩარ მაჩაიძეა. სხვათა შორის, წინა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ამბობდნენ, რომ თავისმა „წარმატებამ“ თავად მაჩაიძეც კი დააბნია.

არადა, იმ არჩევნებში მისი მეტოქე ჯაბა იოსელიანი უნდა ყოფილიყო, რომელსაც დეპუტატობის კანდიდატის იმუნიტეტმაც არ უშველა.

მაჩაიძეს მაშინაც და ახლაც დავით ბერძენიშვილი შეერკინება. წინა არჩევნებში, როგორც ამბობენ, თითქმის მოგებული ბრძოლა ბერძენიშვილმა, სულ რაღაც, თემქის მოსახლეობის ხმების გამო დაკარგა.

პოლიტიკაში მოხვედრილ ფეხბურთელს ბევრი პარტიის მოვლა მოუწია. ჯერ „სოციალისტებს“ მიეკედლა, ახლა კი გურამ შარაძის ნაცისტური იდეების მიმდევარია.

აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ მაჩაიძეს თოფაძის გუნდმა დაუჭიროს მხარი.

მესამე გზის წარმომადგენელი დავით ბერძენიშვილი, რომელიც ამ ალიანსის საარჩევნო სიაში მეორეა, კვლავ შეერკინება მაჩაიძეს.

იმასაც ამბობენ, რომ შესაძლოა, მას წარმატების მიღწევაში, ამ ალიანსს სულ ახლახან მიკედლებული დავით ზეიკიძე წაეშველოს.

ამ  ორ კანდიდატს „მოქალაქეებმა“ გელა ნიორაძე დაუპირისპირეს. იგი ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილეა.

როგორც ჩანს, კვლავ მასწავლებლების მხარდაჭერის იმედი აქვს მთავარ ლეიბორისტს. მან ნაძალადევის რაიონში თბილისის საკრებულოს წევრი, განათლების ქვეკომისიის ხელმძღვანელი მირზა გელაშვილი წარადგინა.