ალიანსის გენერალური მდივანი დარწმუნებულია, რომ თურქეთი არასდროს გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც კოლექტიურ თავდაცვას შეუქმნის საფრთხეს. თუმცა, ბრიტანული გამოცემა The Times წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთის მთავრობა ნატო-ში მომუშავე პროდასავლურ დიპლომატებსა და სამხედროებს იმ სამხედროებით ანაცვლებს, რომლებიც რუსეთის, ჩინეთისა და ირანის მხარდამჭერები არიან.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია მტკიცდება ელექტრონული ფოსტის წერილებით, რომელიც მათ ხელთ აღმოჩნდათ. კერძოდ, ნატო-ში წამყვანი პოზიციებიდან ახლახან გათავისუფლებულმა თურქმა სამხედროებმა წერილი მისწერეს ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული ძალების მთავარსარდალ კერტის სკაპაროტის, რომელშიც აღნიშნეს თურქ სამხედროებს შორის ულტრანაციონალისტური და ანტიდასავლური განწყობების მნიშვნელოვანი ზრდა. The Times თურქი მაღალჩინოსანი სამხედროს წერილის ფრაგმენტს აქვეყნებს.
„მე და ჩემი კოლეგები ვატყობთ ჩვენი სამხედრო და სახელმწიფო უწყებების რიგებში ულტრანაციონალისტური და ანტიდასავლური განწყობების მნიშვნელოვან ზრდას. შემაშფოთებელია იმის შეტყობა, რომ ნატო-ში ახლად დანიშნულ თურქეთის ზოგიერთ წარმომადგენელს რადიკალური აზროვნება გააჩნია. ზოგიერთი მათგანი ეჭვის ქვეშ აყენებს ნატო-ს ღირებულებებს და უფრო მეტიც, მათ სძულთ დასავლური ორგანიზაციები და პრორუსული-ჩინური-ირანული სენმტიმენტებით გამოირჩევიან“, - ნათქვამია თურქი მაღალჩინოსანი სამხედროს წერილში.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს თურქეთის სამხრეთში მდებარე, სამხედრო საჰაერო ძალების ბაზა ინჯირლიკის ხელმძღვანელი, გენერალი ბეკირ ერჯან ვანი. აღნიშნული ბაზა ნატოს საჰაერო ძალებისა და თურქეთის სამხედრო ძალებისთვის გამოიყენება. გენერალთან ერთად ათზე მეტი სამხედრო ოფიცერია დაკავბული.
გენერალი ბეკირ ერჯან ვანი და მასთან ერთად დაკავებულ ოფიცრებთან ერთად, ასევე დაკავებულია ნატოს მისიის სარდალი, რომელიც თურქეთის შენაერთს ხელმძღვანელობდა. ნატო-ში მომუშავე პროდასავლურ დიპლომატებსა და სამხედროების განთავისუფლების ფაქტს ადასტურებს სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია, რომლის შეფასებით, სამხედროები, რომლებიც ნატოს კოალიციურ ძალებში მსახურობდნენ, ნაწილი დაკავებულია, ნაწილზე გამოცხადებულია ძებნა.
„ჩემი მეგობრები, რომლებიც ნატოს კოალიციურ ძალებში მსახურობდნენ, ნაწილი დაკავებულია, ნაწილზე ძებნაა გამოცხადებული, ეს რეპრესიები შეეხო სამხედროებს. მეტიც, დაპატიმრებულია ნატოს მისიის სარდალი, რომელიც თურქეთის შენაერთს ხელმძღვანელობდა. ამ შემთხვევაში გიულენი არის მხოლოდ ფორმალური მიზეზი. არ იქნებოდა გიულენი, იქნებოდა მაჰმუდი.
გიულენი ერთგვარი საფრთხობელას ფუნქციას თამაშობს და ეს გასაგებია. ასეთი საფრთხობელა ბევრი ჰყავდა სააკაშვილს, ბევრს თავად იგონებდა. ანალოგიური ვითარებაა თურქეთში. მინდა გითხართ, რომ ვარშავის ნატოს სამიტზე, თურქეთმა მხარი არ დაუჭირა შავი ზღვის საზღვაო კოალიციური დაჯგუფების შექმნას. ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს თურქეთის დღევანდელი მთავრობა, ამ მიმართულებით“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შეიარაღებულ ძალების პოლიტიზაციის პროცესი. შესაბამისად, მთავარია, რომ თურქეთმა შემდგომში პრობლემები არ შეუქმას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს.
„ამის ერთგავრი წინაპირობა იყო ვარშავის სამიტი, თუ ასეთი ტენდენცია გაგრძელდა, უახლოეს პერიოდში გამოჩნდება თურქეთის ამჟამინდელი ხელისუფლების დამოკიდებულება კოალიციისადმი. მთავარია არა ის, ვინ არის პროდასავლელი და ვინ პროევრაზიელი, მთავარია პოლიტიკური კურსი და ორიენტაცია, რომ გადაწყვეტილების მიღების ფაქტორში ამან გავლენა არ მოახდინოს. ახლა მთავარია, რომ თურქეთმა არ გადაუხვიოს პოლიტიკურ კურსს, რაც უახლოეს პერიოდში გამოჩნდება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.
ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი ზურაბ აგლაძე ფიქრობს, რომ გადაჭარბებულია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნატო-ში მომუშავე პროდასავლურ დიპლომატებსა და სამხედროებს იმ სამხედროებით ანაცვლებენ, რომლებიც რუსეთის, ჩინეთისა და ირანის მხარდამჭერები არიან. მისივე თქმით, თურქეთის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია ამ ალიანსში ყოფნა. შესაბამისად, გამორიცხავს, რომ თურქეთის ხელისუფლებას განზრახული ჰქონდეს ალაინსის დასუსტება.
„თუქრეთს უფრო სჭირდება ალიანსი, ვიდრე ალაინსს თურქეთი. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ თუქრეთი არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ბზარს შეიტანს ალიანსის ერთიანობაში და საფრთხის ქვეშ დააყენებს თურქეთის ნატოში ყოფნას. დარწმუნებული ვარ, რომ თურქეთის და რუსეთის დაახლოება დროებითი მოვლენაა. იმდენად კარდინალურად შეუთავსებელია მათი ინტერესები, რომ ძნელად წარმოსადგენია დიდხანს გაგრძელდეს მათი ურთიერთობა.
როგორც წესი, თურქეთისა და რუსეთის ურთიერთობას არასტაბილურობა ახასიათებს. თურქეთს არავითარი ინტერესი არ აქვს, რომ ვიღაცის გამო დაუპირისპირდეს დასავლეთს. წმინდა ეკონომიკური თუ უსართხოების მხრიდან რუსეთს არაფერი არ აქვს შესათავაზებელი თურქეთისთვის. ერდოღანი თავის პოლიტიკას ატარებს, ორ ფრონტზე უწევს ბრძოლა. აქვს როგორც შიდა, ასევე საგარეო პრობლემები, ამ ვითარებაში დასავლეთთან აშკარა დაპირისპირება, თურქეთისთვის კარგი არ არის და ამას თავადაც ხვდება“, - ამბობს ზურაბ აგლაძე
რაც შეეხება თურქი მაღალჩინოსანი სამხედროს პოზიციას, რომ თურქეთის მთავრობა ნატო-ში მომუშავე პროდასავლურ დიპლომატებს და სამხედროებს ჩინეთისა და ირანის მხარდამჭერი სამხედროებით ანაცვლებენ, აგლაძე ამბობს, რომ დასავლეთთან კარგი ურთიერთობა არ გამორიცხავს ჩინეთთან და ირანთან კარგ ურთიეთობას.
„ეს გასაკვირი არ არის. თურქეთი თავის თავს წარმოიდგენს როგორც რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მოთამაშეს, სადაც ირანიც იმყოფება და სადაც არის ჩინეთის ინტერესი. გარდა იმისა, რომ ჩინეთი ეკონომიკურად მიმზიდველი ქვეყანაა, ის დიდი ქვეყანაა და ლოგიკურია, რომ თურქეთს ჰქონდეს ინტერესი ჩინეთის მიმართ და განსაკუთრებით ირანის მიმართ.
რაც შეეხება სენტიმენტებს, ცოტა არ იყოს ნაკლებად წარმომიდგენია თურქ სამხედრობს შორის ჩინეთის მიმართ სენტიმეტები. შესაძლებელია, ირანის მიმართ გაცილებით მეტი იყოს, ვიდრე ჩინეთის, ან თუნდაც რუსეთის მიმართ. შეიძლება ერთეულები იყოს, მაგრამ მასაზე საუბარი ზედმეტია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აგლაძემ.
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი არ გამორიცხავს, რომ მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, თურქეთს ორი კურდღლის დაჭერის სურვილი ჰქონდეს. კერძოდ, სანდო პარტნიორად აღქმული იყოს, როგორც რუსეთის, ასევე ნატოს მიერ.
„როდესაც საქმე გვაქვს თურქეთის უმაღლესი ხელისუფლების მხრიდან ურთიერთსაწინააღმდეგო აზრის დაფიქსირების, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს გამოწვევა მნიშვნელოვანია როგორც რუსეთისთვის, ასევე ნატოსთვის. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს ორი სუბიექტი იბრძვის ნატოს შესანარჩუნებლად. უფრო ზუსტი იქნებოდა თუ ვიტყოდით, რომ თურქეთი ორივე ამ სუბიექტს აძლევს საფუძველს, რომ იგი თავისიანად იგუონ. თუმცა, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. თურქეთის მთავარი გამოწვევა გახლავთ, მძიმე დაპირისპირება ქურთულ პოლიტიკურ ძალებთან, რაც ტერორიზმში გადაიზარდა.
არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ რუსეთსა და ნატოს შორის, თურქეთმა ეძიოს უფრო მყარი დასაყრდენი, რომელიც გაიზიარებს თურქეთის დამოკიდებულებას ქურთული პრობლემის წინააღმდეგ. რასაკვირველია, საფრთხე თავად თურქეთისთვისაც თვლასაჩინოა. ამიტომ, ძნელად წარმოსადგენია, არა მხოლოდ მონადირეთათვის, არამედ პოლიტიკური მასებისთვისაც შესაძლებელი იყოს ორი კურდღლის დაჭერა“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.