საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მომავალი წლიდან მნიშვნელოვნად იცვლება. კერძო დაზღვევის მფლობელი ადამიანები სახელმწიფო პროგრამიდან ამოვარდებიან, ხოლო არაკეთილსინდისიერ კლინიკებთან მთავრობა აღარ ითანამშრომლებს.
535 ათასი ადამიანი, რომელიც კერძო დაზღვევის პარალელურად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამითაც სარგებლობდა, სამომავლოდ იგივე მომსახურეობას ვეღარ მიიღებს. მათ არჩევანის გაკეთება ერთ რომელიმე მომსახურებაზე მოუწევთ. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ყოველი მეშვიდე მოქალაქის დაზღვევაზე სახელმწიფო აღარ იზრუნებს.
პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, შეიცვლება დაფინანსების მეთოდები, ხოლო შეძლებული მოქალაქეები საკუთარ ჯანმრთელობაზე მეტ პასუხისმგებლობას აიღებენ. ჯერჯერობით მსჯელობა მიმდინარეობს მეორე საკითხზე - ჯანდაცვის დაფინანსების მოქალაქეთა შემოსავლებზე „მიბმა“.
„ვისაც აქვს კერძო დაზღვევა, ის საყოველთაო დაზღვევას აღარ მიიღებს. კერძო კომპანია გადაუდებელი შემთხვევების 90%-ის შემთხვევაში ამბობს: „ჯერ საყოველთაომ აგინაზღაუროს და რაც დარჩება, აგინაზღაურებ მე“, - აი, ეს აღარ იქნება. ორმაგი ხარჯი გამოდის. რეალურად 535 ათასი ადამიანი დაზღვეულია კერძო სტრუქტურაში და ასევე საყოველთაო ჯანდაცვას იყენებს. აი, ეს გაიმიჯნება“, - განაცხადა ზოიძემ.
კერძო მზღვეველები ასეთი ცვლილების შემდეგ, მომსახურების გაძვირებას პროგნოზირებენ. „პსპ დაზღვევის“ დირექტორი ვლადიმერ ბეჟაშვილი განმარტავს, რომ აღნიშნული ინიციატივა პაკეტებს დაახლოებით 25 პროცენტით გააძვირებს. მისი თქმით, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა პაკეტები აქვთ სადაზღვევო კომპანიებს გაყიდული.
„ამ პროდუქტის ძირითადი, საბოლოო ბენეფიტი სტაციონარის მიმართულებაა. შესაბამისად, ჩვენს სადაზღვევო პორტფელებში სტაციონარს მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია. გაორმაგებული ფასები არ იქნება, თუმცა მნიშვნელოვანი ზრდა აუცილებლად მოხდება. ფასების დაახლოებით 20-25-პროცენტიან ზრდას უნდა ველოდოთ“, - აცხადებს ბეჟაშვილი.
მისივე შეფასებით, უფრო სწორი იქნება, რომ მოხდეს გამიჯვნა შემოსავლების მიხედვით. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებს მიეცეთ არჩევანის საშუალება.
„შესაძლოა, ადამიანს არ აქვს სურვილი კერძო დაზღვევით ისარგებლოს, ან პირიქით“, - აცხადებს ბეჟაშვილი.
მისი განცხადებით, საკითხი კომპლექსურადაა გადასაჭრელი. მხოლოდ იმის გამო, რომ ადამიანი კერძო დაზღვევით სარგებლობს, სახელმწიფომ მასზე უარი თქვას, არასწორია.
სადაზღვევო კომაპნია „არდის“ ბიზნესის განვითარების დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთება რთულია, რადგან კომპანიისთვის ინიციატივის დეტალები ცნობილი არ არის. ჯაფარიძე ამბობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვისა და კერძო დაზღვევის თანაკვეთა არსებობს, მაგრამ მისი ხვედრითი წილი დიდი არ არის. მისი მტკიცებით, ამოსავალი წერტილი არის ის, რომ სახელმწიფო და კერძო პროგრამების თანაარსებობა ეფექტური უნდა იყოს.
პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაძე, რომ სამედიცინო დაწესებულებების ნაწილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ამოვარდება. ხელისუფლება სელექციური კონტრაქტების გაფორმებას იწყებს და სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა ყველა საავადმყოფოს აღარ შეეძლება. ამ ცვლილებებს საყოველთაო ჯანდაცვის მეორე ფაზა ითვალისწინებს, რომლის განხორციელებასაც მთავრობა იწყებს. ჯერჯერობით უცნობია, რომელი საავადმყოფოები დარჩებიან საყოველაო ჯანდაცვის პროგრამაში.
„ბოლო გარდამავალი ორი წლის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ აღმოჩნდნენ ისეთი კლინიკები, რომლებიც აწვდიან წყვეტილ, ფრაგმენტირებულ სამედიცინო დახმარებას. მაგალითისთვის, შეიქმნა სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც აქვს მხოლოდ რეანიმაციის განყოფილება. შეიქმნა სამედიცინო დაწესებულება, რომელიც პოლიკლინიკასთან არის მიბმული, ასოცირებული, როგორც გადაუდებელი დახმარების განყოფილება. ასეთი ტიპის სამედიცინო დაწესებულებები საფრთხეს უქმნიან პაციენტის სამედიცინო დახმარებას. ასეთ შემთხვევაში იგი ვერ მიიღებს სრულყოფილ სამედიცინო დახმარებას.
ვეცადეთ გამოგვეყენებინა ინსტრუმენტი სანებართვო პირობების სახით, თუმცა ნაწილი მათგანი თანამშრომლობას დათანხმდა, გაიაზრა, რომ ისინი არასწორი გზით მიდიოდნენ, ნაწილი აგრძელებს ამას. შესაბამისად, სელექტიური კონტრაქტირება ერთეულ სამედიცინო დაწესებულებებს ჩამოაშორებს საყოველთაო ჯანდაცვას“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.
ასე რომ, სახელმწიფო ითანამშრომლებს ისეთ კლინიკებთან, რომლებიც პაციენტებს მიაწვდიან მაქსიმალურად ხარისხიან და უფასო სამედიცინო მომსახურებას. მინისტრის განცხადებით, მისთვის გასაგებია, რომ ეს გადაწყვეტილება ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულებისთვის მიუღებელი იქნება, მაგრამ სახელმწიფო თანხებს მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის ხარჯავს და არა სამედიცინო დაწესებულებების მეპატრონეების შემოსავლებისთვის.