სახელმწიფო უწყებებიდან თანამშრომელთა გათავისუფლების პროცესი იწყება. საბოლოოდ რამდენი ადამიანი დარჩება სამსახურის გარეშე, ჯერ გარკვეული არ არის. კონკრეტული ინფორმაციის გახმაურებას ყველა ერიდება.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას აზრით, სახელმწიფო უწყებებში გარკვეული ოპტიმიზაცია უნდა განხორციელდეს. დეპუტატის თქმით, ადმინისტრაციული ხარჯების დაგეგმილი შემცირება გამოწვეულია იმით, რომ მაქსიმალურად დაიზოგოს რესურსი, რომლის დაზოგვაც შესაძლებელია.
„ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანური რესურსი, რომელიც შეიძლება რომელიმე რეფორმას, რომელიმე უწყებას სჭირდება, შეიძლება შემცირდეს. ყველა საჭირო ადამიანური რესურსი, რაც საჭიროა, ბუნებრივია, შენარჩუნდება. ჩვენი სამუშაო დღის წესრიგია, სადაც შეიძლება დაიზოგოს ხარჯები, მოხდეს ოპტიმიზაცია ან ადამიანური რესურსის გადანაწილება და ამ შესაძლებლობით ბიუჯეტში დამატებითი რესურსი გაჩნდეს, რომელიც შეიძლება სოციალურ მიმართულებას მოხმარდეს.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანები სამსახურიდან უნდა გავუშვათ. ეს გულისხმობს, რომ ვინც არის საჭირო კონკრეტულ სამინისტროსა და სფეროში, ბუნებრივია, ის ადამიანები შენარჩუნდება, მაგრამ გარკვეული ოპტიმიზაცია უნდა მოხდეს“, - განაცხადა ბესელიამ.
უფრო კონკრეტული და პირდაპირი იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავა, რომელიც ამბობს, რომ ოპტიმიზაცია უწყებაში ყოველწლიურად განხორციელდება.
როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ აღნიშნა, საუბარი შეიძლება იყოს როგორც ფუნქციების გაუქმებაზე, ასევე დამატებაზე. სსიპ-ების გაუქმება ამ ეტაპზე გეგმაში არ არის, თუმცა სსიპ-ებში ფუნქციების გაუქმება შესაძლებელია.
„კერძო სექტორში ვმუშაობდი და ყოველწლიურად ვაკეთებდით ოპტიმიზაციასაც, გადახედვასაც. ზოგან მეტი ხალხი გვეყოლება, ზოგან - ნაკლები. ჩვენ 10%-ით ნაკლებს დავხარჯავთ როგორც ანაზღაურების, ასევე ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილში“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
შეკითხვაზე, რამდენი ადამიანი გათავისუფლდება სამსახურიდან, ალექსანდრე ჯეჯელავამ უპასუხა, რომ იმდენი რამდენიც ასრულებს ისეთ ფუნქციებს, რომელთა შესრულებაც მათ გარეშე არის შესაძლებელი. ჯეჯელავა ამბობს, რომ აღნიშნული პროცესი 6 თვეა დაწყებული აქვს.
„ყველა, ვინც ხალხის ფულს ზედმეტად ხარჯავს, მიუხედავად იმისა, რა გეგმა აქვს მთავრობას და ეკონომიკას, უნდა გავათავისუფლოთ და სადაც გვჭირდება დამატებითი კადრი უნდა ავიყვანოთ“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მისივე თქმით, ოპტიმიზაცია თვის ბოლომდე დასრულდება, თუმცა პროცესი ერთჯერადი არ არის, ყოველწლიურად განხორციელდება და მუდმივად გაგრძელდება.
„მთავრობა წინ მიდის ამ თვალსაზრისითაც, რომ უფრო გამხდარი იყოს, ჩემგან რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს და უფრო ეფექტურად ხარჯავდეს ხალხის ფულს“, - დასძინა განათლების მინისტრმა.
დედაქალაქის მერიაში კი ჯერჯერობით მხოლოდ ხარჯების შემცირებაზე საუბრობენ. ასეთი გაანგარიშება 2017 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია. როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ აღნიშნა, ბიუჯეტში გათვალისწინებულია ასევე სახელფასო ანაზღაურების ფონდის 10%-იანი შემცირება.
„ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი, რომელსაც კვირის ბოლომდე წარვადგენთ საკრებულოში, უკვე ითვალისწინებს ადმინისტრაციული ხარჯების 10% შემცირებას. ჩვენ ისედაც შემცირებული გვქონდა დაახლოებით 10 მილიონ ლარამდე ადმინისტრაციული ხარჯები, თუმცა დამატებით შემცირდა. ასევე ბიუჯეტი ითვალისწინებს შრომის ანაზრაურების ფონდის 10%-იან შემცირებასაც“, - განაცხადა ნარმანიამ.