„ნაციონალებს“ გასააზრებელი აქვთ, ცხრა წლის განმავლობაში პოლიტიკური სივრცის რელიეფი როგორც შეცვალეს“

„ნაციონალებს“ გასააზრებელი აქვთ, ცხრა წლის განმავლობაში პოლიტიკური სივრცის რელიეფი როგორც შეცვალეს“

„ნაცმოძრაობაში“ კარგა ხანია დაწყებულია თვითგამორკვევის, თვითიდენტიფიკაციის პროცესი მიშასთან თუ მის გარეშე. საუბრობენ იმაზეც, რომ „ნაცმოძრაობაში“ შეიძლება შიდაპარტიული რევოლუციური პროცესი განვითარდეს და, ასეთ შემთხვევაში, „ნაცმოს“ დამრტყმელმა ინტელექტუალურმა ძალებმა (მათ შორის, დავით დარჩიაშვილმა და სხვებმა) დატოვონ პარტია.

„ნაცმოძრაობისადმი“ ლოიალურად განწყობილი ექსპერტები ყოფილ მმართველ გუნდს ურჩევენ, ურთიერთწყენა დაივიწყონ, ერთიანობის გზას დაადგნენ და შეინარჩუნონ ძველი ურთიერთკავშირები თუნდაც ისეთ დონეზე, როგორც ეს მოხდა დონალდ ტრამპსა და მიტ რომნის შორის. არჩევნებში გამარჯვებამდე რომნი ტრამპს პირად შეურაცხყოფასაც აყენებდა, მაგრამ დღესდღეობით ტრამპი მას სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე განიხილავს. ამდენად, ლოიალურად განწყობილ ექსპერტთა აზრით, „ნაცმოძრაობის“ გაყოფით არა მხოლოდ პარტიული ინტერესი დაზარალდება, არამედ საქართველოს დემოკრატიული სისტემის ინტერესებიც.

რას მოუტანს გაყოფილი ან არგაყოფილი „ნაცმოძრაობა“ ქართულ პოლიტიკას და რა პროცესებს უნდა ველოდოთ თვის ბოლოს „ნაცმოძრაობის“ ყრილობის შემდეგ?

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჩვენ ამერიკაში არ ვცხოვრობთ და ჩვენი ურთიერთობები მთლად ასე მარტივი არ არის, როგორც რომნისა და ტრამპს შორის დამოკიდებულებაა.

საქართველოში პროცესები პირიქით ვითარდება. ერთ დროს სააკაშვილი პირველი პირი იყო არა მარტო „ნაცმოძრაობაში“, არამედ ქართულ პოლიტიკაშიც, მაგრამ დღეს ეს პირველობა მას შენარჩუნებული ნამდვილად არ აქვს არც ქართულ პოლიტიკაში, არც „ნაცმოძრაობაში“.

პოლიტოლოგის თქმით, ის პროცესები, რომელიც ქართულ პოლიტიკაში დაიწყო, არჩევნების შემდეგ პიროვნებების გადანაწილების თვალსაზრისით, შეეხება „ნაციონალურ მოძრაობასაც“. საუბარია „რესპუბლიკელებზე“, „თავისუფალ დემოკრატებზე“, „ეროვნულ ფორუმზე“. მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც დაიწყო დებატები, „ნაცმოძრაობა“ შესულიყო თუ არა პარლამენტში, განხეთქილებამ „ნაციონალებს“ გარეთაც გამოჟონა და ამის შემდეგ ორი, ერთმანეთისგან გამიჯნული ჯგუფი მივიღეთ.

„ამ ჯგუფებს შორის დიალოგი ვერ წარმომიდგენია. ამიტომ მთავარია, როგორი სტრატეგია ექნება „ნაციონალურ მოძრაობას“. შესაძლოა, პოლიტსაბჭოს უმრავლესობა დღესდღეობით მხარს უჭერდეს მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ მეორე ნაწილი (ბოკერია-ბაქრაძის გუნდი), სხვა ტაქტიკას ირჩევს. ამიტომ, არც მეტი, არც ნაკლები, ალბათ, ყრილობაზე პირველ საკითხად დადგება ის, ღებულობს თუ არა „ნაცმოძრაობა“ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას? ეს ორი გუნდი შეთანხმდება ამაზე? მეორე წყალგამყოფი, ალბათ, ის იქნება, ამ ორად გაყოფილი „ნაცმოძრაობიდან“ ვინ იქნებიან კანდიდატები ადგილობრივ არჩევნებში. ასე რომ, მარტო ყრილობა ამ პროცესს ვერ დაარეგულირებს, ამ პროცესების დარეგულირება დაკავშირებული იქნება სწორედ ამ პარტიის მომავალთან“, -აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე და ერთ-ერთ გადამწყვეტ საკითხად მიიჩნევს, რა პოზიციას დაიკავებს თავად მიხეილ სააკაშვილი.

გამომდინარე იქიდან, რომ სააკაშვილი მოითხოვდა „ნაცმოძრაობის“ დეპუტაცია არ შესულიყო პარლამენტში, ახლაც ლოგიკური იქნება, სააკაშვილმა მომხრეებს მოუწოდოს, რომ „ნაციონალებმა“ მონაწილეობა არ უნდა მიიღონ ადგილობრივ არჩევნებში. მით უფრო, რომ ადგილობრივ არჩევნებში „ნაცმოძრაობის“ გამარჯვება კითხვებს აჩენს. ამიტომ სწორედ ეს საკითხი აღმოჩნდება კიდევ ერთი წყალგამყოფი ორ გუნდს შორის და ახლა თუ არა, საბოლოო ჯამში, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მაინც მოხდება ამ ჯგუფების გამიჯვნა.

რაც შეეხება „ნაცმოძრაობისადმი“ ლოიალურად განწყობილი ექსპერტების მოსაზრებას, რომ „ნაცმოძრაობა“ არ უნდა გაიყოს, რადგან ამით თურმე ქართული პოლიტიკა დაზარალდება, ვახტანგ ძაბირაძე სულაც არ მიიჩნევს, რომ „ნაცმოძრაობის“ გაყოფა ქართული პოლიტიკისთვის უარყოფითი იქნება.

მისი თქმით, ყოფილი მმართველი გუნდის გახლეჩვა ბევრს არაფერს შეცვლის, რადგან მათი ურთიერთობა ჯერჯერობით მაინც მოსახლეობის იმ სეგმენტისთვისაა მნიშვნელოვანი, ვინც მათი მხარდამჭერია. დანარჩენი, ანუ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მაყურებლის როლშია.

„მაინც მგონია, რომ ზოგადად ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის უკეთესი იქნება, თუკი „ნაცმოძრაობა“ ორად გაიყოფა და რაღაცნაირად სპექტრი უფრო დაიწმინდება. ყოველ შემთხვევაში, გამოკვეთილი იქნება, ვინ რას ელოდება და რას აპირებს მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაში“,-აღნიშნავს ვახტანგ ძაბირაძე.

კულტუროლოგი ლელა იაკობაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, თუკი თვითგამორკვევის გზას საქართველოში რომელიმე მოქმედი პარტია დაადგება, პირველი, ვისაც ეს აუცილებლად სჭირდება, „ნაციონალური მოძრაობაა“ მთელი თავისი ზნეობრივი პრობლემებით, მიზნებით, ქმედებით. ამიტომ „ნაციონალებს“ გასააზრებელი აქვთ ის, რაც ცხრა წლის განმავლობაში დაატრიალეს და პოლიტიკური სივრცის რელიეფი როგორც შეცვალეს.

„ნაციონალებმა“ უნდა გაარკვიონ, მათი ქმედება სად იყო სასარგებლო, სად იყო უსარგებლო, სად აკეთილშობილებდა სოციალურ სივრცეს, სად ანგრევდა, სად ადამიანის ღირსებას ეხებოდა. ეს მთელი პოლიტიკური სპექტრის გასააზრებელია, არა მხოლოდ- „ნაცმოძრაობის“. პოლიტიკა ისეთი სფეროა, ლიდერობისთვის ბრძოლა მიმდინარეობს და უამისოდ არ იქნება, მაგრამ ჰაველიც იყო ლიდერი და ლიდერად ითვლებოდნენ ყველაზე უკეთური პოლიტიკოსებიც. ეს თემები ზნეობას უკავშირდება. ამიტომ უნდა დაფიქრდეს ნებისმიერი პოლიტიკოსი და ძილის წინ, ილია ჭავჭავაძის მსგავსად, საკუთარ თავს კითხვა დაუსვას, „აბა, დღეს მე ვის რა ვარგე“. თუ ვერ არგო ვერავის, მაშინ პოლიტიკიდან უნდა წავიდეს. თუ ვერ არგო პედაგოგმა, ექიმმა და პოლიტიკოსმა, თავიანთი სფეროდან წასასვლელები არიან. საქართველო მცირერიცხოვანი ქვეყანაა და რამდენადაც მეტი კონსენსუსის მიღწევა შეუძლია პოლიტიკოსს, მით ქვეყანა იგებს. 25 წლის განმავლობაში ვხედავდით, ანტაგონიზმმა როგორ რეჟიმამდე მიგვიყვანა“,- აღნიშნა ლელა იაკობაშვილმა.