მერიის თანამშრომლებისთვის ეტიკეტის შემსწავლელი ტრენინგი ჩატარდება. დედაქალაქის მერი დავით ნარმანია აცხადებს, რომ ჩვენ არ უნდა ჩამოვრჩეთ მიმდინარე სიახლეებს, ტენდენციებს. დავით ნარმანიას თქმით, ინოვაციური განვითარების თვალსაზრისით, მსგავსი მიდგომა მსოფლიოს ბევრ ქალაქშია აპრობირებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ოთარ კახიძის თქმით, როდესაც დედაქალაქის მცხოვრებლებს უმძიმესი სოციალური პირობები აქვთ, მერიის თანამშრომლების „დახვეწილობის კურსებზე“ ათი ათასობით ლარის ხარჯვა ამორალური საქციელია.
ეს გაუგებარია იმ ფონზეც, როდესაც მთავრობა ადმინისტრაციულ ხარჯებს ამცირებს, რასაც ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებითა და ლარის კურსის დასტაბილურებით ხსნის.
სჭირდებათ თუ არა მერიის თანამშრომლებს ეტიკეტის შესწავლა და ღალატობენ თუ არა ისინი დახვეწილობის ნორმებს?
„რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი For.ge-სთან საუბარში კატასტროფად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ეტიკეტის სწავლებაში ფულის ხარჯვის იდეა ვიღაცის თავში დაიბადა. მისი თქმით, მოსახლეობას სულაც არ აინტერესებს, თუნდაც ქალაქის მერს სწორად უჭირავს თუ არა ჩანგალი. შესაძლოა, ისეთი მერიც შეგვხვდეს, რომელმაც საერთოდ არ იცის ჩანგლის გამოყენება. ამიტომ, თუ ვინმეს სერიოზულად ჰგონია, რომ ჩანგლის სწორად დაჭერის მიხედვით, უცხოელები გრანტს მოგვცემენ და ჩვენი ცხოვრება გაუმჯობესდება, ეს სასაცილოა. ლევან ბერძენიშვილის აზრით, დედაქალაქის მერიაში ასეთი „ინოვაციური“ იდეების დაბადება შემთხვევითი ფაქტი არაა და ეს ფულის მოპარვას, ფულის გათეთრებას და ჯიბეში ჩადებას ემსახურება.
„მაშინ თავიდანვე აიყვანონ ისეთი თანამშრომლები, რომლებმაც იციან, რომ დანა დანაა და ჩანგალი ჩანგალია. რად უნდა ამას ამდენი სწავლება? ეს ზუსტად ხუთი წუთის საქმეა. თავის დროზე საფრანგეთის საელჩოში რომ მიჰყავდათ ქართველები, ხუთ წუთში უხსნიდნენ, რომელი ჩანგალი რისთვის გამოიყენებოდა და თევზის დანა რომელი იყო. რად უნდა ამას ათასების ხარჯვა და ტრენინგები? ან კიდევ, დღეში ხუთსაათიანი საუბრები? დედაქალაქის მერის პასუხი, თითქოს ჩვენ არ უნდა ჩამოვრჩეთ მიმდინარე სიახლეებს და თითქოს ეტიკეტის სწავლება ბევრ ქვეყანაშია აპრობირებული, ცინიკურია. აშკარაა, მასაც სჭირდება ტრენინგი, ოღონდ სულ სხვა მიმართულებით. მას ადეკვატური ლაპარაკი უნდა ასწავლონ, ხოლო სამსახურიდან უნდა გაათავისუფლონ ის ადამიანები, რომლებზეც ფიქრობენ, რომ მათი ეტიკეტი არ შეესაბამება ნორმებს.
საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის წევრი ვიყავი, ინფორმაცია მაქვს რვა მოწვევის პარლამენტის შესახებ, ევროსაბჭოს დელეგაციის ორი მოწვევის წევრიც გახლდით და მსგავსი ტრენინგები არასოდეს არავის ჩაუტარებია. ნარმანიამ ერთი ქვეყნის მაგალითი მაინც დაასახელოს, სადაც მერიამ დანა-ჩანგლის გამოყენებისთვის ტრენინგი ჩაატარა. მაგიდის კიდეში რომ არ უნდა დაჯდეს ქალიშვილი, თორემ შვიდი წელი არ გათხოვდება, ამაზე ფული უნდა დაიხარჯოს? ამოდენა უმრავლესობა რომ სისულელისკენ წაიყვანდა საქმეს, ამას რად უნდოდა ბევრი ფიქრი? ქართულმა საზოგადოებამ თავის თავს უნდა ჰკითხოს, რა გააკეთა, როდესაც ამოდენა უმრავლესობით მოიყვანა ასეთი „კვალიფიუციური“ ხალხი, რომლებსაც თურმე დანა-ჩანგლის გამოყენება არ სცოდნიათ“, - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა და შეკითხვის საპასუხოდ, რამდენად იცავენ ჩვენი საჯარო უწყების თანამშრომლები ეტიკეტს, განმარტა, რომ ეტიკეტის დამრღვევი, უზრდელი, უვიცი და იდიოტი ხალხის მეტი რა გვყავს.
მანვე ეტიკეტის დარღვევის ერთი დეტალი გაიხსენა, როცა საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი წევრი გერმანიაში კანცლერთან შეხვედრისას სუფრიდან ადგა, მეზარება აქ ჯდომაო და გავიდა.
მისი თქმით, მერიამ მსგავსი ტრენინგი არ უნდა ჩაატაროს და ხალხის ფული ამაზე არ უნდა დაიხარჯოს. ამ დელიკატური სიტუაციიდან გამოსავალს ლევან ბერძენიშვილი იმაში ხედავს, რომ სამსახურში აყვანის დროს როცა ტარდება გამოცდები, იქ შეამოწმონ, იცის თუ არა ასაყვანმა კანდიდატურამ დანა და ჩანგალი მარცხენა ხელში უნდა დაიჭიროს თუ მარჯვენაში? თუმცა, ლევან ბერძენიშვილის აზრით, ეს ვითარებას გაართულებს, რადგან ზოგიერთებს გაუჭირდებათ საკუთარი ნათესავების დანიშვნა სამსახურში.
კულტუროლოგი ლელა იაკობაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოში ადამიანები უფრო დახვეწილნი რომ გახდნენ და ერთმანეთთან კულტურული, მშვიდი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულება რომ ჰქონდეთ, მნიშვნელოვანია ეტიკეტის სწავლება. ეტიკეტი ეთიკიდან, ზნეობრივი ნორმებიდან, ესთეტიზმიდან გამომდინარეობს. ასევე, ქცევის კულტურიდან მომდინარეობს, რაც ზნეობასა და ესთეტიზმს ეყრდნობა. თუმცა ლელა იაკობაშვილის თქმით, საეჭვოა, ერთ ტრენინგზე ადამიანი იყოს სულით მდაბიო და მეორე ტრენინგზე უცებ სულით არისტოკრატად გადაიქცეს. ეს გამორიცხულია.
„თუკი ამ ტრენინგის მიზანი იქნება, რომ მერიის თანამშრომლებს ტექნიკის დონეზე მაინც ასწავლის გაღიმებას, შუბლის შეკვრისგან გაათავისუფლებს, კომუნიკაციებს შეასწავლის, თუ როგორ მიიღონ მერიაში მისული ადამიანი, როგორ გააცილონ, როგორ იგრძნონ პასუხისმგებლობა კონკრეტული ადამიანის მიმართ, მაშინ ცუდი არაფერია. ამიტომ მედალს ორი მხარე აქვს. ზოგადად, ყველა ადამიანი მუდმივ დახვეწას საჭიროებს. თუ ჩავთვალეთ, რომ მაღალ ნიშნულზე ავედით, რომლის იქითაც არაფერია, ჩვენი ზნეობრივი ვარდნა დაიწყება, ხოლო, თუ მზაობა გვექნება, რომ ხვალ და ზეგ უკეთესი გავხდეთ, რაშიც საკუთარი შემოქმედებითი ნების ძალისხმევა დაგვეხმარება, ეს მხოლოდ მისასალმებელია.
ამიტომ საინტერესოა, ტრენინგში მთავარ მიზნად რა უწერიათ, უკულტუროები ვართ და კულტურულები უნდა გავხდეთო? თუ ეს არის მიზანი, დამერწმუნეთ, ეს ტრენინგი ამას ვერ უშველის. მართლა არ ვიცი, რა არის დედაქალაქის მერიის მიზანი. თუ მხოლოდ ის არის, რომ თავის თანამშრომლებს საახალწლო საჩუქარი გაუკეთონ, ეს სხვა თემაა, თუ მართლა ფიქრობს მერია, რომ საკუთარ თანამშრომელთა მოტივაციაზე იზრუნოს, რომ ხვალ უკეთესები გახდნენ, ამას მივესალმები“, - აღნიშნა ლელა იაკობაშვილმა.
მისი თქმით, სოციალურ ორგანიზმს ზნეობრივად აშკარად უჭირს, ზნეობრივი განახლება ყველა პოლიტიკოსის, ყველა მხარის, პოზიცია-ოპოზიციის პრობლემაა და ამას სოციალურ ქსელებში სრულიად გამჭვირვალედ ვხედავთ ხოლმე.
ლელა იაკობაშვილს მიაჩნია, რომ ასეთი თემების უტრირება და დანა-ჩანგლის გამოყენებამდე დაყვანა არ ღირს. თუმცა, ცხადია, დანა-ჩანგლის მართებულად გამოყენებაც ეტიკეტში შედის ისევე, როგორც ტანსაცმლის ჩაცმის წესები, როდის უნდა ჩავიცვათ ქუსლიანი ფეხსაცმელი, როდის შარვალი და სხვა.
„საჯიჯგნად არც ერთი თემა არ ღირს. ჯერ უნდა გავიაზროთ, რა გვინდა, რა რესურსი გვაქვს და ამ მიზნისთვის რას ვაკეთებთ. აქ იგულისხმება ფინანსური, ადამიანური, შემოქმედებითი, ინტელექტუალური რესურსი. უნდა ვიცოდეთ, როგორ უნდა გადავანაწილოთ ეს რესურსები გაცილებით ოპტიმალურად, რომ ფინანსები ფუჭად არ ვხარჯოთ“.