პროკურატურა ფოტორეპორტიორების საქმეზე გამამართლებელ განაჩენს მოითხოვს

პროკურატურა ფოტორეპორტიორების საქმეზე გამამართლებელ განაჩენს მოითხოვს

მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმეს გრიფით „საიდუმლო“ მოხსნა და საქმე გახსნილად გამოაცხადა. პროკურატურა, ფოტორეპორტიორების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის თაობაზე, სააპელაციო სასამართლოს მიმართავს და გამამართლებელი განაჩენების დადგომას მოითხოვს.

ამ გახმაურებულ საქმეზე, ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით განხორციელებული სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტების ფაქტზე, დაკავებულ იქნა შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი, ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულების N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის ალექსანდრე მუხაძის მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება მისი ბრალდების შესახებ. ფოტოგრაფების საქმეზე მთავარი პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას ამ დანაშაულში ჩართული სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების გამოსავლენად.

პროკურატურის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიების პროცესში დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის საფუძველზეც გამოძიებამ თითოეულ ამ საქმეში მოიპოვა უტყუარი მტკიცებულება, რის შემდეგაც გამოვლენილ იქნენ ამ დანაშაულში ჩართული საჯარო მოხელეები და თავის მხრივ დადასტურდა ფოტორეპორტიორების უდანაშაულობა მათთვის წარდგენილ ბრალდებაში.

გარდა ამისა, პროკურატურამ „საიდუმლო“ გრიფის მიმნიჭებელ უწყებებთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად განახორციელა ფოტორეპორტიორების საქმის ყველა ძირითადი მასალის და დოკუმენტის განსაიდუმლოება. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე და ირაკლი გედენიძე აქტიურად აშუქებდნენ 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე, ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის დროს, მომიტინგეების დარბევას, რასთან დაკავშირებითაც, მათ მიერ გადაღებულმა ფოტოებმა მსოფლიოს წამყვან პრეს სააგენტოებში დიდი რეზონანსი გამოიწვია, რაც ნეგატიურად აისახა იმჟამინდელი ხელისუფლების რეიტინგზე.

სწორედ, ამ ფაქტით გამოწვეული ხელისუფლების უკმაყოფილების შედეგად, ანგარიშსწორების მიზნით, 2011 წლის 7 ივლისს, შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, გამოგონილი ჯაშუშობის ბრალდებით, ღამის საათებში, საგანგებოდ ჩატარებული სპეცოპერაციის გზით, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დაკავებული იქნენ ზურაბ ქურციკიძე, გიორგი აბდალაძე, ირაკლი გედენიძე და ნათელა გედენიძე.

დაკავებამდე, შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი უკანონოდ ახორციელებდა ზურაბ ქურციკიძის სატელეფონო საუბრების ფარულ მიყურადებას. ზურაბ ქურციკიძე 2004 წლიდან დღემდე მუშაობს ევროპის პრეს სააგენტოს „ეპა“-ს ფოტორეპორტიორად, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ფრანკფურტში, ხოლო ამიერკავკასიის მასშტაბით მოსკოვში.

თავისი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, ქურციკიძეს ხშირი სატელეფონო საუბრები ჰქონდა სააგენტოს თანამშრომლებთან, რომელთაც ხელშეკრულების საფუძველზე, ჰონორარის სანაცვლოდ უგზავნიდა როგორც მის მიერ გადაღებულ ფოტოსურათებს, ასევე ამ სააგენტოს სტრინგერების - უშტატო თანამშრომლების: ირაკლი გედენიძის და გიორგი აბდალაძის მიერ გადაღებულ ფოტოებსაც. სწორედ, ქურციკიძის, გედენიძის და აბდალაძის ფოტორეპორტიორობა დაედო საფუძვლად სამართადამცავების მხრიდან მათი ჯაშუშობის ბრალდების ლეგენდის შექმნას.

გამოგონილი ჯაშუშობის ბრალდების თანახმად, 2004 წელს ქურციკიძე მოსკოვში სამსახურებრივი მივლინების დროს, გასამრჯელოს დაპირების საფუძველზე, კონფიდენციალური თანამშრომლობისთვის გადაბირებული იქნა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლების მიერ. მათი ორგანიზებით ქურციკიძე თითქოს სისტემატიურად უგზავნიდა ევროპის პრეს-სააგენტოს თანამშრომლებს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ფოტოებს და მასალებს, რომლებსაც ქურციკიძე მოიპოვებდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოპერატორისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ფოტოგრაფისგან, რომლებმაც თითქოსდა იცოდნენ ქურციკიძის რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ.

კერძოდ, ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტის დროს, მისი გადაადგილების უსაფრთხოების გეგმა, მთავრობის წევრების გადაადგილების მუდმივმოქმედი გეგმა. გამოგონილი ბრალდების თანახმად, ფოტოგრაფების მიერ შექმნილ ჯაშუშურ ქსელს დახმარებას ასევე უწევდათ ირაკლი გედენიძის მეუღლე, ფოტოგრაფი ნათია გედენიძე. დაკავების შემდეგ, სამართალდამცავებმა დაიწყეს ფოტორეპორტიორების მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა და შანტაჟი, რათა შედეგად მათ მიეღოთ აღიარებითი ჩვენებები, რომელსაც გაასაჯაროებდნენ.

ამ მიზნით, დაკავებულების დროებითი მოთავსების იზოლატორში შეყვანისთანავე, მათთან არაოფიციალურად შედიოდა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი, სხვა თანამშრომლებთან ერთად, რომლებიც მოსალოდნელი ციხის მძიმე პირობებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის პრობლემების შექმნის მუქარით, დაჟინებით ითხოვდა ჯაშუშურ ქსელში მონაწილეობასთან დაკავშირებით აღიარებით ჩვენებაზე ხელის მოწერას.

ამას დაემატა ისიც, რომ დაკავებულ ნათია გედენიძეს დავით დევნოზაშვილმა წარუდგინა სახლის ჩხრეკის დროს კომპიუტერიდან უკანონოდ მოპოვებული ფოტო და აღიარებითი ჩვენების არ მიცემის შემთხვევაში, დაემუქრა მისი საჯარო სივრცეში გავრცელებით, რის შედეგადაც გედენიძეს ექიმის დახმარება დასჭირდა. აღნიშნული ფოტო ასევე აჩვენეს დაკავებულ ირაკლი გედენიძეს და დაემუქრნენ მისი გავრცელებით.

განხორციელებულ ზეწოლის შემდეგ, ნათია და ირაკლი გედენიძეებმა ხელი მოაწერეს სამართალდამცავების მიერ წინასწარ შეთხზული ცრუ აღიარებით ჩვენებას, რის შემდეგაც ნათია გედენიძე გაათავისუფლეს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან, ხოლო ირაკლი გედენიძეს სამომავლოდ შეპირდნენ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას და გიორგი აბდალაძესთან და ზურაბ ქურციკიძესთან ერთად გადაიყვანეს სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში.

ციხეში ფოტორეპორტიორების შეყვანისთანავე, საპყრობილის დირექტორის ალექსანდრე მუხაძის ორგანიზებით და დახმარებით, სამართალდამცავების მხრიდან, მათ მიმართ გაგრძელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, რასაც სისტემატიური ხასიათი ჰქონდა. მათ საკნებში არ ქრებოდა შუქი და საკნები აყვანილი იყო მუდმივ ვიდეო კონტროლზე. ალექსანდრე მუხაძის დავალებით პატიმრები აჰყავდათ ციხის ადმინისტრაციაში, სადაც დავით დევნოზაშვილი სხვა თანამშრომლებთან ერთად აგრძელებდა მუქარას აღიარებითი ჩვენების მისაღებად.

საბოლოოდ, განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, 8 დღის შემდეგ, ზურაბ ქურციკიძე და გიორგი აბდალაძეც დაითანხმეს აღიარებითი ჩვენების მიცემაზე, მათ საგანგებოდ შეასწავლეს სამართალდამცავების მიერ წინასწარ დაწერილი ჩვენება, რასაც მთელი ღამის განმავლობაში ამეორებინებდნენ დაკავებულებს, რათა ადვოკატების თანდასწრებით არაფერი შეშლოდათ. მეორე დღეს ადვოკატების მონაწილეობით ვიდეოკამერაზე ჩაწერეს აღიარებითი ჩვენებები, რასაც ადვოკატების პროტესტი მოჰყვა.

შესაბამისად, აბდალაძეს და ქურციკიძეს დააწერინეს განცხადებები და უარი ათქმევინეს მათ დამცველ ადვოკატებზე, რის შემდეგაც პროკურატურის მაღალჩინოსნების მოთხოვნით და რეკომენდაციით, საქმეში სხვა ადვოკატები ჩაერთვნენ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ფოტოგრაფების საქმეში საპროცესო შეთანხმების გაფორმებაში. სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ, კი ფოტორეპორტიორებს მკაცრად აუკრძალეს ამ თემაზე ყოველგვარი საუბარი საჯარო სივრცეში.

როგორც პროკურორი კოკა კაციტაძე აცხადებს, საქმეს, რომელსაც მოეხსნა გრიფი, ღია სასამართლო პროცესზე განსაჯაროვდება.

„ჩვენ არაფრის დაფარვას არ ვაპირებთ, გარდა იმ მცირედი დოკუმენტაციისა, რომელსაც დღემდე აქვს მინიჭებული „საიდუმლო“ გრიფი. თუმცა ეს არ ახდენს გავლენას იმაზე, რომ საქმის მასალები გასაჯაროვდეს. ალექსანდრე მუხაძე, რომელსაც ბრალდება წარედგინა, საპატიმროში მოხვედრილ ზურაბ ქურციკიძეს პირდაპირ ეუბნებოდა, თუ რა უნდოდა მას 26 მაისის აქციაზე, ყოფილიყო სახლში და საპატიმრო დაწესებულებაში არ მოხვდებოდა. დავალება, შესაძლოა, სხვა მაღალი თანამდებობის პირიდან მოდიოდა. ამ მიმართულებით გამოძიება ძალიან აქტიურად მუშაობს“, - განაცხადა კოკა კაციტაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, რომელიც აბდალაძეს იცავდა, ამბობს, რომ აბდალაძესა და სხვა ფოტოგრაფებზე ზეწოლა ხორციელდებოდა.

„აბდალაძე აიძულეს, რომ ჩემზე, როგორც ადვოკატზე უარი ეთქვა. მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა და მძიმე შედეგი დადგა, როცა ფოტოგრაფები აიძულეს, ძალიან მძიმე საქმე საკუთარ თავზე დაებრალებინათ. არც მაშინ მჯეროდა, რომ ისინი ჯაშუშები იყვნენ და ახლა საზოგადოებამაც დაინახა, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებული 26 მაისის ამბებთან იყო. მიხარია, რომ ეს საქმე გაიხსნა და სიმართლეს ნათელი მოეფინა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

განხორციელებულ შანტაჟსა და ზეწოლაზე ისაუბრა ფოტოგრაფმა ირაკლი გედენიძემ. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ჯაშუშობის აღიარების მოთხოვნით, მისი მეუღლის ფოტოთი და შვილებით აშანტაჟებდნენ.

„ფოტო, რომელიც ამოიღეს ჩხრეკის დროს ჩემი კომპიუტერიდან იყო ჩემს მიერ გადაღებული. ფოტოზე ჩემი მეუღლეა გადაღებული სახლში, მინი სტუდიაში, იმ პერიოდში ჩემი ფოტოები იბეჭდებოდა გაზეთ პრიამ-ტაიმში. ეს ფოტო იპოვეს და დაიწყეს ამ ფოტოთი შანტაჟი, რომ გავრცელდებოდა ფოტო სოციალურ მედიაში. ამან იმოქმედა ჩვენზე და იძულებული ვიყავით გვეღიარებინა ის რაც გვაღიარებინეს.

მუქარა იყო ჩემ შვილებზეც, მეუბნებოდნენ, რომ ოცოდნენ სად სწავლობდნენ ჩემი შვილები და დავფიქრებულიყავი მათ მომავალზე, რომ რამე პრობლემა არ შექმნოდათ. დაკვეთა მოდიოდა მაღალჩინოსნებიდან, რომელთა დანაბარებსაც დევნოზაშვილი გადმოგვცემდა დაკავებულებს. საქმის კურსში იყო ყველა ძალოვანი მინისტრი. სავარაუდოდ, ჩვენი ამბავი იცოდა მიხეილ სააკაშვილმაც“, - აღნიშნა ირაკლი გედენიძემ.

ფოტოგრაფი გია აბდალაძე აცხადებს, რომ ისინი 26 მაისის დარბევის დროს, ფოტოების გადაღების გამო დაისაჯნენ. იმედი აქვს, რომ სასამართლო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

„საპატიმროში იყო ზეწოლა. ერთ-ერთი პიროვნება დავით დევნოზაშვილი, დაკავებულია. ვფიქრობ, რომ დამკვეთები იყვნენ მაშინდელი შს მინისტრი, შს მინისტრის მოადგილე უტიაშვილი და ყველა ის ადამიანი, ვინც ფიგურირებდა ხელისუფლებაში. ადამიანები, ვინც საპატიმროში შემოდიოდნენ, იყვნენ შემსრულებლები, თორემ დამკვეთები რა თქმა უნდა, არიან. საქმის კურსში იყო მიხეილ სააკაშვილი, რადგან მის გარეშე არასდროს უკანონოდ არავის აპატიმრებდნენ“, - განაცხადა გია აბდალაძემ.

ფოტოგრაფი ზურაბ ქურციკიძე აცხადებს, რომ 4 ფოტოგრაფების დაკავება მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნების ინტერესი იყო. ქურციკიძე ამბობს, რომ მათი დაკავება 26 მაისის აქციის დარბევის დროს გადაღებული ფოტოების გამო მოხდა.

„ბრალდება იყო, თითქოს მე ვიყავი ქსელის ორგანიზატორი, 2004-ში ვიყავი გადაბირებული მეორე ქვეყნის მიერ და შემდგომ მე გადავიბირე ჩემი მეგობარი ფოტოგრაფებიც. თითქოს მერე ვაგროვებდი ფოტომასალას და ვაწვდიდი რუსეთის სპეცსამსახურებს. რეალურად, ჩვენ დავისაჯეთ 26 მაისის ფოტოებისთვის და ეს იყო მთავარი მიზეზი ჩვენი დასჯის. ვფიქრობ, მაღალჩინოსნების ინტერესი იყო ჩვენი დაკავება, ეს ადამიანები, ვინც დაასახელეს, არიან უბრალოდ შემსრულებლები, ჩვენ ვითხოვთ დამკვეთების დასჯას“, - განაცხადა ზურაბ ქურციკიძემ.