არც ერთი იყო პოლიტიკური პატიმარი და არც მეორე - ომის გმირი...

არც ერთი იყო პოლიტიკური პატიმარი და არც მეორე - ომის გმირი...

ციხის საკანში მსხდომთ და მათ ახლობლებს გამხნევება და თანადგომა სჭირდებათ, რაც არაერთხელ გაგვიკეთებია იმ სამხედროებისა და მათი ოჯახების მიმართ, რომლებიც, ჩვენი აზრით, უკანონოდ იხდიდნენ და იხდიან სასჯელს, მაგრამ ახლა ბაჩო ახალაიასა და გიგი კალანდაძისადმი თანაგრძნობის გამოხატვას ვერ შევძლებთ, თუნდაც იმიტომ, რომ ჩემი აზრით, სწორედ მათი წყალობით ციხეებში ჯერ კიდევ სხედან უდანაშაულო ოფიცრები, ციხის გარეთ კი მათი ოჯახები იტანჯებიან.

საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ზემოხსენებულ ყოფილ ჩინოსანთა მიმართ ისეც არ არის კეთილგანწყობილი და ამ თემაზე სტატიის დაწერას აღარ ვაპირებდით, რომ არა ერთი განცხადება - პოლიტიკოსთა ნაწილმა და თვით პრეზიდენტმაც ბაჩო ახალაია - პოლიტიკურ პატიმრად, ხოლო გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე - აგვისტოს ომის გმირად მონათლეს.

თუკი 2008 წლის აგვისტოს ომში მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაური გმირი გახლდათ, მაშინ არანაკლები გმირობა ჩაუდენიათ მაშინდელი სახმელეთო ჯარების სარდალს, გაერთიანებული შტაბის უფროსს, თავდაცვის მინისტრს, ხოლო უმაღლესი მთავარსარდალი - პრეზიდენტი - ხომ გმირთაგმირი ყოფილა!

ზუსტად ამიტომ არის აუცილებელი, სასწრაფოდ დაიწყოს აგვისტოს ომის ობიექტური და სრულყოფილი გამოძიება, რათა ყველას და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას.

გიგი კალანდაძეს და საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემიის სხვა მსმენელებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება ჰქონდათ, შეექმნათ ქართველი ოფიცრების კოჰორტა, რომელიც შემდგომში ქართული არმიის ძირითადი დასაყრდენი გახდებოდა. თუმცა პოლიტიკოსებმა, ჯერ შევარდნაძის, ხოლო შემდგომ სააკაშვილის მმართველობისას, ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ახალგაზრდა ოფიცრებს კარიერა ღირსეულად ვერ გაეგრძელებინათ, რადგან ბოლო წლების განმავლობაში  საქართველოში მხოლოდ მმართველი პოლიტიკური გუნდის ერთგულთ აწინაურებდნენ.

აგვისტოს ომის მერე გიგი კალანდაძე ბაჩო ახალაიას (რომელიც ჯერ თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო) გუნდის ერთგული წევრი გახდა, ხოლო 2009 წლიდან (ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ) მის ერთგულ აჩრდილად იქცა, რამაც განაპირობა კიდეც მისი სწრაფი კარიერული წინსვლა. კალანდაძის ჯგუფმა (რომელიც აკადემიის ჯგუფელებისაგან შედგებოდა) შტაბსა და მთლიანად, შეიარაღებულ ძალებში, თითქმის ყველა მნიშვნელოვანი თანამდებობა დაიკავა, რის გამოც ჩრდილში აღმოჩნდნენ არანაკლებ (თუ მეტად არა) განათლებული და პერსპექტიული ახალგაზრდა ოფიცრები. მათმა ნაწილმა ხელი ჩაიქნია და საერთოდ დატოვა შეიარაღებული ძალები, ნაწილი კი საზღვარგარეთ სხვა ქვეყნების არმიების გამარჯვებისთვის იბრძვის...

პრეზიდენტმა სააკაშვილმა საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებიდან რამდენიმე დღეში სასწრაფოდ დანიშნა გიგი კალანდაძე გაერთიანებული შტაბის უფროსად, რითაც მას დათვური სამსახური გაუწია. არჩევნების შემდგომ შექმნილი სიტუაციის გამო გიგი კალანდაძე არ ებღაუჭებოდა ამ მაღალ პოსტს და სავარაუდოდ, სურდა, უხმაუროდ წასულიყო საზღვარგარეთ სასწავლებლად, თუმცა უმაღლესმა მთავარსარდალმა ის ერთ-ერთ საჯილდაო ქვად აქცია...

9 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩო ახალაიას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო გიორგი კალანდაძე და ზურაბ შამათავა 20-20-ათასლარიანი გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.