საზმაუს სამეურვეო საბჭომ არხის დირექტორის ასარჩევად სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმება ზედმეტად ჩათვალა

საზმაუს სამეურვეო საბჭომ არხის დირექტორის ასარჩევად სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმება ზედმეტად ჩათვალა

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს 2016 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ღია კონკურსი გამოცხადდა. თუმცა, ამ შემთხვევაში კონკურსანტებს არ მოუწევთ სხვა საბუთებთან ერთად წარმოადგინონ სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა.

ეს მაშინ, როდესაც 2013 წელს, როცა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა, პირველი ტურისთვის კანდიდატს, სხვა საბუთებთან ერთად, უნდა წარედგინა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა.

გადაწყვეტილება, რომელიც სამეურვეო საბჭომ 2016 წლის 28 ნოემბერს მიიღო, ხელს აწერს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, გრიგოლ გოგელია და საბჭოს 4 წევრი - მარინა მუსხელიშვილი, ქეთევან მსხილაძე, ირაკლი პაპავა და სულხან სალაძე. გადაწყვეტილებას ხელ არ აწარს საბჭოს 3 წევრი - გიორგი კოხრეიძე, ირინა ფუტკარაძე და გია ნიჟარაძე.

რატომ ჩათვალა სამეურვეო საბჭომ, რომ სამედიცინო-ნარკოლოგიური ცნობა არ არის საჭირო, ამასთან დაკავშირებით საბჭო ჯერჯერობით განმარტებებს არ აკეთებს. თუცა, ფაქტია, საჯარო სამსახურებში მიღებისას სავალდებულოა სამედიცინო-ნარკოლოგიური ცნობის წარდგენა. აღსანიშნავია ისიც, რომ სამედიცინო-ნარკოლოგიური ცნობა საქართველოს პარლამენტის წვერებმაც წარადგინეს.

for.ge-სთან საუბრისას „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრი გია ნიჟარაძე ამბობს, რომ თბილისში არ იმყოფებოდა და შესაბამისად, საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ საქმის კურსში არ არის, თუმცა განმარტავს, რომ ამ საკითხით საბჭოს დღევანდელ სხდომაზე დაინტერესდება.

„მართალი გითხრათ, არ ვიცოდი, არ ვიყავი თბილისში, როდესაც კონკურსი გამოცხადდა. შესაბამისად, რაღაცეები არ ვიცი. თქვენგან ვიგებ, რომ ეს პუნქტი არ არის ჩადებული, უნდა იყოს კანონით? ყოველ შემთხვევაში ვადასტურებ, რომ ჩემი თანდასწრებით ამ თემაზე ლაპარაკი არასოდეს არ ყოფილა. ეს თემაც არ განხილულა საერთოდ. ხვალ არის სამეურვეო საბჭოს შეხვედრა და ვეცდები, რომ გავარკვიო ეს საკითხი, რატომ არის ამოღებული სამედიცინო-ნარკოლოგიური ცნობის წარდგენა“, - აღნიშნა გია ნიჟარაძემ.

სამეურვეო საბჭოს ამ ხმაურიან გადაწყვეტილებაზე პასუხი არ აქვს მედია ექსპერტს, ია ანთაძეს, რომლის განცხადებით, აუცილებელია პასუხი კითხვაზე - ეს ნარკოლიბერალიზაციის ზოგადი პოლიტიკის ნაწილია, თუ წლევანდელი კონკურსისთვის სპეციალურად მიღებული გადაწყვეტილება?

„ძალიან საინტერესო იქნება თუ ამ კითხვებით მიმართავთ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს გრიგილ გოგელიას. იმიტომ, რომ პირობებს სამეურვეო საბჭო აწესებს და როგორც ჩანს, სამეურვეო საბჭო ყოველ კონკურსზე თავიდან მსჯელობს იმის შესახებ, რა არის ის მინიმუმი, რაც პირველ ტურში კანდიდატებმა უნდა დააკმაყოფილონ. ფაქტია, რომ ეს ცნობა იყო საჭირო 2013 წელს და ახლა ეს ცნობა არ არის საჭირო. ან მართლაც გამორჩათ და თუ გამორჩათ, ეს დროზე უნდა გაირკვეს, მერე არ აღმოჩნდეს, რომ კანდიდატებს რამე პრობლემა შეექმნათ ამის გამო. თუ არ გამორჩათ, და სპეციალურად არის ამოღებული, მაშინ უნდა განმარტონ რა კონტექტსში არის ამოღებული. მართლაც საინტერესოა.

შესაძლოა, რომ ნარკოლიბერალიზაციის კუთხით მათ მიაჩნიათ, რომ ეს შემოწმება აღარ არის აუცილებელი. ან შეიძლება იმაზეც ვიფიქროთ, რომ ვინც დააყენა ეს ინიციატივა, რამე თავისი ანგარებიანი მიზნებიც ჰქონდა. არ ვიცი, ეს ვინ იყო და როგორ მოხდა ამ საკითხის განხილვა. ამიტომ, მე მაქვს კითხვა, მაგრამ პასუხები არ მაქვს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ია ანთაძემ.

საინფორმაციო კულტურის სპეციალისტი ლელა ფირალიშვილი ამბობს, რომ დღეს ინფორმაციული პოლიტიკით იმართება საზოგადოებრივი სივრცე და შესაბამისად, აუცილებელია დაკვირვების ქვეშ იყოს ნებისმიერი საჯარო მოხელე და მით უფრო საზოგადოებრივი არხის გენერალური დირექტორი.

„არ ვფიქრობ, რომ არ იყოს სავალდებულო სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების გავლა. ძალიან ხშირ შემთხვევაში ინფორმაციული პოლიტიკა, განსაზღვრავს რეალურ პოლიტიკასაც. ინფორმაციული პოლიტიკით იმართება, ლამის, საზოგადოებრივი სივრცე. ამიტომ, რა თქმა უნდა, მე არ ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს აუცილებელი.

პირიქით, სწორედაც, რომ ზედმეტად დაკვირვების ქვეშ უნდა უნდა იყოს ნებისმიერი საჯარო მოხელე, დირექტორი და მით უფრო საზოგადოებრივი არხის ხელმძღვანელი. მე ვემხრობი ნარკოლობერალიზაციას, მათ მკურნალობა უნდათ და არა დაჭერა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი ადამიანები საჯარო სამსახურში შეძლებენ პასუხისმგებელ პოზიციებზე ყოფნას“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ლელა ფირალიშვილი.

ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძის განმარტებით, აუცილებელია სამეურვეო საბჭომ გამარტოს რატომ ჩათვალა, რომ სამედიცინო-ნარკოლოგიური ცნობა არ არის სავალადებულო, მაშინ, როდესაც აღნიშნული ცნობა საჯარო სამსახურში წარდგენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

„სამედიცინო-ნარკოლოგიური ცნობის წარდგენა არის აუცილებელი, რომელიც ყველა თანამდებობის პირმა უნდა წარმოადგონოს, მით უფრო ასეთი სერიოზული დაწესებულების, როგორც არის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამდებობა. ჩემთვის გაუგებარია რას დაეყრდნო სამეუვრეო საბჭო ამ შემთხვევაში. ამ შემთხვევაში ეს კრიტერიუმი იმიტომ ამოიღეს, რომ ეტყობა, იმის შემოწმება არ ღირს, ვინც უნდათ ამ თანამდებობაზე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ