„ჩვენ დავნიშნავთ ცოფიან ძაღლს - ჯეიმს მეტისს თავდაცვის მდივნად“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ცინცინატში სიტყვით გამოსვლისას და, სავარაუდოდ, საფიქრალი დაუტოვა საკუთარ „მეგობრად“ მიჩნეულ პუტინს და, ასევე, ჯიჰადისტებს.
ტრამპმა მეტისი საუკეთესო პიროვნებად დაახასიათა. გენერალი მეტისი აშშ-ის თავდაცვის სფეროში „ცოფიანი ძაღლის“ სახელითაა ცნობილი და მკაცრი ხასიათით გამოირჩევა. მას პროვოკაციული გამონათქვამებიც ახასიათებს. ერთ-ერთი ასეთია, რომ ავღანეთში ზოგიერთი ადამიანისთვის ცეცხლის გახსნა მისთვის სიხარულის მიმნიჭებელია.
ამერიკელ სამხედროებს ახსოვთ ჯეიმს მეტისის ასეთი დარიგებაც: „თქვენ უნდა იყოთ პროფესიონალები, ზრდილობიანები, მაგრამ მზად უნდა იყოთ, მოკლათ ყველა, ვინც შეგვხვდებათ გზაში“. ამ ლეგენდარულ გენერალს შეიარაღებულ ძალებში დიდ პატივს სცემენ თუნდაც იმის, გამო, რომ პირადად იღებდა მონაწილეობას ერაყ-ავღანეთის სამხედრო მისიებში და მრავალი მასშტაბური სამხედრო ოპერაციის უშუალო მონაწილე იყო.
თუმცა მის კარიერას შემორჩა რთული მომენტიც, როცა მისი პირადი ბრძანებით, „დრონების“ მეშვეობით ავიაიერიშის დროს დაიღუპა 42 სამოქალაქო პირი, მათ შორის, ბავშვები და ქალები. მიუხედავად ამისა, გამოძიებამ გაამართლა მეტისი, რადგან მან სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება.
აშკარაა, ტრამპი უსაფრთხოების სფეროში ძლიერ გუნდს ქმნის. პენტაგონის ხელმძღვანელად 66 წლის გენერალ მეტისის დანიშვნა რუსეთისთვის სასიამოვნო სიურპრიზი არ იქნება ისევე, როგორც ტრამპის ადმინისტრაციაში გენერალ ფლინის გამოჩენა.
სავარაუდოდ, კრემლში კარგად უნდა ახსოვდეთ გენერალ მეტისის კრიტიკა რუსეთის მიმართ, რაც რუსებმა დაიმსახურეს ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო.
ასევე, რუსების მახსოვრობას, ალბათ, შემორჩა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჯეიმს მეტისის ვიზიტი საქართველოში და მკაცრი შეფასებები ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მიმართ. მეტისი მაშინ აცხადებდა, რომ რუსეთთან ქართველების ბრძოლის შემდეგ ის გადაფრინდა საქართველოში, შეხვდა ქართველ ოფიცრებს, რომლებიც ამ ბრძოლაში მონაწილეობდნენ. მათთან შეხვედრა საინტერესო იყო, რადგან საქართველოში რუსეთმა შეცვალა ევროპის საზღვრები შეიარაღებული ძალების საშუალებით, ნატო-მ კი ვერ შეძლო წინააღმდეგობა გაეწია რუსებისთვის, ინტელექტუალურადაც კი.
გენერალ მეტისის განმარტებით, როგორც წესი, რუსეთი არასაბრძოლო ხერხებითაც იბრძვის, ისინი თავს ესხმიან კიბერ შეტევებით, იყენებენ „ვოსტოკის“ ბატალიონს. მთლიანობაში კი, „ისინი გარდაიქმნენ ისეთი ტიპის ცხოველად, რომ ვერც კი წარმოიდგენთ. ისინი შედიან ტერიტორიაზე, გამიზნულად წვავენ, ძარცვავენ და აუპატიურებენ ხალხს, შემდეგ რუსეთის შეარაღებული ძალები ამბობენ, ჩვენ აქ ვართ, რომ სიტუაცია განვმუხტოთ. ხედავთ, ჩვენ რუსები კარგი ხალხი ვართო“, - ასეთ შეფასებას აძლევდა რუსულ ძალმომრეობას ჯეიმს მეტისი.
რუსებს გარდა, მეტისი ხშირად აკრიტიკებდა ობამას პოლიტიკას ახლო აღმოსავლეთთან და ირანთან მიმართებით. მას მიაჩნდა, რომ ირანი ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ერთ-ერთი ძლიერი საფრთხე იყო.
მეტისმა აშშ-ის ცენტრალური სამეთაურო შტაბის ხელმძღვანელის თანამდებობა 2013 წელს დატოვა. აშშ-ის კანონმდებლობით, თავდაცვის მდივანს აღნიშნულ პოსტზე დანიშვნამდე 7 წლის განმავლობაში ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში პოსტი არ უნდა ეკავოს. თუმცა კონგრესს ამ შეზღუდვის გვერდის ავლა პერსონალურად ჯეიმს მეტისის ფაქტორის გამო მოუწევს.
იქნება თუ არა ჯეიმს მეტისი რუსეთთან მიმართ შეუვალი?
ექსპერტი სოსო ზაალიშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ რატომღაც ჯეიმს მეტისის განცხადებები საქართველოში კონტექსტიდან ამოვარდნილად ვრცელდება და ამერიკელ გენერალს პროვოკაციულ გამონათქვამებში სდებენ ბრალს. სინამდვილეში კი, მეტისმა ამერიკელ საზღვაო ქვეითებს მიმართა, როდესაც ავღანეთში ჩახვალთ, იქ შეიძლება შეესწროთ ასეთ ფაქტს, რომ კაცი სახეში ურტყამს ათი წლის გოგოს მხოლოდ იმის გამო, რომ მას ფარაჯა არ აქვს წაფარებული. ასეთი კაცის მოკვლა მე პირადად სიხარულს მომანიჭებსო. საუბარია ჯიჰადისტებზე, რომლებიც მკაცრ ისლამურ ტრადიციებს ავრცელებენ ავღანეთში.
სოსო ზაალიშვილის თქმით, მეტისი ძალზე აგრესიულია ისლამის მიმართ. იგი ერაყის ოპერაციის ქვეითი დანაყოფების სარდალიც იყო და ავღანეთშიც ქვეითი დანაყოფების სარდლად გვევლინებოდა. ამდენად, თავდაცვის მდივნად მისი დანიშვნა გამოიწვევს, რომ დაიწყება საერთო ოპერაციები რუსეთის, აშშ-ისა და მათი მოკავშირეების მხრიდან ჯიჰადისტების წინააღმდეგ. ექსპერტის თქმით, სულ ახლახანს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა ლიბერმანმა დაადასტურეს, რომ ისრაელიც ჩაერთვება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ღია ბრძოლაში. ისრაელი აქამდე ღია შეატაკებაში არ ყოფილა ისლამისტებთან, ბოლო ორი კვირის განმავლობაში კი სირიის ტერიტორიაზე ორჯერ გაანადგურეს ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები.
„საუბარია სირიისა და ერაყის ტერიტორიის სრულ გათავისუფლებაზე ისლამისტი ჯიჰადისტებისგან. მოგეხსენებათ, 1994-დან 98 წლამდე „ჩეჩენ-პრესის“ უფროსი გახლდით. აქედან გამომდინარე, კავკასიის ტერიტორიაზე მოქმედ ჯიჰადისტებს კარგად ვიცნობდი. ესენი ძალიან მშიშარა ხალხია და, როდესაც ამერიკა-რუსეთ-ისრაელის კოალიცია სერიოზულ დარტყმას მიიტანს მათზე, ისინი გაქცევას დაიწყებენ. დღეს 15 ბავშვი დახვრიტეს მშობლების თვალწინ, საშინელი დანაშაულები აქვთ ჩადენილი. ვფიქრობ, ერთი ნიურნბერგის პროცესი კიდევ წინ გველის, ოღონდ ჯიჰადისტებთან მიმართებით. ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ჯიჰადისტებზე მიტანილი იერიშის შემდეგ ისინი გადმოვლენ საქართველოში, ასევე, თურქეთში, მერე ევროპაში. ამ დროს უნდა დახვდეს საქართველო მომზადებული მათ გადმოსვლას. ამიტომ, თუ საქართველოს ხელისუფლებას არ ექნება მჭიდრო ურთიერთობა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან, ტრამპი ძალიან მარტივად გადაწყვეტს ამ საკითხს და საქართველოს დატოვებს მთლიანად რუსეთის გამგებლობაში. სწორედ ამ კონტექსტში დავინახე ხაჯიმბასა და პუტინის შეხვედრა. მსოფლიო იყოფა გავლენის ზონებად, ჩვენ ან დავრჩებით ანტიტერორისტულ კოალიციაში ამერიკის მოკავშირედ და, აქედან გამომდინარე, რუსეთის მოკავშირედაც, ან, უბრალოდ, რუსეთის სამოქმედო არეალად დავრჩებით. მეორე სცენარის შემთხვევაში, თუკი პანკისის ხეობას ან საქართველოს სხვა რომელიმე ტერიტორიას, სადაც ჯიჰადისტები არიან თავმოყრილნი, დაბომბავს რუსეთი, ამაზე არავინ არაფერს იტყვის. ამიტომ ტრამპის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა უნდა დავიწყოთ, რაღაცნაირად პირადი კავშირები უნდა მოინახოს ამ ხალხთან, მათ უნდა დავუმტკიცით, რომ ჩვენ მათთვის საჭირონი ვართ“, - აღნიშნა სოსო ზაალიშვილმა.
ამასთან, შეკითხვის საპასუხოდ, გენერალ მეტისის ფაქტორი რუსეთის წინააღმდეგაც თუ იქნება მიმართული, აღნიშნა, რომ ჯეიმს მეტისს რუსეთის წინააღმდეგ ვერ აღიქვამს.
მისი თქმით, ტრამპის პოზიცია ამერიკაში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონგრესის თავმჯდომარის პოლ რაიანის, რადგან რაიანი ტრამპის კანდიდატურის წამოყენების წინააღმდეგი იყო, ისევე, როგორც მიტ რომნი, ასევე, ბუშების ოჯახი. მიუხედავად ამისა, „რესპუბლიკელებმა“ დიდი უმრავლესობა შეინარჩუნეს კონგრესსა და სენატში და ეს ტრამპის დამსახურებაა. ექსპერტის აზრით, შემთხვევითი არაა, რომ ტრამპმა ულტრამემარჯვენე იზოლაციონისტური პარტიის ხელმძღვანელი სარა პეილენი წამოაყენა ვეტერანთა საქმეების ხელმძღვანელად. ულტრამემარჯვენეებისა და ულტრაკონსერვატორების პოზიცია კი ასეთია, რომ ისინი ამერიკის იქით არ იხედებიან. ერთადერთი, თუ რუსეთი ამერიკას პრობლემას შეუქმნის, მაშინ რუსეთს უპასუხებენ, მაგრამ ეს არ მოხდება.
ექსპერტს უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაიას მიაჩნია, რომ ჯეიმს მეტისის თავდაცვის მდივნად დანიშვნა მიმართულია არა რუსეთის, არამედ ისლამისტი ჯიჰადისტების წინააღმდეგ. For.ge-სთან საუბარში ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ გამორიცხული არაა, ტრამპმა შიდა პოლიტიკური პროცესებისთვისაც გამოიყენოს ეს პიროვნება. როგორც ჩანს, ტრამპი ელოდება, რომ საკმაოდ ძლიერი წინააღმდეგობები შეექმნება ქვეყნის შიგნით, ამიტომ ასეთი ფიგურის შერჩევა ამჯობინა.
„მეტისი გახლდათ ერაყ-ავღანეთის სამხედრო მისიების სარდალი. როგორც მახსოვს, მოგვიანებით მას პრობლემები შეექმნა ავღანეთში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების მიერ ჩადენილი სისხლის სამართლით გათვალისწინებული დანაშაულის გამო, რაც მის სახელს უკავშირდებოდა. ვეჭვობ, დონალდ ტრამპმა ჯეიმს მეტისი რუსეთთან მიმართებით გამოიყენოს, ვინაიდან რუსეთთან მიმართებით ჯერჯერობით ტრამპს საპირისპირო განცხადებები არ გამოუთქვამს. ამდენად, ჯეიმს მეტისის საჭიროება ორი მომენტით აიხსნება -ჯიჰადისტებთან ბრძოლის და ქვეყნის შიგნით ვითარების დაძაბვის კუთხით. თუ დაიწყება შიდა პოლიციის გაძლიერება და დაიძაბება სიტუაცია ქვეყნის შიგნით, ტრამპი ამ ადამიანს გამოიყენებს ამ მიმართულებითაც. მით უმეტეს, რომ ზოგიერთი შტატის წარმომადგენელმა უკვე წამოაყენა იდეა, რომ საერთოდ ამერიკიდან გამოყოფას აპირებენ. ნაკლებად მჯერა ამის, მაგრამ ამ მიმართულებითაც ტრამპს სჭირდება საკმაოდ მკაცრი წარმომადგენელი. ამას ემატება სერიოზული დაპირისპირებები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის. თუ ასეთი რეჟიმი კიდევ გაგრძელდება და ტრამპი ისევ მიიღებს არაორდინარულ გადაწყვეტილებებებს, ქვეყნის შიგნით დაძაბულობა მოსალოდნელია“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
ამასთან, განმარტავს, რომ ცდა ბედის მონახევრეა და ჯეიმს მეტისი ყველანაირად შეეცდება ჯიჰადისტების წინააღმდეგ მისია წარმატებით დაასრულოს. თუმცა, საბოლოო ჯამში, მიაღწევს თუ არა წარმატებას ჯიჰადისტებთან ბრძოლაში, ძნელი სათქმელია.
„თუ აქამდე ვერ მიღწიეს მიზანს ისლამისტებთან ბრძოლაში, ტრამპის დანიშვნით რაიმე შეიცვლება? ამერიკის ადმინისტრაცია რადიკალური იყო ჩრდილოეთ კორეის ომის პერიოდშიც, მაგრამ ჩრდილოეთ კორეაში ამერიკელებმა გაიმარჯვეს? ასევე, რაიმეს მიაღწიეს ვიეტნამში? დღევანდელი პირობების გათვალისწინებით, ჯიჰადისტებთან მიმართებით ტრამპის მუქარა ბევრს არაფერს ნიშნავს. ტრამპის საგარეო პოლიტიკურ კონცეფციას გავეცანი და იგი აპირებს, სწორედ ეკონომიკას მიხედოს და უფრო საერთაშორისო სავაჭრო ეკონომიკური კუთხით გადადგას ნაბიჯები, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე სამხედრო მოქმედებებში ჩართვა. ალბათ, უსაფრთხოების მიმართულებით ტრამპი ჩვეულებრივ გააგრძელებს ობამას პოლიტიკას“.