„მემარცხენეობა“ მშრომელი ხალხის მიერ უსაქმური ხალხის დაფინანსების პროცესია“

„მემარცხენეობა“ მშრომელი ხალხის მიერ უსაქმური ხალხის დაფინანსების პროცესია“

მსოფლიოში ახალი ლიდერების მოლოდინია. ობამა წარსულს ჩაბარდა, მერკელმა ხალხს თავი მოაბეზრა, ფრანგები დაიღალნენ ფრანსუა ოლანდის მართვის სტილით. ერთადერთი, რუსები არ იღლებიან პუტინით...

„ფრანსუა ოლანდის გადაწყვეტილება სახელმწიფო მოღვაწის გადაწყვეტილებაა“, - ასეთი შეფასება მისცა საფრანგეთის პრემიერმა მანუელ ვალსმა ფრანსუა ოლანდის განცხადებას, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

როგორც გაირკვა, ფრანსუა ოლანდის გადაწყვეტილება ფრანგი ხალხის განწყობასთან სრულ თანხვედრაში აღმოჩნდა. ათიდან რვა ფრანგი (ანუ 82 %) მიესალმება ოლანდის გადაწყვეტილებას.

როგორ ლიდერს ელის და რა დაკვეთა აქვს ევროპელ ამომრჩეველს მოახლოებული არჩევნების წინ? ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი სოსო ზაალიშვილი ესაუბრა.

ევროპელებს ახალი ლიდერები სჭირდებათ. „ძველი ლიდერებითასე მალე იღლებიან?

- ჩემი აზრით, მართებული არ არის, გამოვიყენოთ გამოთქმა „ძველი ლიდერები“. აქ საუბარია იდეოლოგიაზე და ამ იდეოლოგიის მქონე ლიდერებზე. ოლანდი, ისევე, როგორც ობამა და სხვა „მემარცხენე“ ლიბერალური ლიდერები მობეზრდა ხალხს. სწორედ ამ იდეოლოგიისგან დაიღალნენ ადამიანები. მოგეხსენებათ, ლიბერალურმა იდეოლოგიამ თავის დროზე კარგი საქმე გააკეთა, ვერ ვიტყვით, რომ ცუდი იყო ლიბერალური იდეოლოგიის წინა პლანზე წამოწევა. ეს დაკავშირებული იყო ადამიანის უფლებებთან, ამ უფლებების დაცვის გაძლიერებასთან მსოფლიოში, მაგრამ ეს ყველაფერი მოგვიანებით უკვე ძლიერ ულტრამემარცხენე და ულტრალიბერალურ ასპექტში გადავიდა. მოსახლეობა დაიღალა ამისგან.

გერმანიასთან მიმართებით ცოტა სხვანაირადაა საქმე. მერკელი „მემარჯვენეა“, მაგრამ გერმანიას სხვა პრობლემები აქვს, გერმანიაში მთავრობის დაკომპლექტების წესი ცოტა განსხვავდება, ვიდრე საფრანგეთში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში. იმისთვის, რომ გერმანიაში ადამიანი გახდეს კანცლერი, საჭიროა, კოალიციური მთავრობა შეიქმნას, ხოლო კოალიციური მთავრობა ყალიბდება „მემარჯვენეებისგანაც“, „მემარცხენეებისგანაც“. მაგალითად, „მემარცხენე“ „მწვანეები“ გარკვეულ პოსტებს „მემარჯვენე“ მთავრობაშიც ფლობენ. აქედან გამომდინარე, არა მგონია, მერკელს საფრთხე შეექმნას ამ თვალსაზრისით. გერმანიაში არავის სურს პრემიერ-მინისტრის პოსტი, განსხვავებით, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებისგან.

გერმანიაში კანცლერის სავარძლის დაკავება მძიმე ტვირთია? შესაძლოა, ეს ტვირთი დამძიმდა ბოლო პერიოდში ისლამისტების მოძალების გამო. თუკი ისლამისტები დამატებით კიდევ შეაღწევენ ევროპაში, მაშინ მერკელს პრობლემები შეექმნება, რადგან მერკელი .. ღია კარის პოლიტიკის მთავარი იდეოლოგი იყო.

- როცა საჭირო გახდება, მიგრანტებთან დაკავშირებით თავისი პოზიციის შეცვლა მერკელისთვის დიდი პრობლემა არ იქნება. დღეს ის აგრძელებს მის მიერ დასახული კურსის ერთგულებას, ანუ მიგრანტებისთვის ღია კარის პოლიტიკის გატარებას. თუმცა გერმანიაში დღეს ყველანაირი პირობა იქმნება იმისთვის, რომ მიგრანტებმა იქ კარგად ვერ იცხოვრონ. ბანაკები შენდება და გაზარდეს პოლიციის რაოდენობა. სექტემბერში გერმანიამ პოლიციის შესახებ კანონი შეცვალა და ახალი სპეცსამსახურები ჩამოაყალიბა, რომლებიც სწორედ მიგრანტებს მიხედავენ. დღესდღეობით გერმანიას, რა თქმა უნდა, აქვს მიგრანტთა პრობლემა, მაგრამ მერკელი ამის მიხედვას მოახერხებს. გერმანიის პრემიერობა იმაზე მეტი პასუხისმგებლობაა, ვიდრე ამერიკის პრეზიდენტობა. ამიტომ არავის სურს თავისი CV-ის გაფუჭება. თანაც, ამ პირობებში, როცა გერმანიაში ამდენი პრობლემაა თუნდაც იმავე მიგრანტებთან დაკავშირებით, ასევე, ევროკავშირის დაშლის, ცენტრიდანული ძალების გამარჯვების კუთხით სხვა ქვეყნებში. მაგალითად, საფრანგეთში „სოციალისტები“ ვეღარ გაიმარჯვებენ. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ პრობლემებია გერმანიაში და ახალი „მემარჯვენე“ ლიდერი რომც მოვიდეს, ამ პრობლემებს ვერ მოაგვარებს.

ამიტომ მერკელს ისევ აქვს შანსი, გახდეს გერმანიის კანცლერი?

- მერკელს საამისოდ დიდი შანსი აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გააგრძელებს იმავე პოლიტიკას, რაც ჰქონდა. ევროპას ძირითადად სამი ლოკომოტივი ჰყავს - გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი. ბრიტანეთი, პრაქტიკულად, უკვე ტოვებს ევროზონას, საფრანგეთს კი ორი „მემერჯვენე“ კანდიდატი ჰყავს და ახლა „ცუდსა და უარესს შორის“ უნდა შეძლონ ფრანგებმა არჩევანის გაკეთება, უნდა აირჩიონ პუტინის ან ერთი მეგობარი, ან - მეორე.

ორივე პუტინის მეგობარია - ფრანსუა ფიიონიც და მარი ლეპენიც?

- ორივე პუტინის მეგობარია.

მემარჯვენეთასაპრეზიდენტო კანდიდატი - ფრანსუა ფიიონი ამბობს, რომ ოლანდმა ნათლად აღიარა თავისი მარცხი, რომ ხუთწლედი სრულდება სრული პოლიტიკური ქაოსით და ხელისუფლების კოლაფსით. ობიექტურნი რომ ვიყოთ, რეალურად, ეს ხომ ის საფრანგეთია, რომელმაც ცოტა ხნის წინ შარლი ებდოს ტრაგედია გადაიტანა და ამ სტრესისგან ასე იოლად ვერ გამოდიან. ისლამისტების მოძალება ხომ არ იყო იმ სუსტი პოლიტიკის განმაპირობებელი, როგორი პოლიტიკაც ოლანდმა გაატარა? თუ მთლიანობაში სუსტ პოლიტიკოსად აღიქვამთ ოლანდს?

- ოლანდის პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელი ისლამისტების მოძალებაცაა. თუმცა რამდენიმე ფაქტორმა ერთად იმუშავა, როგორც აშშ-ის არჩევნებში, ასევე, საფრანგეთის არჩევნებშიც რამდენიმე ფაქტორი მუშაობს თანხვედრილად. პირველია ის, რომ „მემარცხენე“ („მემარცხენეში“ ვგულისხმობ სოციალისტურ მიდგომებს) პოლიტიკა რეალურად ქვეყნის ეკონომიკას ვნებს. ქვეყანა წინ არ მიდის, აღარ ვითარდება. სხვათა შორის, ასეთივე სიტუაციაა საქართველოშიც. დააკვირდით, მთავრობის ახალი 4-პუნქტიანი გეგმა აბსოლუტურად „მემარჯვენე“ გეგმაა და ეს შევადარე კიდეც ტრამპის გეგმას. კერძოდ, პირველი, სამუშაო ადგილების შექმნა ინფრასტრუქტურული პროექტებით, ტრამპიც ზუსტად ამავეს ამბობს; მეორე, დედოლარიზაციის პროცესი, რომელიც საქართველოში დაიწყო და ეს ძალიან კარგი პროცესია; რა თქმა უნდა, ეს შოკია მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, ვისაც დოლარში აქვს სესხი აღებული, მაგრამ ძირითადად ეს ეკონომიკის გამაცოცხლებელი ნაბიჯია. მესამე პროცესი, რომელიც მიმდინარეობს „მემარჯვენე“ თვალსაზრისით ქვეყნის წაყვანისკენ, ეს არის საბიუჯეტო ხარჯების შემცირება, მოგების გადასახადის დაწევა. მეოთხე, აქციზის გაზრდა იმპორტულ პროდუქციაზე, როგორიცაა ნავთობი და სიგარეტი. მით უფრო, რომ სიგარეტის წარმოება საქართველოში არ ხდება. მთავრობის მიერ წარდგენილი ეს ოთხივე პუნქტი „ცენტრისტულ-მემარჯვენე“ გეგმაა. ჩემი ნება რომ იყოს, მე უფრო რადიკალური ვიქნებოდი. თუმცა საქართველოში ასე მომრავლებული ვითომ „მემარჯვენე“, უფრო მეტად კი „მემარცხენე“ პარტიები რატომღაც ტორპედირებას აკეთებენ სოციალური პროექტების დაფინანსებაზე. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან სოციალური პროექტები ფინანსდება, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ფულის ემისიის ხარჯზე. სწორედ ასე ხდებოდა საქართველოში ამდენი ხნის განმავლობაში - გამსახურდიას, შევარდნაძის, სააკაშვილის მართვის პერიოდებში.

ისევ ევროპას რომ მივუბრუნდეთ, „მემარცხენეობაფუფუნების სფეროა, ვიდრე რეალობის ამსახველი და მან დააზარალა ევროპა?

- რა თქმა უნდა, „მემარცხენეობა“ მშრომელი ხალხის მიერ უსაქმური ხალხის დაფინანსების პროცესია. სწორედ ამ პროცესში ვიყავით ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში.

ისევე, როგორც გერმანელებს და დანარჩენ ევროპელებს უწევდათ გაზარმაცებული ბერძნების შენახვა?

- დიახ, საფრანგეთშიც ზუსტად იგივე პროცესი მიმდინარეობდა. ბრიტანეთშიც საუბარია არალეგალებზე. ეს პრობლემა კომპლექსურია. აქ არა მარტო არალეგალებზეა საუბარი, არამედ ლეგალურ ემიგრაციაზეც. ამას ემატება ის ეკონომიკური პრობლემები, რაც ემიგრაციას მოაქვს. ბრიტანეთმა რატომ უნდა დააფინანსოს საბერძნეთის ევროკავშირში ყოფნა-არყოფნის საკითხი იმის გამო, რომ თურმე ვიღაც პოლიტიკოსს ასე სურს ბრიუსელში. ეს ხომ დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება? პოლიტიკოსი, რომელიც ზის ბრიუსელში, ევროკავშირის ცენტრში, არავის მიერ არ არის არჩეული და ამ დროს ეს ადამიანი იღებს რეგულაციას, რომ ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და ევროპის რომელიმე ქვეყანამ უნდა არჩინოს საბერძნეთი, რათა საბერძნეთი დარჩეს ევროზონაში. ეს თურმე სჭირდება გაერთიანებული ევროპის პოლიტიკურ მიზნებს, რათა რუსეთს დაუპირისპირონ საბერძნეთი. ეს ხომ სისულელეა?

რაც დღეს ხდება მსოფლიოში, ასეთი რამ არ ყოფილა არც პირველი და არც მეორე მსოფლიო ომის დროს. როდესაც ბრიტანეთი და გერმანია პირველი მსოფლიო ომის დროს ეომებოდა ერთმანეთს, გერმანელები ბრიტანელებისგან ყიდულობდნენ წყალქვეშა ნავებს, ხოლო ბრიტანელები გერმანელებისგან ყიდულობდნენ წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო ჭურვებს. ერთმანეთთან ომის მიუხედავად, ბიზნესი მაინც თავისი გზით მიდიოდა. ახლა კი რა მოხდა? რუსეთს გამოუცხადეს სანქციები და ამით დააზარალეს საკუთარი ბიზნესი, რადგან, მთლიანობაში, რუსეთი ამით არ დაზარალდა. ერთი პერიოდი, მართლაც დაზარალდა, როცა დაეცა რუსული რუბლი, მაგრამ ცოტა ხანში ამან რუსეთის ეკონომიკა გააძლიერა, როგორც გაძლიერდება საქართველოს ეკონომიკა ლარის დაცემით. თუმცა იზარალა ევროპელმა ბიზნესმენმა, რომელსაც შეჰქონდა მანქანის ნაწილები რუსეთში. ბოლოს და ბოლოს, რუსი ახლა „ფოლკსვაგენზე“ არ დაჯდება და ჟიგულზე დაჯდება.

რაც ევროპის თავს ხდება, შეიძლება ეს განვავრცოთ და ვთქვათ, რომ მსოფლიოს ბევრად მეტ სიკეთეს მოუტანსმემარცხენეებისგანგათავისუფლება? თუნდაც ზედმეტი ფინანსური ვალდებულებებისგანაც გათავისუფლდებიან ევროპელები?

- ეს ნიშნავს იმას, რომ იწყება ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აზროვნება. არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ძირითადად ამის მასტიმულირებელი და მასაზრდოებელი იყო, ერთი მხრივ, სოროსის „ღია საზოგადოება“, იგივე სოროსის ფონდი, მეორე მხრივ, ობამას ადმინისტრაცია და „მემარცხენე ძალები“ ევროპის ქვეყნებში. ამერიკაში იმით დამთავრდა ეს უბედურება, რომ ტრამპმა გაიმარჯვა და, მე თუ მკითხავთ, გადაგვარჩინა ჩვენ. თუმცა პრობლემად რჩებიან ბრიუსელის დღევანდელი ჩინოვნიკები. ეს არის ხალხი, რომლებიც არ არჩეულან.

წარმოიდგინეთ, ბრიტანეთში ირჩევენ პარლამენტს და პარლამენტი ირჩევს პრემიერს. საფრანგეთშიც, გერმანიაშიც იგივე ხდება, ბრიუსელში კი ვინმეს ირჩევენ? უბრალოდ, ირჩევენ ევროპარლამენტს, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს და არის კიდეც ევროპის მთავრობა, რაღაც გაერთიანება, რომელიც პირდაპირ ინიშნება კვოტებით. ეს დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპის შელახვაა. სწორედ ამ შეხედულებამდე მივიდა ევროპული საზოგადოება, ისტებლიშმენტი, რომ ბრიუსელი უბედურებაა.

რაც მთავარია, როგორც შავი ხვრელი იწოვს ფინანსებს, ბრიუსელიც გაუთავებლად იწოვს ფინანსებს. რატომ უნდა მიიღოს ბრიუსელმა რეგულაცია, რომ ბრიტანეთში ცისფერ მელიებზე ნადირობა ნოემბერში აიკრძალოს? ჯერ კიდევ რობინ ჰუდიდან მოყოლებული, ბრიტანეთში ნადირობა მაღალ დონეზეა აყვანილი, ამ დროს კი ბრიუსელში ვიღაც სულელმა გადაწყვიტა ნადირობის აკრძალვა. ასეთი ჩინოვნიკებით არის სავსე იქაური ორგანიზაცია. დღეს მსოფლიოში ისეთი ეკონომიკური სიტუაციაა, რომ სხვანაირად უნდა იმოქმედონ. ისეთივე ვითარებაა, როგორც დიდი დეპრესიის დროს ამერიკაში. იმ პერიოდში პრეზიდენტი რუზველტი გამოვიდა და თქვა, ჩვენ არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, ამერიკაში პროდუქციის იმპორტი განვახორციელოთ, შემოვიტანოთ პროდუქცია, ამიტომ ამერიკის ყველა მოქალაქემ საკუთარ აივნებზე, ეზოებში, მიწის პატარა ნაკვეთებზე დათესეთ პომიდორი და სხვა კულტურები და ეს დაგეხმარებათ, გადაიტანოთ დიდი დეპრესია. მართლაც, ამერიკელები ასე მოიქცნენ. დაახლოებით ასეთივე სიტუაციაა ახლა მსოფლიოში. „აიფონი“ ჩინეთში რატომ უნდა კეთდებოდეს? მთელი ამერიკული ბრენდები კეთდება ჩინეთში. ეს ხომ ნიშნავს, რომ ჩინელები იღებენ ამაში ფულს და არა ამერიკელები? იგივე ხდება საქართველოშიც. მართალია, პომიდორი არ არის ქართული კულტურა, მაგრამ შეეგუა ქართულ მიწას. ვერ მოვიყვანთ პომიდორს საქართველოში? ჩვენს ქვეყანაში ხომ ყოველთვის იმდენი ხორბალი მოჰყავდათ, რომ თვითონაც ყოფნიდათ და კავკასიელებსაც უნაწილებდნენ. არის რაღაც საკითხები, რომლებიც შეგვიძლია, თვითონვე გავაკეთოთ.

გლობალიზაციის პროცესი როცა დაიწყო, მაშინ სხვა დრო იყო. იმ პერიოდში მსოფლიოში დიდი კედელი არსებობდა. გლობალიზაცია საიდან დაიწყო? ეს იყო რეიგანის იდეა და იმ დროს ეს იდეა მართებული იყო, რადგან საბჭოთა კავშირთან იდეოლოგიური დაპირისპირება ჰქონდათ, მაგრამ ის, რაც აუცილებელი იყო 40 წლის წინ, სულაც არ ნიშნავს, რომ აუცილებელია დღესაც.